თეკლა გოცაძე - TORTURE
თეკლა გოცაძე - TORTURE

ვუყურებ თეთრად განათებულ კედელს. ზედ დიდი, შავი ასოებით გამოსახულა ერთადერთი სიტყვა- TORTURE(ინგლ. წამება). დანარჩენი ოთახი ნაცრისფერია და ცარიელი. ყური მიუგდე-არაფერი ისმის.

ისეთი ცარიელია ოთახი, რომ ეს სიცარიელე სულს მიხუთავს. კედლიდან პირქუშად მომჩერებია შავი, დიდი ასოებით გამოსახული სიტყვა – TORTURE. შეხედვისაც კი მეშინია, მაგრამ თვითონ ჯიუტად არ მაშორებს თვალს.

მკვეთრად ვტრიალდები და ნაცრისფერ, გლუვ კედელზე სარკმელს ვუწყებ ძებნას, მაგრამ ვერაფერს ვპოულობ. არსადაა კარი, ან ფანჯარა – მხოლოდ ერთი დიდი თეთრი ნათურა, რომელიც ოთახის საყრდენ კედელზე გამოსახულ შავ, დიდ სიტყვას აკაშკაშებს. და ეს სიტყვაა TORTURE.

ვიხსენებ, კლაუსტროფობიას თუ შევუწუხებივარ ადრე ოდესმე. არა-არასდროს. და უცებ კანკალი მეწყება, კბილები მიკაწკაწდება და და ოფლი მასხამს. დახურული სივრცის შიში მიპყრობს, პირველად ცხოვრებაში. შავი, დიდი ასოებით დაწერილი სიტყვა – TORTURE, კი ისევ კუშტად მიცქერის.

არ ვიცი, რა ხანი გავიდა. ჩემს ოთახში არც საათი წიკწიკებს და არც მზის შუქი შემოდის. ჩემი ვარაუდით გარეთ უკვე აპოკალიფსი უნდა იყოს დაწყებული.  ამის გაფიქრებაა და ერთ-ერთ ჩაბნელებულ კედელზე პატარა კვადრატი ყვითლად ნათდება.

წამიერი შიში მიპყრობს და მოპირდაპირე კედელს ვეკვრი. ყვითელი კვადრატი ნელ-ნელა თეთრდება და რამდენიმე წამში მასზე გამოსახულების გარჩევაა შესაძლებელი.  კვადრატში ვხედავ მაგიდას, რომელთანაც ჰალსტუხიანი მამაკაცი დამჯდარა და სახეზე ისეთი ღიმილი გადაჰკვრია, ღამის შოუს წამყვანები რომ იყენებენ ხოლმე. და სანამ გამოფხიზლებას მოვასწრებდე, ორი უზარმაზარი დინამიკის შუაში გამომწყვდეულ, შეშინებულ არსებად ვიქცევი.

-ეს დინამიკები საიდანღა გაჩნდნენ?!

უეცრად კვადრატში ჩასმული კაცი საზეიმო ტონით გაჰყვირის:

-საღამო მშვიდობისა, ქალბატონებ…-წამით შეჩერდა, ცალყბად ჩაიცინა, ჩაახველა, მხრები აიჩეჩადა თქვა: – ქალბატონო! თქვენ უყურებთ დეპრესიულ რეალითი შოუს-„თქვენს ცხოვრებას“… კუთხიდან!

ყურებს არ ვუჯერებდი. ფრთხილად მივუახლოვდი ეკრანს.

-ნუთუ ეს კაცი ელენ დეჯენერესს ჰგავს?

***

ასე აღმოვჩნდი ტელევიზორის წინ, რომელსაც მხოლოდ ერთი არხი ჰქონდა. იმ არხზე სულ ერთი და იგივე შოუ გადიოდა. მეც ვიჯექი და მივჩერებოდი. ეკრანზე პერიოდულად გამოჩნდებოდა ხოლმე ის კაცი, ელენს რომ ჰგავდა, მომესალმებოდა და იტყოდა:

-ახლა კი, მეგობრებ…-ჩახველება-არო. მეგობარო, რეპორტაჟი ეთერში!

და კვადრატის ეთერი ეთმობოდა რეპორტაჟს.

რა ვიცი, ალბათ, მიხვდებოდით, რეპორტაჟი ჩვეულებრივი რეპორტაჟი არ იყო. გარე სამყაროს ჩვენება გახლდათ მხოლოდ.  ვიჯექი ოთახში და ვუყურებდი მსოფლიოს, რომელიც ერთ პატარა კვადრატში ჩატეულიყო. ვხედავდი დედაჩემს, რომელიც ეკრანს მიღმიდან სევდიანი თვალებით მომჩერებოდა. ვხედავდი მეგობრებს, რომლებიც ჩემზე ბრაზობდნენ, ასე რომ დავტოვე. და ვხედავდი მათაც, ვინც ჩემს არყოფნას საერთოდ ვარ ამჩნევდა.

ვუყურებდი და მიკვირდა.

ხანდახან სიტუაცია უარესდებოდა. თუ დინამიკებიდან მუსიკის ხმა ისმოდა, გაუგონარი სიმწარით ვიტანჯებოდი. დინამიკები გაფუჭებული თუ იყო, ალბათ, და ყველა ბგერას გამყინავი წივილის თანხლებით აჟღერებდა. ასეთ მომენტებში კედელზე თავის დახლა მსურდა. თვალებიდან ცრემლები მცვიოდა და ვხედავდი დიდ, შავ ასოებს, რომლებიც თეთრი კედლიდან არა და არ ქრებოდა.

***

ალბათ 126-ე დღეა, რაც ამ ოთახში ვარ. უფრო სწორად, რაც ტელევიზორი ჩაირთო. მას მერე დროის ათვლა ბევრად გამიმარტივდა, მაგრამ საწერი საშუალება არა მაქვს, დღეთა აღრიცხვა რომ ვაწარმოო და ზეპირად ვითვლი. შეიძლება ცოტათი შემეშალა კიდეც, არ ვიცი.

კუთხეში ვზივარ და ვცდილობ, წარმოვიდგინო როგორ გამოვიყურები. ალბათ, თმა გაფშეკილი მაქვს და თვალები-ჩასისხლიანებული. ტუჩები-გამომშრალი, კანი-ბინძური. ისეთი დაღლილი ვარ, ადრე რომ არასდროს ვყოფილვარ. მომბეზრდა ტელევიზორის ყურება და გამახსენდა ბავშვობის ოცნება, ტელევიზორის ეკრანს მიღმა აღმოჩენისა. ყველა ამბობდა, ტელევიზორი ცარიელი ყუთიაო, მაგრამ მე რა დამაჯერებდა?! ჩემი ბავშვური ფანტაზია დაჟინებით წარმოიდგენდა ფერად სამყაროს, რომელიც შუშის ბარიერის გადალახვის შემდეგ დამხვდებოდა. გაუბედურებული თვალებით ვუყურებ ნაცრისფერ კედელს და მახსენდება დღე, ეს ფანტაზია რომ სამუდამოდ დაინგრა – დღე, როცა პირველად ვნახე დამტვრეული, ეკრანწაცლილი ტელევიზორი. და უეცრად მიპყრობს აზრი: მე არასოდეს მინახავს, რა ხდება ამ ყვითელი კვადრატის მიღმა. უცებ ვხვდები როგორ ძალიან მინდა ამ ოთახიდან თავის დაღწევა, როგორ ძალიან მინდა, ისევ დავუბრუნდე გარე სამყაროს.  იქნებ გასვლისთვის სურვილიც საკმარისია? საიდან უნდა ვიცოდე, მე ხომ ეგეც არასდროს მიცდია. და ნელა ვდგები, მუხლებით კვადრატისკენ მივცოცავ. ყოველი მოძრაობა ტკივილს მაყენებს. რაც მეტად ვუახლოვდები ეკრანს, მით მეტად მჭრის თვალს მისი სინათლე. და გზა, რომელსაც გავდივარ, იმაზე გრძელი მეჩვენება, ვიდრე ოდესმე.

დრო იწელება და იწელება.

შუქი თვალებს მიბრმავებს. რაც მეტად ვუახლოვდები ეკრანს, მით მეტად რთულდება სიარული. გული მერევა, თავბრუ მეხვევა. უკან დაბრუნება მინდა. წამით ვჩერდები. დაღლილი მკლავები ჩამომყრია. ნელა ვიხედები უკან და ვხედავ დიდ, შავ, პირქუშ სიტყვას – TORTURE. მის მიმართ იმაზე მეტ ზიზღს ვგრძნობ, ვიდრე აქამდე მიგრძვნია. უკან ვეღარ დავბრუნდები, მორჩა! უკანასკნელ ძალებს ვიკრებ და ფეხზე ვდგები. სუსტი, მაგრამ მტკიცე ნაბიჯით ვუახლოვდები ეკრანს და ხელს ვახებ. კედლის ადგილას სიცარიელე მხვდება. თვალს ვხუჭავ და როცა ვახელ, უკვე ჩემს ოთახში ვარ.

აღარსად ჩანს ავბედითი სიტყვა- TORTURE. გაქრა. ოთახიდან აივანზე გავდივარ და მონაქროლ ნიავს ჩემთან ერთი მარტივი ჭეშმარიტება მოაქვს – დროა, ვიცხოვრო.

 

 

თეკლა გოცაძე.

175-ე საჯარო სკოლა; XI კლასი.