თეკლა გოცაძე - აი, ასეც ხდება
თეკლა გოცაძე - აი, ასეც ხდება

***

-ნუ გეშინია, გიჭერ.

-არ დაგიცურდეს!

-რა უნდა დამიცურდეს, კაცო! მიჭირავს!

თათიამ ბოლოჯერ ჩაიხედა ქვემოთ, სადაც ხატიას ორივე ხელით ჰქონდა ჩაბღუჯული ბამბუკის კიბე და ელვარე თვალებით ელოდა, როდის მოიკრებდა მისი ბიძაშვილი ძალებს, თავის საქმე რომ შეესრულებინა.

-მე უნდა ავსულიყავი, რა!-ვინ, იცის უკვე მერამდენედ წაიბუზღუნა ხატიამ.

-ვაიმე, შენ რა იცი, სად უნდა დააწყო წიგნები?-უკვე მოთმინების ფიალაავსებულმა უპასუხა თათიამ.

-ხოდა, შენ თუ იცი, დააწყვე დროზე და ჩამოდი! დავიღალე!

-ხო, შენ დაიღალე და მე აქ მხარ-თეძოზე ვარ წამოწოლილი!

-ეგრე, ხო?-ეშმაკური ღიმილით ასძახა ხატიამ და ნიშნისმოგებით კიბეს ხელი გაუშვა, რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა. თათიამ რომ იგრძნო, საეჭვო სიმძლავრის კიბეზე დაუცველი ვდგავარ ხელში საქართველოს ისტორიის ექვსი სქელი ტომითო, კივილი და ხვეწნა-მუდარა მორთო.

-კაი, კაი! გეხვეწები, არ გაუშვა! მოკიდე, მოკიდე!!!-თან თაროს კიდეეებს ქორივით ჩააფრინდა. გულში შენობის არქიტექტორს სწყევლიდა-აეშენებინა ეს ბიბლიოთეკა უფრო განიერი და უფრო დაბალი, ჩემი ცოდვა მიეცეს იმასო. მერე იმ დღესაც გადასწვდა, აქ მუშაობას რომ დათანხმდა. ბიბლიოთეკარობა, აბა რა ჩემი საქმეაო-ფიქრობდა.

ხატიამ ბედნიერად გადაიკისკისა და ხელები ისევ ჩასჭიდა კიბეს.

-კაი ხო, დამშვიდდი.

თათია ცოტა დაწყნარდა და პირველი წიგნი თავის ადგილას დადო.

ამ დროს ბიბლიოთეკის კარი გაიღო და თითქმის ცარიელ დარბაზში ორი მაღალი ბიჭი შემოიჭრა. ისეთი ხმაურით შემოიჭრა, იფიქრებდით მთელი უნივერსიტეტი ამ კარს მოაწყდაო. ბიბლიოთეკაში რომ შემოვიდნენ, ის სიმშვიდე, ასეთ ადგილებში რომ ბატონობს ხოლმე, ელდასავით ეცათ და თითქოს მონასტერში შევიდნენო, სიცილისა და ხორხოცის გაგრძელება დანაშაულად მიიჩნიეს.

გოგონები მათკენ შებრუნდნენ და კითხვით სავსე მზერა მიაპყრეს. ბიჭებიც თავის მხრივ თავის დაქნევით მიესალმნენ და უთხრეს:

-ქეთინომ გამოგვგზავნა ყუთების წასაღებად.

ხატიამ გაიფიქრა, სეირის დრო დადგაო და კიბეს ხელი უდარდელად გაუშვა.

-აა, ყუთები გინდათ? გახსოვს, სად აწყვია, თათია?

თათიამ თვალებიდან სიბრაზის ნაპერწკლები დააკვესა, შიშისაგან ცმუკვა დაიწყო და ლამის ფრჩხილები დაიტეხა, ისე ძლიერად მოეჭიდა თაროებს.

-არა.-სულშეხუთულმა უპასუხა, რადგან იმ წამს, საკუთარი სახელიც კი აღარ ახსოვდა. ბიძაშვილზე უკიდეგანოდ იყო გაბრაზებული და იმასღა ნატრობდა, ახლა თაროზე ხელის გაშვების გამბედაობა მქონდეს, რომ ყველაზე მძიმე წიგნს ხელი მოვკიდო და პირდაპირ თავში ვესროლოო.

-მე გამახსენდა!-მოულოდნელად წამოიძახა ხატიამ-აი, აქეთ წამომყევით…-და კიბეს საერთოდ ჩამოშორდა, დარბაზის მეორე ბოლოში გაუძღვა ბიჭებს.  თათიამ ფერი დაკარგა, როცა სრულიად დაუზღვევლად აღმოჩნდა ჭერში გამოკიდებული. დაბლა ჩახედვაზე პანიკა ეწყებოდა. ის ხუთი წიგნი მკლავებში ჩაჰყინვოდა და ქანდაკებასავით გაშეშებულიყო, განძრევას ვერ ბედავდა. უნდოდა, მთელი ხმით ეკივლა თავის ბიძაშვილის სახელი და უშვერი სიტყვებით ელანძღა, მაგრამ ჭეშმარიტი ლედის სული და ქალის სიკეკლუცე უფლებას არ აძლევდა ბიჭების თანდასწრებით ისტერიკაში ჩავარდნილიყო-ეს ხომ უკიდურესი შერცხვენა და თავის მოჭრა იქნებოდა!

ბიჭებმა ყუთებს ხელი დაავლეს და ის იყო, კარიდან უნდა გასულიყვნენ, რომ ერთ-ერთმა თათიას შეხედა და თქვა:

-მემგონი, თქვენი მეგობარი, კარგად ვერ არის.

-ვინ, თათია?-შეიცხადა ხატიამ.

-ჩამოსვლაში დახმარება ხო არ გინდათ?-ჰკითხა მეორემ.

-არ მაწყენდა.-უპასუხა თათიამ.

უეცრად ხატიას სიცილი წასკდა. ბიჭები მიხვდნენ, თათია ცუდ დღეში რომ იყო და ჩამოსვლა უშველეს.

-ოხ, ხატია!-გაბრაზებით წამოიძახა თათიამ, როცა როგორც იქნა ფეხი მყარად დადგა იატაკზე.-თუ ეგ შენი მონაჩმახი სიმართლეა წინა ცხოვრებებზე და რეინკარნაციებზე, შემდეგ ცხოვრებაში ტუალეტის სატუმბად მოხვალ!

ხატიამ კიდევ ერთხელ გადაიკისკისა და ბიძაშვილს მიუგო:

-იმედი უნდა გაგიცრუო, სიხარულო. ეს ჩემი ბოლო ცხოვრებაა, ამის მერე — ბაი-ბაი!

-რა პრობლემაა, ამ ცხოვრებაში დაისჯები მაშინ!

-კაი, რა იყო, რატო გაბრაზდი ეგრე?!

ამის გაგონებაზე თათია კიდევ უფრო წამოენთო, მაგრამ სანამ რამეს იტყოდა, ერთ-ერთი ბიჭი ჩაერია და იკითხა, რა რეინკარნაციებზე ლაპარაკობთო. თათიამ თითქოს ახლაღა შეამჩნია იგი, სახეში შეხედა, ეტყობა მისი გარეგნობა თვალში მოუვიდა და აშლილი ნერვები უეცრად დაიწყნარა. თავი ქვემოთ დახარა, რომ მისი გადასვლა ურჩხულიდან მზეთუნახავამდე ძალიან არაბუნებრივი არ ყოფილიყო და რომ ამოსწია, უკვე მომხიბლავი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.

-თქვენი სახელი?-ოლიმპიური სიმშვიდით ჰკითხა.

-სანდრო.

-სანდრო, ჩემი ბიძაშვილი ცოტა შერეკილი ვინმეა, ჰგონია, თექვსმეტი ცხოვრება მაქვს გამოვლილიო.

ხატიამ წარბები ზემოთ ასწია და უთხრა:

-თექვსმეტი ცხოვრება კი არ მაქვს გამოვლილი, თექვსმეტი ცხოვრება მახსოვს. მერე სხვებსაც გავიხსენებ.

-ეგ როგორ?-ჩაეკითხა ცნობისწადილმორეული სანდრო და ის იყო ხატიას ახსნა უნდა დაეწყო, რომ მეორე ბიჭმა დაასწრო:

-წამო, შეჩემა, დაგვხოცავს ქეთინო, მივუტანოთ ეს ყუთები.

ბიჭები დაემშვიდობნენ და ბიბლიოთეკა დატოვეს. დარბაზში სრული სიჩუმე ჩამოწვა. ბიძაშვილები გვერდი-გვერდ იდგნენ და არაფერს ამბობდნენ. ხატიას ყურებამდე აკერილი ღიმილი ეხატა, თათია კი ფიქრებს წაეღო შორს.

უეცრად ხატიამ ხელები გაშალა, დარბაზის შუაგულისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, დაბზრიალდა და სიმღერა დაიწყო:

-„ალალ მე, ალალ შენ, ალალ ბედად დავალ.

სადაც შენ, იქაც მე… ერთად წავააალთ…“

***

-ბიჭო, ლაშა, დღეს მარიკამ დაგვპატიჟა, ხო იცი.-უთხრა სანდრომ ბიბლიოთეკიდან გამოსვლისას.

-რა, დაბადების დღე აქ?

-ხო. მიდიხარ?

-რავი, წავიდეთ.

-შენი აზრით, იქნებიან?-თავით ბიბლიოთეკისკენ ანიშნა სანდრომ.

-მე, რავი.-მხრები აიჩეჩა ლაშამ და გაიკრიჭა-გევასა?

***

სანდრომ არ იცოდა, მაგრამ კი, ისინიც იქ იქნებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, ასე გეგმავდნენ. გოგონები ამ დღისთვის მთელი კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ, რადგან მარიკას დაბადების დღეებზე დიდი „ელიტა“ იყრიდა ხოლმე თავს. სამი დღით ადრე აარჩიეს კაბები და მათთან შესახამებელი ვარცხნილობები. ხატიას ასეთი აღელვება არ ჩვეოდა. იგი, თითქოს, ყველაფრის მიმართ გულგრილი იყო, გარდა იმ კონკრეტული წამისა, რომლითაც ცხოვრობდა. მხოლოდ აწმყოდან უნდოდა ბედნიერება შეესრუტა და დიდად არც ჩაცმა-დახურვაზე ზრუნავდა, არც-სხვებზე კარგი შთაბეჭდილების დატოვებისთვის ირჯებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, მასშიც ყოფილა ქალური სულისკვეთება დაბუდებული, და როგორც კი მარიკას დაბადების დღე მოახლოვდა, მოუსვენარი შვლის ნუკრივით აცუნდრუკდა.

-მაა, მანქანას ხო გვათხოვებ?-ჰკითხა ხატიამ მამამისს იმ საღამოს.

-უჰ, კიდე რა გინდა?

-აუ, გეხვეწები!

მამამ ღიმილით შეხედა გოგონას და თავი ისე შეუმჩნევლად დაუქნია, მხოლოდ ხატია თუ შეამჩნევდა ამ თანხმობას.

-საჭესთან მე ვჯდები, დაგასწარი!-დაიყვირა თათიამ და გასაღებს ხელი დასტაცა.

-ოოო, კაი რა!-დაიწუწუნა ხატიამ, მაგრამ უკვე აზრი აღარ ჰქონდა.. ახლა ლუციფერიც ვეღარ წაჰგლიჯავდა თათიას გასაღებს.

მანქანაში ზარზეიმით ჩასხდნენ და დაიძრნენ. არ იცოდნენ, მაგრამ იმ ბიჭებთან, დილით რომ ნახეს, ძაალიან დასამახსოვრებელი შეხვედრა ელოდათ.

***

-შენ რა უყიდე მარიკას?-ჰკითხა ხატიამ საჭესთან მჯდარ ბიძაშვილს.

-აი, ის კულონი… ხომ განახე?

-აა, ხო გამახსენდა.-ენთუზიაზმით წამოიყვირა ხატიამ.-იცი, ზუსტად ეგეთი კულონი მქონდა წინა ცხოვრებაში. დედისგან დანატოვარი!

-ეგ როდის, ბებიაქალი რომ იყავი?-თვალები გადაატრიალა თათიამ.

-არა, აი მაშინ…

თათია ბიძაშვილს აღარ უსმენდა. მისი მოსმენა ყელში ჰქონდა ამოსული და დარწმუნებული იყო, მთელი გზა მასთან ლაპარაკს ვერ გაუძლებდა. სიხარულით მეცხრე ცას ეწია, კალთაში ტელეფონი რომ აუზუზუნდა.

-მირეკავენ.-ლაპარაკი გააწყვეტინა ხატიას და ტელეფონს უპასუხა.

***

-აუ, მუსიკა შეცვალე რა..-წაიწუწუნა სანდრომ, რომელიც მანქანას მართავდა და გზას მობეზრებით გასჩერებოდა.

-რატო, კაია.-შეეწინააღმდეგა ლაშა.

-აუ, ჩემი..

-ამ გზიდან რატო წამოხვედი? რამხელა კრუგს არტყამ!

-გავისეირნოთ ცოტა.

სანდრო მანქანას დინჯად მართავდა, გზა ცარიელი იყო და ტარებით სიამოვნებას იღებდა.

ვიღაცამ მისი ზოლიდან გადაუსწრო და მის წინ დაიკავა ადგილი.

-აი რა უნდა ახლა ამას?-მოღუშულად ჩაილაპარაკა მან და ახლა თავად გადაუსწრო წინ მიმავალს.

***

-თათი, გააჩერე რა. ვერ ვარ კარგად!-თათია ისევ ტელეფონზე ლაპარაკობდა და ბიძაშვილის ნათქვამს წაუყრუა.

-თათია, გააჩერე, გეხვეწები, არ მყოფნის ჰაერი!-გაიმეორა ხატიამ.

-ფანჯარა ჩამოსწიე.

-აუ, არ მშველის! თათია, გააჩერე მანქანა, მოხდება რაღაცა!

თათიამ გაზის პედალს ფეხი დააჭირა ბიძაშვილის ჯინაზე.

-გააჩერე მანქანა!

-აუ, ნუ შემ…-სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, რომ ფარების თეთრმა შუქმა ორივეს თვალები დაუბრმავა. შეჯახების ყურისწამღები ჭახანი გაისმა. თითქოს ერთმანეთისგან დაშორებული ორი მაგნიტი შეასკდა ერთმანეთს.

***

-შენ მაინც, რომელი გოგო მოგეწონა?

-საიდან?

-აი, ბიბლიოთეკაში რო ვნახეთ.

სანდროს პასუხი არ გაუცია, სწორედ იმ დროს უკვე მეორედ გადაუსწრო იმ მანქანამ და ეს ყველაფერი უკვე შეჯიბრს დაემსგავსა. სანდრომ გაზს უმატა, რომ წინ მიმავლისთვის გადაესწრო, მაგრამ როგორც ჩანდა ამ ჯერზე ისიც აღარ აპირებდა ასე მარტივად დანებებას.

-თავი დაანებე, თუ ძმა ხარ!-უთხრა ლაშამ.

-ხო, აი! ახლა ამას გავატანინებ თავისას!-ფიცხლად წამოიძახა სანდრომ.

-ე, ბიჭო, მიმიყვანე მშვიდობით, ნუ მომწევ რამ…-სიტყვის დამთავრებაც კი ვერ მოასწრო, ისე დააბრმავა ფარების თეთრმა შუქმა. ყურისწამღები ჭახანი გაისმა… აი, ზუსტად ისე შეეჯახნენ მომავალ მანქანას, როგორც ერთმანეთისგან დაშორებული მაგნიტები.

***

ბურუსი… სისხლი… ნაფლეთები… გულის რევას გრძნობდა და ხელების ფათურით ცდილობდა მანქანიდან გადმოსვლას. ბნელოდა… ყველაფერი სტკიოდა და ჯერ კიდევ გაურკვევლობაში იყო. გული დამფრთხალი ჩიტივით აწყდებოდა მკერდს. ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. ერთადერთი, რაც ზუსტად იცოდა, ის იყო, რომ მანქანის მარყუჟებიდან სასწრაფოდ უნდა დაეხსნა თავი. დახმარების იმედი ჰქონდა, მაგრამ თითქოს ყოველ მოძრაობაზე საათები გადიოდა, საშველად კი არავინ ჩანდა. სუნთქვა უჭირდა და სახეზე თბილი სისხლის ნაკადულებს გრძნობდა. როგორც იქნა კარი გააღო და მიწაზე აცახცახებული გადმოვარდა. ირგვლივ მიმოიხედა და ისეთი საზიზღარი სანახაობა დახვდა, ლამის გული აერია. მარტოობის შიშმა აიძულა ამხანაგი მოეძებნა. მანქანას ფორთხვით შემოუარა, რომ თანამგზავრი ეპოვნა-ცოცხალი ან მკვდარი.

თითქოს გზა იქამდე უსაშველოდ გაიწელა. თითქოს ერთი დანგრეული მანქანის კი არა, ჩინეთის კედლის სიგრძე მანძილი ჰქონდა გასავლელი… ყოველი ნაბიჯი ისეთ ტკივილს ანიჭებდა, როგორიც, მისი წარმოდგენით, მხოლოდ მძაფრსიუჟეტინი ფილმების პერსონაჟებს თუ გამოუცდიათ. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ცეცხლის ალში იყო გახვეული…

***

გოგონებმა ერთმანეთი იპოვეს. რადგან ეს მოახერხეს, მეტის გაკეთება საჭიროდ აღარ ჩათვალეს. მიწაზე ერთმანეთის გვერდით ხელჩაკიდულები გაერთხნენ და დაელოდნენ, სანამ ვინმე ღვთისნიერი მიაგნებდა და საკაცეზე გადააწვენდა. არც ერთი ნაბიჯის გადადგმის ან სიტყვის თქმის თავი აღარ ჰქონდათ. მხოლოდ იწვნენ და ცდილობდნენ ჯაჭვებაწყვეტილი გული ისევ თავის ბუდეში დაებრუნებინათ.

***

სანდრომაც იპოვა ლაშა. ოღონდ მას არ დასცალდა, ძმაკაცთან ერთად დალოდებოდა სასწრაფოს. მისი ბაგეებიდან შავი სისხლის ვიწრო ზოლი გადმოდიოდა და ბიჭს თვალები უსულოდ დაეხუჭა.

მის შემხედვარე სანდროს გულ-მუცელი ამოუტრიალდა. თავი შეეზიზღა და მეგობრის სიყვარული იმაზე მეტად იგრძნო ვიდრე აქამდე ოდესმე უგრძვნია. მაგრამ ყველა გრძნობას, შიშს, დანაშაულის განცდასა თუ ტკივილს… ყველაფერს ერთი ფიქრი ფარავდა. სანდროს არ უნდოდა, მწარედ არ უნდოდა ამაში საკუთარ თავს გამოტყდომოდა, რადგან რცხვენოდა… მაგრამ ერთადერთ აზრი რაც გონებაში უელავდა, იყო: „მამაჩემი გაჩარხავს საქმეს… არ ჩამაყუდებენ… მამაჩემი მიხედავს. ახალგაზრდობაში ვის არ გაუფრენია, ამისთვის ხოარ ჩამსვამენ!“

 

ვუძღვნი ოთოს, ნინის და თაობას, რომელიც „ვაის გაეყარა და ვუის შეეყარა“

 

თეკლა გოცაძე

175-ე სკოლა, X კლასი.