თამუნა ჯინჭველეიშვილი - ჰომო საპიენს საპიენსი
თამუნა ჯინჭველეიშვილი - ჰომო საპიენს საპიენსი

 

 

მერვე კლასში გადავედით და ახალი საგანი დაგვემატა-ბიოლოგია. დღეს პირველი გაკვეთილი გვქონდა და სიმართლე გითხრათ, დიდი ინტერესი სულაც ვერ გამოიწვია ჩვენში. ჩვენ-ს რომ ვამბობ ჩემს თავს და მართას ვგულისხმობ. არც არაფერი მოგვისმენია და ვერც ვერაფერი გავიგეთ. მე მთელი გაკვეთილი იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორი მკაცრი და მძიმე წერტილი დასვა ‘პატივცემულმა’ წინადადების ბოლოს: ,,ადამიანი ჰომო საპიენს საპიენსია.“ მართასთვის მინდოდა მეთქვა და ემოციის ტალღით ისიც გამეწუწა, მაგრამ არ ეცალა, ისევ შვეიცარიის ალპების დალაშქვრით იყო დაკავებული, მეც ჩემი ტალღები ჩემთვის შევინახე.  გაკვეთილები რომ დამთავრდა გადავწყვიტეთ, რომ სახლში წასვლა არ გვინდოდა და  ერთადერთ ალტერნატივას მივმართეთ: ასფალტისფერ ასფალტს დავუყევით, რომელსაც მოჭრილი ბალახის სუნი ასდიოდა, (ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ასდიოდა.) სულ მალე ჩემში ტექტონიკური პროცესები ისევ განახლდა და ემოციის ტალღაც მაღალი, წელში მოხრილი კაცივით თავზე დაგვადგა. ვუამბე მართას იმ წინადადების შესახებ, თითქმის მთელი ცარცი რომ შეიწირა. ნეტავ, ასე მონდომებით რას გვიმტკიცებდა?! ან რატომ დასვა წერტილი?! რა თქმა უნდა  მართა მაშინვე მიმიხვდა, რომ ამ აღშფოთების მიზეზი თავადაც არ ვიცოდი. გადაწყვიტა დამხმარებოდა, თუმცა ახლა მისი ალპინისტური მიღწევებით დავინტერესდი. ჯერ არ დამიწყია ასვლა, ვდგავარ და ვუყურებ. – მიპასუხა მართამ და თვალებით გამიღიმა. უნდა მეთქვა თუ როგორ ვამაყობდი მისით, მაგრამ სიტყვა ველოსიპედის პატარა ზანზალაკის ხმამ გამაწყვეტინა.

‘გამარჯობა ბავშვებო’ – უცხო ხმა იყო. არ შეგვშინებია.( ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უცხოების არ გვეშინია.) ვიღაც სიმთვრალისგან აწითლებული და ასაკისგან ქუთუთოებდამძიმებული  კაცი გვიახლოვდებოდა. გვეგონა, საათს შეგვეკითხებოდა, როგორც ჩვეულებრივ ერთფეროვან, მოსაწყენ ქვეითებს სჩვევიათ, მაგრამ არა, ველოსიპედი გააჩერა და დაიწყო:

„იცით ბავშვებო, შვილებო, მე გიორგის მამა ვარ. იცით, თქვენი ჭირიმე, ვასწავლე…ჩავაცვი-დავახურე და დღეს… ოცი ლარი მომცა. სასმელი უნდა მეყიდა და მაგიტომ მომცა შვილებო. ეწყინა რომ მომცა და მეე… მეც მეწყინა. თქვენ კი არ მიწყინოთ. ვიცი არ შეიძლება. მაგრამ რა ვქნა?! ეგებ…ეგების სიტყვებიც მეშლება . გიორგის ხომ იცნობთ ჩემი შვილია.“ ხელებს ასავსავებდა, თვალებს იფშვნეტდა, და ათრთოლებული ნიკაპის დაწყნარებას ცდილობდა.

თავიდან დავიბენით, მაგრამ მალევე მივხვდით; მთელი მისი ცხოვრების ისტორიასაც კი მოვისმენდით, ოღონდ მისი გულწრფელი სიტყვების ბორძიკი არ დასრულებულიყო. ჩვენ ვუღიმოდით დ ის მიგვიხვდა, უკვე პატივს ვცემდით მის წლებით დამძიმებულ ქუთუთოებს და მას სულ არ აკნინებდა მთვრალი თვალები.

ერთიანად სიხარულმა აიტაცა, გვითხრა; სულ ასეთი კოხტები იყავითო, სულის სიკოხტავე ახსენა. დაგვემშვიდობა. ზანზალაკი აახმაურა და წავიდა. ჩვენც თბილად დავუქნიეთ ხელები.

ასფალტიდან მოჭრილი ბალახის სუნმა ერთიანად ამოხეთქა.

მართამ მითხრა: მარიამ, მგონი რაღაც ნამდვილად შეეშალა “პატივცემულს” და ადამიანი არც თუ ისე ჰომო საპიენს საპიენსია და რამდენი საპიენსიც არ უნდა მიემატოს კაცს, მაინც უფრო მეტი სჭირდება.  (ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კაცს უფრო მეტი სჭირდება.)

 

თამუნა ჯინჭველეიშვილი. 16 წლის. სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე.