თამუნა ჯინჭველეიშვილი - ბავშვობის ესკიზი
თამუნა ჯინჭველეიშვილი - ბავშვობის ესკიზი

 

არ ვიცი რამ წამოუარა ჩემს ოთხი წლის გონებას იმ თაკარა მზეში, მაგრამ ფაქტია, ცეცხლის დანთება მომინდა.

არიქა!  ბებიასთან მივირბინე. (გზაში ორჯერ წავეფორთხიალე მიწას და ახლად მორჩენილ მუხლებს ძველი ტკივილი ვაგემე).

ბებო სახლში დაფუსფუსებდა. მივკუნტრუშდი და წივწივა ხმით, ენის ბორძიკით დავიწყე:

-ბებიი! დალულიი!* ცეცხლი რო დავანთო შეიძლება? მინდა ცეცხლი. უთხარი ბებია გიორგის და დამინთოს რაია. ცოტა ხანი დამინთოს, ცოტა ხანი.

ბებია თავიდან დაშაქრული სიტყვებით მეუბნებოდა უარს, მაგრამ ჩემს შეუწყვეტელ წივწივსა და თავის დამყოლ ბუნებას  მაინც ვერ გაექცა:

-გიორგიიი! მოდი ბებიამ გენაცვალოს აგერ, საქმე მაქ შენთან…

გიორგი ჩემი დეიდაშვილია. ის ჩემგან განსხვავებით სოფელში მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა. დადიოდა, დაპორწიალობდა სოფლის ერთი თავიდან მეორეში. მაშინაც გაღებული ჭიშკრისკენ ეჭირა თვალი. ოხ, რა მელაკუდა იყო, თორმეტი წლის მელაკუდა. ბებიამ ძლივს დაითანხმა. ისევ იმ მთავარი არგუმენტის წყალობით, დღემდე რომ ძალაშია: “პატარაა! ’’

რა დამავიწყებს გიორგის გაბღუზულ ტუჩებს და შეკრულ წარბებს ფიჩხის შეგროვების დროს. მე კიდევ ფეხებში ვებლანდებოდი, ვცქმუტავდი, გაზაფხულის მერცხლის მსგავსად ჭიკჭიკით ვიკლებდი იქაურობას. სხვანაირად არც შემეძლო.

გიომ ალი „ამიგიზგიზა.“ ჩემს გონებაში კი ხანძარი იყო გაჩაღებული.  სულგანაბული ვუყურებდი. ოო, როგორ ირწეოდა. თავს მაწონებდა, მაცდუნებდა და სურვილს მიჩენდა მოვფერებოდი. მერე უცებ გიორგის ხმამ გამომაფხიზლა:

–  ნინიკელა, უფრო დიდი ცეცხლი არ გინდა? ეშმაკურად ჩაეჩხვლიტა ლოყები. მეც ეშმაკურად ავახამხამე წამწამები. – ეს თანხმობას ნიშნავდა.

–  წადი შენ ახლა, მეიტანე დოქით წყალი, მერე ცეცხლს დაასხი და ნახე რაფერ აგიზგიზდეს.

მე გამოპრუტუნებულმაც სიხარულით ვტაცე პატარა დოქს ხელი და ონკანს მივაშურე. უკან ყელამოვსებული დოქით დავბრუნდი. მივედი დანიშნულების ადგილთან, თუ არა, მაშინვე წყლის დასხმას შევუდექი ცეცხლზე, იმ იმედით, რომ მალე აბრიალდებოდა.

რატომღაც ცეცხლი ჩაქრა. ვერაფერი გამეგო, მაგრამ იმედს არ ვკარგავდი, იქნებ ჩაქრობის მერე ერთიანად აალდეს-მეთქი.

მე მაშინ ოთხი წლის მეცნიერი გახლდით, რომელიც თავის კრახით დასრულებულ ცდას ჩასჩერებოდა და ჰიპოთეზაში ეჭვის შეტანა აზრადაც არ მოსდიოდა. მხოლოდ ჩემს თავს ვადანაშაულებდი:

“ნეტა, წყალი წყაროდან ამომეტანა, ის წყალი ხომ მაინც ააგიზგიზებდა ცეცხლს. ჩემს სიზარმაცეს რა ვუთხარი, თორემ როდის იყო ონკანის წყლით ცეცხლი დანთებულა.’’

ეზოში, ჩემგან მოშორებით ქათმები ახმაურებულმა ჭიშკარმა დააფრთხო…

*დალული – დალი (ბავშვური მახვილგონიერებით გადაკეთებული სახელი)

თამუნა ჯინჭველეიშვილი. 16 წლის. სამტრედიის N4 საჯარო სკოლა.