თამარ (თაუ) ხუჯაძე - სეიკო
თამარ (თაუ) ხუჯაძე - სეიკო

ასეთი  იყო  სეიკო, საღამოობით შინისაკენ მიმავალი ყოველთვის  ცდილობდა სხვებისთვის გაესწრო და მარდ ნაბიჯებს კიდევ უფრო უჩქარებდა. ღიღინებდა საყვარელ სიმღერებს და მოკლე თმას გამუდმებით  ყურებზე იწევდა.

მის  პატარა ბინაში  ცხელი, არომატული ჩაის სურნელი ტრიალებდა. სამზარეულოში კი  ფინჯნების მთები  იდგა. სეიკო 24  წლის  იყო, მაგრამ რომ გეკითხათ გეტყოდათ 20 წლის ვარო. 20 წლის იყო  21, 22 და 23 წლის ასაკშიც. თუმცა ტანით  და აგებულებით  16-17  წლისას წააგავდა.  გამხდარი  და  ჩხინკორა  იყო, მაგრამ ჩიტის ფრთებივით მხრებსა  და ამობურცულ მუხლის თავებს დიდი ზომის პოლოს   მაისურებითა და განიერი ჯინსის შარვლებით  იფარავდა. ფეხზე ერთი და იგივე გაცრეცილი  ტყავის ფეხსაცმელი ეცვა. უბრალოდ ასე იცოდა, რასაც შეიყვარებდა  გვერდიდან  აღარ  იშორებდა.  როცა რაიმე სწყინდა იხრებოდა და მთელი ძალით  იჭერდა ფეხსაცმლის თასმებს.

სკოლის დამთავრების შემდეგ არსად  გაუგრძელებია სწავლა. მისი მშობლები ფიზიკოსები იყვნენ და რადგან  გოგონაც კარგად ერკვეოდა ამ საგანში, სურვილი ჰქონდათ, რომ  მათ პროფესიას  გაჰყოლოდა. მიუხედავად ამისა, მალე გაუქარწყლდათ იმედები და შვილის მტკიცე გადაწყვეტილებას უხმოდ შეხვდნენ.

ერთ დღეს სეიკომ  თავისი ნივთები მოკრიბა, მშობლებს, რომლებსაც მისი მომავლის არ  სჯეროდათ სამზარეულოს მაგიდაზე წერილი დაუტოვა ( უყვარდა წერილები), სადაც ერთადერთი სიტყვა „მივდივარ“ ეწერა თავისი სახლის მისამართთან ერთად  და ასე, შეუთანხმებლად და მოულოდნელად წავიდა და დაიდო ბინა  წიგნების მაღაზიის ზემოთ.

მისი  მეგობრების წრეს  შეადგენდა კატა _ მაი და კარის მეზობელი_ იუკა.  მაი ბინაში გადასვლის დღეს იპოვა ქუჩაში. პატარა და უსუსური  იყო, თან საშინელი ხმით ჩხაოდა. სეიკო დაფიქრდა, ჩემოდანი მარჯვენა ხელში გადაიტანა, მარცხენაში კი მაი აიყვანა და გულში ჩაიკრა. რაც შეეხება იუკას, ისიც  ბინაში გადასვლის დღეს გაიცნო, ჩაისა და ტკბილეულზე მიიპატიჟა და იუკას კეთილგანწყობაც  დაიმსახურა.

სეიკოს დრო წიგნების კითხვასა და წერაში გაყავდა.  პირველი მოთხრობა        „ფინიკი და დანისლული გონება“ 15 წლისას დაუბეჭდეს. ბოლოს ნოველების კრებული „დნობა“ გაგზავნა გამომცემლობაში და პასუხს ელოდებოდა. მოუსვენრობა გასაქანს არ აძლევდა. ყოველ დილით საფოსტო ყუთს ამოწმებდა, საღამოებს კი იუკასთან ერთად  ატარებდა. იუკა გადმოალაგებდა ძველი ყუთებიდან დაყვითლებულ წერილებს და ათრთოლებული ხმით კითხულობდა. სეიკოს ყველაზე მეტად იუკას ქმრის მოწერილი წერილები უყვარდა. მათი კითხვისას მატარებლის ბაქანზე დანახული მაღალი, ხმელ-ხმელი ბიჭი ახსენდებოდა, რომელიც ზენიტს აჩხაკუნებდა და  თვალს სეიკოსკენ აპარებდა. სეიკოს კი სახეზე ალმური ედებოდა და ყურებზე   თმებს იწევდა. შემდეგ მატარებელი მოვიდა და ბიჭიც გაქრა. სულ ეს იყო. ამის შემდეგ სეიკო წერილებს წერდა ზენიტიანი არავისთვის და უჯრის სიღრმეებში მალავდა.

სეიკოს მოლოდინი აქუცმაცებდა და ლუკმა-ლუკმა  ჭამდა. გულს უღრღნიდა  და ანაწევრებდა. და როცა ერთ დილას საფოსტო ყუთის ხმაური გაიგონა, ჩიტის ფრთა მხრებზე მხოლოდ ამომავალი მზისფერი ხალათი შემოისხა და სუნთქვა აჩქარებულმა აიღო ყუთზე დადებული სქელტანიანი წიგნი და თანხმობის ფურცელი. დაბნეულმა გადაიცვა პოლოს მაისური და განიერი ჯინსი. თასმები მთელი ძალით შეიკრა ( ამჯერად სიამოვნებისგან), ხელში თავისი წიგნი და მაი აიტაცა, იუკას კარის ქვეშ კი წერილი შეუცურა:

„დნობა“ ჩემს ხელშია.

მშობლებთან მივდივარ.

დავბრუნდები მალე…“