თამარ ჩიქოვანი - 126 - 172
თამარ ჩიქოვანი - 126 - 172

 

აბა, ჰე, მკითხველნო ამა ქვეყნისა შეერთდით, ვინაიდან და რადგანაც თქვენი მონა-მორჩილი რატი ამაღლობელი შეუპყრია უდიდეს სურვილს გიამბოთ შარშან ზაფხულს თავს გადამტყდარი ისტორიის შესახებ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, დიდად არ გაინტერესებთ, თუმცა, მე მოვყვები და თქვენ გინდ მოგისმენიათ გინდ არა, ეგ მადარდეთ ახლა კიდევ, მე ჩემს ჭიას ვახარებ და მაცადეთ.

ვახ, ბიჭოს, მაგრად კი შევშინდით მე და გიო იმ დღეს.

წიგნებში რომ წერენ ხოლმე ერთ მშვენიერ დღეს დაიწყო ესა და ეს ამბავიო, მშვენიერი არა ფლავი კიდევ, ,,სტრანნიო,, რომ იტყვიან, აი ზუსტად სამაგისოა ეგ სიტყვა.

– რატი, ბიჭო სად ხარ? – შემეკითხა გიო

– რავი, ქალაქში, სად ხარ შენ? – ჯერ ვუპასუხე, მერე იქითაც ვკითხე

– სად ვარ კიარა ამწუთას დამირეკეს და მაგარი ამბავია ჩვენ თავს, დროზე, პოლიციაში გვიბარებენ და მანდ მოდი – მპასუხობს ეს ვირიშვილი ტელეფონიდან

– რა პოლიცია, გიჟი ხო არ ხარ, რაზე გვიბარებენ? – აზრზე არ ვარ, მგონი ყვავილების თემაა.

– ჰო, კაი, გამოვდივარ უკვე და 10 წუთში იქ ვარ.

10 წუთიც გავიდა 15-ც და მეოცეზე მივედი. ვახ, ბიჭოს, ამ განყოფილებაში ფერების შეხამებაა ,,მპუაა,, (ახლა წარმოიდგინეთ რომ ცერა, საჩვენებელი, შუა და არათითი ერთმანეთს მიადეთ და მერე ეს უკანასკნელი ტუჩებსაც შეახეთ. უკეთესი აღქმისთვის ეგრე ჯობს, მენდეთ). მოკლედ, აქაურობა განყოფილებაზე უფრო კაფეტერიას გავს, პატარა მწვანე მაგიდებს ოთხი წითელი სკამი უდგას და ერთ-ერთზე ვიღაც ღიპიან-ღაბაბიანი ტიპი ზის. მიყურებს ჯერ მე, მერე ფურცელს, რომელიც ხელში უჭირავს, მერე ისევ მე და მეკითხება:

– რატი ამაღლობელი ხარ, ბიჭო?

-რატი ვარ აბა ვინ ჯანდაბა ვარ – გავიფიქრე და მერე ვუპასუხე, რომ კი, რატი ვახლავარ.

– კარგი, მაშ მაგისდასთან მობრძანდი შვილო. – კი ბატონო, მივედი. წინ დამიდო ფურცელი, რომელშიც ჩახაზული იყო ცხრილი, ამ ცხრილში კიდევ არა ეწერა რა გარდა რიცხვებისა. თვალი ამიჭრელდა, ბიჭოოს, მე ვთქვი იქნებ ერთი-ორი ასო მოვძებნო, რომ რამეს მივხვდე, მაგრამ რა ჯანდაბად გინდა, რიცხვების გარდა ვერაფერი ვიპოვე.

– აი ამ ფურცელს და შიგ დაბეჭდილ ციფრებს ხომ ხედავ? – თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად – ოო, ეს ციფრები იცი რას ამტკიცებს? – აბა საიდან უნდა მცოდნოდა და მხრები ავიჩეჩე უარის ნიშნად – რას ჩემო რატი და ხედავ ალბათ ყველა რიცხვი 126-ით რომ ბოლოვდება, ჰოდა შენი პირადი ნომერიც, გაგიკვირდება და, ამ რიცხვით მთავრდება. მერე, ჩემო კარგო, აი ეს არის უტყუარი საბუთი იმისა, რომ შენ, შენი ძმაკაცი, გიოა თუ შმიო და მამაშენი მარიხუანას აბოლებთ ჩუმ-ჩუმად.

ვახ, ბიჭოოს, გავშტერდი, გავდებილდი, ეს რა იყო?… კაცს წინ რიცხვების მეტი არაფერი არ უწერია და მიმტკიცებს დამნაშავე ხარო. შენი მოსატყუებელი ვინ არის შე ძაღლიშვილო – გავივლე გულში და ვეუბნები:

– არა, ბატონო, ტყუილია ეგ არც მე, არც გიო თუ შმიო და არც მამაჩემი, არაფერს არ ვეწევით, არც გაგვისინჯავს – ეს კი ტყუილი ვთქვი, არ გაგვისინჯავს კიარა ყოველ მესამე დღეს ვეწეოდით, ოღონდ მარტო მე და გიო, აბა მამაჩემს რას ვეტყოდი ამას, ის ცალკე მოგვკლავდა.

– ამას მაშინ გავარკვევ ზუსტად, როცა შენი სახლის ჩხრეკის ორდერს მივიღებ – გველურად გაიღიმა აქ.

მე კიდევ ცივმა ოფლმა დამასხა, გამახსენდა, რომ ფრჩხილებში ბალახი მიყრია და თუ მიპოვეს არც არავის დასჭირდება ორდერი. ხელი უნდა დამებანა, მებუნებრივმოთხოვნილება-მეთქი, მოვიმიზეზე და ტუალეტში გავედი. ხელს ვიბანდი, აქით ვფიქრობდი რა მექნა, როგორ მოვქცეულიყავი? სახლში რომ გავქცეულიყავი პლანი დამემალა და მერე პოლიციელებს ვერ ეპოვათ ზვიადი მიხვდებოდა მე რომ დავმალე და მომხვდებოდა, არ დავმალავდი და ან მე წავიდოდი ციხეში ან თვითონ ზვიადი. ზვიადი დიდი კაცია, ცოლი ყავს, შვილი ყავს, ოჯახს არჩენს და ციხეში რომ ჩაჯდება ჩვენ რითღა ვიცხოვროთ. მე, ძმაო, ახალგაზრდა ვარ, ჯან-ღონით სავსე, ახლა თუ მოვხვდი ციხეში მერე როგორ, რა ჯანდაბით გავაგრძელო ცხოვრება. ამის გაფიქრება იყო და ვახ, ბიჭოს, გამახსენდა რომ ჩემი პირადი ნომერი 126-ით კი არა 172-ით მთავრდება, ვინ მოიშორა საპონი ან ვინ გაიმშრალა ხელი,  შევვარდი ოთახში და ვღრიალებ – გეშლებათ, გეშლებათ – მეთქი. ვუთხარი: ასე და ასე ჩემი ნომერი სხვაა, არასწორი ხართ, ბიძია. მაგასაც რა ექნა, ნახა არასწორი იყო და გამომიშვა. სახლში წამსვლელი მე არ ვიყავი და აბა რა გამეკეთებინა?! გარეთ გიო დამხვდა, ეგეც გამოსულა.

ჰოდა, ახლა ამხელა ხალხმა ციხეს თავი რომ დავაღწიეთ, ხომ უნდა აღგვენიშნა?წავედით და კიდევ, ღმერთმა იცის მერამდენედ, მცენარეებში ვპოვეთ ხსნა. ასეთი და ამგვარი იყო, მეგობრებო, რატი ამაღლობელის ამბავი, რომლის მიმდინარეობის დროსაც, თავს სულ გაბედულად გრძნობდა, სულ არ შეუშინებია არაფერს, არა, მართლა, საერთოდ არაფერს.

თამარ ჩიქოვანი

17  წლის/ ზუგდიდის IV საჯარო სკოლა