ძნელად თუ მოიძებნება ისეთი მკითხველი, კონან დოილის შერლოკ ჰოლმსზე დაწერილი ყველა მოთხრობა არ ჰქონდეს წაკითხული და კიდევ უფრო ძნელად საპოვნელია ალბათ ის, ვისაც წაუკითხავს და შერლოკი არ შეჰყვარებია. შერლოკ ჰოლმსი, მსოფლიო ლიტერატურასი ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და ტრანსფორმირებადი პერსონაჟია. როგორც შემდგომ ლიტერატურაში, ისე კინემატოგრაფიაში, არსებობს მისი გავლენით შექმნილი არაერთი პერსონაჟი. შერლოკთან ერთად კი დაუვიწყარი ხდება არა მხოლოდ მისი საუკეთესო მეგობარი ჯონ უოტსონი, არამედ სხვა გმირები და ანტიგმირებიც. მათ შორის განსაკუთრებით შთამაგონებელი ირენ ადლერის სახეა, ქალი, რომელმაც თითქმის დაამარცხა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გამჭრიახი და გულით უძრავი დეტექტივი. ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ თუ კი შერლოკს ვინმე შეიძლება შეყვარებოდა, ის სწორედ ირენ ადლერი უნდა ყოფილიყო.
სანამ ირენისა და შერლოკის შესაძლო რომანზე ვიფიქრებთ, ალბათ ყველა დაფიქრებულა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო შერლოკ ჰოლმსი ბავშვობაში. როგორი იყო მისი ბავშვური ცხოვრება, სამყარო, მისწრაფებები. და აი, ორმა იტალიელმა ავტორმა გადაწყვიტა მოეთხრო ის, რაც კონან დოილმა არ გაგვიმხილა და გაჩნდა წიგნების სერია, რომელსაც „შერლოკი, ლუპენი და მე“ ჰქვია.
მასში აღმოაჩენთ, რომ ირენ ადლერი შერლოკის ცხოვრებაში პირველად ბავშვობაში გამოჩნდა და ეს გამოჩენა მეგობრობაში გადაიზარდა, ასევე აღმოაჩენთ, რომ შერლოკი მეგობრობდა ლუპენთან, რომელიც შემდგომში ყველაზე სახელგანთქმული ქურდი გახდა. წიგნებში კი მთხრობელად ირენ ადლერი გვევლინება, რომელიც შერლოკის, ლუპენისა და საკუთარ ბავშვობის ამბებს აცოცხლებს. ამჟამად, ქართულად ამ სერიის ორი წიგნი შეგიძლიათ წაიკითხოთ _ „დაკარგული პიკის ქალი“ და „ოპერის ბოლო აქტი“.
თუ საყვარელი გმირებთან დაბრუნება გიზიდავთ და არ თვლით, რომ საბავშვო წიგნები, ბავშვობაში სამუდამოდ რჩება, მაშინ თამამად გირჩევთ წაიკითხოთ „შერლოკი, ლუპენი და მე“ და დაელოდოთ ამ სერიის სხვა წიგნების გამოცემას.