იმ პარკში ვიჯექი სადაც ათასში ერთხელ თუ დამინახავთ ხოლმე,ისიც მაშინ თუ საოცრად დაღლილი ვეძებ სკამს დასაჯდომად.
ვიჯექი და სამიოდე წლის გოგონამ ჩამირბინა.მოწმენდილი ცის ფერ კაბაში გამოწყობილს,მხრებზე შავი,მბზინვარე კულულები მძიმედ ეყარა.სიცილ-კსკისით მისდევდა მტრედებს დასაჭერად.
გაიზრდება,დაქალდება გოგონა მოწმენდილი ცის ფერ კაბაში.შუა ღამისას ფანჯრიდან ზურგჩანთას გადააგდებს და იპარება.მიყვება მიჭს რომლის თვალებიც სულ წითელია,ხელები კი დაჩხვლეტილი.
რა იცის რომ ახლა უკვე თეთრ კაბაში გამოეწყობა.თეთრი კაბა ეცმევა გოგონას,მოწმენდილი ცის ფერ კაბაში.
ეცმევა და შეჰყურებს ბიჭს რომლის თვალები მარადჟამს წითელია ხელები კიდაჩხვლეტილი.შეჰყურებს წითლად მოელვარე თვალებს და მიბნედილ სახეს,ხვდება როგორ უყვარს ეს სახე და თვალები.
რა იცის რომ ერთ დილას გაღვიძებისას კაცი რომელიც უყვარს წითელ თვალებს ვეღარ გაახელს.მიხვდება,რომ შეცდომა დაუშვა როცა ისეთი მიიღო როგორიც იყო.რა იცის რომ საყვარელი კაცისგან დარჩენილი ერთადერთი მსგავსებაც მკვდარი გაუჩნდება.მალევე დამარხავს მას მამის გვერდით.
რა იცის რომ თავადაც დაიჩხვლეტს ხელებს იმ იმედით რომ ილუზიას მიეცეს სადაც ისინი ელოდებიან.
მაგრამ ჯერ ადრეა,ჯერ იგი მოწმენდილი ცის ფერ კაბაშია გამოწყობილი და მტრედებს დასდევს დასაჭერად,ჯერ მხოლოდ ეს არის მისი ოცნება.
ან კი მე რა ვიცი იქნებ იმ დღეს როცა წითელ თვალება ბიჭს უნდა შეხვდეს ავად გახდეს,ან უბრალოდ დაეზაროს გარეთ გასვლა.ან ბედმა მაინც შეახვედრონ მაგრამ შეეცადოს მის შეცვლას…
მე ხომ არ ვიცი მომავლის ათასი კარიდან რომელს გამოაღებს,რომლით დაწერს საკუთარ მომავალს.მაგრამ ჯერ ადრეა ჯერ მოწმენდილი ცის ფერ კაბაში გამოწყობილი მტრედბს დასდევს დასაჭერად.
სესილი გოგიბერიძე
მე-11 კლასი
სამტრედიის ნომერ მე-10 საჯარო სკოლა