სალმან რუშდის ჩემს ცხოვრებაში პირველად რამდენიმე წლის წინ, ღრმა თინეიჯერობაში, „ბრიჯიტ ჯონსის“ ფილმის ნახვის შემდეგ გამოჩნდა. ფილმში ინდური წარმოშობის ბრიტანელი ავტორი ერთ-ერთ ეპიზოდურ როლს ასრულებს. როგორც მერე გავიგე, ავტორზე გამოცხადებული ფატვის გამო სალმან რუშდი დიდი ხანი იმალებოდა და საჯაროდ სწორედ „ბრიჯიტ ჯონსის“ ფილმის პრემიერაზე გამოჩნდა.
მერე და მერე ქართულ წიგნების მაღაზიაშიც გამოჩნდა სალმან რუშდის პირველი წიგნი „შუაღამის შვილები“, რომელიც თავის დროზე ვერა და ვერ წავიკითხე, ხან თარგმანს დავაბრალე, ხან ავტორს, ხან განგებას, ხან ცუდ განწყობას და წიგნი გვერდით გადავდე, „შუაღამის შვილებს“ სხვა ქართული თარგმანებიც მოჰყვა, რომელიც ასევე აუღებელი ციხესიმაგრე აღმოჩნდა ჩემთვის და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ არ იყო საჩემო ავტორი და რომ არა ჩემი ერთ-ერთი მეგობრის რჩევა, რომლის გემოვნებასაც ვენდობი, ალბათ ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამეზე მეტი დამჭირდებოდა რუშდის რომ მივბრუნებოდი.
„ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე“(მთარგმნელი: სალომე ბენიძე) ჯადოსნური ამბებით სავსე წიგნია, სადაც ჯინებთან და ჯადოსნურ არსებებთან ერთად შეხვდებით ისტორიულ პირებსაც, სუფიზმის წარმომადგენელს და ფილოსოფოსს ალ-ღაზალს და მის მოწინააღმდეგეს, ასევე ცნობილ ფილოსოფოსს და ექიმს, ავეროესს, იგივე იბნ რუშდის. სალმან რუშდის 2015 წლის რომანში სამყაროს ზღაპრული ჯინები და ჯინიები დაეპატრონებიან და იწყება დიდი გართობა და მხიარულობა, ასე რომ თუ გიყვართ ამბები ჯადოსნურ არსებებზე, მაგიური რეალიზმი ან უბრალოდ დიდი სიყვარულის ისტორიები, სალმან რუშდის „ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე“ ზუსტად სათქვენო წიგნია.