ნონა ბუჟღულაშვილი - Hako is alive and she is 59
ნონა ბუჟღულაშვილი - Hako is alive and she is 59

ჯერ ახლაც მახსოვს მისი სურნელი. ახლად აყვავებული ატმის ხეებს რომ ასდით ზუსტად ისეთი. მის თვალებში  ისე ნაზად მიმოდიოდა, თითქოს მანიშნებდა თუ რაოდენ ტკბილი იყო.

პირველად ფანჯრიდან დავინახე. გრძელი, ხვეული, აბრეშუმისეული თმა, რომელსაც ნიავი ფაფუკად ამოძრავებდა, მხარზე გადაეყარა. ყვავილებიანი კაბა მის სხეულს უფრო მშვენიერს ხდიდა. მხარზე გადაკიდებულ ნაჭრის ჩანთაში კი ერთმანეთში გახვეული გადაცვეთილი ნოტები ეწყო. წამიერად გამომხედა. ვერაფერი მოვიმოქმედე. მზერაც კი ვერ მოვაშორე. სახე გამეყინა, ქუთუთო ამითამაშდა. ის კი იღიმოდა, აი ასე უბრალოდ  იღიმოდა.  მის თვალებში სითბო ამპარტავნად დასეირნობდა. არადა ამპარტავნობისა არაფერი ეტყობოდა. ბოლოს ტელეფონის ხმამ მაიძულა უკან გამეხედა. ნომერი შეშლიათ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ,  არანაირ ელისოს  მე არ ვიცნობდი. რომ მოვბრუნდი უკვე აღარ იყო.

იმ დღიდან ჩემი ყოვლად უცნაური  სიზმრების მთავარ პერსონაჟად  იქცა.  ზოგჯერ ჩანჩქრის პირას მდგომი მევლინებოდა. ზოგჯერ მთებს გადაჰყურებდა. მაგრამ ყოველთვის ზურგით იდგა. იმ დღიდან მისი  ნატიფი სახე  ჩემ  ოცნებად იქცა. ოცნებად,  რომელიც ტკივილს უფრო მაყენებდა, ვიდრე ბედნიერებას.

დღეს შემთხვევით მოვკარი თვალი.   ისე აუჩქარებლად და მსუბუქად მიაბიჯებდა ქიაჩელზე, როგორც  მაშინ, პირველად რომ ვნახე. გავქვავდი.

იმ წამსვე ვიცანი, მერე რა რომ ბევრმა წელმა  განვლო. ვიცანი მისი ნაჭრის  ჩანთა, თუმცა მასში ნოტები უკვე აღარ ეწყო. ვიცანი მისი აღნაგობა.   სურნელიც  კი იგივე დასდევდა.

გამოიხედა.

მის თვალებში უკვე ცხოვრებისეულ ტანჯვას ვხედავდი.

ტანჯვას, რომელიც ცოცხალს ამყოფებდა.

მიყურებს.

ვერ მიცნო.

არაუშავს.

მე ხომ ვიცანი.