ნონა ბუჟღულაშვილი - ციალა, მებო, ზური და სხვა მეზობლები.
ნონა ბუჟღულაშვილი - ციალა, მებო, ზური და სხვა მეზობლები.

მოგეხსენებათ იტალიურ ეზოში რთულია ერთ მეზობელთან მაინც არ გქონდეს კონტაქტი.  ჩემ შემთხვევაში ერთი კი არა ბევრია.

დილით გაღვიძებას ვერ ვასწრებ ჩემ მეზობელ ციალას უკვე ახლადგამომცხვარი ბლინები  შემოაქვს, ცივი ატმის კომპოტით. სახლში ისეთი სუნი დგება , რთულია ადამიანმა ისევ ძილი შეიბრუნოს. მაშინვე წამოვფრინდები ხოლმე და გიჟივით ვეტაცები ბლინებს, თორემ ხომ ვიცი,  ციალას გასვლა და თეოს და მებოს შემოვარდნა ერთია. არაფერს ტოვებენ ეგ მამაძაღლები.

დღეს შუადღემდე მეძინა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არც თეო და არც მებო არ შემოსულან. ისედაც, ეზოში ჩამიჩუმი არ ისმოდა. კი მეუცნაურა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, მშვიდად მივირთმევდი ბლინებს, რომლებიც ციალა ბებოს აშკარად დაეწვა. უყურე ერთი,  ატმის კომპოტის  შემოტანაც კი დავიწყებია. აი აქ მივხვდი რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. სახლიდან გავედი და ზურის მივუკაკუნე. ზური ჩვენ სამეზობლოში თქვენი სამეზობლოს ლამარას ფუნქციას ასრულებდა. ყველა გამვლელ-გამომვლელის ვინაობა იცოდა.  ვინ სად მიდიოდა, ვინ რა იყიდა ან ვინ ვის ეჩხუბა.  რაც არ უნდა მომხდარიყო, ზურიმ  ყველაფერი იცოდა. ხოდა, პირსახოცშემოხვეულმა კარი გამიღო. შინაც მიმიპატიჟა, მაგრამ მასთან ლაპარაკის თავი ნაღდად არ მქონდა.

– არა იყოს,  არ შეწუხდე, რაღაც უნდა გკითხო და უცებ გავქრები აქედან.

– მკითხე კაცო, რა პრობლემაა

– რა ხდება,  ხომ მშვიდობაა?  სადაა ხალხი?

– დაიცა კაცო,  არ იცი რა მოხდა?

– არა, ახლახან გამეღვიძა და არაფერი გამიგია.

– მებო საავადმყოფოში გადაიყვანეს დილით.

-რატო კაცო, რა დაემართა?

– რა და  მამამისის მანქანის გასაღები აუღია, თამაში დაუწყია და ჰოპ  გადაყლაპვია.

– ამხელა გასაღები რამ გადააყლაპა  კი მარა?!  – სიცილს ვერ ვიკავებდი.

– რავიცი ერთი, ადგა და გადაყლაპა რა, ბავშვია

– მერე,  მერე?

– ჰოდა, გამოცვივდა ყველა.  აქეთ ციალა თმას იგლეჯდა, ან რა აქვს დასაგლეჯი,  იქით თეო და ანიტა ყვიროდნენ და ჰაი ჰუი.  მოკლედ,  გააქანეს  საავადმყოფოში.

– ვაახ,  რას არ გაიგებს ადამიანი.

– ნუ იტყვი ჩემო ძმაო,  ნუ.

– და ეხა სად არიან კი მარა?

– ელოდებიან.

– რას?

– გასაღებს.