საზღვარზე, იქ, სადაც ჩვენი ქვეყანა მთავრდება, გაზაფხულზე ია ამოვიდა. ჯერ სულ პაწაწინა იყო, შემდეგ ნელ-ნელა გაიზარდა და მაშინ, როდესაც მზის გულზე თავისი ლურჯი ფურცლები გაშალა თითქოს შვებით ამოისუნთქა და თავმომწონედ გაიმართა წელში. ირგვლივ, მის გარდა, არაფერი ჩანდა. სწორედ ის გახლდათ ერთადერთი სულიერი ამ გახრიოკებულ ადგილას. მხოლოდ მზე, მთავარე და ვარსკვლავები იყვნენ მისი სტუმრები. მხოლოდ მათთან ახერხებდა საუბარს. ეტიკტიკებოდა მუდმივად და ისინიც უამბობდნენ იმ საოცარ ამბებს, რომლებიც ქვეყანაზე ხდებოდა. გადიოდა დრო, არაფერი შეცვლილა. დილით მზის სხივები მოუღიტინებდნენ ხოლმე იას და ისიც გაშლიდა გვირგვინს, მხრებში გიმართებოდაა და მიესალმებოდა თავის მეგობარს. საღამოს, როდესაც ქვეყანას სიბნელე შეეპარებოდა, მზე დაემშვიდობებოდა ლურჯკაბიან ქალბატონს და ახლა მთვარესა და ვარსკვლავებს ჩააბარებდა მის თავს. იამ მოიწყინა ამ ერთფეროვნების გამო. მას სხვა მეგობრებიც სჭირდებოდა. ბოლოს იმდენად შეიპყრო იგი სევდამ, რომ როდესაც წვიმა მოვიდოდა, ისიც ღრუბლებთან ერთად ტიროდა. თითქოს ეშინოდა, არავინ შენიშნოსო ჩემი ცრემლი.
ერთ დღესაც, მაშინ, როდესაც ია კვლავ მზეს უსმენდა გაფაციცებით, რათა მისგან ახალი ისტორიები მოესმინა, მის გვერდით საოცარი არსება გამოჩნდა. ლურჯკაბიანმა ქალბატონა იქით გაიხედა, საიდანაც უცნაური ხმაური მოესმა. ვერ მიმხვდარიყო, რა მოხდა და ვინ მობრძანდა მასთან სტუმრად. -ჰმმმ, ვინ ხარ? ან საიდან მოხვედი?- შეეკითხა ია მის გვერდით ჩამომჯდარ პეპელას, თან ყურადღებით შეათვალიერა მისი გარეგნობა. უკვირდა, როგორ არსებობდა ასეთი ლამაზი არსება დედამიწაზე და მის შესახებ აქამდე როგორ არ უამბეს მზემ, მთვარემ და ვარსკვლავებმა. მის გაოცებას ისიც ერთვოდა, რომ სტუმარი ხმას არ იღებდა. უბრალოდ, უყურებდა იას და არაფერს ამბობდა. ცოტა ხანში ფრთები გაშალა, მაღლა აფრინდა და მზის შუქზე გაიელვა. ეს რა მშვენიერი ფერებია, აქამდე იას არ უნახავს მსგავი რამ. იცოდა ყვითელი, რადგან მზეს ემეგობრებოდა; იცოდა მწვანეც, რადგან მისი ფოთლები სწორედ ამ ფერისანი იყვნენ. ოი, ლურჯი იცოდა კიდევ, თავისი გვირგვინის გამო, მაგრამ ასეთი უცნაური და მშვენიერი ფერი, როგორიც ამ პეპელას ფრთებს ჰქონდა, არასდროს ენახა. ცოტა ხანს ინავარდა ცაში პეპელამ და შემდეგ ისევ გვერდით მიუსკუპდა იას. აი, ახლა კი მან დაიწყო საუბარი და მოყვა საკუთარი თავის შესახებ. ლურჯკაბიანი ქალბატონი ჩუმად უსმენდა სტუმრის მონათხრობ ამბებს, შემდეგ თავადაც გააცნო საკუთარი ვინაობა და ისე გაერთო მასთან საუბარში, არც კი შეუმჩნევია, როგორ შეეპარა სინათლეს სიბნელე და როგორ აკიაფდნენ ცაზე ვარსკვლავები. მთელი ღამე ასე ისაუბრეს ქალბატონებმა, უკეთ გაიცნეს ერთმანეთი და დილით, როდესაც მზე კვლავ ამოვიდა, იამ გააცნო მას თავისი საოცარი მეგობარი.
გადიოდა წუთები, საათები და დღეები. მათ თითქოს საუკუნო სიცოცხლე მიენიჭათო. ძალიან უყვარდა იას პეპელა, ის, ვინც მის ცხოვრებაში ბედნიერება და სიყვარული შეიტანა.
აი, ახლაც თუ მოხვდებით ჩვენი ქვეყნის საზღვრის იმ მხარეს, ისევ დაგხვდებათ იქ ლურჯკაბიანი ია და პეპელა იასამნისფერი ფრთებით…
ნინო კეკენაძე თბილისის 191-ე საჯარო სკოლა