ეს უნდა მოხდეს!
ამ საღამოს,
ეს უნდა მოხდეს!
მე შენი ტანსაცმლით შევიმოსები,
შენ კი ჩემი კაბა ჩაიცვი.
შენ იატაკზე გაწექი ჯვარზე გაკრულივით,
მე კი შენ სხეულზე ვიცეკვებ.
ეს იქნება როკვა.
როკვა ყველა მოკლული ტრანსვესტიტისთვის.
მოდი, ერთად აღვუვლინოთ პარაკლისი მათ სულებს,
შენ გაწექი
და მე შენ სხეულზე ვიცეკვებ.
ვიცეკვებ სანამ სული არ ამოგხდება,
სანამ ხროტინს არ დაიწყებ
და სისხლნარევი ხველება არ დაგეწყება.
ეს უნდა მოხდეს!
ამ საღამოს,
ეს უნდა მოხდეს!
მოდი, გაწექი!
***
„ვერ გავაგრძელებთ,“ – მითხარი შენ
და თვალები ვერც გამისწორე.
დღეები იყო ასეთი.
ვერაფრის თქმა მოვახერხე.
იმ შემოდგომამ ასე ჩაიარა.
მე ჩემი სარკმელი შევიყვარე.
ის იყო ჩემთან ერთად იმ შემოდგომის დღეებში.
ვიჯექი და ვუყურებდი
კაცს, რომელიც ყოველ დილით ძაღლს ასეირნებდა,
შეყვარებულ წყვილებს, რომლებიც ნაზად ბაგეებით იმახსოვრებდნენ ერთმანეთს,
მოხუც ქალს, რომელიც სკამზე მჯდარი განმარტოებით მთელი დღე ვიღაცას უცდიდა.
ქუჩებს, რომლების ბილიკებიც გამხამრი ფოთლებით ივსებოდა.
მეეზოვეებს, რომლებიც სანამ მზე აენთებოდა
მძინარე ხალხის სიზმრებს ხვეტდნენ და დიდ მანქნანაში ალაგებდნე,
რომელიც მიდიოდა ალბათ არსაით.
და ქალაქი კი ადგილს არ იცვლიდა.
ლამპიონებიც მხოლოდ მე მიყურებდნენ,
ყველასგან დავიწყებულ, სევდიან ადამიანებს მაგონებდნენ ისინი.
და მე ვიცოდი, რომ ყველა აქ მყავდა,
ყველა აქ ცხოვრობდა, ხის პატარა ჩარჩოში.
ყველა სასიყვარულო ისტორია და
ყველა სევდიანი ამბავი
იწყებოდა ჩემი სარკმლიდან…
***
პერანგის ღილები შემიხსენი!
გამხადე და ჩემს შიშველ გულ-მკერდზე მიმოყრილი ტკივილები
შენი კოცნებით აკრიფე.
ჩემი ტკივილები,
ჩემი შვილებისთვის გადასაცემი.
ჩემი ტკივილები,
ჩემი ოჯახის წევრების წილი
და შენი წილი.
რამდენი ხანია არ მასვენებენ.
იჩქარე, სანამ ძვალრბილში არ გამიჯდნენ.
შემიხსენი ჩქარა ღილები,
და ჩემს შიშველ გულ-მკერდზე მიმოყრილი ტკივილები
შენი კოცნებით აკრიფე
და ბაგეებზე მიიწებე.
ოღონდ არ მიისაკუთრო,
არ შეიკედლო,
არ მიიშიანაურო!
არც დაფიქრდე ისე ჩაკალი,
რადგან უკან დაბრუნება იციან მალევე.
***
ეძღვნება მ.-ს
როცა ყველაფრისგან დაღლილი ესე უბრალოდ საწოლზე ვეცემი,
როცა ბნელი ცა ვარსკვლავებს ისხამს,
და მთვარეს, იმ დალაქავებულ სფეროს
– რომელსაც კრატერები შრამებად ატყვია-
-თვალს ვერ ვწყვეტ,
როცა სიბნელის შიშს,
როგორც ჩემი ბავშვობის თანმდევ მოჩვენებას სრულიად ვივიწყებ,
როცა გარედან შემოსული მიტოვებული,
ქუჩის ძაღლების ყმუილის ხმა გაბმულად ჩამესმის,
როცა გონებაში ჩემი ფიქრების დიდი ოკეანე წყნარდება
და ტალღებიც აღარ არის,
როცა მე სათითაოდ ვკლავ ყველა აზრს,
პრობლემას და ტვინის მიუვალ ნეირონებში ვასაფლავებ,
როცა ოთახს ერთი დიდი სიჩუმე ყლაპავს
და ეს სიჩუმე ჩემს სხეულში იღვრება,
ესე ურცხვად, მთელი გონებით
-მე ვფიქრობ შენზე.