ნინია ჩანტლაძე - აი, ეს შენ
ნინია ჩანტლაძე - აი, ეს შენ

აი, ეს შენ

მამა, შენი ტანსაცმლების კარადა ცარიელია.

მაგრამ ის ხომ არასდროს იყო დაკავებული, შენ ხომ არასდროს ტოვებდი ჩვენ სახლში ტანსაცმელს, ათასში ერთხელ შემთხვევით თუ დაგრჩებოდა.

ვიცი, დედაჩემი ახლაც ინახავს შენს ძველ პერანგს.

როცა წახვედი, მას მხოლოდ ეს პერანგი და მეზობლის მაღაზიაში გაუსტუმრებელი ნისია დარჩა შენგან.

მამა, შენ ხომ გიყვარდა დედაჩემი?

და მეც გიყვარდი, ეს ხომ ასეა?

მე ხშირად ვცდილობ შენი სახის წარმოდგენას,

მაგრამ ვერ ვახერხებ.

შენი არცერთი სურათი არ დარჩენილა.

მამა, შენ ხომ არ იცი მას შემდეგ ჩვენ რა გამოვიარეთ?

შენ ხომ არ იცი, რომ დედაჩემი ყოველ საღამოს ოთახში იკეტებოდა

და გამოსვლისას ცდილობდა არაფერი შეემჩნია,

იმას კი ვერ ხვდებოდა, რომ თხელი კედლები ჰქონდა ჩვენს ბინას,

მეტად თხელი კედლები.

მე მხოლოდ ერთი კადრი მახსენდება ბავშვობიდან,

როგორ აჩერებ შენს შავ „მერსედესს“ ჩვენი კორპუსის წინ,

როგორ გადმოდიხარ ხელში პატარა სათამაშო დათუნიით,

იღიმი და საჩუქარს მაძლევ,

„აი, ეს შენ!“ – მეუბნები და შუბლზე მკოცნი.

ეს ყველაფერი რატომ მოხდა?

ეს ყველაფერი როდის დაიწყო?

ეს ყველაფერი დროებითია,

ეს ყველაფერი დროებითია,

ჩემს ბავშვობას ეს ფრაზა რეფრენად გასდევს, მამა.

მართალია, მე შენგან არაფერი მისწავლია,

მაგრამ შენი წასვლით ვისწავლე,

რომ მამის წასვლას არ მოყვება დაუმთავრებელი მონატრება,

მამის წასვლას ცოტაოდენი ვალი მოყვება,

ცოტაოდენი მითქმა-მოთქმა ქუჩაში,

დედაჩემზე გამოგონილი ათასი ჭორი და

კიდევ ნათესავებისგან მოსმენილი დამამშვიდებელი სიტყვები,

თავისი თავზე ხელის გადასმებით და ჩახუტებებით.

არ ვიცი სად ხარ, რას აკეთებ, რას საქმიანობ,

მაგრამ იქნებ ერთხელაც ამ ლექსსაც გადააწყდე სადმე.

მაშინ მიხვდები, რომ გაიზარდა ის პატარა გოგო

თვეში ერთხელ რომ აკითხავდი და ყოველჯერზე ახალ-ახალ საჩუქრებს ჩუქნიდი,

მერე თავზე ხელს გადაუსვამდი და შუბლზე კოცნიდი,

გაიზარდა და ლექს წერს შენზე და გეუბნება,

აი, ეს ლექსი შენ, მამა,

აი, ეს ლექსი შენ!

 

 

 

და აი, ეს დღეც დადგა

 

და აი, ეს დღეც დადგა, როცა ყველანი,

ვინც გული გვატკინა, ვისთანაც რა ცუდიც გვაკავშირებდა,

შუა გზაზე მიმავალნი გავაჩეროთ და გულზე მივიკრათ

და ვაპატიოთ ყველაფერი, რაც კი დაგვიშავეს.

ვაპატიოთ ჩვენს მეგობრებს,

რომ ისინი არ იყვნენ ჩვენთან იმ დროს, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდნენ.

ვაპატიოთ ჩვენს მშობლებს, იმისთვის, რომ ბავშვობა მოგვპარეს

და მათი წყალობით ყოველ შუა ღამით შეშინებულებს გვეღვიძება

და კოშმარებს ვხედავთ ტკბილი სიზმრების ნაცვლად.

ვაპატიოთ იმ ადამიანებს, რომლებიც საერთოდაც არ გვიცნობდნენ,

მაგრამ ათას საშინელებას ლაპარაკობდნენ ჩვენზე.

ვაპატიოთ მათ, რომლებიც დაგვცინოდნენ

სახალხოდ, იშვერდნენ ჩვენსკენ ხელებს და

მათი სიცილი ყოველ იმ ნანახ კოშმარზე აუტანელი იყო.

რომლებიც მთელი ცხოვრება სახეში გვაფურთხედნენ

და ზედ ჩვენს სხეულზე მიდიმოდიოდნენ,

ჩვენ კი ვდუმდით და ჩუმად ვიტანდით.

ვაპატიოთ ჩვენს ყოფილ შეყვარებულებს,

რომლებმაც ისეთები ვეღარ მიგვიღეს, როგორებიც ვიყავით

და მუდამ ცდილობდნენ ოდნავ მაინც შევეცვალეთ,

რომლებიც სიყვარულსა და ბედნიერებას გვპირდებოდნენ

და მხოლოდ ტკივილების აყვავილებული თაიგული დაგვიტოვეს.

ვაპატიოთ მასწავლებლებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ნაირევები ჩვენს სხეულებზე, რომელბიც ჩვენ თვითონვე დავიმჩნიეთ, ჩვენივე ბრალია და ჩვენ ვიღაც ურწმუნო სექტანტები ვართ და ცხოველებს ვატყავებთ ქალაქის სასაფლაოზე და ჩვენნაირი ბავშვის სკოლაში გაჩერება შეუძლებელია.

ვაპატიოთ, ყველას ვაპატიოთ უკლებლივ,

 

რადგან მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ,

რადგან ისინი ყველაზე უმწეოები არიან ახლა.

მოდი, დღესვე მივიდეთ მათთან, შუა გზაზე მიმავალნი გავაჩეროთ,

და ვუთხრათ, რომ ჩვენ მხოლოდ მცირედს ვითხოვდით მათგან,

მაგრამ ამ ყველაფერმა უკვე ჩაიარა,

უკვე ჩაიარა და ჩაიკარგა ლეთეს მდინარეში.