– ჩემო მეგობარო, დიდი ხანია ბოლთას სცემ, აშკარად ისეთი კითხვა გაქვს, რომლის პასუხიც ვერ გიპოვია.
– დრო… დრო ისე სწრაფად მიჰქრის და გარბის, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებ, ვერასოდეს ვეწევი, რის გამოც უგზო-უკვლოდ დავეხეტები, მერე ვიპოვი, ისევ ნაბიჯ-ნაბიჯ გავეკიდები და კიდევ ერთხელ ჩამოვრჩები. დრო სიყვარულისათვის იმდენად ცოტა გვაქვს, რომ მის გამოხატვას ვერ ვასწრებთ კიდევაც. მაგრამ დრო უაზრობების ხარჯვისთვის ბევრი გვაქვს, არადა პირიქით უნდა იყოს. თან სად მიდის არ ვიცი, თითქოს ცდილობს რაღაცას ან ვიღაცას დაეწიოს და თავისი კვალი წუთისოფელში დატოვოს.
– სხვათა შორის, მე ადამიანების ცხოვრებას პეპლებს ვადარებ. რა ცოტა ხანს ცოცხლობენ.. მხოლოდ ლამაზ და მიმზიდველ ყვავილებთან დაფარფატებენ, თითქოს წინასწარ გრძნობენ, რომ ცოტა ხნის სიცოცხლე აქვთ და მაქსიმალურად ცდილობენ დატკბნენ! ჩვენც ეგრე არ უნდა ვიყოთ?! გვგონია დიდი ხნით ვიცხოვრებთ და იმაში მართალი ხარ რომ დროს ვერ ვეწევით. ჩემი აზრით, ეგ იმის გამო რომ დროს არასწორად ვხარჯავთ. პეპლები იმ რამდენიმე დღეს უკეთესად ატარებენ, ვიდრე ჩვენ წლებს ვატარებთ…
– ხოლო მე ადამიანებს შემოდგომის ფოთლებს ვადარებ, რადგან როცა ის ხიდან ჩამოცვივა, ქარი მას აქეთ-იქით სადღაც უსასრულობაში დააფარფატებს, ცდილობს ხეს დაუბრუნდეს, მაგრამ მაგას ვერასოდეს მიაღწევს… ადამიანის ცხოვრებაც ასეა, წარსულს არასდროს ვუბრუნდებით და ამიტომ ახალ გზებს უკეთესი მომავლის იმედით ვეძებთ, გაგვიმართლდება თუ არა, ჩვენ მაინც ვცდილობთ.
– ჩემ თვალწინ რამდენი დაიღუპა. ბოლოს და ბოლოს ცხოვრების მთავარი იდეა (ჩვენი ფუნქცია) რა არის? და ადამიანის ბედნიერება რა არის?
– ოო, სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, მეც ეგ კითხვები გამიჩნდა და პასუხებიც ვიპოვე.
– იპოვე?! გამოუშვი!
– მაგრამ ძაააალიან დიდი პასუხია.
– მაინც გამოუშვი!
– ადამიანის ბედნიერება მისივე აზრების შედეგია. აზრები ემოციურ მდგომარეობას ქმნიან, რომელიც მიღებულ გადაწყვეტილებებში აისახება. გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, პოზიცია ყალიბდება. პოზიცია ადამიანის მოქმედებებს განაპირობებს, მოქმედებები კი შედეგს ქმნიან. ეს შედეგი როგორი იქნება დამოკიდებული ჩვენს საწყის აზრზეა, რომელსაც ჩვენ მივიჩნევთ, როგორც ჭეშმარიტს. ჩვენი შინაგანი სიმდიდრე ასეთი ჭეშმარიტი აზრებით იქმნება. ერთ-ერთი ჭეშმარიტი აზრი კი ისაა, რომ მატერიალური სიმდიდრის რაოდენობა ბედნიერებაში არ გადადის. მატერიალურ სიმდიდრეს მხოლოდ ხანმოკლე სიხარულის მოტანა შეუძლია, რაც, რა თქმა უნდა, ასევე სასურველია, მაგრამ აქ ერთი საყურადღებო მომენტია. მატერიალური სიმდიდრის შეგროვებით ჩვენ სიხარულის განცდა კი არ გვემატება, არამედ პირიქით – გვაკლდება. ბავშვობაში ჩვენ ერთი პატარა, ახალი სათამაშოც კი გვახარებდა. მერე კი ჩვენ ამ სიხარულს ვკარგავდით, რადგან პატარა სათამაშოს მაგივრად ჩვენ დიდ და ძვირადღირებულ სათამაშოების ყიდვას ვიწყებდით, რასაც ჩვენთვის სიხარულთან ერთად პრობლემებიც მოჰქონდა, რის გამოც ჩვენი სიხარული პირობითი ხდებოდა. მათ მოვლა-პატრონობას უფრო და უფრო მეტი ფული და დრო სჭირდებოდა, რაც ჩვენ უსასრულოდ არ გვქონდა. მომენტი მოდის, როდესაც ჩვენ ვგრძნობთ, რომ მორიგი ნივთის შეძენამ ჩვენ სიხარული აღარ მოგვიტანა. უნდა მოეტანა, მაგრამ აღარ მოგვიტანა. ნებისმიერი შემდეგი მცდელობა სიხარული ვიყიდოთ, ასევე უშედეგო იქნება. ამ მომენტიდან ჩვენ მივხვდებით, რომ მატერიალური სიმდიდრის გავლენა ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე მინიმალურია და მატერიალური სიმდიდრის მომატებასთან ერთად იკლებს. ბედნიერება მატერიალური სიმდიდრის რაოდენობა არ არის. ბედნიერება – ეს სწორი აზროვნების შედეგია. ეს სულის მდგომარეობაა, ეს სიხარულია, რომელიც გრძნობით გამოწვეულია, რომ ჩვენ ყველაფერი გვაქვს, რაც გვჭირდება, რომ ღმერთის წყალობა უსასრულოა, რომ ჩვენ მას ყოველთვის მივიღებთ, როდესაც დაგვჭირდება. ბედნიერება – ეს გრძნობაა, რომ ღვთაებრივი სიუხვე და სიყვარული ჩვენს ცხოვრებაში არასდროს დასრულდება და ჩვენ ყოველთვის ის გვაქვს, რაც სიხარულს გვანიჭებს. ბედნიერება – ეს დადებითი ენერგიაა, რომელიც ჩვენი მეშვეობით სხვებს გადაეცემა. ჩვენ ენერგეტიკული არხი ვართ. რაც უფრო მეტს გავცემთ, მით უფრო მეტი შემოგვდის. მაგრამ სწორი აზროვნების გარეშე, ჩვენი ბედნიერება ისეთივე უსიცოცხლოა, როგორც შემოდგომის ფოთოლი, რომელიც ქარმა აიტაცა და სადღაც წაიღო. სწორი აზროვნება – შინაგანი სიმდიდრის აუცილებელი პირობაა. მაგრამ სწორი აზროვნება სიტყვის გარეშე შეუძლებელია, იმ სიტყვის გარეშე, რომელსაც წარმატებული ადამიანები უდიდეს პატივს სცემენ და საუბარში ფრთხილად იყენებენ, რასაკვირველია, სიმართლეზე ვლაპარაკობ. სამწუხაროდ, იმ ადამიანებზე იგივეს ვერ ვიტყვით, ვინც განუვითარებელი და გაუნათლებელი დარჩა. ადამიანების საუბარს დავაკვირდეთ. ვინ ვინ არის, მათივე საუბრით ჩვენ უშეცდომოდ ამოვიცნობთ. ადამიანი სიტყვით შეიცნობა, რომელიც მას წარმოაჩენს და არა ადგილით, რომელიც მას უჭირავს. “თავდაპირველად სიტყვა იყო და სიტყვა ღმერთთან იყო და სიტყვა ღმერთი იყო”. დავაკვირდეთ, სიტყვას რა დიდი მნიშვნელობა აქვს. “თავდაპირველად სიტყვა იყო..”, ვიდრე რამე მატერიალური შეიქმნებოდა, სიტყვა იყო. სიტყვით ყველაფერი იწყება. სიტყვა – ეს ინფორმაციაა, რომლის გარეშე სწორი მოქმედება შეუძლებელია. სიტყვა – ეს მენტალური პროგრამაა, რომელიც მაშინაც კი მოქმედებს, როდესაც ჩვენ გვძინავს ან თუნდაც მას უარვყოფთ. სიტყვას შეუძლია, როგორც ავადმყოფი განკურნოს, ასევე ჯანმრთელი დაასნეულოს. ვინც ეს იცის, ვინც იცის, საქმე რა უსაზღვრო შესაძლებლობების ძალასთან აქვს, ის სიტყვებს ძალიან ფრთხილად ირჩევს. ჯობია არაფერი ვთქვათ, ვიდრე სიტყვა დაუფიქრებლად გამოვიყენოთ. ჩვენი შინაგანი სიმდიდრე ზუსტად ასეთი სიტყვით უნდა იქმნებოდეს, მხოლოდ ასეთს შეუძლია ჩვენ სულიერად აგვამაღლოს და ძალა მოგვცეს, ჩვენი ცხოვრება სიმდიდრეში ჯანმრთელად და ბედნიერად გავატაროთ. ამის გაკეთება ერთი საინტერესო და საოცრად ეფექტური მეთოდით შეიძლება – ახალი აზროვნების განვითარებით. ამისთვის ჩვენ მოკლე გააზრებულ წინადადებას ვიღებთ, რომელიც ჩვენს სურვილს ან დამოკიდებულებას გამოხატავს და მას დღეში მრავალჯერ ვიმეორებთ. ამით ჩვენ ჩვენს ქვეცნობიერებას ვეუბნებით, რომ ამ წინადადების აზრი სწორია, რომ ჩვენ მის შინაარსს ვეთანხმებით და გვინდა მისი მატერიალიზაცია ვიხილოთ. ის, რასაც ჩვენ ამ წინადადებაში ვამტკიცებთ, ჩვენსა და სხვა ადამიანების კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს. აუცილებელი არ არის, რომ ეს წინადადება დღევანდელი დღის რეალობას ასახავდეს, მაგრამ აუცილებელია, რომ ის რეალურ დროში ითქვას და ჩვენ იმისი გვჯეროდეს, რასაც ვამტკიცებთ. მაგალითად, დღეს არაჩვეულებრივი დღეა. დღეს მე თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ან ასეთი: ჩემი სრულყოფილი ჯანმრთელობისთვის ღმერთს მადლობა. ან ასეთი: დღეს მე მრავალი სასიამოვნო “სიურპრიზი” მელოდება. დღეს მე მაგნიტი ვარ, რომელიც მხოლოდ სიკეთეს იზიდავს. ან ასეთი: მე ღმერთს ვუყვარვარ და ის დღე და ღამე ჩემზე ზრუნავს. მისი სინათლე გზას მინათებს. მე სამყაროს ვუღიმი და სამყარო მე მიღიმის. ჩემს ცხოვრებაში სასწაულები ხდება. ყოველ ჩემს სიტყვასა და მოქმედებაში სიბრძნე და სიყვარულია. ჩემი ცხოვრება სინათლისა და სიყვარულის უსასრულო ზეიმია. ასეთი წინადადებები შეგვიძლია ჩვენ თვითონ შევადგინოთ, რამდენიც დაგვჭირდება. ისინი ერთ მთავარ მიზანს უნდა ემსახურებოდნენ: ნეგატიური, პესიმისტური აზროვნება, რომელიც ჩვენი ამჟამინდელი აზროვნების დამახასიათებელი მდგომარეობაა, დადებითად, ოპტიმისტურად დამუხტულ აზროვნებაზე უნდა შეიცვალოს. ჩვენ ის უნდა დავიჯეროთ, რასაც ამ წინადადებაში ვამტკიცებთ. სხვა შემთხვევაში ისინი ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენენ. ამ წინადადებებით, რომლებსაც აფირმაციას ვუწოდებთ, ჩვენ ცნობიერების ცვლილებას ვიმზადებთ, ჩვენ ჩვენი აზრების ენერგეტიკას ვიცვლით და კეთილ ლომს ბოროტი ლომის დამარცხებაში ვეხმარებით. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ამ წინადადებაში ჩვენ ჩვენი რწმენა, სიყვარული და სიკეთე უნდა ჩავაქსოვოთ. ჩვენ მათი შინაარსი ყოველგვარი ეჭვის გარეშე უნდა მივიღოთ, როგორც ჭეშმარიტება, და ის არავითარ შემთხვევაში უნდა უარვყოთ, რასაც ამ წინადადებით ვამტკიცებთ.. ადამიანებს დიდი ტვირთი კი გვაწევს, მაგრამ იმ აღმართზე ასატანად ღირს, რომლის ბოლოშიც ის გველოდება, ყველანაირს რომ მიგვიღებს და შეგვიყვარებს, თუ გული წრფელი გვექნა.
– შენ კითხვაზე პასუხი გამეცი თუ ცხოვრების არსი ამიხსენი? გაიხარე! არასოდეს დაგივიწყებ!
ნიკა ჩხენკელი, 15 წლის, თბილისის სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი