გიორგი ნაკითხი ბიჭია. სხვათა შორის, მისი საყვარელი ავტორი შოთა რუსთაველი იყო, სულ რუსთაველს ყვიროდა. ის მხოლოდ ნაკითხ ხალხთან მეგობრობდა, აქედან გამომდინარე, ისინი ლიტერატურაზე ხშირად ლაპარაკობდნენ. გიორგის მათგან ხანდახან ესმოდა, რომ მოზარდებს განსაკუთრებით ამერიკელი მწერლის, თეოდორ დრაიზერის ფსიქოლოგიური ნაწარმოებები მოსწონთ.
შემდეგ გიორგიმ გადაწყვიტა, დრაიზერის “დაიკო კერი” და “ამერიკული ტრაგედია” წაეკითხა, მაგრამ მასზე გავლენა ვერც ერთმა მოახდინა. ორივე ნაწარმოებს კარგი დასაწყისი ჰქონდა, მაგრამ მერე საინტერესო აღარ იყო, რადგან მსგავს თემებზე ბევრი წერდა, მაგალითად, ჯონ სტაინბეკი, მაგრამ სტაინბეკი დრაიზერს ბევრად ჯობია. თუნდაც მხოლოდ “თაგვებსა და ადამიანებზე” რომ დაეწერა, მაგითაც აჯობებდა.
რამდენიმე კვირის შემდეგ, გიორგი ქუჩაში თავის უცხოელ მეგობარს, დემიენს წააწყდა, რომელიც რუსი-ინგლისელი იყო, ისიც ნაკითხი ბიჭი იყო. მას ყველაზე მეტად რუსული, ინგლისური და ამერიკული ლიტერატურა უყვარდა, განსაკუთრებით რუსული. დემიენს რუსი მწერლებიდან ყველაზე მეტად ფიოდორ დოსტოევსკი მოსწონდა, ინგლისელებიდან – უილიამ შექსპირი, ამერიკელებიდან – თეოდორ დრაიზერი. როცა საქმე პოეზიას ეხებოდა, მას სულ ალექსანდრე პუშკინი და მიხაილ ლერმონტოვი ახსენდებოდა. პუშკინის ნაწარმოებებიდან “ევგენი ონეგინი”, “კაპიტნის ქალიშვილი”, “ბორის გოდუნოვი”, “რუსლანი და ლუდმილა” უყვარდა. ლერმონტოვის ნაწარმოებებიდან კი – “პოეტის სიკვდილი”, “დემონი”, “წინასწარმეტყველი”, “მწირი”…
მოკლედ, გიორგის დანახვისას ლაპარაკი ლიტერატურაზე დაიწყეს. შემდეგ დემიენმა დრაიზერზე კაი კომენტარი გააკეთა, მაგრამ გიორგიმ ეს სიტყვები უთხრა:
– მაგისნაირი მილიონია.
– დრაიზერისნაირი მილიონია? და შოთა რუსთაველი ერთადერთია? – დემიენი გაღიზიანდა.
– დიახ, ბატონო, დემიენ! – გიორგიმ უპასუხა.
– ერთ მაგალითს მოგიყვან: ლუვრში სანდრო ბოტიჩელის “ვენერას დაბადება” ვნახე და ვიფიქრე, თანამედროვე ფერწერასთან შედარებით ძალიან სუსტია.
– დაიცა, დაიცა.. მაინც მგონია რომ თანამედროვე მხატვრობა უსუსტესია, რევოლუციური არაფერი იქმნება. სამყაროს ისე ვერ ატრიალებენ, როგორც დონატელო, სანდრო ბოტიჩელი, ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ტიციანო ვეჩელი, ელ გრეკო, პეტერ პაულ რუბენსი, რემბრანდტი, ფრანსისკო გოია, ვინსენტ ვან გოგი, ანრი მატისი, პაბლო პიკასო, ამედეო მოდილიანი… და მგონი ბოლო ფენომენი მხატვარი, რომელიც მსოფლიოს ჰყავდა, სალვადორ დალია. ჩემი აზრით, სალვადორ დალის შემდეგ მსოფლიო დონის მხატვარი არ გამოჩენილა. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ერთ დღეს ეგენიც თანამედროვეები იყვნენ. ბოტიჩელის ნახატები სუსტი რატომაა? ჯერ “ჯოჯოხეთის რუკა” ნახე და მაგაზე მერე ილაპარაკე. კაი, მაგით რისი თქმა გსურს?
– დაიცა, დაიცა.. ეგენი გესიოსები თავიანთ დროს იყვნენ. თავიდან მარტივი იყო, შემდეგ დახვეწილი ნახატები წამოვიდა, ჰოლანდიური მხატვრობაც გენიალური იყო, მაგალითად, ფრანს ჰალსისა და იან ვერმეერის ნახატები ისეთი ფენომენალურები იყო, რომ ფაქტობრივად, სურათებს ჰგავდა. როგორც აღნიშნე, შენ მიერ ჩამოთვლილი მხატვრები და ფერმწერები მსოფლიოს ატრიალებდნენ, შემდეგ ხალხმა მათი მიბაძვა დაიწყო, რის გამოც მათ აჯობეს. ტიტანები აღარ არიან. აბა, სულ წარსულში ვიცხოვროთ?! თანამედროვეც უნდა იცოდე. სწორ შენიშვნებს გეუბნები. – დემიენმა უთხრა.
– თანამედროვეები კლასიკურ მხატვრობას რანაირად აჯობეს? მაგას ვერასდროს დავეთანხმები. მე ზოგადად თანამედროვე მხატვრობას იშვიათად ვაკვირდები, მაგრამ რამდენჯერაც ვაკვირდებოდი, იმდენჯერაც ყურადღებას ვერ მიპყრობდა. ფილმი “შუაღამე პარიზში” აშკარად ნანახი არ გაქვს. როცა მაგ ფილმს ნახავ, ამ თემაზე შემდეგ ვილაპარაკოთ. – გიორგიმ თქვა.
– უკვე შორს წავსულვართ, ჯობია წინა თემას დავუბრუნდეთ. იმის თქმა მინდოდა რომ ანალოგიური ქართველების “ვეფხისტყაოსანიცაა”. XII საუკუნეში, ბნელ პერიოდში დაწერილა. შედევრი მაგ დროისთვის იყო, მაგრამ ახლა არანაირი ღირებულება გააჩნია. მაგალითი ბოტიჩელზე რატომ მოვიყვანე? მისი იდეები და შემოქმედება რევოლუციური იყო და შოთასიც იყო. მის რჩევებს ბევრი გაჰყვა და მასზე უკეთესები წამოვიდნენ, მაგალითად, ალექსანდრე პუშკინი, მიხაილ ლერმონტოვი, ფიოდორ დოსტოევსკი… “შვილი მამაზე უკეთესი უნდა იყოს” – ეს ფრაზა არასოდეს გაგიგია? ასევე ნიცშეს სიტყვებსაც ვიტყვი: “დოსტოევსკი ერთადერთი ფსიქოლოგი იყო, რომლისგანაც მე რამე შემეძლო მესწავლა; ის ჩემს ცხოვრებაში ფორტუნას ყველაზე მშვენიერ გაღიმებებს შორის დგას.”
– ნიცშეს “ვეფხისტყაოსანი” წაკითხული რომ ჰქონოდა, რა მოვლენები მოხდება იცი? პუშკინი, ლერმონტოვი, დოსტოევსკი თავის მხრივ გენიალურები არიან, მე კი არ ვამბობ, რომ ცუდი მწერლები არიან, პირიქით, ისინიც მაგრები არიან, მაგრამ რუსთაველი სხვა გენიაა. მათი შედარება არც შეიძლება, ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებიან. შოთა რუსთაველი XII-XIII საუკუნეებში იყო, ხოლო ისინი – XIX საუკუნეში იყვნენ. შენ შეგიძლია ოლდოს ჰაქსლი ჯორჯ ორუელს შეადარო, მაგრამ შოთა რუსთაველი ძალიან ინდივიდუალურია, დოსტოევსკიც. შოთაცა და დოსტოევსკიც ისევე ეპოქალურია, როგორც შექსპირი და გოეთე. საუკუნეების წინანდელებია, მაგრამ აი, მაგ ხალხმა უდიდესი ეპოქები შექმნა და თუ ადამიანს მაგის აღქმა არ აქვს, არც უნდა ელაპარაკო. ჩემი აზრით, ერთადერთი პიროვნება, რომელიც შეგვიძლია შოთას შევადაროთ დანტე ალიგიერია. “ღვთაებრივი კომედიაც” უკვდავი პოემაა. ანუ ყველანაირი საკითხის აღქმა საუკუნეებთან ერთად იცვლება. და შენ რომ მამით რუსი ხარ, ეს ფრაზა – “როდესაც რუსმა ერმა ისწავლა ანი-ბანი, სწორედ მაშინ დაამთავრა შოთამ ვეფხისტყაოსანი” არასდროს გაგიგია?
– “ვეფხისტყაოსნის” თემა სიყვარული, მეგობრობა და პატრიოტიზმია. მაგის მერე, ამაზე უკეთესიც დაწერილა, მაგიტომაც უკვე არანაირი ღირებულება გააჩნია, მოძველებული ნაწარმოებია.
– შემდეგ გიორგიმ ასე უპასუხა – მაგ ლოგიკით რომ ვიმსჯელოთ, პუშკინის, ლერმონტოვისა და დოსტოევსკის შემოქმედებასაც ღირებულება აღარ გააჩნია. სიყვარულზე, მეგობრობასა და პატრიოტიზმზე მათაც დაუწერიათ, ნაწარმოებები ასეთ თემებზე მაქამდეც დაწერილა და მათ მერეც დაწერილა. “ვეფხისტყაოსანი” წაკითხული გაქვს?
– მთლიანად არა, მაგრამ საკმარისი წამიკითხავს. XII საუკუნეში დაწერილა, რის გამოც უკვე ზღაპარსა და მითს ჰგავს, ნაკლებად რეალისტურია. როცა ვკითხულობდი, მეგონა რომ მხატვრულ ნაწარმოებს კი არა, ისტორიის წიგნს ვკითხულობდი – დემიენმა უპასუხა.
– არასწორად წაგიკითხავს. მას სწორად წაკითხვა და სწორად აღქმა სჭირდება. ადამიანმა არაამქვეყნიური ერთ სტროფშიც კი იმხელა აზრი ჩადებულია, რომლის განხილვას ერთი წიგნი დასჭირდება… შოთა რუსთაველი ქართული ლიტერატურის მშვენება, პოეტური სიტყვის უბადლო ოსტატი და გენიოსი შემოქმედია. მისი ერთადერთი, სიბრძნით აღსავსე, ქართველი ხალხის ეროვნულ სიამაყედ ქცეული და საუკუნეთა მანძილზე ობოლი მარგალიტივით ხელიხელ ნაგოგმანები პოემა “ვეფხისტყაოსანი” თანამედროვეობას ძვირფას მემკვიდრეობად გადმოეცა. მასში ღრმად ჩაქსოვილმა ისეთმა საკაცობრიო იდეებმა ნაწარმოები უკვდავ და საყვარელ ქმნილებად აქცია, რომლებსაც ყველა ეპოქა და ერი ერთნაირად საჭიროებს. იგი დღევანდელ ცივილიზაციას რამდენიმე საუკუნით უსწრებს.
– ეგ ძალიან ქართულს ჰგავს, პროვინციალიზმია. “ვეფხისტყაოსანი” ისეთივეა, როგორც “ილიადა” ან “ოდისეა” ან “ენეიდა” ან “ღვთაებრივი კომედია” ან ამისთანები, ანუ არ ძველდება. ჩემი აზრით, თანამედროვეობას არ უსწრებს. თავისი დროის ნაწარმოებია, რომელსაც ვადა არ გასდის. მე არ ვიცი ჩემ მიერ ჩამოთვლილ ნაწარმოებებს რამდენად ჯობს, არც ის ვიცი საერთოდ ჯობს თუ არა. შენი აზრებიდან გამომდინარე, კატეგორიული ხარ და ჩაკეტილი აზროვნება გაქვს.
– გიორგიმ უთხრა – ჯერ ერთი, ვფიქრობ, ინგლისელი მაგას არ უნდა ამბობდეს. საკუთარ ისტორიასა და კულტურაზე გადამკვდარი ხალხი ხართ, ძალიან ამპარტავნები ხართ. შექსპირის კულტი გაქვთ. თან შექსპირმა “ვეფხისტყაოსნიდან” ბევრი ეპიზოდი ამოიღო, რითაც 2 პიესა დაწერა.
– ხოლო დემიენმა ასე უპასუხა – შოთას ძირეულად ახალი არ უთქვამს. მისი სიუჟეტი ილიადაა, მისი განვითარება – ოდისეაა, პლატონის აზრებსა და ბიბლიაზე დგას. მან უამრავი რამ აიღო და ერთ ნაწარმოებში გააერთიანა, მისი გენიალურობა ამაშია. მაგრამ გაერთიანებაში უბრალოდ შეყრას არ ვგულისხმობ. მთელი “მუღამი” გაერთიანებაა, 80-90% მაგაზე მოდის.
– უმბერტო ეკო “ვეფხისტყაოსანზე” გიჟდებოდა და სხვა კრიტიკოსებთან დიდი დავა მოუვიდა, როცა ყველა დროის 20 საუკეთესო პოემაში არ შეიყვანეს. მოკლედ, ასეთი ბუმბერაზი მწერალი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და მოკლედ, ეკო როგორიცაა იცი, რომ “ვეფხისტყაოსანს” აფასებდა, თან იტალიელი, რომელსაც შუა საუკუნეებში დანტე ალიგიერი, ფრანჩესკო პეტრარკა, ჯოვანი ბოკაჩო… ჰყავდა. ანუ რაღაც უბრალო პოემა რომ ყოფილიყო, ეგ არ მოხდებოდა.
– აბა, სხვა მსოფლიო დონის პოეტები ჩამომითვალე – დემიენმა უთხრა.
– დავით გურამიშვილი, ბესარიონ გაბაშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, ტერენტი გრანელი, ლადო ასათიანი…
– ეგენი ვინ არიან? გიჟი ხარ? უცხოელი პოეტებიც უმაგრესები არიან, ანუ ქართველებში მსოფლიო დონის რამდენიმეა. მსოფლიო პოეტები არიან ჯორჯ გორდონ ბაირონი, შარლ ბოდლერი…
– ჯერ ესენი წაიკითხე, მერე იმდენად მოგეწონება, რომ პუშკინსა და ლერმონტოვს დაივიწყებ.
– ასეთი რა გაუკეთებია? ნუ მაგიჟებ!
– მასში ჩაქსოვილი მინიშნებები დღეს არანაკლებ აქტუალურია და თანამედროვეობას სრულიად მიესადაგება. რა თქმა უნდა, წარსულშიც ბევრი შედევრი შექმნილა, ახლაც ბევრი იქმნება და მომავალშიც ბევრი შეიქმნება, მაგრამ “ვეფხისტყაოსანი” ყოველთვის ინდივიდუალურად უნიკალური, ღრმა, სულში ჩამწვდომი და “შენი მეგობარი წიგნი” იქნება… “ვეფხისტყაოსანი” უბრალოდ წიგნი არაა, ეს მთელი ცხოვრებაა, უწყვეტი სასიცოცხლო ციკლი, ცოცხალი არსება, სულიერი მეგობარი, რომელსაც შეუძლია ყველას მოერგოს და ნებისმიერ მკითხველს თავი შეაყვაროს. გასწავლის სამშობლოს, მეგობარს, მიჯნურს როგორ უნდა უერთგულო; როგორ უნდა გიყვარდეს და იმისთვის რა უნდა გააკეთო, ღმერთისა და ქვეყნის წინაშე ვალმოხდილი რომ გერქვას. ჩემი აზრით, ეს წიგნი ბრძოლაზეა, სულიერ სიწმინდესა და მატერალურ გარყვნილებასა და სიბინძურეს შორის… ნუთუ ყოველივე ეს უნდა წამეკითხა, რომ უსაზღვრო სიყვარული, არა კაცისა და ქალის სიყვარული, არამედ სამყაროს სიყვარული შემეგრძნო, რომელიც დედამიწას ატრიალებს. ეს რომანი არა სიკეთესა და ბოროტებაზე, არამედ სიყვარულსა და სიძულვილზეა. ცრემლები სიცილისაგან, ტკივილისაგან, სევდისაგან, სიყვარულისაგან, ბედნიერებისაგან და კიდევ უამრავი მიზეზის გამო. საოცრად რეალური და ამავე დროს ირეალური, რაღაც ისეთი სამყარო, აი, მთელს დედამიწაზე ყველგან არსად შეიძლება იყოს… ძალიან კონკრეტული და ძალიან აბსტრაქტული, ძალიან გულუბრყვილოდ ადამიანური… მთავარია პირველი ფურცელი გადავშალოთ, მოხერხებულად მოვიკალათოთ და წავიდა… აქ წარმოთქმული თითოეული სიტყვა გონებაში ღრმად ჩაგვრჩება. ცხოვრება მოგვწყურდება, ადგილის ძებნას დავიწყებთ, საკუთარ თავში ბევრ ახალს აღმოვაჩენთ. XII-XIII საუკუნეებში, ევროპაში მნიშვნელოვან ლიტერატურულ ნაშრომებად ფილოსოფიური ტრაქტატები, ჰაგიოგრაფია ითვლებოდა. “ვეფხისტყაოსანიც” ამ კულტურულ და ლიტერატურულ კონტექსტში დაიწერა, თუმცა თეოლოგიურსა და ჰაგიოგრაფიასთან შედარებით ეს ტექსტი მთლიანად სეკულარიზებული ტექსტია, რადგან ამ პოემის “მექანიზმი” გასაოცრად სხვაგვარია და პერსონაჟებსაც ქმედებების სხვა მოტივები გააჩნიათ. პოემაში გამიჯნული რაციონალური და ირაციონალური საკითხებია: გული და გონება, ანთროპომორფული პარტნიორები-ბედისწერა, ანუ სოფელი და მეორე მხრივ – ღმერთი. ავტორი საკუთარ შეხედულებებს ისეთ ფილოსოფიურ საკითხებზე წარმოგვიდგენს, როგორებიცაა: სიკეთე და ბოროტება, დეტერმინიზმი და თავისუფალი ნება, არჩევანი. სივრცეს პეიზაჟების სახით გვაჩვენებს, ამ პოემაში ადამიანის შინაგანი ხმა, მონოლოგი საკუთარ თავთან ჩნდება, ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, შიშებს ამბის შეტყობის მიმართ ვხვდებით. პილიგრიმობაზე, “ილიადასა” და “ოდისეაზე”, ბერძენ ფილოსოფოსებზე სოკრატეზე, პლატონსა და არისტოტელეზე სულ რომ აღარაფერი ვთქვათ… ვხვდებით სამოსს, ფერებთა გამებსა და გრადაციებს, ასტროლოგიას, ასტრონომიას და ასე შემდეგ. პოემის დაყრდნობით ყველა ჩამოთვლილი საკითხი შესაძლოა ძალიან დიდი ნაშრომისა და მსჯელობის საკითხი გახდეს. თავის პერსონაჟებთან ერთად ბიბლიური გზა გაგვატარა. თითოეული მათგანი ისეთი რეალური და ცოცხალია, წიგნის დახურვით მათი დავიწყება შეძლო შეუძლებელია. ეს მთელი სამყაროა… ყველგან მათ ძებნას დავიწყებთ: შინ, გარეთ, საკუთარ თავშიც. მეორე ხასიათის რომელიმე შტრიხს არც ერთი პერსონაჟი იმეორებს. ფაქტობრივად, ისინი ღმერთს საერთოდ არ შორდებიან – გიორგიმ თავდაჯერებულად თქვა.
– როგორც ჩანს, იმის თქმა გსურს, რომ შოთა რუსთაველი მთელ მსოფლიოში ყველაზე კარგი პიროვნებაა – დემიენმა გიორგის უთხრა.
– ეგრე არაა, მაგრამ ის ერთ-ერთი დიდი პიროვნებაა, რომელსაც ამქვეყნად უცხოვრია. ვაღიარებ, სამყაროში მასზე დიდი მოაზროვნეებიც არსებობდნენ, სოკრატე, პლატონი, არისტოტელე… შედევრები მანამდეც დაწერილა, მაგალითად, ჰომეროსის “ილიადა” და “ოდისეა”, ვერგილიუსის “ენეიდა” და სხვა მრავალი და მრავალი.. ქართველისთვის ეს მიუღებელია, მაგრამ მართლა ასეა. ეს კამათი ვიღაც დრაიზერის გამო დაიწყო. სად თეოდორ დრაიზერი და სად შოთა რუსთაველი? თან მათ შორის განსხვავება 800 წელია. დრაიზერი ჩემთვის პირადად მოსაწყენია. უკომენტაროდ უნდა დამეტოვა – გიორგიმ აგრესიული ხმით თქვა.
– ყველაფერი ითქვა, ყველაფერი დაწერილა, ყველაფერი გვიგვრძნია, აქედან გამომდინარე, ცივილიზაციის აღსასრული დგება – დემიენმა თქვა.
– ეგ უკვე სარკაზმია! ნიჰილისტი ხარ? – გიორგიმ შეეკითხა.
– ეგ სარკაზმი კი არა, ფაქტია. “ვეფხისტყაოსნის” მერე ბევრი რამ ითქვა და გაკეთებულა. რუსთაველის შემდეგ იყვნენ: ნიკოლოზ კოპერნიკი, გალილეო გალილეი, რენე დეკარტი, ჯონ ლოკი, ბარუხ სპინოზა, ისააკ ნიუტონი, ფრიდრიხ ნიცშე, ტომას ალვა ედისონი, ზიგმუნდ ფროიდი, ნიკოლა ტესლა, კარლ გუსტავ იუნგი, ალბერტ აინშტაინი… და სხვა უამრავი მოაზროვნე ადამიანი იყო, რომელმაც მსოფლიო აბსოლუტურად შეცვალა. არ დაგავიწყდეს, რუსთაველი ადამიანი იყო და არა – ღმერთი. სხვებს ხაზს ნუ გადაუსვამ! – დემიენმა უთხრა.
– მაგაში უდავოდ გეთანხმები, ეგენი ნამდვილად მოვლენები იყვნენ. მაგრამ შოთას ჩრდილი არასოდეს ადგება. შოთა რუსთაველმა მსოფლიოს გული მხოლოდ ერთი წიგნით მოიგო, ხოლო პუშკინმა, ლერმონტოვმა, დოსტოევსკიმ – ტომეულებით. თითქმის ყველა ენაზე თარგმნილია. ინგლისს, საფრანგეთს, გერმანიას ან რუსეთს რომ “ვეფხისტყაოსანი” ჰქონოდა, ისინიც ასეთ ამბავს ატეხდნენ, როგორც ჩვენ, ქართველებმა ავტეხეთ. ერთ კორეელს ვეფხისტყაოსანი რომ ეთარგმნა, 10 წელი დასჭირდა. და ერთ-ერთ კონფერენციაზე თქვა, რომ ვეფხისტყაოსანი არა მარტო ყველა ქართველის, არამედ მთელი მსოფლიოს სიამაყეცაა. რომში მისი ბიუსტი დგას და აწერია: დიდი ქართველი პოეტი – შოთა რუსთაველი. იუნესკომ 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა და ყველა ქვეყანაში აღნიშნეს. პოეზიის ქვეყანა რუსეთი კი არა, საქართველოა. სხვათა შორის, მე მხოლოდ იმ მწერლებსა და პოეტებს ვაფასებ, რომლებიც დიდტანიან, ეპიკურ ნაწარმოებებს ქმნიან. ჩემი აზრით, ლიტერატურა ყველაზე წმინდა რამეა – გიორგიმ ასე უპასუხა.
– რუსეთი პოეზიის ქვეყანა როგორ არაა? ქართული ლიტერატურა რუსულთან შედარებით ძალიან ღარიბია. რუსეთს მაგარი კლასიკა აქვს: ალექსანდრე გრიბოედოვი, ალექსანდრე პუშკინი, ნიკოლაი გოგოლი, მიხაილ ლერმონტოვი, ფიოდორ დოსტოევსკი, ლევ ტოლსტოი, ანტონ ჩეხოვი, ბორის პასტერნაკი, მიხაილ ბულგაკოვი, ვლადიმერ ნაბოკოვი… ჩეხოვს თქვენი რომელი დრამატურგი ჯობს? თქვენ მასეთი არ გყავთ. რუსული მწერლობა ყველაზე ღრმა და ძლიერია. აი, მართლა უძლიერესია. ამერიკელებიც, ინგლისელებიც, ფრანგებიცა და გერმანელებიც უმაგრესები არიან, მარა მაინც.. ეგ გასაკვირიც არაა, ნახევარმსოფლიოზე გადაჭიმულები არიან. საკუთარი კულტურა, ხელოვნება, მწერლობა უნდა დავაფასოთ, მაგრამ ის არ უნდა უარვყოთ, რომ უკეთესიც არსებობს.
– მაგაში უდაოდ გეთანხმები. ლიტერატურაში რამდენიმე მოვლენა გვყავს, მაგრამ მაგ რამდენიმე მოვლენით მშვენივრად გავქაჩეთ. მეც ვთვლი, რომ ყველაზე მდიდარი ლიტერატურა რუსეთს აქვს. მაგრამ ფაქტობრივად, სხვებს ხაზს არა მარტო მე, არამედ შენც უსვამ.. შენი ლოგიკით რომ ვიმსჯელოთ, მაშინ ჰომეროსი უნდა დავივიწყოთ, რადგან ის ძვ. წ. VIII საუკუნეში იყო; ვერგილიუსი დავივიწყოთ, რადგან ძვ. წ. I საუკუნეში იყო; ომარ ხაიმაი დავივიწყოთ, რადგან XI-XII საუკუნეებში იყო; დანტე ალიგიერი დავივიწყოთ, რადგან XIII-XIV საუკუნეებში იყო; უილიამ შექსპირი დავივიწყოთ, რადგან XVI-XVII საუკუნეებში იყო და ასე შემდეგ… და რატომ? იმიტომ, რომ ისინი ბნელ პერიოდში ცხოვრობდნენ. ეს რანაირი ლოგიკაა? და შენი ლოგიკით კიდევ რომ ვიმსჯელოთ, რუსი მწერლებიდან უმეტესობა XIX საუკუნეში იყო და როცა რამდენიმე საუკუნე გავა, მაშინ მათი ნაწარმოებებიც მოძველებული იქნება. მე ლოგიკას ვერ ვხედავ. უკვე სრულიად სხვა თემაზე წავსულვარ… ჩემი ფავორიტი ნაწარმოები, “ვეფხისტყაოსანი” რომ არ ყოფილიყო, მსოფლიოში რა მოხდებოდა? ჯობია მაგაზე ვიმსჯელოთ. მის შემოქმედებას ვერავინ გაანიავებს. “ლიტერატურულ სამოთხეში” ყოფნა დიდებული გრძნობაა, ენით აღუწერელი რაღაცაა. მოკლედ, რა კამათი მოგვივიდა და ძალიან კარგ რაღაცებზე ვიმსჯელეთ. ვაჰ, ტვინი ამიდუღდა..
ვინ გაიმარჯვა? დემიენმა თუ გიორგიმ?
ნიკა ჩხენკელი, 15 წლის, თბილისის სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი