ნიკა ჩხენკელი - რა თაობა მოდის?!
ნიკა ჩხენკელი - რა თაობა მოდის?!

ლიტერატურის მტერი: ჩემს უსაქმურ თავში ერთი კითხვა დაიბადა.
ხშირად ვიძახით, ნაკითხობა, ნაკითხი, ბავშვმა წიგნი უნდა იკითხოს, აი, ჩვენ ახალგაზრდობაში ბევრს ვკითხულობდით, ახალი თაობა არაფერს კითხულობს, წაიკითხე წიგნები – უკეთესად იქნები და ა.შ.
ხო და შეკითხვას რაც შეეხება: ნაკითხობა რა საჭიროა?
სადღეისოდ ნაკითხობა რას გაძლევს?
ან ადრე რას გვაძლევდა?
ადრე ვკითხულობდით, რადგან სხვა არაფერი იყო. სანამ ეს მაღალი დონის ტექნიკა შემოვიდოდა და ცხოვრება გამარტივდებოდა, მანამდე ადამიანი უფრო განვითარებული იყო. მაგრამ ახლა სკოლის მოსწავლე რომ დაფასთან გამოიყვანო და რაიმე თემა წააკითხო, 10-დან 8 წინადადებაში სიტყვა “ანუ” იქნება.
მე ბევრს ვკითხულობდი, რადგან ეზოში არ მიშვებდნენ, ბატიბუტის გამყიდველი წაგიყვანს და საპონზე ჩაგაბარებსო, მაშინებდნენ და კარს მირაზავდნენ.
სახლში გამოკეტილი ვიჯექი და ყველა კლასიკურ ნაწარმოებს ვკითხულობდი.
წავიკითხე.. და ამით რა მოვიგე?

ლიტერატურისმოყვარე: იდიოტებს მართალი ეგონებათ, რასაც ამბობ… რას ჰქვია რა მოიგე? ასევე ახლანდელი თაობა გაუნათლებელი და უწიგნური არაა.. ტელეგადაცემა “წიგნების თარო” არასდროს გაგიგია? ეს ტელეგადაცემაა, რომლის ყურებაც არასდროს მომწყინდება და რომელიც ფენომენებით სავსეა. იქ მონაწილე მოზარდები საოცრად კარგები და ჭკვიანები არიან!! ამ ტელეგადაცემაში მონაწილეებს რომ ვუყურებ, მჯერა, რომ მომავალი ახალი თაობის ხელშია. სასწაული საზოგადოებაა. მადლობა მათ, რომ ასეთი მაგრები არიან. სხვათა შორის, მაგ ელიტარულ საზოგადოებაში ბევრჯერ ვყოფილვარ და გავგიჟდი.. მათთან ერთად ყოფნა ჩემთვის დიდი პატივი იყო, თითქოს სხვა პლანეტაზე ვიმყოფებოდი. ყოველ წელს მაგას ვიძახით: “რა თაობა მოდის..” ეგ უკვე ტრადიციად გადაიქცა. ტრადიცია არ შეცვლილა, მაგრამ მისი ფორმა – კი. თაობათა კონფლიქტს ვერ ვიტან.

ლიტერატურის მტერი: რა დიდი პატივი?! უტოპიური და რადიკალური აზროვნება რატომ გაქვს? ეგ მასა არაა (ერთეულებია). თან “წიგნების თარო” ეს მხოლოდ თამაში და შეჯიბრია. სანამ ჩვენ გვძინავს, ის ახალგზრდები გაქაჩავენ, ყველაფერს მიაღწევენ. ჯობია წინა თემას დავუბრუნდეთ, რათა შორს არ წავიდეთ. რა საჭიროა ბავშვმა იცოდეს ოტელო, დონ კიხოტი, რობინზონ კრუზო, ფაუსტი, ედმონ დანტესი, ლევ მიშკინი, ანა კარენინა, ემა ბოვარი, ჯეი გეთსბი, ლოლიტა, უინსტონ სმიტი, პოლკოვნიკი ბუენდია და სხვა მილიონი პერსონაჟი ვინ იყო?
ბალღებს კითხვას რატომ ვაძალებთ?
და თუ ვაძალებთ, მხოლოდ კითხვას რატომ?
ბოლოს და ბოლოს, ნაკითხობა უფრო მნიშვნელოვანი რატომაა, ვიდრე მუსიკოსობა ან მხატვრობა?
მე ამდენი წიგნი რომ წაკითხული მაქვს, რა, ბედნიერი გამხადა?
ჩემს მეზობელს დედაენისა და სატელეფონო ცნობარის მეტი წაკითხული არაფერი აქვს, მერე რა, გგონია რომ ჩემზე უბედურია?
არა!
თავს გაცილებით კარგად გრძნობს, ვიდრე მე.
წიგნის კითხვა უკეთესად არ გაგხდით.
კუპიურების გადათვლა უკეთესად გაგხდით.
საკუთარი კუპიურების გადათვლა.
იმ კუპიურების, რომლებიც ამჟამად მიმოქცევაშია.
ფული დაითვალე – გული დაიმშვიდე!
ასე, რომ…
ასე, რომ წიგნი გართობაა, და ჩვენ ძალისხმიერი მეთოდებით ბავშვებს გართობისაკენ ვაძალებთ.
საჭირო არ არის, ბავშვები თვითონ მოძებნიან რით გაერთონ.
ისე კი, დაძალება რომ აუცილებელი იყოს, უფრო ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, ფერენც ლისტისა და ჯუზეპე ვერდის მოსმენას დავაძალებდი, ვიდრე დევიდ კოპერფილდზე ძალიან ბევრსიტყვიერი ამბის წაკითხვას.

ლიტერატურისმოყვარე: მხატვრული ლიტერატურის კითხვა ნამდვილად ისეთივე სიამოვნებაა, როგორც მუსიკის სმენა. სიამოვნება, რომელიც ცხოვრებას, ადამიანობასა და აზროვნებას გვასწავლის. მუსიკა პრაქტიკულ ცოდნას ვერ შეგვძენს, მაგრამ სხეულში გამოკეტილ სულს ფრთებსა და აღმაფრენას აჩუქებს. წიგნი, უპირველეს ყოვლისა, ცოდნისა და გაგების სამყაროა, რომელიც წარმოსახვის უნარსა და ფანტაზიას ანვითარებს. ნაწარმოების კითხვა, მისი გაგება და იქიდან დასკვნის გამოტანა, უპირველეს ყოვლისა, სულიერი შრომაა, თუმცა მას გართობის ელემენტიც შეიძლება ახლდეს, მაგრამ ეს მხოლოდ გართობა არაა. მე ვთვლი, რომ ბავშვის კარგი მასწავლებელია, ჩემი თავის მაგალითზე ვიტყოდი, წიგნების კითხვამ უკეთესი გამხადა, ვიდრე რომ არ წამეკითხა. სხვა გემოვნება, სხვა აზროვნება, სხვა სამეგობრო წრე… კითხვა ზოგადად ინფორმაციის მიღება, ტვინის მოთხოვნილებაა!!! ვისაც აძალებენ, ის არც მკითხველია, ასეთი მთავარ აზრს ვერც იგებს! ადამიანის ტვინმა თუ არ ივარჯიშა, ჟანგდება და კვდება! ჩემი აზრით, ლიტერატურა ყველაზე წმინდა რამეა. როცა სიტყვა წიგნი გვესმის, უპირველეს ყოვლისა, რა გვახსენდება? განვითარება, განათლება, სიბრძნე, სიყვარული, გამოცდილება… მოკლედ რომ ვთქვათ, რაც სიკეთესთან კავშირშია. და “წიგნების თაროს” შეურაცხყოფას ნუ აყენებ! ნუ მაღიზიანებ! ასეთი სითბო, სიყვარული, მეგობრობა არასდროს მინახავს.

ლიტერატურის მტერი: წიგნს ასევე ქაოსის გამოწვევა შეუძლია. ფანატიკოსები ლიტერატურის გამო თავს იკლავენ ან სხვას კლავენ, რადგან ჰგონიათ, რომ ავტორის მიზანი სწორედ ეს იყო.

ლიტერატურისმოყვარე: როგორც აღვნიშნე, ლიტერატურა ყველაზე წმინდა რამეა. ჩემი აზრით, მკითხველებს მასეთის რამის ჩადენა შეუძლიათ, როცა წიგნის მიზანს ვერ იგებენ. ლიტერატურის მიზანი ეგ არასდროს იყო. კლასიკოსი მწერლების მიზანი ის იყო, რომ თავიანთი აზრებით მსოფლიოს დაეხმარონ, რათა არასწორი გზით რომ არ წასულიყო. ჩემ საყვარელ წიგნებს ჩამოგითვლი: ფრანც კაფკას “პროცესი”; ჯორჯ ორუელის “1984”; რეი ბრედბერის “451 გრადუსი ფარენჰაიტით”; ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას”; ფილიპ დიკის “კაცი მაღალ კოშკში”; ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბი”… მოკლედ, ამ წიგნებმა ჩემს აზროვნებაზე დიდი გავლენა იქონიეს. წიგნები, რომლებმაც უკეთესობისაკენ შემცვალა, სამყარო სხვაგვარად დამანახა… ვფიქრობ, ეს წიგნები უფრო დაკვირვებულს გაგვხდის და უფრო მეტად სიფრთხილესაცა და ამბოხსაც ვისწავლით (სადაც და როცა საჭირო იქნება). მოაზროვნე ადამიანმა ეს წიგნები (არა მარტო) აუცილებლად უნდა წაიკითხოს.

ლიტერატურის მტერი: ჩემი აზრით, წიგნს ადამიანის პიროვნულად შეცვლა არ შეუძლია. მკითხველი უბრალოდ ნაწარმოების მთავარ საკითხზე ბევრს იფიქრებს. მე ამ ფრაზას უდაოდ ვეთანხმები – “ადამიანები არასდროს იცვლებიან.”

To be continued?

ნიკა ჩხენკელი, 15 წლის, თბილისის სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი