ნიკა ჩხენკელი - ქართული ფეხბურთის ტრაგედია
ნიკა ჩხენკელი - ქართული ფეხბურთის ტრაგედია

ზურა ქუჩაში თავისთვის სეირნობდა და შემთხვევით თავის მეგობარს, ლუკას წააწყდა.

– ვაა, როგორ ხარ? – ზურამ მხიარული ხმით შეეკითხა.

– ცუდად, თავად? – ლუკამ უპასუხა.

– ცუდად რატომ ხარ?

– ჩემმა ფავორიტმა კლუბმა, თბილისის დინამომ წააგო.. მაგრამ მე მისი გულშემატკივარი ბოლომდე ვიქნები.

– უბრალოდ უნდა მოითმინო, დრო ყველაფრის მკურნალიაო ამბობენ.

– როგორ ამბობენ? დრო ყველაფრის მკურნალიაო?! მაგრამ, როგორც ჩანს, თურმე დროსაც მკურნალობა სჭირდება! ეროვნული სატკივარი ყველას და ყოველივეს ეხება, ეს მწერლობა თუ ფეხბურთი იქნება. მწერლები ხშირად სიამაყით წარმოთქვამენ – ერის სული მწერლობაში ლაპარაკობს! დრო იყო, როდესაც სული და სულიერი სულისკვეთება ფეხბურთში გამოიხატებოდა, თუმცა, როგორც პოეტი-რომანტიკოსი იტყოდა – “ვაჰ, დრონი, დრონი!” …და მართლაც, დრო იყო, როდესაც საქართველო ბრწყინავდა. ქვეყანა ფეხბურთით ცხოვრობდა და სულდგმულობდა. ფეხბურთი – ეროვნული სიამაყე იყო, ფეხბურთელობა – ღირსება და მოვალეობა. …მიხეილ მესხი ფეხბურთს კი არ თამაშობდა, არამედ იგი ხელოვნებას ქმნიდა, აქანდაკებდა, სპორტულ სანახაობას ძეგლს უდგამდა. ასევე, რა თქმა უნდა, მაშინაც და მერეც დიდი “გრანდები” და შემოქმედნი გვყავდა – ლუკამ თავდაჯერებულად უპასუხა.

–  ქართული ფეხბურთის “მკვდომარება” დღეს ბევრმა “ისწავლა”, მჭერმეტყველება “შეითვისა”.. ახალმა თაობამ თბილისის დინამოს ისტორია არ იცის. ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ, რათა ქართული ფეხბურთი განვითარდეს და ყველაფერს თავიდან მივაღწიოთ! ქართული ფეხბურთის საქმე სტატისტიკებით რომ გადაგვაქვს და ადრინდელ მოგებებს დღესაც ვზეიმობთ, ამ დღეში სწორედ მაგიტომ ვართ! რა თქმა უნდა, თბილისის დინამოს ისტორია ფეხებზე არ უნდა გვეკიდოს, მაგრამ სამწუხაროდ, უმეტესობას ბარსელონისა და მადრიდის რეალის ისტორიების ცოდნა ურჩევნია. მადრიდის ატლეტიკო, ლონდონის არსენალი, ლონდონის ჩელსი, მანჩესტერ სიტი, პარი სენ-ჟერმენი დაბალი დონის გუნდებიდან მსოფლიო მაშტაბის გრანდებად იქცნენ, ჩვენ კი პირიქით დაგვემართა. რა გვჭირს? ბედის ირონიაა თუ რა? ამ ტრაგედიას გმირი რატომ არ ჰყავს?  – ზურამ უთხრა.

– დიდი წარსული არ უნდა დაგვავიწყდეს! ვისაც ფეხბურთი აინტერესებს, თბილისის დინამოს ისტორია უნდა იცოდეს. შენ მიერ ჩამოთვლილი გუნდებიდან არც ერთი მომწონს, რადგან ისინი ხელოვნურ ფეხბურთს თამაშობენ. მაგ კლუბებში ფულის გამო თამაშობენ და არა – სპორტის გამო. ქართული სულიერება ფეხბურთით უნდა ალაპარაკდეს, ქართველი ქართველს მიუბრუნდეს და სიხარული გაუზიაროს. ფეხბურთი იმ ქვეყანაში როგორ შეიძლება “ჩაკვდეს”, სადაც თამაშობდა: ბორის პაიჭაძე, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, რამაზ შენგელია, მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, ვიტალი დარასელია და სხვა მრავალი და მრავალი… ასევე ისინი ეროვნულ ინტერესს იცავდნენ – ლუკამ უპასუხა.

– საქართველოში ფეხბურთი უყვართ? – ზურამ შეეკითხა.

– არა! ლამაზი ფეხბურთი უყვართ. აქედან გამომდინარე, ძლიერ გუნდებს გულშემატკივრობენ. ეს ლამაზი ფეხბურთი ყველას მოგვწონს, ალბათ, გრანდების დაპირისპირებას ყველა სიამოვნებით ვუყურებთ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ამ გრანდებზე ”ვენებს იგლიჯავენ”. საკუთარ თავს ”მადრიდისტებს” ან ”ანტიმადრიდისტებს” უწოდებენ და ეს ყოველივე ქართული გუნდების შეურაცხყოფის პარალელურად მიმდინარეობს. ლოგიკა ასეთია – ქართულმა გუნდებმა წარმატებას მიაღწიონ და სტადიონზე საგულშემატკივროდ მივალთ. ჩვეულებრივი ქართული სენია – ლხინში ყველანი მაგრები ვართ. არადა მარტივია, თუ გუნდი წარმატებას ვერ აღწევს, ესე იგი უჭირს ხო? და თუ უჭირს, ესე იგი ასმაგად გვერდში დგომა და გამხნევება სჭირდება. გუნდი გაჭირვებაში არ უნდა მიატოვო! და თუ მიატოვე, ესე იგი არც გყვარებია! მაგრამ საუბარი რომელ სიყვარულსა და გვერდში დგომაზეა, უბრალოდ ქართული გუნდის გულშემატკივრობა “ცოდვაა”. რომელიმე ქართული გუნდი ევროპულ ტურნირზე გავა, რა თქმა უნდა თავისზე გაცილებით ძლიერი გუნდი შეხვდება, ძლივს ხალხი სტადიონზე მივა, ქართული გუნდი დამარცხდება და გინება ატყდება. ამ ქართულ გუნდს, რომ მოეგო, სოციალურ ქსელებში ისეთ სტატუსებს დაწერდნენ, ცრემლებს ან შეიკავებდი ან არა, მაგრამ წააგო და აგინებენ. მე ლოგიკას ვერ ვხედავ.. არა უშავს, როცა ქართული გუნდები წარმატებას მიაღწევენ, ის ხალხი, ვინც დღეს ამ გუნდებს ტრიბუნებიდან ამხნევებენ, სიამაყით აღივსებიან. იმიტომ, რომ ამ წარმატებაში წვლილი თვითონაც მიუძღვით! შენი ქალაქის გუნდს უგულშემატკივრე! – გიორგიმ რიხიანად თქვა.

– ერთი მომისმინე, შეიძლება თბილისის დინამოს ისტორია ფეხებზე არავის ჰკიდია, ანუ იმის თქმა მინდა რომ 1981 წელს აღებული თასი დაგვიჟანგდა და როგორც კლუბს, ასევე ნაკრებს გადახალისება სჭირდება. რომ ისტორია გახსოვს, კარგია. მაგრამ მაგას ყოველთვის ნუ გამოეკიდები! ცოტა ხნის წინ, შენ თქვი, რომ ჩვენი ფეხბურთელები ეროვნულ ინტერესს იცავდნენ. ეს იმიტომ, რომ მაშინ ქართველი ფეხბურთელები კლუბში თავის გამოჩენას ცდილობდნენ და მისი წინსვლისთვის თამაშობდნენ. დღეს ფეხბურთი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში შეცვლილა. წინა საუკუნეში ეს სპორტის სახეობა კაცების თამაში იყო.

სტადიონი 100 000 ადამიანით რომ გაივსოს, ეგ რამეს შეცვლის? – ზურამ იუმორისტულად შეეკითხა.

– საკმარისი გითქვამს. ახლა ჩვენი ფეხბურთელები თავის გამოჩენას არ ცდილობენ? კლუბის წინსვლისთვის არ თამაშობენ? რაღაც-რაღაცებში ვერ დაგეთანხმები. რაც სტადიონის გავსებას შეეხება, ჩვენს ქვეყანაშიც რომ ფან-კულტურა განვითარებული იყოს, ჩვენთანაც რომ სტადიონები ივსებოდეს.. უფრო მეტი ადამიანი ერთმანეთს გაიცნობდა, ახალგაზრდები ერთმანეთს საკუთარ შეხედულებებს გაუზიარებდნენ, უფრო მეტი ჯანსაღი იდეა გაიჟღერებდა და რაც მთავარია, ამ ჯანსაღ იდეას უამრავი ადამიანი მოისმენდა. დილიდან საღამომდე უბანში ”ბირჟაობას” ორი საათით სტადიონზე დგომა და არც თუ ისე სანახაობრივი ფეხბურთის ყურება ჯობია. მაღალი ხარისხის ფეხბურთის რა მოგახსენო, მაგრამ იქ ”უცნაურად” განათლებულ ხალხს გავიცნობთ. ხალხს, რომლებიც უამრავი ქვეყნის ისტორიას, მენტალობასა და კულტურას იცნობენ, თანაც ძალიან კარგად. ერთი შეხედვით უსაქმური და მოცლილი ბიჭებისგან მოვისმენთ, რომ ვარჯიში აუცილებელია. არა იმიტომ, რომ დაკუნთული სხეულებით მაგარი გოგოები “შევაბათ”. არა, ვარჯიში აუცილებელია იმიტომ, რომ საკუთარ ქალაქსა და ქვეყანას გვერდში ფიზიკურად დავუდგეთ, როდესაც ეს მას დასჭირდება. ეს ”მოცლილი” ბიჭები ხშირად ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე მსჯელობენ. ეს ”მოცლილი” ბიჭები თავს არ ზოგავენ, ყველაფრის ფასად ცდილობენ, რომ ხალხში ეროვნული, პატრიოტული ნაპერწკალი გაღვივდეს. არც ერთი წამით ივიწყებენ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და ამის დავიწყების საშუალებას არც სხვას აძლევენ.
ქართველი ფანები საკუთარ ხმამაღალ სიტყვას იტყვიან! საკუთარი ქვეყნისა და ქალაქის ღირსებას სწორედ ასე იცავენ. ეს კულტურაა, ეს მათი სამყაროა!..

…ადრე ინტერნეტი არ გვქონდა, მობილური-ტელეფონები არ გვქონდა, მაგრამ რატომღაც სულ ვიცოდით ჩვენი მეგობრები სად იქნებოდნენ. უბნის სტადიონი ყოველთვის სავსე იყო. ჩვენც ყოველთვის ოდნავ დახეული ბურთი გვქონდა, ამავე მდგომარეობაში მყოფი სპორტული ფეხსაცმელი, დასისხლიანებული მუხლები და გაბრწყინებული თვალები. გვიხაროდა.. ვგრძნობდით, რომ ცოცხლები ვიყავით.
დრო გავიდა, გავიზარდეთ.. მაგრამ სტადიონი არ დავთმეთ, უბრალოდ ტრიბუნებზე გადავინაცვლეთ. მეგობრები, თანამოაზრეები შევკრიბეთ და ტრიბუნა საკუთარი ცხოვრების წესად ვაქციეთ.. ჩვენ ჩვენი ქალაქის ღირსებას ასე ვიცავთ, ჩვენ საკუთარი ეროვნულობის იდენტიფიკაციას ასე ვახდენთ. ეს კულტურაა, ეს ჩვენი სამყაროა!

ნიკა ჩხენკელი, 15 წლის, თბილისის სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი