ნიკა ცაბაძე - ვინ ვართ
ნიკა ცაბაძე - ვინ ვართ

… ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? ან თუნდაც საით მივექანებით? (სხვა რაზე უნდა ფიქრობდე შინისკენ მიმავალ გზაზე). 1 ნომერ ავტობუსში ვზივარ და კითხვაზე პასუხს ვეძებ. არა, უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, ვეძებ ადამიანს, რომელმაც ამ მეტად რთულ კითხვაზე იცის პასუხი. ვზივარ და ყოველ ჩამსვლელ-ამომსვლელს ვაკვირდები. იქნებ სწორედ იმ ჩასუქებულმა მძღოლმა იპოვა პასუხი, საჭესთნ შევიწროებული რომ მოკალათბულა და გინებით მიაქანებს ავტობუსს. ვიფიქრე, არა. ალბათ მას ყველაზე ნაკლებად თუ უფიქრია ასეთ საკითხებზე. გვერდით გავიხედე. იქნებ ამ პატარა ოქროსფერთმიანმა ბიჭმა გამცეს პასუხი. მაგრამ მას ხომ ხვალინდელი მათემატიკის საკონტროლო სხვა ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვან თემად მიაჩნია.

ქალაქი ბუღში იდგა… სიცხე უკვე შემაწუხებელი რომ გახდა, ავტობუსის ჭუჭყიანი ფანჯარა ნელა გამოვაღე. შემოდგომის ტკბილ სურნელთნ უგემოვნოდ შერწყმულიყო კვამლის აუტანელი სუნი, მაგრამ ამას ყურადღებას ნაკლებად ვაქცევდი.

1 ნომერში მოხუცი მამაკაცი ამოვიდა. უკვე ცხოვრებისგან გალეული, აი, ისეთი, ამ ცხოვრებაში ბევრი რომ უნახავს და გამოუცდია. იმედი მომეცა. სხვას ვის უნდა სცოდნოდა პასუხი, ამ მეტად ჩემი გონებისთვის ზედმეტად რთულ კითხვებზე, თუ არა წუთისოფლისგან დაღლილ, მობეზრებულ მამაკაცს, რომელმაც სულ ახლახანს გაცვეთილი პიჯაკის გულის ჯიბიდან „მიატნი“ კანფეტი ამოიღო და დედის კალთას მიკრულ პატარა გოგონას გაუწოდა. აზრი შევიცვალე… თითქოს ნაოჭებს ბერიკაცის ისტორია დაეხატა. ბოლო იმედიც აღმოსავლეთის ქარს გავაყოლე. საათს რომ დავხედე, რვის 13 წუთი იყო, მივხვდი, ჩემს გაჩერებას გავცდენილვარ. ჩასუქებულს იქვე გავაჩერებინე და სახლისკენ მიმავალ გზას ფეხით გავუყევი.

მხოლოდ ის ფიქრთა კორიანტელი მიტრიალებდა თავში, რომ ორმოცდაცამეტმა წუთმა ფუჭად ჩაიარა. მაგრამ არა, რატომ ფუჭად?! ზოგჯერ, როდესაც კითხვის პასუხს ვეძებთ, სულ სხვა რაიმის პასუხს, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩენთ ხოლმე. გასაკვირია, თუმცა შესაძლოა სწორედ ამან მიგვიყვანოს ჩვენივე კითხვის პასუხამდე. ახლაც ასე მოხდა. მივხვდი, რომ სხვებთან რამის ძიებას, სჯობს ყველაფერი შენივე ქვეცნობიერში ეძიო. ახლა კი ჩავუღრმავდი ჩემს კითხვას. შეიძლება პასუხის მოძიებაში 13 წუთი ან სულ რაღაც მთელი სიცოცხლე დამჭირვებოდა. ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? ან საით მივექანებით?…

ჩაფიქრებული მივაბიჯებდი.უკვე ადამიანებს აღარ ვაკვირდებოდი. უფრო სწორად, ვეღარ ვაკვირდებოდი. ჩემს ფიქრებს მათი სახეები წაეშალა და მათ ნაცვლად მხოლოდ აჩრდილებს ვამჩნევდი. თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ ახლოს ვიყავი პასუხთან. მათი გამქრალი, ფერმკთალი სახეების ირგვლივ უკუნი ჩამოწოლილიყო. პასუხი ჩემ თვალწინ იყო. ჩვენ არავინ ვართ. ქმნილებები, რომლებიც სიბნელიდან მოვდივართ და კიდევ უფრო ბნელი მომავლისკენ მივექანებით. დასასრულისკენ, სადაც უკვე აღარაფერია. მაგრამ ყოველი დასასრული ხომ რაღაც ახლის დასაწყისია.

რვას ცამეტი უკლდა, სახლში რომ შევაბიჯე

 

ქალაქი: ქუთაისი

სკოლა: N13-ე საჯარო

კლასი: მე-10

ასაკი: 15

სახელი: ნიკა ცაბაძე