ნატალია მათურელი - უბრალოება
ნატალია მათურელი - უბრალოება

მორჩა ზედმეტი ფიქრი და ლაპარაკი! გადაწყვეტილებას არ შევიცვლი. მერე რა რომ მსუბუქი ავტომანქანით ვეღარ მივდივარ გურიაში, მავანთა მოუცლელობის გამო? მატარებლით წავალ, ძალიან დიდი ხანია ამ ტრანსპორტით არ მიმგზავრია, თუ არ ჩავთვლი მეტროპოლიტენისეულ მის ,,კოლეგას’’.

ბილეთის საკითხი კომპიუტერით მოვაგვარე და აი, რკინიგზის სადგურზე ვარ. ბაქანზე მდგომი, ბილეთს ჩავკირკიტებ: მე-8 ვაგონი, 26-ე ადგილი, გასვლის დრო 14:30. არ ვჩქარობ ვაგონის მოძებნას. სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა.

ცხოვრებაში გამუდმებით ჩემი ადგილის ძიებაში ვარ და ახლა კი თვითონ ადგილი მელოდება, თუ სხვა დაიკავებს მას, ჩემი მისვლისთანავე ადგება ბოდიშის მოხდით. ამ ფიქრებში გართულს, ბებიაჩემის ხმა ჩამესმა: ,,ისწავლე ნენა, ბაღნობაში ბევრი ცოდნა დააგროვე, თუ გინდა ცხოვრებაში ადგილი არ დაკარგო’’. ე.ი. მატარებლის ბილეთი ბებიაჩემის შეგონების პრაქტიკულ დასტურად ჩათვალა ჩემმა ტვინმა. ბილეთი-ცოდნა!
როგორც ყოველთვის ახლაც გამეცინა, რა დროს ასოციაციობანა იყო, შუა ბაქანზე ვიდექი ზურგჩანთითა და კისერზე ფოტოაპარატ ჩამოკიდებული.
ხუთი წუთიღა აკლდა მატარებლის გასვლას. ულმობელი, ყველასგან დამოუკიდებელი დრო არავის გველოდება, არასოდეს ცვლის თავის კრედოს:
-მე ჩემი საქმისა ვიცი, თუმცა გაძლევ ჩემი გამოყენების ნებას.
-როგორ?
-არჩევანის უფლებას გიტოვებთ.
ვერაფერს უსაყვედურებ. უნდა მეჩქარა.
ადგილიდან დავიძარი. მხოლოდ ახლა შევამჩნიე ნაირფერი ხელჩანთებითა და ჩემოდნებით დატვირთული ადამიანები, რომლებიც თავიანთი ვაგონებისკენ გარბოდნენ. მეც ავუჩქარე ნაბიჯს და ბრბოში აღმოვჩნდი. ვინ მუჯლუგუნი წამკრა, ვინ ჩემოდანი. ძლივს მივაღწიე ვაგონამდე. იქაც კიბე დამხვდა და კარებში გამცილებელი, რომელმაც ბილეთი შემიმოწმა და ღიმილით დამრთო ნება, შევსულიყავი ვაგონში. მივადექი ჩემს ადგილს, ჩანთა სკამზე დავაგდე და შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ ბოლომდე ვერა. ზურგჩანთა მქონდა ნახევრად გახსნილი. სასწრაფოდ დავათვალიერე. ყველაფერი ადგილზე იყო, მაგრამ ხასიათი გამიფუჭდა. საკუთარი უყურადღებობა და ხალხისადმი უნდობლობა ვუსაყვედურე თავს.

ამოვიღე ტელეფონი ყურსასმენებით და მუსიკა ჩავრთე: ,,Tom Rosenthal – Go Solo’’, ასევე ხელნაწერების რვეული, რომელიც თან დამაქვს ყველგან და ყოველთვის. დავიდე ჩანახატების და შენიშვნების გასაკეთებლად. მე ხომ ხატვაც ძალიან მიყვარს.

,,ნენა, ძლივას არ მოვაგენი? მევიარე ყველა ვაგონი’’ – ქოთქოთით შემოვიდა ვიღაც ქალი. ჩემს გვერდით ცარიელი ადგილი იყო. გულში ღმერთს შევევედრე, არ მომისვა ეს ქალი-მეთქი, მაგრამ დაგვიანდა თხოვნა. სწორედ ჩემს მეზობლად მოკალათდა იგი. გავუღიმე და ფანჯარაში დავიწყე ყურება.

მატარებელი დაიძრა. თანდათან მოუმატა სიჩქარეს. ფანჯარაში პეიზაჟი ყოველ წუთს იცვლება, ადრენალინი მემატება, ამას ხელს უწყობს ყურსასმენებიდან დაღვრილი სიმღერა.
ვიღაც ხელზე შემეხო. ჩემს გვერდით მჯომი ქალი იყო და ისე მიყურებდა თითქოს პასუხს ელოდა.
-უკაცრავად, ვერ გავიგე რა მითხარით.
– ნენაა, ტყვილა მალაპარაკე ამდენი? იგი შეგეკითხე ნენა, ოზურგეთში ჩამოდიხარ შენც თუ ბათომში მიყობი ვითომდა ჩქაროსნულს?
-არა, ოზურგეთში ჩამოვდივარ.
-ვისი ბადიში ხარ ნენა?
-მელუების.
-არა, ნენა, მაგენს არ ვიცნობ.

ამით დამთავრდა ჩვენი საუბარი. ახალ თემაზე გადასვლის საშუალება რომ აღარ მიმეცა, ჩანთიდან ,,ანა კარენინა’’ ამოვიღე და მისი კითხვა დავიწყე. ჩავათავე ერთი გვერდი, მეორე და ვაი! აზრი ვერ გამოვიტანე. შემეშინდა ჩემი გონებაგაფანტულობის. დავფიქრდი და აღმოვაჩინე, რომ ახლა არაფერი არ მინდოდა, მატარებლის ფანჯრიდან ამერ-იმერის ულამაზესი ბუნების ცვალებადი კადრების ყურების გარდა. ვტკბები ამ კადრებით და ამოტივტივდა ცხოვრებისეული, ზურაბ ჟვანიას ამაყად ნათქვამი სიტყვები: ,,მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი’’.
ჩემეული ინტერპრეტაცია, ოღონდ ბევრად მეტი სიამაყით გაჯერებული: ,,მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ამ წალკოტის არა მარტო შვილი, არამედ ავთენტი.

 

ნატალია მათურელი. 16 წლის. თბილისის მე-6 საჯარო სკოლა.
 

დატოვე კომენტარი