ნატალია მათურელი - სევდის სურნელი
ნატალია მათურელი - სევდის სურნელი

სევდის სურნელი

მწვანე ფერის, თითქმის გახუნებულ ოთახში ვზივარ საწერ მაგიდასთან და წინ ვიყურები. რას ვუყურებ? კედელს, სადაც ფერადი, წებოვანი ფურცლებით არის მიკრული რიცხვები. კითხვა გაგიჩნდებათ ალბათ რა რიცხვებია, მაგრამ არ გეტყვით… არაა თქვენი საქმე.

ძველ სკამზე ვზივარ. უკან გადახრის დროს რომ ჭრიალებს და ყურში შემაწუხებლად გხვდება ჭრაჭუნი, ღრჭიალი და წკაპუნი. მაგიდაზე ლამაზად მოხატული ჭიქა დევს და შუამდეა წყლით გავსებული, რომ შევხედე ისეთი სასიამოვნო შესახედი იყო ნახატები წყლის ფონზე და თვითონაც წყალი, ვინატრე, ნეტავი ქინდერში სათამაშოები რომ ამოდის, ზუსტად იმ ზომის ვიყო, ამ წყალში გავცურავდი-თქო, ოღონდ ცურვა რომ ვიცოდე. კარგა ხანია არაფერი დამიწერია, წინ თაბახის ფურცლები მიდევს, ცარიელი, ალბათ როგორც ჩემი მუზა და ფანტაზიები. მთელი ერთი წლის განმავლობაში თითქოს არ მოწონდათ მწვანე ფერის გახუნებული ოთახი და მკრთალად მოციმციმე მზის სხივები კედელზე. თითქოს აშინებდათ ის შიშის ყუთი, რომელიც ოთახში ყველაზე დიდ ადგილს იკავებს, არადა უწინ ისეთი პატარა იყო, ვერც კი შეამჩნევდით, უფერულიც იყო, ახლა კიდევ თითქმის ყველა ფერი დაკრავს.

ხრიგინით გამოვწიე სკამი და ისე ავდექი. ისევ ცარიელი ფურცლები დავტოვე მაგიდაზე. შიშის ყუთს მივუახლოვდი, ზევიდან ამრეზით დავხედე და სწრაფი ნაბიჯებით გავეცალე მასაც და მწვანე, გახუნებულ ოთახსაც. სადარბაზოში გავედი, კიბეებიც უცებ ჩავირბინე და გარაჟის სახურავზე, თითქმის ორი მოქმედებით ავხტი, დავჯექი და ჩემი საყვარელი საქმიანობა, ფიქრი დავიწყე. მეზიზღება უკვე მწვანე ოთახი, რომელშიც შიშის ყუთი დევს იატაკზე, მძიმედ და დაუძრავად. ადრე თაროზე იდო წიგნებთან ერთად, ყველაზე მაღალ თაროზე, სადაც კიბეების გარეშე ვერ მივწვდებოდი. უფერული და შეუმჩნეველი იყო სხვისთვისაც და ჩემთვისაც, ახლა კი ყველასათვის შესამჩნევია. განსაკუთრებით ჩემთვის. ყელში თითქოს ბურთივით მაქვს რაღაც და სუნთქვაში ხელს მიშლის, მინდა ვწერო, დავიცალო, მაგრამ ვერ ვწერ, თითქოს წერა ხომ ასეთ სიტუაციაში ყველაზე კარგი საშუალებაა. ყველაზე დიდი ნაწილი ალბათ შიშის ყუთში ღალატს უჭირავს. სიტყვაზეც კი ვგრძნობ როგორ მეყინება სისხლძარღვებში მჩქეფარე სისხლი და გული რამდენიმე წამით როგორ მიჩერდება, თვალები თითქოს ცრემლით მევსება და გადმოსვლას ლამობენ, მაგრამ რად გინდა, ნორმალურად ცრემლებიც არ მომდის. წამოვდექი, ჩამოვხტი და ისევ ოთახში დავბრუნდი.

ყელში გაჩხერილმა ბურთმა ისევ შემახსენა თავი, პირი რომ გამეღო ბურთი გადმოვარდებოდა და ალბათ თაბახის ფურცლებს სულ სევდისფრად შეღებავდა.

ფანჯარასთან მივედი, რაფიდან ახეხილი საღებავი იატაკზე გადმოვყარე. როგორც ჩემი შიშის ყუთი გადმოვაგდე მაღალი თაროდან, სრულიად შემთხვევით.

სახლში ნაბიჯების ხმა გაისმა, თან ხმამაღალი ძახილიც მოყვა. ხმა არ ამომიღია, ჩუმად შევეგებე მის გამოჩენას. ნელა შემოვიდა ოთახში, მხრებზე ხელი შემომხვია, ცხვირი თმაში ჩარგო და თქვა: ,,გამარჯობა, სევდის სურნელის მატარებელო გოგონავ’’!

 

ნატალია მათურელი. 16 წლის. თბილისის მე-6 საჯარო სკოლა.