ნატალია მათურელი - მუშუ
ნატალია მათურელი - მუშუ

,,შენდაუნახავო არამზადავ’’! – გაჰკიოდა კორპუსის ეზოში ვიღაც ქალი და თან ცოცხს ურტყამდა კაცს. ცოტა არ იყოს და სასაცილოა, ყველაფერ ამას სხვების დასანახად რომ აკეთებდა უკვე ხანში შესული ქალი და მოხუც ქმარს ცოცხით რომ სცემდა – „როგორ თუ დალევა გაბედაო’’. ეჰჰჰ, ჩემი ეზოს მაცხოვრებლებს არაფერი გამოასწორებს. იბან და ეზოს მორწყვას დაიწყებენ, დაგტოვებენ გაქაფულს, გშია დაჯდები საჭმელად უცებ კარზე ზარია, გააღებ შეგრჩება ქალბატონი თამილა წვრილი, საშინელი ხმით იტყვის: ,,ლიფტის ფული მაიტა, ბოლო დღეა’’ – გინდა არ გინდა, უნდა მისცე. გაქვს თუ არა უნდა გააჩინო, ამათ ხელში ილუზიონისტობაც დავამუღამე.

კითხულობ და რაზმაძეების პატარა ილიკო იმხელა ხმაზე აუწევს მუსიკებს, ყურსასმენები რომ გაიკეთო მაინც გაიგონებ. რამე წესიერს მაინც უსმენდეს. რამდენჯერ ჩემი ხელით გადმოვუწერე კარგი მუსიკები, მაგრამ რად გინდა, „მერვე კლასელის“ მეტს არაფერს უსმენს. რაღა დროს „მერვე კლასელია“ ხალხი გიალოზეა გადასული (ეს რა თქმა, უნდა ხუმრობით).

ვიზვარ ჩემს წითელ სავარძელში, ფეხები ფანჯრის რაფაზე მაქვს ალაგებული და ზედ ჩემი ფისო მუშუ მაწევს.

იცით, რა საყვარელი ფისოა? დიდი მწვანე თვალები აქვს, კურნოსა ცხირი, პატარა ყურები და ავაზასავით შავია, სულ, სულ შავი. როცა  დამინახავს გუგები უფართოვდება (ალბათ სიყვარულით) და კნავილით გამომეკიდება. მაჭამე, ნუ მომკალი მშიერიო. უი, ისე ამ გუგების გაფართოებაზე გამახსენდა, ადრე წავიკითხე, თუ ადამიანს უყვარხარ, როცა გიყურებს თვალის გუგები 45%-ით უფართოვდებაო. გაიგე ახლა ეს მართალია თუ არა. ისე ჩვენში რომ დარჩეს საკუთარ თავს  როცა ვუყურებ 45% არ ვიცი, მაგრამ თვალის ფერი აღარ მიჩანს. ეჰ, არადა ლამაზი თვალები მაქვს. ჰო კიდევ ერთი გამახსენდა, ჩემს მეზობლებს არ უყვართ ჩემი, კატა ბევრს კნავისო. კატა იკნავლებს აბა რას იზამს? არადა კარგი მეზობელი ვარ არავის ვაწუხებ, ჩუმად მივდივარ, ჩუმად  მოვდივარ. ყურსასმენებში ვუსმენ მუსიკას, არც ქვედა მეზობელთან ვუშვებ წყალს და ჩემი ფეხის ხმით არ ვაწუხებ, მაგრამ ვის აინტერესებს ეს ყველაფერი? კატა ჰყავს და ცუდი მეზობელია. (ხო რას ვიზამთ, ერთხელ გარეთ გამეპარა შიგნით ვეღარ შემოვიდა და კნავილით აიკლო სადარბაზო, ეს მხოლოდ ერთხელ).

ეზოს ბებოები იმასაც კი ლაპარაკობდნენ, მემგონი ფისოს გარდა ამ „უბედურს“ მეგობარი არ ჰყავსო. ხო რას ვიზამთ, ზოგს ცხოვრება ჩუქნის მეგობრებს ზოგს არა.

აი, ჩემი ფისო ყველა ადამიანზე და ცხოველზე უკეთესი მეგობერია. გისმენს, გისმენს, გისმენს ბოლოს გეტყვის: „მიაუო“ და მორჩა, ბრძენის ტიტულის მინიჭებაც კი შეგიძლია.

ადამიანებმა კი მოსმენა არ ვიცით, ან ვუსმენთ და ჩვენი ხასიათის მიხედვით ვიძლევით რჩევებს. მერე კი სხვანაირ ხასიათზე რომ ვიქნებით სხვანაირად ვფიქრობთ და წინა რჩევას, სხვა აზრს ვამატებთ,  თან საპირისპიროს. ამიტომ არეულ და თავის თავში გაურკვეველ პიროვნებას, კიდევ უფრო გაურკვეველ მდგომარეობაში ვაგდებთ.

ფიქრით დაღლილს აღარ ვიცოდი რა მეკეთებინა. ავდექი, ტელევიზორი ჩავრთე, „რუსთავი 2“-ზე  გადავრთე და კვლავ მკვლელობა, კვლავ სისხლი და კვლავ ახალგაზრდა ბავშვების სიკვდილი. დეკემბრიდან მოყოლებული რუტინულად ეკრანებზე N51 საჯარო სკოლის ბავშვების მკვლელობის ამბავს ატრიალებენ.დათრგუნულ და შეძრწუნებულ ხალხს უფრო გვიმატებენ საფიქრალს და საერთოდ სამართალზეც კი ჩვენ გვიწევს ბრძოლა და არა სახელმწიფოს. გულაცრუებულმა დავაჭირე წითელ ღილაკს ხელი და ტელევიზორიც გამოვრთე.

ნეტავ, როგორც  ეს კადრები გაქრა ტელევიზორის ეკრანიდან ისე შემეძლოს იმ მონაკვეთის გაქრობაც, როცა ეს უბედურება მოხდა. ჩემმა ფისომაც: „მიაუო“ ანუ ისიც მეთანხმება.

ვარსკვლავებიანი ღამე იყო, ეზოში ბავშვების ხმა ისმოდა, ჩემს ფისოს მშვიდად ეძინა, მე ვფიქრობდი, ღამე კი ნელ-ნელა იწურებოდა.

 

ნატალია მათურელი. 16 წლის. თბილისის მე-6 საჯარო სკოლა.