ნატალია მათურელი - მასწავლე ბელო
ნატალია მათურელი - მასწავლე ბელო

წვიმიანი ამინდია. ფანჯარას ირიბად ეცემა წვეთები. სახლში კი ჟრიამულია. მე? მე ამ ჟრიამულის წევრი არ ვარ და რატომ არ ვიცი. ჩემს ფუმფულა სავარძელში ვარ მოკალათებული და ფანჯარაზე წვიმის წვეთებს ვითვლი. არ ვიცი რატომ, ხომ შემიძლია ავდგე წიგნი მოვიტანო, გადავშალო, დავიწყო კითხვა, მოვწყდე რეალობას, მაგრამ ამ ყველაფრის მაგივრად დავმდგარვარ და ფანჯარაზე წვიმის წვეთებს ვითვლი ლუარსაბ თათქარიძისა არ იყოს, ის ბუზების თვლაში იყო გართული, მე წვიმის წვეთების, ალბათ მეტად სასაცილო და უაზრო შედარებაა.

წვიმის წვეთების თვლაში ვიყავი, კარებზე ზარის ხმა რომ გაისმა. ინტერესით წამოვდექი, ოთახის კარების ჩარჩოს მივეყრდენი და მოუთმენლად დაველოდე ლია კარებს როდის გააღებდა (ჰაჰ, მე არ ვიკადრე). კარების გაღება და პატარა, თავქოჩორა, გაწლინკული ბიჭის შემოვარდნა ერთი იყო. ხმამაღალი კისკისით შემოიჭრა (ღმერთო რა დავაშავე ასეთი, ყველა გიჟი და გადარეული ბავშვი ჩემთან რომ მოგყავს) მობეზრებულმა ამოვიხვნეშე, სტუმრებს მივესალმე და ოთახის კარები ხმაურიანად მოვკეტე, იფიქრებდნენ ლიას რა უტაკტო შვილიშვილი ყოლიაო, მაგრამ რა ვქნა, არ მიყვარს ასეთი ,,თავყრილობები’’ (მოსაწყენი პიროვნება ვარ).
ავდექი, აგათა კრისტის ,,ბოროტება მზისქვეშეთში’’ მოვიტანე და კითხვა დავიწყე. თითქოს შეეფერებოდა კიდეც ამინდი ამ დეტექტივს. კითხვაში იმდენად გავერთე, ისე შევიჭერი ,,ლეზერკომბის ყურეში’’ არსებული სასტუმრო ,,მხიარული როჯერის’’ ამბებში და მომხდარ მოვლენებში, ვერც კი შევნიშნე კარები როდის გაიღო, როგორ შემოიპარა პატარა ბიჭუკელა და იმხელაზე დაიყვირა, წიგნიც ხელიდან გამაგდებინა და მეც ლამის წიგნის გზას გამიყოლა.
მისმა ხმამაღალმა სიცილმა (უფრო ჭიხვინმა) ლამის ნათურა გამიტეხა. ხელებ გაშლილი მომახტა და ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა. სიცილნარევად შემეკითხა:
-როგორ ხარ აჩკარიკ? – გავააჩკარიკებ ამასთქო ვიფიქრე, გაბღუზულმა ავიღე წიგნი და უხეშად მივუგდე:
-კარგად ვარ, ახლანდელს თუ არ ჩავთვლით. – პატარა ბავშვს ვეჯიბრებოდი, მოდით და ნუ გაგეცინებათ.
მეტად ჭკვიანი ბიჭი იყო. დემემ ბევრი რამ იცოდა და თავისი ასაკისთვის შესაფერისი წიგნებიც ქონდა წაკითხული, ისე სასაცილოდ საუბრობდა ჩიპოლინოზე, რომ მოგესმინათ გულიანად იცინებდით.

წიგნი რომ შემამჩნია ხელში, მოუსვენრობამ აიტანა და უცბად შემეკითხა სერიოზული სახით:
-როგორ წარმოიშვა სიტყვა მასწავლებელი? – დავფიქრდი, მინდოდა გახსენება, მაგრამ ვერ გავიხსენე და უარის ნიშნად თავი გავაქნიე. ჩაეცინა:
-სხვებმაც არ იციან, შენ საიდან უნდა იცოდე? არაუშავს.
თვალებ გაფართოებულმა შევხედე.
-ეს ამბავი მე დავწერე, გინდა მოგიყვე? – მკითხა მხიარული ხმით. მობეზრებულად დავუქნიე თავი და მოსმენა დავიწყე.

-ტყის პირას, ტბასთან ახლოს, კუების სოფელი იყო. იქ მაღაზიაც ქონდათ, საავადმყოფოც და სკოლაც. შემთხვევით სოფელში, ობოლი ბელი შემოეხეტა, რომელიც სოფელმა შეიფარა. სკოლას მიაბარეს, მაგრამ სწავლა ძალიან ეზარებოდა. არაფერი აინტერესებდა. ერთხელ, სოფელში, კუებმა შეჯიბრი ჩაატარეს სირბილში. ბელმა თავი გამოიჩინა. ყველა მას აქებდა, ბოლოს ისე მოეწონა შექება, გადაწყვიტა ყველაფერში უნდა შემაქონო, დაიწყო კარგი სწავლა. გახდა მისაბაძი. კუები კი უკან დასდევდნენ ბელს და მისძახოდნენ: ,,მასწავლე ბელო, მასწავლე ბელო’’! – ასე გაჩნდა ეს სიტყვა. აწი იცოდე.

ამ ,,ზღაპრის’’ მოყოლის დროს მე გაშტერებული ვუყურებდი ბავშვს, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ მსგავს რამეს მეტყოდა. წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოვდიოდი, უნებური სიცილი რომ ამიტყდა და ჩემს თავს დავცინოდი: ფანტაზიაში პატარა ბავშვიც კი გჯობნის-თქო.

 

ნატალია მათურელი. 16 წლის. თბილისის მე-6 საჯარო სკოლა.