სიყვარული? არ ვიცოდი მანამდე, სანამ მას არ შევხვდი და შავი თვალების სითბო არ ვიგრძენი.
როგორც ყოველთვის, ჩემი ფანჯრის წინ ვიჯექი და ლარნაკში ჩაწყობილ გვირილებს ვუყურებდი, თან ვფიქრობდი, წვიმიანი და ღრუბლიანი ცის ფონზე თუ რა ლამაზი იყო. ეს დღეებია თბილისში გადაბმულად წვიმს, აღარცერთი ფეხსაცმელი აღარ შემრჩა მშრალი. ერთხელ შემეშინდა, ისევ ის უბედურების მომტანი 13 ივნისი არ განმეორდეს-თქო. ფანჯარა გამოვაღე და წვიმის, ასფალტის და სველი მცენარეების სუნი ერთდროულად შევიგრძენი. ისე რა ლამაზია არა? წვიმის დროს ყველაფერი, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელი დღეების შემდეგ. თითქოს უფრო ალამაზებს ბუნებას, როგორც ცრემლები თვალებს, განსაკუთრებით იმ თვალებს, ერთი შეხედვით ვერაფერს რომ ვერ წაიკითხავ და დაკვირვების შემდეგ მიხვდები, რამხელა რამ იმალება მათში.
ფანჯრის რაფაზე წამოვჯექი, გვირილა მოვწყვიტე და დავიწყე: ,,ვუყვარვარ-არ ვუყვარვარ’’… ,,ვუუყვარვარ’’. რაღაცნაირად გული ამიჩქარდა და მისი წარმოთქმული მიყვარხარ გამახსენდა, რომელიც დიდი ხანია არ გამიგონია, მაგრამ არაუშავს, მისი ხმის ტემბრს გონებაში ვინახავ.
და ყველაფერი აი ასე დაიწყო:
მზიანი ამინდი იყო. ფრიალა, ყვავილებიანი კაბა მეცვა, თმები ნიავის გამო ამბურდვოდა და სახეზე უშნოდ მქონდა ჩამოყრილი. ყურსასმენებში ,,World in my eyes’’ იყო ჩართული და თითქოს რომანტიულ განწყობაზე დამაყენა. ტუჩებიც ავაყოლე სიმღერას და ვერც კი მივხვდი, ხმამაღლა რომ ვმღეროდი, თან ჩემი ფეხსაცმლის თასმებს ვუყურებდი, რომლებიც ერთ ფეხზე ყვითლად მიყურებდნენ, მეორეზე კი ლურჯად. ჩემმა ერთმა კლასელმა ამის გამო ,,პეპი გრძელიწინდა’’ შემარქვა. გამეღიმა და გარშემო მიმოვიხედე, თან ვმღეროდი: ,,I don’t wanna die, I wanna hundred years of life’’… შემდეგ ავტობუსის ნომრებს გავხედე, მაგრამ მოსვლით არცერთი არ იკლავდა თავს, ზოგს 23, ზოგს 24 წუთი ეწერა. ამიტომ ფეხით მისვლა გადავწყვიტე სახლამდე.
ჩემი კაბა ფრიალებდა, თმებიც არ მემორჩილებოდა, მე კი სულ არ მაინტერესებდა ეს ყველაფერი, ისე ღიმილიანად მივაბიჯებდი და აი ჩემი ,,მოხერხებულობის’’ საშუალებით ვიღაცას შევეჯახე, ყურსასმენებიც გამოვიყოლე ტელეფონიანად და ბორდიურზე ლამაზად დავეგდე.
შეშინებულმა თვალებში შევხედე და აი მანდ გამიჩერდა გული. ალბათ როგორი ბანალურია. შავი თვალები, რომლებიც ბრაზს იკავებდნენ, ჩემს გასალანძღად იყვნენ მომზადებულები. იცით რა გავაკეთე? ისე გავიქეცი, მემგონი გინესის რეკორდებში შევიდოდი. ხმამაღალი ხარხარიც გავიგონე და უფრო მოვუმატე სიჩქარეს. ჭიშკარში შევვარდი და მეც ხმამაღალი სიცილი დავიწყე. სიმართლე რომ გითხრათ ვერც კი მივხვდი ეს რატომ ვქენი.
ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როცა ტელეფონი ამღერდა და შავი თვალებიც გამოჩნდა. ალბათ გიკვირთ სულ თვალებზე რატომ ვამახვილებ ყურადღებას… იმიტომ, რომ როცა მათ ვუყურებ, ვხვდები, რომ ვუყვარვარ და ყოველი მისი ნათქვამი ,,მიყვარხარ’’ სიმართლეა. ალბათ ყველა ადამიანს ეტყობა, როცა გრძნობებში იტყუება, რადგან ადრე თუ გვიან მაინც მიხვდები, განსაკუთრებით თვალები მიგახვედრებენ ამას.
არ ვუპასუხე. რატომ არ ვუპასუხე არ ვიცი, ალბათ კამათის დროს წარმოდგენილი ,,მგონი არ მიყვარხარ’’-ის გამო. ნაღვლიანად გამეღიმა, გამახსენდა როგორ ვეჭიდებოდი წარმოსახვითი ხელებით მას. არ მინდოდა მისი გაშვება, მაგრამ მომიწია. ხომ იცით, რაც უცაბედად წამოცდება კამათის დროს ადამიანს, ჭეშმარიტი სიმართლეა. მწარე სიმართლე, მაგრამ ჭეშმარიტი. და ბოლოს მაინც რა არის სიყვარული? მხოლოდ ერთმანეთის გულის ტკენა? თუ დამალული ჭეშმარიტი სიმართლე?
ნატალია მათურელი.16 წლის. თბილისის მე-6 საჯარო სკოლა.