ნატალია მატურელი - და შემდეგ...
ნატალია მატურელი - და შემდეგ...

დაღამდა. გლოვის დღეების შემდეგ სახლში მყვირალა სიჩუმემ დაისადგურა. ნინის ბებო გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე. არ მეძინება, წინ თითქოს ფიქრის ძაფებით დაკემსილი ჩანთა მიდევს და თითოეულ ნაკერს ჩავკირკიტებ. ნინის ბებოზე ვფიქრობ. ისე უცებ მოხდა ყველაფერი, რომ გონს მოსვლა ვერ მოვასწარით ვერავინ. ასე მგონია, ცხოვრებამ საგზალი ყაჩაღივით წაგლიჯა საბრალო ქალს და თავიდან არასასურველი მოწმესავით მოიშორა. პირველად შევეჩეხე სიკვდილს ასე ახლოს და იცით  რა დამემართა? თითქოს სიშორე და სიახლოვე გათანაბრდა, ერთნაირი ფასი დაედო მოსვლასაც და მოუსვლელობასაც, დროსაც და უდროობასაც, ყოფნასაც და არყოფნასაც.

ეჰ, იყო და არა იყო რა…

სქელი ნისლივით შემომეხვია უცნაური ფიქრები. იცხოვრა კი მან ისე,როგორც სურდა , როგორც ნატრობდა თუ უკეთესის მოლოდინში შემოადნა წლები ხელში ? გარდაცვილილის შესახებ ხშირად უთქვამთ ,ბედნიერი იყო, ოჯახითა და შვილებით გახარებული. მე ამას არ ვგულისხმობ. დაბადება ხომ იქვე გულისხმობს გარდაცვალებას . მათ შორის ინტერვალი კი წუთისოფლის ბილიკებია, რომლებმაც ისევ ღმერთთან უნდა დაგვაბრუნონ. ჩემი აზრით , ბედნიერია ის, ვინც ამ ბილიკებზე კი არ იხეტიალა, არამედ გულსავსემ ლაღად იარა და საკუთარი თავი იპოვა. დიახ, ბედნიერია ის ადამიანი , რომელიც თავის ცხოვრებას აფასებს არა სხვათა სამსახურით, არამედ საკუთარი თავის პოვნით. სწორედ ასეთ დროსაა სიცოცხლე იმაზე ბევრად მეტი ვიდრე ყოფნა და არსებობა.

ფიქრებმა მიმართულება შეიცვალეს, ბუმერანგივით შემომიბრუნდნენ და საკუთარ თავზე დამაფიქრეს. აღმოვიჩინე, რომ ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში ვარ და თურმე ჯერ არასოდეს მიცხოვრია ისე , როგორც მსურდა, როგორც ვნატრობდი . რატომ ? მიზეზი ბევრია . მამით ობლობა , დედა ცხოვრების სახსრის მოსაძიებელ მარათონში ჩაბმული , უდედმამიშვილობა , ცხოვრების წესის უცოდინრობა , შიში იმისა რას იტყვის ხალხი და სხვა . შედეგიც სახეზეა : მტკივა წარსულიც და მტკივა აწმყოც . მომავალი კი ჯერჯერობით ბუნდოვანია, მხოლოდ სურვილებისა და ოცნებების დიდ თაიგულს ჰგავს, რომელთა ასასრულებად და მისაღწევადაც დიდი შრომა და ძალისხმევა დამჭირდება.  . მომავლის ბილიკებზე რაღაც ძალა და მოლოდინი მიმიძღვის წინ. ეს გზა მწვანე კვირტებითაა სავსე და როდესაც ისინი გაიშლებიან ნაირფრად მოხატავენ ჩემს ცხოვრებას. გონებაშ უამრავი ფიქრი მიტრიალებს, – რა მელის, რას ველი ? არ ვიცი . ჯერ-ჯერობით მხოლოდ იმას მივხვდი , რომ ყოველი ადამიანი მზესავით ერთადერთია ამ ქვეყანაზე. მეც ერთადერთი ვარ ჩემი სიმართლით, ოცნებებითა და იმედით…