12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იმ ნახატის ავტორს პირველად გავუსწორე თვალი, რომელსაც ახლა ვაკვირდები. არ მოვიტყუები, ამ წლების მანძილზე ამ მუზეუმს არაერთხელ ვეწვიე. არ ვიცი აქ რატომ მოვდივარ, ვერც ერთ ჯერზე ვიაზრებ რა ძალას მოვყავარ, თუმცა ერთადერთი რის სიღრმეში წვდომასაც ვცდილობ სწორედ ეს ნამუშევარია. ვუმზერ დაჟინებით და ვცდილობ მთელი სიმძაფრით შევიგრძნო ის, რასაც ზელდა გრინლი მისი ხატვისას გრძნობდა. 12 წელი მაშორებს იმ თვალბედით მოვლენებს, თუმცა დღესაც ნათლად მახსოვს ყოველი მისი ქმედება, სიტყვა, მისი ამოსუნთქვაც კი. ხშირად გამიგია, რომ ყოველი დეტექტივის ცხოვრებაში არსებობს საქმე, რომელიც მასზე წარუშლელ კვალს ტოვებს, საქმე, რომელიც სიცოცხლის ბოლო წამამდე გაახსენებს თავს. სწორედ ასეთი საქმე არის ესეც და ამ ნახატის ავტორი მისი მთავარი ანტაგონისტია.
დილის შვიდ საათზე მაცნობეს, რომ “ხელოვანი მკვლელი” დაბრუნდა ახალი მსხვერპლით და ახალი ნახატით. არ გამკვირდებია. ვიცოდი, რომ წინა კვირაში მომხდარი მკვლელობა, ხელწერიდან გამომდინარე ერთჯერადი ხასიათის არ იქნებოდა. ჩემი პირველი მკვლელობის საქმე იყო, თუმცა უამრავი მქონდა წაკითხული სხვა სერიულ მკვლელებზე, ამიტომ ბევრს ვფიქრობდი რა საერთო შეიძლება ჰქონოდა ამ უკანასკნელს ყველა იმ მკვლელთან, რომელზეც ოდესმე რამე გამეგო ან წამეკითხა. მიუხედავად ამისა, მისი კლასიფიცირება რაიმე კატეგორიის მკვლელად შეუძლებელი იყო. ამ ადამიანის მეთოდოლოგია და ე.წ. M.O (მოქმედების ხერხი) არც ერთ მის წინამორბედს ჰგავდა.
პირველი მკვლელობა მერილენდის ქალაქ ბალტიმორში ჩაიდინა. გვამის აღმოჩენამდე ორი დღით ადრე ანონიმურმა პირმა მერილენდის შტატის პოლიციაში ნახატი გააგზავნა, რომელზეც ახალგაზრდა ქალის გვამი იყო გამოსახული. ნახატს თან ახლდა წერილი, რომელიც იუწყებოდა, რომ ამ ქალის ვინაობას პოლიცია მალე შეიტყობდა. გვამი გამთენიისას აღმოაჩინა სამსახურში მიმავალმა მოქალაქემ. ექსპერტიზამ დაადგინდა, რომ მსხვერპლი დაახლოებით 3-5 დღის გარდაცვლილი იყო, რაც ნიშნავდა იმას, რომ ქუჩა, რომელზეც აღმოაჩინეს არ ყოფილა მკვლელობის ადგილი, არამედ იქ შემდეგ გადაიტანეს. ამ ქუჩამ ჩემი ყურადღება მაშინვე მიიპყრო, რადგან სწორედ მანდ იპოვნეს 1849 წლის 3 ოქტომბერს ედგარ ალან პო გარდაცვლილი. ცხედრის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა საკმაოდ შრომატევადი პროცესია, ამიტომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ადგილს სიმბოლური დატვირთვა უნდა ჰქონოდა.
მეორე მკვლელობა ვირჯინიის ქალაქ რიჩმონდში ჩაიდინა. მკვლელობის ადგილი ერთი შეხედვით არ იყო სიმბოლოებითა და მეტაფორებით აღსავსე, მაგრამ მეორე დღესვე ვირჯინიის სახვითი ხელოვნების მუზეუმმა ამანათი მიიღო ანონიმური პირისაგან, რომელზეც კვლავ გარდაცვლილი ადამიანის ბოლო წამები იყო აღბეჭდილი. ამჟამად ნახატს “მსხვერპლის პორტრეტი “ უწოდა. არანაირი თითის ანაბეჭდი, თმის პატარა ღერი ან კამერის ჩანაწერი. ისე მოქმედებდა, თითქოს ამას უკვე წლებია აკეთებსო.
მთელი დღეები მასზე ვფიქრობდი. რა უნდოდა, რატომ აკეთებდა ამას. საბოლოოდ კი მივხვდი, რომ ვერასდროს ჩავწვდებოდი მისი ქმედებების არსს, თუ ამას თავად არ მეტყოდა. გამოძიება კი ჩიხში იყო. იმ სამხილებზე დაყრდნობით, რომელთა მოპოვებაც შევძელით ხელჩასაჭიდს ვერაფერს მივაგნებდით, მაგრამ მესამე მკვლელობის შემდეგ 24 საათიც არ იყო გასული, როდესაც მერილენდის პოლიციას თავად ჩაბარდა.
მკვლელები, რომლებიც თავიანთი კეთილი ნებით ბარდებიან სამართალდამცავებს ძირითად შემთხვევაში “საკუთარი წილი ყურადღების” მიღება სურთ. თითქოს, მათთვის მკვლელობა არც ყოფილა უბრალოდ ადამიანის სიცოცხლის მოსწრაფებით სიამოვნების მიღების სურვილი. ისინი უბრალოდ თვლიან, რომ ვალდებულება აქვთ, რომელსაც მხოლოდ ამ გზით შეასრულებენ.
გავიგე, რომ ქალი ყოფილა, 24 წლის, ხელოვნების ისტორიაში ბაკალავრის ხარისხით. ძალიან ვნერვიულობდი. არ ვიცოდი როგორ უნდა წამომეწყო მასთან დიალოგი, ან საერთოდ რა უნდა მეკითხა? უკაცრავად, ხალხი რატომ მოკალით-თქო?
დაკითხვის ოთახში მელოდებოდა, როდესაც კარი შევაღე და შევაბიჯე. დღემდე მახსოვს, თუ რა აზრმა გამიელვა თავში პირველად რომ შევხედე – “ჩვეულებრივი ადამიანივით გამოიყურება”. არ ვიცი, რატომ ველოდებოდი გველეშაპს მის ადგილას, თუმცა კითხვა, რომელსაც ჩემი გონების ყოველი კუნჭული ჰქონდა მოცული, სწრაფადვე დავუსვი:
-ეს რატომ გააკეთე?-რაზეც ყველაზე უჩვეულო პასუხი მივიღე.
-რის მერე შეწყვიტა ხალხმა ხელოვნების ნიმუშში შესრულების უბადლო ტექნიკის, თვალწარმტაცი ფერთა გამისა და მომნუსხველი ატმოსფეროს შეფასება? ვერ გეტყვით! ალბათ, მას სემდეგ, რაც ყველაფრის მიღმა რეალობის ანარეკლის ძიებას შეუდგნენ. ფერები, ფორმები და იდეალური ხაზები არც ისე დიდ ხანს დაატერორებს თქვენს გონებას, არც ისე დიდ ხანს ჩააგდებს საგონებელში. რაც უფრო იდეალურია ნამუშევარი, მით ნაკლებ კითხვას ბადებს ჩვენში, თუმც რაც მეტია უპასუხოდ განწირული კითხვა, მით უფრო დიდ შთაბეჭდილებას გვიტოვებს, მით მეტად ვაფასებთ მას. ვთვლით, რომ ავტორი იმდენად დიდებულია, რომ ჩვენ მას ვერ ვუგებთ, ხოლო რისი გაგებაც აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს, იმას გადამეტებულად ვაფასებთ. ეჭვიც კი არ გვეპარება იმაში, რომ რეალურად შეიძლება იაფფასიანი ნაგავი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ყველა საოცრად თვითკმაყოფილია საკუთარი შესაძლებლობებით, გულის სიღრმეში ვიცით, რომ ამით ერთმანეთს მხოლოდ ვასულელებთ. სწორედ ამიტომ, ჩვენდაუნებურად ძალიან დაბალი თვითშეფასება გვიყალიბდება, ჩვენივე ცხოვრების სტილიდან გამომდინარე და გვგონია, რომ რასაც ან ვისაც ვერ ვუგებთ, საკუთარ თავს ვერ ვადარებთ, უდავო გენიაა. ჩვენ კი ყველას ყველაზე მეტად სისხლი, ძალადობა და მისტიური, ცხოვრებისაგან განადგურებული მოძალადეები გვიტაცებს. გადახედეთ ნებისმიერი მკვლელის საქმეს, როგორი გაგეშებით ცდილობს ხალხიც და მედიაც მათ წარსულში რაიმე ბნელ, მიუვალ, სევდიან ისტორიას მიაკვლიონ. ერთი მხრივ, ალბათ იმიტომ, რომ გულის სიღრმეში სურვილი ახრჩობთ გამოტყდნენ, თუ როგორ იზიდავთ აგრესიული მკვლელი. მძიმე ბავშვობა და სევდიანი წარსული კი მხოლოდ მიზეზია, რომ მათ მიმართ დადებითი ემოციის გამოხატვა სახალხოდაც შეძლონ. მეორე მხრივ კი ადამიანები შებყრობილები არიან ყველა მოვლენისათვის ახსნის გამოძებნით. მათ არ შეუძლიათ დაიჯერონ ის, რომ ყოველი გენიალური ნამუშევრისა და ქმნილების მიღმა არა ტვინის განსხვავებული სტრუქტურული აგებულება, არამედ თავდადევა, შრომა და საქმისადმი სიყვარულია. იგივე ეხება მკვლელებსაც. არ გვინდა იმის დაჯერება, რომ მკვლელობა არის გაცნობიერებული ან გაუთვიცნობიერებელი ქმედება, როდესაც ერთი ინდივიდის გაბრაზება, აღშფოთება ან მოზღვავებული იმპულსები მეორე ინდივიდის სიცოცხლის მოსწრაფებას იწვევს! არა! ეს ხალხისათვის არის მეტად კომპლექსური მოვლენა, რის მიღმაც იმალება მკვლელის დათრგუნული შემოქმედებითი ბუნება, საზოგადოების წნეხი მასზე, ჩაგვრა, მძიმე ცხოვრება, პიროვნული აშლილობები და სხვა მრავალი ტრენდული ფსიქოლოგიური ტერმინი. კულტურის ზეგავლენით მკვლელობაც ხელოვნებად იქცა. სწავლობენ “მკვლელის ფსიქოლოგიას”, მათზე წერენ წიგნებს და იღებენ ფილმებს. ვითომ ტანჯული ადამიანის მიერ გადადგმული უკიდურესი ნაბიჯიც, რომელიც სხვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს პოეტურ სამართლიანობად, გასაოცარ ფენომენად და შესწავლის ობიექტად იქცა. თუმცა, რომ არა ადამიანის სურვილი ყველაფერს ახსნა მოუძებნოს, ალბათ არ იარსებებდა მეცნიერება, მედიცინა, ფილოსოფია და უამრავი სხვა რამ…ეს ერთგვარი ინსტიქტია, რომელმაც ცივილიზაციები ააღორძინა, ირონიულიც კი არის, რომ აღორძინების პიკში სწორედ ეს ინსტიქტი იქნება ყოველივე უბედურების მომასწავებელი. ის ემოციური ლტოლვა, რაც ადამიანებს ძალადობისა და მკვლელობის მიმართ აქვთ სულ სხვა რამ არის! ეს ერთგვარად ძალადობის მოტრფიალეს მოძალადისაგან მიჯნავს. ეს არის “დამამტკიცებელი საბუთი” იმისა, რომ იგი არ არის ძალადობისაკენ მიდრეკილი, მეტიც ის ამის მიზეზებს სწავლობს! მკვლელობა ეს ხომ ასე რთულად შესასწავლი რამ არის, განა ყველას შეუძლია მკვლელს გაუგოს?! მკვლელები ხომ ეს მისტიური,მრავალტანჯული,შესაშური გონიერებისა და გამჭრიახობის მეპატრონენი არიან. მედია ასეთებად ყიდის მკვლელებს იმიტომ, რომ ხალხს ასეთად სურს მათი ყიდვა. ისინი ყოველი ჩვენთაგანის ღრმა,შეუვალ, ამოუცნობ ფიქრებს წარმოადგენენ, ყოველი ადამიანის შეუმდგარ ალტერ ეგოს. ის ფსიქოლოგიური, თუ როგორც ამბობენ შინაგანი ფონი კი, როგორადაც მათ “ვყიდულობთ” სწორედ ჩვენი ხელოვნურად წახალისებული ეგოა. სამყაროს საიდუმლოდ უყვარს მკვლელები! არ აქვს მნიშვნელობა რისი, თუმცა თუ რამის ფართო მასებში გატანა, სახელის მოხვეჭა და გაყიდვა გინდა, რაიმე სახით, თუნდაც ერთი შეხედვით ირაციონალურად, ალოგიკურად, საღ აზრს მოკლებულად ძალადობას, სისხლს და მკვლელობას უნდა დაუკავშირო. სხვა არაფერი იქცევს ამ დიდებული ქმნილებების – ადამიანების ყურადღებას ასე ეფექტურად, ასე ბაარქიანად, ვერაფერი აღძრავს მათში ესოდენ დიდ ინტერესს როგორც უბედური, მოძალადე ინდივიდი. სხვა ვერაფერი მოიპოვებს იმხელა აღიარებას, როგორც ჩაგრული და გაუბედურებული აგრესორი. სწორედ ამიტომ მე ამ დიდებული ქვეყნის ისტორიის ფურცლებში ჩავეწერები, როგორც შესაშურად ნიჭიერი, თუმცა მძიმე წარსულის მქონე, საცოდავი ადამიანი, რომელიც ხალხმა თავის დროზე ვერ დააფასა. ხელოვანი, რომელიც საკუთარი მსხვერპლების ბოლო ამოსუნთქვას ხატავდა! არ არსებობს არაფერი სხვა, რაც უფრო დიადად მოეჩვენებათ და აღიარებენ. შემოქმედება, რომელსაც ახსნა არ მოეძებნება აღარ არის საინტერესო. ერთადერთი ახსნა კი უკვე დიდი ხანია გახდა ძალადობა.