მარიო ვარგას ლიოსას 90-იანი წლები
მარიო ვარგას ლიოსას 90-იანი წლები

ყველა ქვეყანას თავისი ოთხმოცდაათიანი წლები აქვს. ჩვენთვის თუ ოთხმოცდაათიანი წლები უშუქობასთან არის დაკავშირებული, პერუელებისთვის მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეული ტერორთან, დაშინებასთან, დაცინვასთან და დასმენასთანაა დაკავშირებული. წარმოიდგინეთ წლები, როცა პერუს დიქტატორი ფუხიმორი მართავს, ქალაქში დაწესებულია კომენდატის საათი, ადამიანებს  აშანტაჟებენ, იტაცებენ და ყველა შიშში ცხოვრობს.

სწორედ ასეთი გარემო აღწერა თავის ბოლო რომანში, „ხუთ კუთხეში“ მარიო ვარგას ლიოსამ. მთავარი პერსონაჟები პერუს მაღალი საზოგადოებიდან არიან და სწორედ მათი ცხოვრების აღწერით იწყება წიგნი. ცნობილ ინჟინერს, კიკეს ჟურნალისტი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დაემუქრება და სწორედ აქედან იწყება ამბავი იმისა, თუ როგორ შეიძლება დაინგრეს ადამიანების ცხოვრება, როგორ შეიძლება გაანადგუროს მახინჯმა მმართველობამ ადამიანები და სადამდე შეიძლება მიიყვანოს ბოროტებამ ისინი.

ლიოსას რომანი ისევ და ისევ გვიყვება, თუ რამხელა ძალა აქვს სიყვარულს, რომ ამ სიბინძურეშიც და სიმყრალეშიც შეიძლება იპოვო დიდი სიყვარული და თავი შეაფარო მას. ასე რომ, თუ მოგენატრათ დიდი ავტორების რომანების კითხვა, სადაც ნაჩვენებია ადამიანების ყველაზე მთავარი შიშები, ნაჩვენებია მათი ყველაზე ბნელი მხარეები გადაშალეთ „ხუთი კითხე“ და ისიამოვნეთ, მითუმეტეს როცა, ადამიანების შანტაჟი, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და მსგავსი ტერორი არც ჩვენი ქვეყნისთვისაა მაინცდამაინც უცხო.