მაქსიმე დავრჩიაშვილი - 16/08/16
მაქსიმე დავრჩიაშვილი - 16/08/16

შენზე ფიქრი მყავს კარის მეზობლად.
თვეში ერთხელ რომ გავახსენდები
და ვადაგასულ ბამბანერკას მომართმევს
ყალბი ღიმილით.
გავახსენდები შენზე ფიქრს და სანაცვლოდ ითხოვს ჩემგან მოწყენას.
იმ სიმღერას ჰგავს, რომ აგატირებს, მაგრამ ვერ იგებ მის უცხო ენას.
ისევ მატყუებს შენი თვალები,
როგორც ერიკმა მოატყუა ახალი მიწა,
როცა უბრძანა: დაე გერქვას, შენ – გრენლანდია.
შენი თვალებიც – თითქოს და მწვანე,
ერთი ნახვით რომ მომაჯადოვა,
ყოფილა ცივი. მასაც ყველაფრის გაქვავება და მოკვლა სწადია.
შენზე ფიქრს მოაქვს იმ დროის ლანდი,
შენი თმა ჩემს მხარზე რომ იღვრებოდა ჩანჩქერად.
ვცეკვავდით ტანგოს.
ჩემი სისხლი თავს გრძონდა ხან ოკეანედ, ხან ნიაგარად,
დრომ ეს წუთებიც გაბოროტებით, სიცარიელის ცეცხლს მიაბარა.
კვლავ თავს მაბეზრებს შენზე ფიქრები, მაგრამ არ მინდა, ჩემგან წავიდეს.
ნეტავ შენი ხმის დასავიწყებლად, კიდევ რა ხანი უნდა გავიდეს.
ღამით, რომ დგება ჟამი მშვიდობის,
ამ აბეზარ ფიქრს ცრემლით ვაცილებ.
როგორც ტერენტიმ, ასე ღიმილი,
უწინ – ამ დღემდე არც მე ვიცოდი.
ვცდილობ, თუმც ცრემლებს ეს ღიმილი ვერ აბათილებს.
და ჩემი ლოყა ემსგავსება რუსთველის გამზირს,
სადაც ცრემლები მართავენ აქციას.
და თითოეული ცრემლი მთავაზობს
პროტესტის სხვადასხვა ვარიაციას.
თვალს ვხუჭავ.
ვითვლი შენამდე მანძილს.
ვითვლი ცრემლებსაც და ვამრავლებ სანტიმეტრებზე.
ვიღებ უსასრულობას.