მანჩო სიდამონიძე - და, სათაური?!
მანჩო სიდამონიძე - და, სათაური?!

ვზივარ.. ბევრი ხალხია. ვფიქრობ, ვერ გავუძლებ და გავიქცევი. აღარ შემიძლია! სახლში, საბეჭდ მანქანასთან ჯდომა და თითების ტყუილად ტკაპუნი მინდა. ზუსტად ვიცი, არაფერს დავწერ განსაკუთრებულს, მაგრამ აქაურობას მაინც მირჩევნია. წიგნი წამოვიღე, იქნებ კითხვით მაინც გავიყვანო დროთქო. მგონი გამომდის. კბილის ექიმთან ცოცხალი რიგია. დღის 12 საათიდან რომ მოხვიდე, მაინც ბოლო შეხვალ. ზოგს ეშინია და დროს წელავს (როგორც მე). ჰგონიათ, რომ ყველა ცუდი გრძნობა გადაუვლით და მერე შეაღწევენ კაბინეტში , მაგრამ ტყუილია! ისინი, როგორც ყველა, თავს რაღაცით იტყუებენ.. სირცხვილია ასეთი ამოუხსნელი საქციელი!

ყველას რაღაცის ეშინია. ყველა გაურბის ტკივილს. მისგან თავის დაღწევა ადამიანების ყოველდღიური საზრუნავია…

 

საათს დავხედე. ჯერ დღის პირველია. დღეს საქმე არ მაქვს. სამსახურიდან უფროსს დავეთხოვე. ბევრ ტკბილეულს არ ვჭამ და ეს კბილი რამ ამატკია, ვერ ვხვდები. ყოველ წამს კარი იღება და უცხო ადამიანები შემოდიან. მგონია, ისინი ჩემს ცხოვრებაში, მყუდრო გარემოში იჭრებან, როგორც დაუპატიჟებელი სტუმრები. მათი დანახვა არ მსიამოვნებს. ზუსტად ვიცი, ყველაზე ბოლოს დამიძახებს ექიმი და კაბინეტშიც გადაღლილი შევალ, თითქოს მთელი 28 წელი აქ გამეტარებინოს…

 

წიგნმა ჩამითრია. დაგაინტერესდათ რას ვკითხულობ? კარგით, გაგიმხელთ. ეს დავით გაბუნიას ,,დაშლაა’’. სასწაულად დამშლელი წიგნია. ვკითხულობ, ვკითხულობ და მგონია, რომ თითოეული ჩემი ორგანო მიმოფანტულია. ტვინი ცალკე გდია, კუჭი ცალკე, აი გული კი…

 

გული ჩემი სუსტი წერტილია. საოცარ და ამავდროულად იაფფასიან ორგანოს წარმოადგენს.. ეს ბოლო გასაკვირი იქნება უმრავლესობისთვის, მაგრამ დამიჯერეთ, ყველა ცდილობს ცხოვრებაში იმას, რომ ერთ ადამიანს მაინც ატკინოს გული. თითქოს ამით ისინი საზრდოობენ, სწორედ ესაა მათთვის საარსებო წყარო.  მეც ბევრჯერ ვყოფილვარ ეს ,,ერთი ადამიანი’’. განსაკუთრებულად კი ეს ვიგრძენი 20 წლის ასაკში. როგორ კარგად მახსოვს ყველაფერი…

 

2010 წლის ერთი ,,მშვენიერი’’ და გამორჩეული დილა. ჩიტები ჭიკჭიკს არ წყვეტენ. ძაღლებიც ყეფენ. მანქანები ბუღს აყენებენ ქუჩაში. ყვავილები ჭკნებიან, რადგან წყალს არავინ უსხავს. იქნებ წვიმამ მაინც უშველოს, მაგრამ  ჯერ არ აპირებს წამოსვლას. ხეები.. სადღაა  ხეები და სუფთა ჰაერი. აქაურობა შენობებითაა სავსე. ასეთი დიდი და მცხუნვარე მზე ბოლოს 38 წლის ასაკში ვნახეო, ამბობს 88 წლის ბებიაჩემი. ამბობს რა, ჩლიფინებს და მე ვხვდები. მგონია, რომ მისი მხოლოდ მე მესმის…

 

მოკლედ, გარეთ გადავწყვიტე გასვლა. მომინდა ამ ,,მშვენიერი’’ დღის მონაწილე ვყოფილიყავი. ჯინსის შარვალი და წითელი ზედა ჩავიცვი. ჩანთა, მობილური და წიგნი ავიღე. ამ დროს მარგარეტ ეტვუდის ,,ბრმა მკვლელს’’ ვკითხულობდი. ბოლოს ეს წავიკითხე: ,,ღმერთო რა თავისუფლად სუნთქავს ადამიანი, როცა იცის, რომ მის ქვეყანაში სიტყვის სრული თავისუფლებაა!‘’  გაგრძელება მინდოდა და ჩემი გარეთ გასვლის მიზეზიც ეს იყო. სახლში ვერ ვკითხულობ ხოლმე და თან ბალახზე წოლასაც ძალიან მივეჩვიე.

 

მოვწესრიგდი და ბებოს დავუძახე:

-ბებიი,  გავისეირნებ და მალე მოვალ.

ბებომ ხმა არ გამცა. ვიფიქრე, მაგის სიკვდილი ჯერ ადრეათქო და შევანჯღრიე. თვალები გაახილა და წაიფრუტუნა:

– ბებო გენაცვალოს, რამე გინდოდა? რას გამაღვიძე?

დამშვიდებულმა ვუპასუხე:

– ბებო! შენი კარგად ყოფნის მეტი რა უნდა მინდოდეს?!  გავალ და მალე მოვალ.

ფრთხილად იყავიო მითხრა და ისევ ჩაეძინა. კარები გასაღებით ჩავრაზე და კიბეებზე ჩემებურად ჩავქანდი.

 

დილის 10 საათი ხდება. ადამიანები ერთმანეთში ირევიან, თითქოს ატომის ბირთვის გარშემო მოძრავი ელექტრონები იყვნენ. რატომ უარყოფითად დამუხტული ნაწილაკები? იმიტომ, რომ ჩემ გარდა არავის აქვს სახეზე ღიმილი!

მივქრივარ, მივრბივარ სირაქლემასავით. დედა რომ მხედავდეს, ჩუმად, მაგრამ მკაცრად მეტყოდა : ცოტა პატარა ნაბიჯებით იარე, დედი!

 

ყველა მე მიყურებს.. არაა, მეჩვენება.. ვაა, არადა მართლა მიყურებენ. თვალები დაბლა დავხარე და ნაბიჯები უფრო გავზარდე. ავტობუსის გაჩერებაზე ძლივს მივქანდი. ცოტა ხალხია. დღეს ხომ პარასკევია, დავიჯერო ყველა ისვენებს? არაა, არამგონია. ეკრანს ავხედე. N51 – 01 წუთში მოვაო. ესენიც მაგრად იტყუებიან რა. ზუსრტად ვიცი, 15 წუთი აქ მომიწევს ყურყუტი. გადავწყვიტე დავლოდებოდი, რადგან ერთი ადამიანის ყურებით გავერთე…

მაშინვე ბებიაჩემის სიტყვები გამახსენდა, სულ ამას მიმეორებს – ბებო გენაცვალოს, ავტობუსით არ იარო, ბოლო-ბოლო ახალგაზრდა, სტუდენტი გოგო ხარ, არ გეკადრებაო.

ხო, უნივერსიტეტში ვსწავლობ. მომავალი ექიმი ვეზრდები სამშობლოს…

 

უჰჰ, ძლივს არ მოვიდა! ავედი, ბარათის მეშვეობით სამგზავრო ბილეთი ავიღე და რა თქმა უნდა ფეხზე დავრჩი. არასდროს არ ვჯდები, თუ არ გამიჭირდა. ის ადამიანიც ამავე ავტობუსში ამოვიდა და გვერდით დამიდგა…

მოკლედ,მივადექი ,,კუთვნილ ადგილს’’. აბა თუ გამოიცნობთ  რას ვხედავ? –  გოგო და ბიჭი არ გაშოტილან, გეგონება მეტი ადგილი არ იყოს. მომეშალა ნერვები. არადა რა მყუდრო გარემოა. პატარა მდელოა და შუაში ერთი დიდი ხეა,თავისი ვეებებერთელა ჩრდილით. აქ არავინ მოდის და სწორედ ამიტომ მიყვარს.

 

მხოლოდ ჩვენ სამნი ვართ.  მე აქაურობის დათმობას არ ვაპირებდი და მივედი. ამ ორმა ამომხედა და მეც ჩემი სფიჩი დავიწყე:

-გამარჯობა. როგორც ჩანს ჩემი ადგილი დაგიკავებიათ. მე ვერ აგაგდებთ, მაგრამ იქნებ ასე შევთანხმდეთ, ხის მეორე მხარეს მე დავჯდები და წიგნს წავიკითხხავ, იმედია არ შემიშლით ხელს.

ორივე ერთდროულად მომესალმა და  გოგომ მიპასუხა:

-არ არის პრობლემა, დიდი ბოდიში და შეგიძლია დაჯდე.

 

ბიჭი მაშინვე ვიცანი, მაგრამ არ შემიმჩნევია. მე დიდი მადლობა გადავუხადე, თბილად გავუღიმე და ხის მეორე მხარეს დავჯექი. ჩანთა გავშალე და ქექვა დავიწყე. იეს! გამიხარდა! დღიური ისევ აქ მეგდო. ამოვიღე და  წერა დავიწყე. ვწერ, ვწერ, ვწერ. არ ვჩერდები. ამდენი ცხოვრებაში არ მიწერია. რას ვწერდი? ეეჰ… საერთოდ არ მახსოვს რა დავწერე. შეიძლება ამ წყვილზე ვწერდი… ერთი სიტყვა მახსოვს-  შემიყვარდა! კი მარა ვინ?- აზრზე არ ვარ.

 

მე შემიყვარდა ის ადამიანი, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე იდგა. უი, ამაზე არ მომიყოლია? არაუშავს, ახლა დავიწყებ. ჯერ მაინც ადრეა კაბინეტში შესვლამდე.

 

დავინახე თუ არა – შემიყვარდა! მიყვარს ხალხო, მიყვარს! მთელი 20 წლის მანძილზე პირველად… როგორი გრძნობაა ეს? საშინლად კარგი!  მას ყოველ დილით ვხედავდი და რიტუალს არ ვარღვევდით, ყოველთვის თბილად ვესალმებოდით ერთმანეთს (კაი ნაცნობებივით). დღესაც ეკეთა პეიჯერი. დიახ, დიახ სახელიც ეწერა და გვარიც. ვიცანი სადაც მუშაობდა -ყვავილების მაღაზიაში. მაშინვე ვიფიქრე, აქ ვიდგები და დაველოდები ავტობუსს, ამას არ მივატოვებთქო. ცისფერი თვალები, მოყავისფრო თმები და წარბები, გრძელი წამწამები (ეს არასოდეს მიეცემა დავიწყებას). შემომხედა, კვლავ იგრძნო ჩემი დაჟინებული მზერა, მე მაშინვე თავი ჩავხარე. წიგნი ამოვიღე და კითხვა გავნაგრძე. არაფერი ჩადიოდა ტვინში. ყველა სიტყვა გაუგებარი გახდა. ვგრძნობ, რომ  მიყურებს. მე არ მინდა წიგნიდან თავის დაღწევა, რადგან ზუსტად ვიცი, მას შევხედავ. მანაც ამოიღო წიგნი, გადაშალა. დღეს სხვა ნაწარმოებს კითხულობდა. მაშინვე წინ გადავდგი ნაბიჯი. პირველ რიგში დამაინტერესდა სად იყო გაჩერებული. გვ. 122 დავინახე და გამეცინა, რადგან ამონარიდი გამახსენდა:

,,- რატომ აღარ გყავს მეგობრები?

-გაფუჭდნენ. არც მიფიქრია, ვარგისიანობის ვადა თუ ჰქონდათ… ერთ დღესაც ჩემს საუკეთესო მეგობრებს თითქოს ობი მოეკიდათ…“ ა.შ და ა.შ.

 

მეგობრები აღარ მყავს. ვისაც კი ახლოს ვუშვებდი, ყველა მღალატობდა, მიყენებდა და ბოლოს აღარავის ვახსოვდი. დედ-მამა საზღვარგარეთ არიან, და კიდევ გათხოვილია, ქმარ-შვილთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს. ბებიაჩემიღა დამრჩა. ძალიან მიყვარს ბებიკო. ამას არ ვაგრძნობინებ ხოლმე ისე ხშირად და სულ მეჩხუბება, ჰგონია არ მაინტერესებს, მაგრამ ეს ასე არაა.

 

მოკლედ, იგრძნო ჩემი დაინტერესება და გამომელაპარაკა- ძალიან მომწონს ეს წიგნიო. მე  გავუღიმე. თვითონ გაოგნებულმა შეხედა უშველებელ წიგნს, რომელიც ჩემს ორივე მკლავს ფარავდა. მე ყდა ვაჩვენე. ავტობუსიც მოვიდა…

 

აქ მხოლოდ სიჩუმე ხმაურობს. ყველა რაღაცას აკეთებს. ზოგი კითხულობს, ზოგი მობილურშია ჩამძვრალი, ზოგიც ფიქრობს, ანდაც საკუთარ დამპალ ცხოვრებას აგინებს.

მალევე მოვიდა ჩემი გაჩერებაც. როდესაც წინ წავედი, ვიგრძენი, რომ ისიც გამომყვა. ხელზე შემეხო და მკითხა:

-აქ ჩადიხარ?

დიდი სიამოვნებით ვუპასუხე:

-კი.

-უი რა დამთხვევაა, მეც.

ზუსტად პირველად დაემთხვა ჩვენი გაჩერებები ერთმანეთს. ხშირ შემთხვევაში ან მე ჩავდიოდი პირველი, ან ის.

ავტობუსი გაჩერდა. კარი გაიღო. მხოლოდ ორი ადამიანი გამოვაკლდით დადუმებულ, ქაოსურ ბრბოს.

 

მივდივართ. ერთი გზა გვქონდა. უეცრად გაჩერდა,ტუჩებში მაკოცა, თბილად შემომეხვია,

მიყვარხარ, ხვალ ისევ შევხვდებითო – მითხრა და დამემშვიდობა.

ვერაფერი მოვტვინე. ნაბიჯებს აუჩქარა და სადღაც შეუხვია. გაშეშებული ვიდექი. რანაირად

შემიყვარდა ასე უცებ, ვერ მივხვდი (მაგრამ რაღა უცებ, ზუსტად 98-ე დღეა ჩვენი პირველი

შეხვედრიდან გასული).  დავგეგმე, ხვალ იმ მაღაზიაში წავალ, სადაც

მუშაობსთქო. გავნაგრძე გზა. მივადექი კუთვნილ ადგილს (ვეებერთელა ხეს)…

 

ის არის! იმ გოგოსთან ერთად. ჩემს უკან ის ზის. გული მეტკინა.

როგორ მინდა ავდგე და ვუთხრა რა რეგვენიცაა, გოგოსთან დავამცირო. ვნერვიულობ.

მგონია, შეცდომას დავუშვებ. რომელიღაც ქართულ წიგნში ეწერა – ძლიერი ქალების

შესახებ. ეს გამახსენდა თუ არა -ავდექი, მივბრუნდი და ყველაფერი დეტალებში მოვყევი.

თავიდან ბიჭმა ყველაფერი უარყო და გიჟი მიწოდა, აი  გოგო კი წამოხტა და ბიჭს სილა

გააწნა, სახეში შეაფურთხა, ნივთებს ერთად მოუყარა თავი და წავიდა. (ქალებს

ერთმანეთის გვესმის!). მეც ზურგი შევაქციე ბიჭს, ჩემი ცხოვრების პირველ და არაჭეშმარიტ

სიყვარულს.

მის დასანახად იმავე გზიდან წავედი. უკან არ მივბრუნებულვარ. არ

მინდოდა ტკივილი ახლიდან მეგრძნო, რადგან ისევ მტკიოდა. ფეხით მივდიოდი.

ძლიერი ქალი მაგ დღიდან გავხდი…

 

სახლში დავბრუნდი. ჩემი ბებიკო ტელევზორს უყურებდა. მაგრად ჩავეხუტე და ვაკოცე.

ვუთხარი რომ ძალიან, ძალიან მიყვარდა. ბებიამ ზუსტად იგივე გამიმეორა და ვიგრძენი,

რომ ესიამოვნა.

ჩანთა გავხსენი, დღიური ამოვიღე და დავწვი. დიახ, მე ეს გავაკეთე! ამ წამამდე ვერ

ვხვდებოდი, თუ რატომ მიმართავდნენ ადამიანები ამ მეთოდს. ახლა ყველაფერი გასაგებია.

შენ ამით თავს იტყუებ, გგონია, რომ ყველაფერს დაივიწყებ. ფურცლების განადგურებას

დიდი სიამოვნებით უყურებ. ფიქრობ, რომ გონებიდანაც გაქრება წარსული. ნეტა ყველაფერი

ასეთი ადვილი იყოს!..

 

იმ დღიდან ჩემი დევიზი ასე ჟღერს: I am going to make a very beautiful life for myself no metter what it takes. შემიპყრო იმის სურვილმა, რომ გამეგო თუ სად არის ჩემი შესაძლებლობების ზღვარი.

-გოგონა, გეძახიან! გოგონა! გოგონა, თქვენ გეძახიან!

-უი, დიდი ბოდიში.  მადლობა.

შევედი კაბინეტში. რომელი საათია? ზუსტად 22:18.

ესეც სტომატოლოგის მოსაცდელ რიგში მოთხრობილი ერთი, არც თუ ისე  ჩვეულებრივი ამბავი.