თუ დედამიწის იმ წერტილში ცხოვრობ, სადაც ყოველ დღე სიკვდილის შიშით არ იღვიძებ, მაშინ ბედნიერი ყოფილხარ.
იქ კი, სადაც ბედნიერება არ იციან რა არის, ყოველ ღამით რთავენ რადიოს, ჭრიან ერთ ხმელა პურს მრავალ ნაწილად. შემდეგ კი ლუკმა-ლუკმა მიირთმევენ და თან ამბებს ისმენენ, რომელიც სპეციალურად მათთვის არის შეთხზული, მაგრამ ისე, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნონ. მხოლოდ მანამდე სანამ ეს აწყობთ.
პირველი ბომბი შუაღამისას მოსწყდა თვითმფრინავის ძირს და მიწისკენ დაიწყო ფრენა. ამასობაში მიჩუმებული რადიო აშიშინდა და იქიდან დიქტორმა მჭახე, მაგრამ საშინლად გარკვეული სიტყვები წარმოსთქვა, რომელმაც მსმენელთა გულები ერთ ადგილას გაყინა, ხოლო სხეული კი დიდ და ქაოსურ ფაციფუცში ჩართო, რომელიც სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით სიკვდილ სიცოცხლის საკითხს წყვეტდა.
პირველი ბომბი მძიმედ შეასკდა დედამიწას, შემდეგ იფეთქა. ცეცხლის და ჰაერის ნაკადმა კი ყველაფერი მახლობელი მიწას გაართხა.
უწინ დიდებით მოსილი სახლი, ახლა , რომ ძველის აღარაფერი შერჩენოდა, ალბათ ოც ადამიანს მაინც იფარებდა. მათგან კი არცერთმა იცოდა, როგორ და რატომ, მაგრამ ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ გადარჩენისათვის კითხვის დასმა საჭიროზე მეტად არახელსაყრელი იყო.
მერედა რატომაც არა…ახლა მეორე ბომბდამშენიდან ეშვებოდა შავით მოსილი მეტალის კონსტრუქცია და სულ უფრო უახლოვდებოდა უწინ დიდებით მოსილ სახლს, რომელიც ახლა ოც ადამიანს, ოც ცოცხალ არსებას, რვა ბავშვს, ცხრა ქალს და სამ კაცს იფარებდა.
ეშვებოდა და გამბული წუილით ამცნობდა ბინადართ, რომ ქაოსური ფაციფუცი უშედეგო იყო. ისინი მალე უბედურების მიზეზს შეხვდებოდნენ.
ბომბი გასკდა. ჩაანგრია ჯერ სახურავი შემდეგ იატაკი და ბოლოს სარდაფში გრილად მოკალათებული ცეცხლის ვეშაპად იქცა. თავი წამოყო, ხახა დააღო და ყველაფერი შთანთქა. ყველა შთანთქა. გარდა ერთისა…
ჯერ კიდევ ბავშვი, გოგონა თუნდაც, შეუჩერებლად გარბოდა ქუჩაში. უკან მოტოვებული დედა და თბილი სახლი გულის რაღაც ნაწილს მწვავედ უთრთოლებდა.
ხან შედგებიდა და მობრუნებას განიზრახავდა, ხანაც გარბოდა და თავს იმით იმშვიდებდა, რომ სხვებიც მალე წამოეწეოდნენ, მაგრამ ცდებოდა.
ძლიერმა ბიძგმა მიწა შეაზანზარა. უკან კი ცეცხლის ალები ამოიწვერა და უხეშად დაუწყო ჯერ კიდევ ახალი წვიმისგან დამბალ მიწას ლოკვა. ჰაერის ნაკადმა გამოანგრია წარსული დიდების მქონე სახლის კედლები, გოგონას მხრებში წვდა და მიწაზე აფორთხიალა.
ზმანება ისეთი ხელშესახები, ლამაზი და უხიფათო იყო, რომ მნახველს მისი დაუფლების სურვილით შეიპყრობდა. იმ ადამიანის ოცნება კი, ვისთვისაც ცხოვრებას ბევრი არაფერი უბოძებია, მოკრძალებული, მაგრამ ყველაზე წმინდაა. ოცნებები კი ხშირად ოცნებებად რჩება. თუნდაც გულით გინდოდეს რაღაც, თუ ამის მისაღწევად ვიღაც წინ გეღობება უბრალოდ მცდელობაც კი არაფერს ცვლის მთავარი გამართლებაა. იმ გოგონას კი, რომელიც ახლა ნანგრევებს შორის გართხმული იყო მტვერადენილ მიწაზე, ყველაზე მოკრძალებული რამ სურდა და ეს სიცოცხლის წყურვილი იყო. სიცოცხლის, რომელიც მშობლებთან ერთად უნდოდა გაეარა, მაგრამ რა იცოდა, რომ მათ გარეშედაც შეძლებდა…
შემდეგ კი მზის მწველმა სხივებმა გააღვიძა. სახეზე სისხლი სდიოდა. ხელები და მუხლები გადატყაული ჰქონდა, მაგრამ სრულებით არ ტკიოდა. არაფერი ტკიოდა გარდა ერთისა…ღმერთის უმოწყალობა. ეს აფიქრებდა, როცა ირგვლივ იყურებოდა, როცა მოტირალ დედებს, მომაკვდავ შვილებს და მკვდარ მამებს უყურებდა.
ამ დროს ერთი ორად გაიზარდა ის ვარდისფერი სათვალე მოიხსნა ყმაწვილ-ქალური “ბრმა სარწმუნოება” გაქრა და ბავშვიდან პიროვნებად გარდაიიქმნა.
შემდეგ ვიღაცამ წყალი მიაწოდა, ვიღაცამ დაბანა და საფენები დაადო, ვიღაცამ ანუგეშა, ვიღაცამ აჭამა და ჩააცვა, ფოტო გადაუღო თითქო ლოყაზე კოცნიდა,თითქოს ეფერებოდა, მშვიდობას შეწირულოო ასე მიმართა ბოლოს კი წავიდა. გოგონა დარჩა. დარჩა დიდებით მოსილი ახლა უკვე მიწასთან გასწორებული სახლის ნანგრევებში, სადაც ჩაიმარხა დედამისი, სადაც ჩაიმარხა მისი ოცნებები და მომავალი. სადაც გაიხსნა შეხვეული ჭრილობები და გაუმრთელებელი გულიდან სისხლმა იწყო ჟონვა. კიდევ რადიოც ჩაიმარხა, რომელიც ადრე, ისიც ხანდახან აშიშინდებოდა და იტყოდა:-“ღამის თორმეტი საათია და ყველაფერი გენიალურადაა”
ლუკა ხვარეშია 16 წლის, ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლა.