ლუკა ჭყოიძე - იქ, ქვემოთ
ლუკა ჭყოიძე - იქ, ქვემოთ

,,ჩამოინგრა ის დედანატირები, გესმის?! უბრალოდ ჩამოინგრა და ადამიანები დაიხოცნენ… ნუთუ ასე მარტივად უყურებ ამ ყველაფერს?’’ – კიოდა ქალი და ჰაერში უმისამართოდ იქნევდა ხელებს. თვალები შეშლილივით უელვარებდა, ტუჩები უთრთოდა და ასე გაავებული უყურებდა ქმარს, რომელიც ცოლს თვალს არიდებდა, წყნარად იჯდა და საჭმელს მიირთმევდა. ცდილობდა არაფერი ეთქვა, რადგან იცოდა, თვითონაც გამოვიდოდა წყობილებიდან, თანაც არ უნდოდა ეს ყველაფერი ბავშვებს დაენახათ ან გაეგონათ, არ იყო კონფლიქტური ადამიანი. მაგრამ მგონი ისინი სახლში არ იყვნენ. ოთახში ტელევიზორი იყო ჩართული და იმ მომენტში მხოლოდ ის არღვევდა მდუმარებას. ,,ხმა ამოიღე, მიპასუხე თორე არ ვიცი რას ვიზამ!’’ – უეცრად წამოიყვირა ქალმა და მაგიდაზე ხელი ძლიერად დაარტყა, მდგარი ჭიქა, რომელიც წყლით იყო სავსე, იატაკზე დავარდა და დაიმსხვრა. ქალს მაშინვე შიში ჩაუდგა თვალებში, დაბნეული აცეცებდა თვალებს რამდენიმე წამი, შემდეგ კი ოთახიდან ჩქარი ნაბიჯებით გავიდა. კაცმა ლუკმა ისეთი სახით გადაყლაპა, თითქოს ეს მისთვის უდიდესი სატანჯველი იყო, ნელა წამოიმართა სკამიდან, ჯინსის შარვლის ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა, ერთი ღერი ამოიღო, პირში გაიჩარა და ისიც ოთახიდან გავიდა. ტელევიზორი კვლავ განაგრძობდა ლაპარაკს… საინფორმაციოში მყოფმა წამყვანმა, რომელიც საგულდაგულოდ დავარცხნილ თმაზე ხელს ისვამდა, ლაპარაკი დაიწყო: ,,კიდევ ერთი უბედური შემთხვევა შახტაში… გარდაცვლილია 6 ადამიანი, 3 კი მძიმედაა დაშავებული. გამოძიების მონაცემებით შახტის გვირაბში კედლების დეფორმაცია მოხდა, რასაც საბოლოოდ მისი მთლიანად ჩამოშლა მოჰყვა, შედეგად კი 6 ადამიანი მაშინვე დაიღუპა, დაშავებულები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, როგორც კი ამის შესაძლებლობა შეიქნა. დაღუპულთა შორის არიან ახალგაზრდებიც: 22-23 წლის. ექსპერტიზა შახტაში მომხდარი შემთხვევის შესასწავლად უკვე დაწყებულია, დეტალურ ინფორმაციას კი ჩვენი ჟურნალისტი მოგვაწვდის’’… – ჟურნალისტი მონოტონური, ხელოვნური ხმით ლაპარაკობდა და ოთახში აურას უფრო და უფრო მუხტავდა, თითქოსდა ჰაერი შესქელებულიყო. ოთახში, სადაც უკვე ქალი შემოსულიყო ცოცხითა და აქანდაზით და იატაკიდან ჭიქის ნამსხვრევებს აგროვებდა. სახეზე ეტყობოდა, რომ ოდნავ ჩაწყნარებულიყო, მაგრამ წეღანდელი აშლილობის კვალი მაინც დამჩნეოდა.

კაცი კი აივანზე გასულიყო, მოაჯირს ხელებით დაყრდნობოდა, სიგარეტს აბოლებდა და სივრცეს მიშტერებოდა სევდიანი, შავი თვალებით. არავინ იცოდა რაზე ფიქრობდა და ალბათ ვერც ვერავინ, ვერასდროს გაიგებდა. ჰორიზონტზე ჩამავალ მზეს უყურებდა, რომელიც მეწამულისფრად გადღაბნილიყო და მის თავზე მოფარფატე ღრუბლებიც ამ ფერად შეეღება. კაცს უყვარდა ეს სანახაობა, უცნაურ ხალისს მატებდა და გულში სითბო ეღვრებოდა, სწორედ მაშინ ეძალებოდა ფიქრების ნაკადი მის გონებას. მზე კი მას აბედნიერებდა, ის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო იმ ადგილის შემდეგ, სადაც ის მუშაობდა. ჰო, მუშაობა ერქვა იმ ყველაფერს. სიბნელესაც, შიშსაც, საფრთხის მოლოდინსაც, სიღრმესაც, სუნსაც, ყვირილსაც და ნგრევასაც. იმ ადგილთან შედარებით კი მზის სინათლეზე მშვენიერი სანახავი მგონი არაფერი იყო. ღრმა ნაფაზებს ურტყამდა და შიგადაშიგ ახველებდა კიდეც. ახლო მომავალში სიგარეტზე თავის დანებებას აპირებდა. ჩემმა ჯიბემ იკითხოს და ჩემმა შემოსავალმაო ხშირად ფიქრობდა ის. გრილი ნიავი შავგვრემან სახეზე ელამუნებოდა და პარალელურად ხეებსაც აშრიალებდა. ამ ბგერების ფონზე კი უეცრად ჭიშკარის ხმა გაისმა. ეზოში ორი ბავშვი შემოვიდა და კაცის დანახვისთანავე მაშინვე მისკენ გამოიქცნენ. კაცს გაეღიმა, მომლოდინე თვალებით უცქერდა მათ და აი უკვე ორივე მიხუტებული ყავდა მკერდზე, ორივეს უკოცნიდა სახეს და ტკბილი სიტყვებით ეფერებოდა მათ.

მეორე დღეს კი ადრიანად გაუდგა გზას. სამსახურისკენ. მხარზე წერაქვი ჩამოედო, ხოლო მარცხენა ხელში ჩაფხუტს აქანავებდა, რომელსაც შავი ფარანი ემაგრა. ეს უნიფორმა უკვე აღიზიანებდა, ყელში ამოსვლოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. როგორც საქმე მოითხოვდა ისე იქნებოდა ყველაფერი. სახლიდან გამთენიისას წამოვიდა, მზე კი ჯერ კიდევ არ ამოსულიყო. ცდილობდა უჩუმრად გამოპარულიყო, ცოლს რომ არ გაეგო, მაგრამ ძალიან კარგად იცოდა, რომ მთელი ღამის განმავლობაში მასაც არ მოუხუჭავს თვალი, მის მსგავსად. კვლავ რაღაცაზე ფიქრობდა. მისი გონების წიაღში დროდადრო საშინელი ხმები იწყებდნენ ყვირილს, თავიდან შორიდან ისმოდა ხოლმე ეს ხმა, შემდეგ კი მთელ ყურთასმენას მოიცვამდა ერთიანად… ვიღაც დახმარებას ითხოვდა, ვიღაც იგინებოდა და სხვებს რაღაცას მოუწოდებდა. ალბათ სამუდამოდ მის გონებაში იქნებოდნენ ეს ხმები გამოკეტილნი. ვინ იცის?

აი, უკვე შახტის ჩასასვლელთან იდგა და თავის ორ მეგობართან ერთად სიგარეტს ეწეოდა, თან საუბრობდნენ: ,,ერთი კიდე დაიღუპა საავადმყოფოში, ის ორი რა ვიცი… ალბათ გადარჩებიან’’, – თქვა ერთ-ერთმა, სიგარეტი მიწაზე დააგდო და ფეხით გასრისა. კაცმა ამოიოხრა, შემდეგ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩაიღიმა და შახტაში პირველი ჩავიდა. დანარჩენებიც უკან მიყვნენ.

ხელში წერაქვი მოემარჯვებინა და ქანს ურტყამდა, ძლიერად ულაწუნებდა. მათ ქალაქში ეკონომიკის ძირითადი დარგი ხომ ქვანახშირის მოპოვება იყო, ხოდა აგერ შენი დედააფეთქებული ქვანახშირით მდიდარი ქანიც. სახე ოფლით ჰქონდა დაცვარული, მის გაშავებულ, ჭუჭყის მიერ ნაკოცნ სახეზე, წურწურით ჩამოდიოდა ოფლის მარილიანი წვეთები და ლოყებზე ზოლიან კვალს ტოვებდა. ამ ერთგვარ ვაკუუმში მხოლოდ ქანებზე იარაღების მოხვედრის შემდეგ ამ ქანების მტვრევის და მეშახტეების ხშირი სუნთქის ხმა ისმოდა. ყველა მძიმედ ხვნეშოდა. გამეფებული წყვდიადი მხოლოდ ფარნებს გაენათებინათ, რომელთა სხივებიც მეშახტეთა თავებიდან იღვრებოდა. ,,ვინც ეს საბადო აღმოაჩინა, მე მისი დედა რო’’… – ხოშიანად შეიკურთხა ერთმა და ძალაყინი იქვე მოისროლა. ამის გამგონე დანარჩენებს კი სიცილი აუტყდათ. გულიანად იცინოდნენ, ჩაფხუტებს იხდიდნენ და სველ შუბლზე ხელებს ისვამდნენ, გარემო მათმა ხარხარმა გააყრუა. ,,მოდით დავისვენოთ ბიჭებო რა ცოტა ხნით, თორემ უკვე აღარ შემიძლია’’ – თქვა კაცმა და იქვე, ამოშვერილ ქვაზე ჩამოჯდა. დანარჩენებმაც თავი დაუკრეს და მათაც შეწყვიტეს საქმიანობა. ყველამ ერთის გარდა. ,,მოდი შე კაი ადამიანო, არ დაიღალე?.. მერე შევესიოთ ერთიანად’’ – უთხრა ერთმა. ,,ხოო, მოიცა ცოტაც და, თან არ დავღლილვარ მაინცდამაინც’’ – გამოძახა მათ და ძლიერად დაკრა წერაქვი მქრქალ, პრიალა ქანს. უცბად მის პირდაპირ დიდი ზომის ბზარი გაჩნდა, რომელიც მარცხნივ გაუყვა კედელს და ამ გაყოლებაზე ტოტებად გაიჭრა, უამრავი წვრილ-წვრილი თუ დიდი ზომის ბზარი წარმოქმნა, კედელი მთლიანად დახეთქა. მეშახტე გაოცებული თვალებით მიაჩერდა ამ სანახაობას და ტუჩზე მაგრად იკბინა. დანარჩენებმა ვერც წამოდგომა და რაიმეს თქმა მოასწრეს, როცა გულისშემაღონებელი ჭახანის ხმა გაისმა.

და ირგვლივ წყვდიადმა დაისადგურა.

ქალი ნაცრისფრად განათებულ სამზარეულოში სკამზე იჯდა. ცალი ხელი მაგიდაზე ჩამოედო, მეორე კი ქვემოთ ჰქონდა უღონოდ ჩამოვარდნილი. თვალის უპეები გაშავებოდა, ხოლო თავად თვალები ჩასისხლიანებული ჰქონდა. სველი და წითელი. გამომშრალ ტუჩებს სულ ოდნავ, ძლივსშესამჩნევად ამოძრავებდა, გეგონებოდათ რაღაცის თქმას ცდილობსო. თვალებს არ ახამხამებდა. ფიქრობდა? ან საერთოდ რაზე? დამერწმუნეთ, მე თვითონაც წარმოდგენა არ მაქვს. საათი გაუჩერებლად წიკწიკებდა. წიკ-წიკ, წიკ-წიკ, წიკ-წიკ… ამ დროს ოთახში პატარა გოგონა და ბიჭუნა შემოვარდნენ. რაღაცას ღიღინებდნენ, ბავშვურ მელოდიას. ორივემ დედასთან მიირბინა და ჩაეხუტნენ, ხელები ძლიერად მოხვიეს ქალს. მისი მდგომარეობა და გამომეტყველება ვერ შეამჩნიეს. მათ თვალებში უსაზღვრო სიყვარული და სითბო იკითხებოდა, ბავშვური, გულწრფელი სიყვარული მშობლის მიმართ, ბავშვური გრძნობა, რომელსაც ისინი ასხივებდნენ მთელი სამყაროსთვის საკმარისი იყო, მათი პატარა გულებიდან გამოტყორცნილი. ქალი გაუნძრევლად იჯდა, ალბათ ვერც გრძნობდა ბავშვების არსებობას. ორივე იღიმოდა და ორივეს ლოყები ასწითლებოდა. რამდენიმე წამის… საუკუნის შემდეგ კი დედას მოშორდნენ და სახეში დაუწყეს ყურება. მათ დიდ, ლამაზ და უმწიკვლო თვალებში გულწრფელი ინტერესი იკითხებოდა. ბიჭმა გოგონას გაკვირვებულმა გახედა, გოგონამაც იგივე მზერით უპასუხა, შემდეგ დედიკოს მიუბრუნდა და უთხრა: ,,მამიკო სამსახურიდან მალე მოვა?’’

ლუკა ჭყოიძე. 17 წლის. ზესტაფონის მე-6 საჯარო სკოლა.