ლუკა ჭყოიძე - დიდი სიუჟეტის მცირე ნაკადი
ლუკა ჭყოიძე - დიდი სიუჟეტის მცირე ნაკადი

დიდი სიუჟეტის მცირე ნაკადი

1
მოხუცი კაცი აფთიაქში შედის. ხელში ქაღალდის ნაგლეჯი უჭირავს. ცახცახებს. არეული ნაბიჯებით მიუყვება გზას ფარმაცევტის დახლისკენ. ფარმაცევტს ქაღალდის ნაგლეჯს უწვდის. მსუქანი, სათვალეებიანი და თმაშეღებილი (მუქ წითლად) ფარმაცევტი, რომელსაც ტუჩების ნაცვლად ხაზი აქვს, მოხუცს რაღაც სიტყვებს ეუბნება. მოხუცი შესაბრალისი ხმით პასუხობს, მაგრამ ფარმაცევტის ,,ხაზიდან’’ სიტყვები გასაგებად ჟღერს: ,,ამ შემთხვევაში, ჩვენ უფლება არ გვაქვს’’. მოხუცი კაცი თავს ხრის, ხვნეშის, ახველებს, ჯიბიდან ცხვირსახოცს იღებს, გასასვლელისკენ ბრუნდება, ცხვირსახოცს პირზე იფარებს. ფარმაცევტი ამოხველებულ სისხლს ვერ დაინახავს. მოხუცი კაცი საგულდაგულოდ გაპრიალებულ შუშის კარს აღებს და გარეთ გადის. აფთიაქის კიბეებზე შეშდება. გაუჩერებლად ახველებს, ცხვირსახოცი ხელიდან უვარდება. გულზე იკიდებს მარჯვენა ხელს. სათვალე ცხვირიდან უვარდება. მოხუცი კაცი მოწყვეტით ეცემა. მის სხეულთან უსახო ხალხი იკრიბება. სასწარფოში რეკავენ. ნათესავები, მეგობრები, საყვარელი ადამიანები კარგად გამოძღებიან 7 ან 5 დღეში.

2
31 წლის ქალი ყვითელ ავტობუსში ზის. ვარდისფერი ტუჩსაცხი აკურატულად აქვს წასმული ტუჩებზე. ცხვირზე დაუკოსებია მზის სათვალე, რომელიც ფურთხითაა გაწმენდილი. მუხლებზე წითელი ტყავის ჩანთა უდევს და ხელებს მაგრად უჭერს. მძღოლს გასძახის: ,,აი, აქ შემიჩერეთ’’!  გვერდით მჯდომი მსუქანი კაცი ხვნეშით და ოხვრით ატარებს. ყვითელი ავტობუსი ჩერდება. ქალი მძღოლს ფულს უწვდის და ხურდას ელოდება. მძღოლი უსასრულობიდან ხურდებს იღებს და ქალს უწვდის. ქალი ჩამოდის. ყვითელი ავტობუსი გზას აგრძელებს და გამონაბოლქვის სასიამოვნო სუნს ტოვებს. 31 წლის ქალი ტექნიკის დიდი მაღაზიისკენ მიემართება, ჩანთა მოკიდებული აქვს. კარები შუაზე იყოფა. ქალი შედის. სიგრილეა, კონდინციონერია ჩართული, გარეთ კი ხვარტია. ტელევიზორებით, კომპიუტერებით, მონიტორებით, ტელეფონებით, მაცივრებით, სარეცხი მანქანებით და სხვა ჯართით გადატენილი მაღაზია სასიამოვნო შესახედია. ქალი ტელეფონის თაროების გრძელ რიგს მიუყვება. მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდის. ნერვიულობს. და აი, შეფუთვა ხელში აიღო. ვერცხლისფერი იქნება, მსუბუქი, პრიალა ეკრანით, ხელში დაკავებისას რომ მთელ სხეულში გივლის ელექტროობა. ქალი ტექნიკის მაღაზიიდან გამოდის სახეგაბადრული. სახლში ბრუნდება. სამზარეულოს მაგიდაზე iPhone 7-ის შეფუთვას და ჩანთას დებს, მაცივარს აღებს. 20 თეთრიანი მწვანილი მწვანედ მოსჩანს. ცივი წყლის ბოთლს იღებს. სვამს. ,,რა სიყვარული ვარო’’… ესაუბრება შეფუთვას. ამ დროს ტელეფონი ურეკავს. ,,მოტოროლას’’ იღებს ჩანთიდან და პასუხობს. ბოხი ხმა ისმის: ,,ხვალ ხო იცი, რო უცხოელი სტუმრები ჩამოდიან და აბა შენ იცი ახლა, დილას ადრე მოხვალ 8 საათზე და მოაკრიალებ ყველაფერს, იატაკის მორეცხვასაც მოასწრებ, სხვებსაც გადაურეკე და დაირაზმეთ, არ შევრცხვეთ სტუმრებთან’’? – ქალი დაპირდა. iPhone 7-ი გაუნძრევლად იდო მაგიდაზე. მალე
ნომრებსაც შეიყვანს.

3
ღამეა. რესტორნის მოხრეშილ ეზოში შავი და ნაცრისფერი ჯიპები, აქა-იქ ,,ოპელიც’’ აყენია. სიო უბერავს და ეზოში ამოსული შარდით დასველებული ტირიფის ტოტებს არხევს. რესტორნიდან ღიპიანი ძიას სიმღერის ხმა იღვრება. ქეიფია გაჩაღებული. 50 წლამდე კაცი, უზარმაზარი სტომაქით, ღაბაბით და წითლად აღაჟღაჟებული ლოყებით გასაჭირშია ჩავარდნილი. გამობერილ მუცელზე იკიდებს ხელს. შუბლი ოფლით აქვს დაცვარული. ,,უეჭველი რაღაც გიჭირს’’ – ეუბნება გვერდზე მჯდომი იუდა და მხარზე ხელს უტყაპუნებს. 50 წლამდე კაცი ფეხზე წამოიჭრება, სკამს გადააყირავებს და ტუალეტისკენ გაემართება. დაკეტილი აღმოჩნდება. ჯანდაბას, ქალებისაში შევა. კარს აღებს და შედის. ორი თინეიჯერი გოგო, რომლებიც სიგარეტს ეწევიან, წამიერად წამოიკივლებენ. უნიტაზთან მუხლებით დაასკდება და თავს ჩააყუდებს. მუცლიდან დამპალ შიგთავსს ამოიღებს და შუბლი უფრო დაეცვარება ოფლით. ამოისუნთქა, დაიცალა. წამოიზლაზნება და მობრუნდება. ტუალეტი ცარიელია. ღიმილით მიუჯდება სუფრას. ხალხის გაურკვეველ მზერას ფეხებზე დაიკიდებს, ჭიქას ღვინით აივსებს, შამფურზე შერჩენილ 2 მოზრდილ ხორცის ნაჭერს თეფშზე დაიდებს. პურს მოიტეხავს. ჭამას დაიწყებს. ცხოვრება მშვენიერია, როცა ჭამ. და თანაც დაცლილი ხარ.

4
მთელი სხეულით ცახცახებდა. ტანსაცმელი ტანზე ჰქონდა მიკრული. გამხდარი, ნაწუწნ კანფეტს დამსგავსებული ძვლების გროვა დივანზე იყო წამოწოლილი. თვალის უპეები ჩაშავებოდა და ტუჩის კუთხიდან ნერწყვი სდიოდა წვრილ ხაზად. იქვე, სკამზე დადებულ ტელეფონს გადაწვდა ძლივსძლივობით, მარჯვენა ხელით. 2 წუთი თავთან მიტანას მოანდომა. ოფლიანი თითები სენსორზე სრიალებდა. ნომერი აკრიფა და ტელეფონი ყურთან მიიდო. გააგონეს. ,,ბიჭოო… მაგარი ცუდად ვარ, რა… რამე მიშველეთ, გამომელია, ერთიანად გავიკეთე… ვკვდები ბიჭო’’ – ლაპარაკობდა და გაყვითლებულ კბილებზე ენას ისვამდა. პასუხს არ დალოდებია, გათიშა. ხელი შუბლზე მოისვა. საათს მისჩერებოდა. დრო გადიოდა. უნდა მიუსწრონ, თორემ მოკვდება. დრო იწელებოდა. სად არიან ამდენი ხანი?! ჩაეძინა… ეშინოდა არ გაპარულიყო, მაგრამ დღეს არა. შეანჯღრიეს, თითქოს საუკუნე გავიდა. ,,სად ხართ აამდენი ხა’’… – დაბოლოება ვერ მოასწრო. პერანგის სახელო გაუხიეს, ხელზე ნაჭერი შემოუჭირეს, რამდენჯერმე დაუტყაპუნეს ხელისგული და შპრიცით ვენაში ტკბილი წამალი შეუყვანეს. წამალი თბილად ჩაიღვარა ძარღვებში და მალე მთელ ორგანიზმს მოედებოდა. ,,2 წუთიც დაელოდე და’’… – უთხრა მხსნელმა და გვერდზე მდგომს ბრაზით გადახედა. ,,მოედო ბიჭო… კარგად ვარ’’ – ოთახში მიბნედილი ხმა გაისმა. კარგად იყო. ისე კარგად, როგორც არასდროს. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. სიამოვნების გრძნობა შიმშილმა ჩაანაცვლა.

გაგრძელება არ იქნება.

————————–
ლუკა ჭყოიძე. 17 წლის. ზესტაფონის მე-6 საჯარო სკოლა. საქართველო.