უდაბნოს ქვიშაში მიიკვლევდა გზას პატარა დიეგო. არ უნდოდა ასე ეფიქრა, მაგრამ მაინც ეგონა რომ ეს გაქცევა ძვირად დაუჯდებოდა. ბავშვობიდან ისმენდა ზღაპრებს, მითებს, ლეგენდებს ბედნიერი მიწის შესახებ. თითით ჰორიზონტისკენ მიუთითებდა ხოლმე უცნობი კაცი, მარტო დიეგო რომ ჰხედავდა, და ჩააგონებდა, რომ იქ, ორიოდ ნაბიჯში, ოქროსფერ ზღვის იქით ფრიალებდა ბედნიერ მიწაზე აგებულ ბედნიერ სახლის სახურავზე, ბედნიერების დროშა. და სხვა რაღა ჰქონდა საოცნებო, პატარა დიეგოს.
დიეგო პატარა იყო სხვებთან შედარებით. არა ასაკით. თავისიანები უყვარდა, მაგრამ არ მოსწონდა. ბავშვობიდან ცხოვრების მიზნად დაესახა იმ წარმოდგენების დამსხვრევა, რასაც ბავშვობიდან ასწავლიდნენ. დიეგომ არ იცოდა სიმართლე იყო თუ ტყუილი ეს ყველაფერი. შეიძლება ითქვას, რომ დიდად არც ეპარებოდა ეჭვი ყოველივე ამის სისწორეში, მაგრამ არ მოსწონდა. და დიეგოს არ უნდოდა ყოფილიყო სიმართლე ის, რაც მას არ მოსწონდა. თუმცა მას ჯერ ქვეყნად არაფერი ენახა და ამიტომ ვერაფერს დაამტკიცებდა.
მას ასწავლიდნენ, რომ მონა არ შეიძლება იყოს თავისუფალი. რომ მონა არ არის ადამიანი და რომ ის სხვისი მორჩილებისთვის გააჩინა ღმერთმა. ზოგი იმასაც კი ეტყოდა, რომ მონები საერთოდაც არ გაუჩენია ღმერთს. ისინი ათასწლეულების მანძილზე, გარდაცვლილი ადამიანებისგან დატოვებული ნაგვისგან: ბოღმის, შურისა და სიბოროტისგან შეიქმნენ.
და ასწავლიდნენ, რომ ადამიანმა უნდა იცხოვროს პატიოსნად, რათა გარდაცვალების შემდეგ არ დატოვოს ეს ნაგავი, რომლიდანაც მონები აღმოცენდებიან.
ასწავლიდნენ, რომ მონა რომც გაათავისუფლო, ის არსად წავა. ის ვერ შეეგუება თავისუფლებას და სული ამოხდება. მას თავისუფლება მოკლავს!
დიეგოს არ მოსწონდა ეს.
უცნობი კაცი, მხოლოდ დიეგო რომ ხედავდა, ხშირად ამბობდა რომ იქ, იმ ბედნიერ ქვეყანაში, ოქროსფერ ზღვის იქით რომაა, მონები არ არიან. იქ არავინ ბატონობს, და არც არავინ მონობს. იქ არავინ კლავს, არავინ იპარავს, არავინ მდიდრდება და არავინ ღარიბდება. იქ არის მხოლოდ ბედნიერება და წყალი.
დიეგო უსმენდა და ფიქრობდა, ნეტავ ეს უცნობი კაცი თუ იყო ბედნიერი.
დიეგოს ქვეყანაში, გაქცევა არ უყვარდათ. თუ იკითხავდით რატომ, კითხვითვე გიპასუხებდნენ: რას უნდა გაექცეს თავისუფალი ადამიანი? გაქცევა პატიმრის საქმეა. პატიმარი კი არის ადამიანი, რომელმაც არად ჩათვალა ღვთისგან ბოძებული თავისუფლება.
აქ კი ყველა თავისუფალი იბადებოდა, და თუ ვინმე ამ ქვეყნიდან გაქცევას მოისურვებდა, აუცილებლად დაიჭერდნენ, და დაატუსაღებდნენ. ამაზე გეტყოდნენ, რომ ის, ვინც გარბის, გაურბის საკუთარ თავისუფლებას. მაშასადამე მას თავისუფლება მობეზრებია და სწორედ რომ გისოსებშია მისი ადგილი. მან ხომ უარი თქვა თავისუფლებაზე.
და დიეგო გაიქცა.
გაექცა თავისუფლებას, სხვა, უფრო კარგი თავისუფლების საპოვნელად.
უცნობ კაცს, მხოლოდ დიეგო რომ ხედავდა, არ უთქვამს, რომ ის ოქროსფერი ზღვა ქვიშისა იყო, და არა წყლის. ამიტომ ტყუილად გაათენა ღამეები დიეგომ, ტივების შეკვრაში.
სატანჯველი იყო უდაბნოში გატარებული ყოველი წამი, ყოველი გადადგმული ნაბიჯი.
სიცხისგან ქუთუთოებდახეთქილი და წყურვილისაგან გაბრუებული მიდიოდა.
თითქოს თავისდა უნებურად მისდევდა ერთ ნაბიჯს მეორე.
როგორც ნიანგი ამოყოფს თვალებს წყლიდან, და მზერით იჭერს მომავალ ლუკმას, ისე ამოემზირა თავისი ცხრა თვალიდან ორი შორეულ ჰორიზონტიდან მზეს.
(ანუ ჩადიოდა რა)
დიეგომ სიგრილე იგრძნო, და დაინახა მდინარე. არ ეჩვენებოდა. მდინარის მიღმა მოჩანდა სახლი, სახლზე კი დროშა. ალბათ ეს იყო ის ბედნიერი სახლი, ბედნიერი დროშით თავზე, ბედნიერ მიწაზე აშენებული, უცნობი კაცი რომ უყვებოდა.
დიეგო მდინარეში პირქვე ჩაემხო. სული მოითქვა, და ძალამოკრებილმა, მოუთმენლად, რაღაც უჩვეულო სიხარულით ირბინა სახლამდე.
გაკვირვებული უვლიდა სახლს გარშემო. გაკვირვებას ვერც კი გამოხატავდა. სახლს არ ჰქონდა არც ერთი კარი, არც ერთი ფანჯარა. დროშა ჩამოძონძილი, მაგრამ მაინც ქათქათა თეთრი იყო.
დიეგომ მიმოიხედა…
ბედნიერ ქვეყანაში, არავინ იყო.