ლაზარე ერქომაიშვილი - შენ გასწავლიდა მამა
ლაზარე ერქომაიშვილი - შენ გასწავლიდა მამა

შენ გასწავლიდა მამა,
რომ ქვეყანაზე უმთავრესი ფულია,
რომ ლამაზ სხეულში ლამაზი სულია,
რომ გუშინდელი, დღეს წარსულია,
და მომავალიც დაკარგულია,
თუ არ მოკალი,
თუ არ წაართვი,
სირთულეს თავი
თუ ვერ გაართვი,
მოკვდები, როგორც
შენ მოკალი
ვინც წინ აღგიდგა,
ვინც დაგაბრკოლა,
ვინც თავი თვისი
არ დაგამონა.

„შეჭამე, თორემ შეგჭამს!“
-გასწავლა მამამ
და შენი ხელით გული გაუპო
მისმა ნაქონმა დანამ.

და ახლა შენ ხარ პირველი.
სულ არ გამძიმებს ცოდვის არც ერთი გრამი,
არცერთი წვეთი სისხლი, მამის დაღვრილი.
ცოდვის ტომარა, ზურგზე საკიდი,
გულის ჯიბეში ჩაიტიე
და იცი,
რომ შენც იგივე პრინციპებით
უნდა აღზარდო შვილი.
და ისიც იცი,
მასაც ექნება დანა, შენი ნაქონი,
შენგან ექნება არეული ჭკუა და გონი
ვერ შეაჩერებს მის ამბიციებს, ვერა კანონი
და გაივსება მამათა სისხლით ცოდვის ვაგონი.