ლაზარე ერქომაიშვილი - მახო, მერაბის მოსვლამდე     
ლაზარე ერქომაიშვილი - მახო, მერაბის მოსვლამდე     

მახო, მერაბის მოსვლამდე

დამაწყნარებელ ჩაის ვსვამ. გვირილისაა თუ რაღაც ჯანდაბის. მოუკვტეს მომგონი.  მუხლი მიმერტყა მაგიდის ფეხზე და ჩაი დაიღვარა. ერთს ომახიანად ვიგინები. ვერ გადავწყვიტე ვისი მისამართით გავგზავნო ეს გინება და ვჩუმდები. მაგრამ უნდა შევიგინო. და ვერ ვიგინები, უმისამართოთ. ბრაზისგან ვწითლდები. პლიტაზე დადგმულ ადუღებულ ჩაიდანს ვემსგავსები, რო დაგავიწყდება გადმოდგმა და სასოწარკვეთილი რო შხუის და დასასრულს ელოდება, ვერტმფრენიდან გადმომხტარი უპარაშუტო დეგენერატივით. პარაშუტი თუ არ გაქ რას ხტები?!
ვერც ვყვირი. რო ვიყვირო რა? ცალკეულ ბგერებს ხო არ ვიყვირებ,  გიჟი კი არ ვარ.
ვერ ვიგინები, ვერ ვყვირი. რამეს მაიც ჩავარტყამ ან რამეს მაინც მოვისვრი. რო ჩავარტყა რას ჩავარტყა? მაგიდას რო ჩავარტყა ისევ დაიღვრება ჩაი და კიდევ უფრო უნდა გავცოფდე. კედელს რო ჩავარტყა, მეტკინება. სენსიტიური ხელები მაქ და არ მესიამოვნება.
რა მოვისროლო? მაგიდაზე მარტო ჩემი ჩაის ჭიქა და სამარილე დევს. ჭიქა რო მოვისროლო დებილი ვარ? მდუღარე ჩაით სავსე ჭიქა მოვისროლო, ეს ჩემი სენსიტიური ხელიც დამეწვება და ბინის ინვენტარსაც დავაზიანებ. სავსე სამარილე მოვისროლო და დებილი ვარ? მერე ისევ ჩემი ასახვეტი იქნება. თან უბედურება იცისო.
რამე ისეთის ასაღებად უნდა ავდგე რისი დალეწვაც არ მენანება, მარა რო ავდგე, ფრთხილად ამდგომი მე არ ვარ და ისევ დაიღვრება ეს დედააფეთქებული ჩაი.ერთი ამის დედაც ვატირე…

მაინც არ მევასებოდა ეს ჭიქა.ყური ქონდა მოტეხილი. კარადაში ვინახავდი იმ ყურს. ეხა მარტო ეგღა დარჩა ამ ჭიქისგან. ჩაის კიდე არაუშავს, აშრება რა.  ერთი ამ ხელმა გამიაროს მალე და…

ვალერიანკას დავლევ…
ვინც ამ ვალერიანკის თავსახური მოიგონა მე იმის…
ვერ გავხსენი და მოვისროლე. გატყდა. ძირიდან აკრეფილს ხო არ დავლევ.
ძაღლი ჩაყლაპავს. დამშვიდდება და ნაკლებს იყეფებს.

ძაღლი იყოლიეო, გაგართობს, გაასეირნებ და დამშვიდდები, სუფთა ჰაერზეო.

წავიდეს ერთი ამის…
სუფთა ჰაერი შემაძულა. რო დაჯდება კართან და წკმუტუნს დაიწყებს, მინდა რო რამე ჩავარტყა ხოლმე. ამის სეირნობის თავი მაქ?

ნამსხვრევების ახვეტა მეზარება. ფეხშველა არ გავივლი და ეგაა რა.

ოთახში შევალ, წამოვწვები…
ჩემ ძველ საძინებელს ჩავუარე.
თერმომეტრი გამიტყდა მანდ და ოთხი დღეა შიგნით აღარ შევდივარ.
არ მახსოვს ფანჯარა ღია დავტოვე თუ არა.

კარი მივხურე და წამოვწექი.

ლეპტოპი მუცელზე დავიდე და ისაა, ყველაფრის დავიწყებას, სიბრაზის მოშორებას და დასვენებას ვიწყებ რომ, ბრააახ და ეს ჩემი დებილი ძაღლი შეახტა კარებს და შემოაღო.
მოვიდა და საწოლის ქვეშ შემომიძვრა. ისევ ბუზის შეეშინდა.  ბუზს რო ხედავს პანიკაში ვარდება.
ვერ ვიტან კარი როა ღია. არვიცი რატო ვერ ვიტან მარა აი, ვერ ვიტან კი არა, იმენა მეეზიზღება, მძაგს.
რა ადგება ეხა აქედან…
იყოს, მაგის დედაც ვატირე, დავიძინებ.

ტელეფონი რეკავს. რეკავს. რეეეეკააავს.
სცენები მახსენდება იმ გენიალური ფილმიდან, მგლის ფსიქოლოგიაო თუ რაღაც. მთელი სამყარო ჩემ წინააღმდეგ რატო ამხედრდაო და ამ ცხოვრებისო და ის როკერი კახა, მაგარი კაცია.
ნეტა ტელეფონის აღება და კარის მიხურვა იცოდეს ამ ძაღლმა.
ვდგები, ტელეფონთან მივდივარ, შნურს ვიღებ, ჯერ ცალ მუშტზე ვიხვევ, მერე მეორეზე და მკვეთრად და ძლიერად ვაშორებ მუშტებს ერთმანეთს.
ვსიო, აწი აღარ დარეკავს.

ოთახში ვბრუნდები, კარს ვხურვ და ვწვები. ლეპტოპს ვრთავ.
ჩრჩულები დადიან ეკრანზე. ცერა თითი დამეღალა მაგათი მიჭყლეტვით.
არაუშავს, გავწმინდავ მერე, სველი სალფეთკით.
აჰა, დაჯდა კართან და აწკმუტუნდა ეს უჯიშო.
აივანზე გავსვი და ჩავკეტე.
ტელევიზორის ყურება მოვინდომე, ზალაში გავდივარ, ტელევიზორს ვრთავ და სავარძელში ვჯდები.

ეზოში ვიღაც ქალი წივის. ცოტახანში პოლიციის სირენა მესმის.
საინფორმაციოზე გადავრთე.
ჯანდაბა, რამხელა ხმა აქვს ამ სირენებს, ბოლომდე ვუწევ ხმას ტელევიზორს და მაინც ვერაფერს ვიგებ.
კარზე კაკუნია…