ლაზარე ერქომაიშვილი - იასამნისფერი ფურცელი
ლაზარე ერქომაიშვილი - იასამნისფერი ფურცელი

მახო  სავარძელში იჯდა და საინფორმაციოს უსმენდა. უფროსწორად ცდილობდა რომ მოესმინა. ბოლო ხმაზე ჰქონდა აწეული, მაგრამ პოლიციის სირენები დახურულ ფანჯრებშიც აღწევდა. სახეზე არანაირი ემოცია არ ეტყობოდა.
კარზე კაკუნია…
მახო წამოდგა თუმცა სწრაფად შეჩერდა.
-ვინ არის? – დაიყვირა ადგილზე გაქვავებულმა.
-ბედისწერისა  და იღბლის სამინისტროდან გაწუხებთ, მომხდართან დაკავშირებით მინდა გაგესაუბროთ.-დახურული კარიდან პასუხობს ხმა. სავარაუდოდ ახალგაზრდა ბიჭი უნდა ყოფილიყო, ასე 23 წლის, ან 23 წლის და 4 თვის. ცალ მხარეს გადავარცხნილი თმით, საშუალოზე ოდნავ დიდი ცხვირით, მუქი ლურჯი თვალებით და ოთხკუთხედი სათვალით.
და საქმიანობიდან გამომდინარე ალბათ, შარვალ კოსტუმით. სავარაუდოდ ქალებში არ უმართლებდა.
მახომ კარი გააღო და ზღურბლთან დადგა. სტუმარი დაათვალიერა, მისი ვარაუდი გამართლდა. ერთი შეხედვით ზუსტად ისეთი ყმაწვილი დახვდა, როგორიც წარმოიდგინა.
სტუმრისთვის შინ შესვლა არ შეუთავაზებია.
– რა გაინტერესებთ?
– მალხაზ რიჩარდსი ბრძანდებით ხომ?
-ჭ.
-უკაცრავად?
-რიჭარდსი,  ჭ. – ეტყობოდა რომ სტუმრით მაინცდამაინც არ აღფრთოვანებულა.
-ანუ მონაცემთა ბაზაში შეცდომაა?
-ცოტა ხნის წინ სიდედრის გვარზე გადავედი, და ცვლილება ჯერ არ დაფიქსირებულა, როგორც ჩანს.
-კარგით, მომხდართან დაკავშირებით მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ. როგორც ვიცი თვითმხილველი ხართ ხომ?
-უფრო სწორად, თვითმსმენელი. მე მხოლოდ ხმა გავიგონე.
-რისი?
-დაზარალებულის გინების. მერე ფანჯრიდან გავიხედე. საინტერესო არაფერი დამინახავს. დაზარალებული უკვე პოლიციაში რეკავდა. კანონ დამრღვევი კი გაკვირვებული სახით იდგა.
-როდის მიხვდით რაშიც იყო საქმე?
-დამნაშავემ რომ ჩაილაპარაკდა, ეს რა სასირ… სასირცხვილო რამ ჩავიდინეო. – მახოს შუბლზე დაეწერა რომ მოიტყუა.
-ასე თქვა სიტყვა-სიტყვით?- ჩაეკითხა სტუმარი. ისევ კარის ზღურბლთან იდგნენ.
-ზუსტად არ მახსოვს მაგრამ, მგონი უკმაყოფილებას გამოთქვამდა სისტემის მიმართ.
-ჰოო, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. ანუ მზად ხართ  კანონდამრღვევის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენება მისცეთ?
-პირადად ჩემთვის არაფერი დაუშავებია.
-თავად თუ ხართ ნასამართლევი, ბატონო მალხაზ? – გული რაღაცას უგრძნობდა სტუმარს.
-არა. – აქაც გაიყიდა მალხაზი.
-თქვენი ისტორია მაჩვენეთ თუ შეიძლება.
სხვა რა გზა ჰქონდა მახოს. უჯრიდან საქაღალდე ამოიღო და სტუმარს გაუწოდა. სტუმარმა საქაღალდე გახსნა და იასამნისფერი ფურცელი ამოაძვრინა. სწრაფად ჩაიკითხა და გამარჯვებული სახით ამოხედა მახოს.
-როგორც ჩანს, უკვე სამი კვირაა დანაშაულს მალავთ. თქვენ ბედისწერისა და იღბლის სამინისტროს თანხმობის გარეშე გაიმარჯვეთ ლატარეაში. რაც სამი საათის განმავლობაში დათომეზის ტრეკების მოსმენით ისჯება. თუ იმ ლატარეის კომპანიის ვინაობას გაგვიმხელთ, სადაც ლიცენზიის გარეშე მოგცეს მოგების უფლება, სასჯელს შეგიმსუბუქებთ და მხოლოდ ორი საათის განმავლობაში დაიტანჯებით.
მახოს ფერი ეცვალა.
-გთხოოვთ, ოღონდ მაგას ნუ იზამთ. ქუჩის კუთხეში რო ჯიხურია მანდ მოვიგე. გადავფხიკე და მოვიგე. ოღონდ დათომეზი არა და გთხოოვთ. თუ გნებავთ ჩამომახრჩეთ. ორჯერ ჩამომახრჩეთ. თუ გნებავთ მესამედაც.
-რას ვიზამთ, ასეთია კანონი. იმ პიროვნების წინააღმდეგაც თუ მისცემთ ჩვენებას, ვინც დღეს დილით ახალგაზრდა გოგონა მანქანის დაჯახებას გადაარჩინა, თქვენ, ეგ პიროვნება და იმ ჯიხურის მეპატრონე ერთად მოუსმენთ დათომეზს.
-მაგრამ ჩემთვის ხომ არაფერი დაუშავებია. თან თვითმხილველიც არ ვარ.
-თვითმსმენელობაც საკმარისია. ახლა კი მოგებული თანხა ჩამაბარეთ, თუ შეიძლება.
-მახომ ჯიბეები მოიჩხრიკა და უხალისოდ მიაშავა სტუმარს მოგებული 57 ტუგრიკი.
-გვარიც ამიტომ გადაიკეთეთ ხომ? გეგონათ კანონს დაემალებოდით? – გათამამდა სტუმარი.
-არა. უბრალოდ, სიდედრის გარდაცვალებამ…
-ააჰ, გასაგებია. როდის გარდაიცვალა ქალბატონი…
-ლევანი. ლევან რიჭარდსი.
-ბატონო?
-ბაბუა გარდაეცვალა, დაბადებიდან ერთი დღით ადრე და…
-უი, რას ამბობთ. და როდის გარდაიცვალა ქალბატონი ლევანი?
-შარშან წინის წინ.
-და გვარი როდის გადაიკეთეთ?
-გუშინწინ.
-დამცინით?! – გაღიზიანდა სტუმარი.
-არა, უბრალოდ მივხვდი რომ, მის გარეშე ჩემმა ცხოვრებამ თითქოს ფერი დაკარგა.
-თქვენი მეუღლე? – სტუმარი ხვდებოდა რომ ან საინტერესო ტიპს გადაეყარა, ან მასპინძელი ღადაობის ხასიათზე იყო.
-ქორწინებიდან ოთხ დღეში მიმატოვა. – ეტყობოდა რო დიდად არ განიცდიდა. ან ცდილობდა არ განეცადა.
სტუმარმა გაყინული სიფათი არ შეიცვალა. ჯიბიდან მოტოროლას ტელეფონი და სილიკონის ორი ბურთულა დააძრო. ბურთულები ყურებში ჩაიტენა, მერე ფლეილისთი გახსნა და ტელეფონის დინამიკიდან შიშინით გაისმა:           „ აჰ-აჰ მაახატიაა, აჰ-აჰ…“

* * *
ლალი ხბოს ყივილმა გააღვიძა. მაშინვე საათს დახედა. 12 წუთში სამსახურში უნდა ყოფილიყო. სწრაფად წამოხტა, ჩაიცვა. ხელპირის დაბანა დაავიწყდა. მაცივრიდან ზღვის კომბოსტო გამოიღო. უცებ დააყუმბარა. ჩანთა დაითრია და სახლიდან გავარდა. სადარბაზოდან გზაზე კამეჩივით გადახტა.  96 წლის ოპელის სიგნალს არ მიაქცია ყურადღება. ანდა ვინ აცადა. ვიღაცა პირდაპირ წელში ზახვატით ეცა. აზრზე რო მოვიდა ჯერ მუხლთან გარღვეული რეიტუზი შეამჩნია, მერე გადაყვლეფილ იდაყვზე დაიხედა და მაშინვე მიხვდა რაც მოხდა. თვალში შეეჩხირა გაკვირვებული ახალგაზრდა ბიჭი. სწორედ ის უნდა ყოფილიყო ბედისწერის მტერი. ლალი წამოხტა და ბოლო ხმაზე აწივლდა. აშკარად იგინებოდა, მაგრამ სიტყვების გარჩევა უჭირდა ყურს. პოლიციაში დარეკა. ბედისწერასთან მეომარ ყმაწვილს უბრძანა აქედან ფეხი არ მოიცვალოო და თვითონ კი სახლში აბრუნდა. გახეული რეიტუზი გამოიცვალა, იდაყვზე სველი ცხვირსახოცი გადაიჭირა და ქუჩაში ჩაბრუნდა. პოლიცია უკვე მოსულიყო. ცოტა ხნით ნერვები დაიწყნარა და მოვლენების განვითარებას დაელოდა.
– ლეიტენანტი ბრენდონ კვარაჯხელია. – ლალის ცხვირ წინ გაეჯგიმა ასე 34-36 წლის ყავისფერთვალება, სქელწარბებიანი და მოკლე წამწამებიანი, ერთი შეხედვით ორი შვილის მამა, სავარაუდოდ ახლად დაწინაურებული პოლიციელი. ხელი ელვის სისწრაფით წაივლო თავისკენ და საფეთქელთან გააქვავა.
-ლალი ჯეფერსონი. – იგივე მოძრაობის გამეორება სცადა მაგრამ არ გამოუვიდა.
– აღწერეთ დეტალებში, რა მოხდა.
-რაქიდან ბურთი გამოვიტანე, ქროსოვერით ჩამოვიტოვე მეტოქე გუნდის 6 ნომერი და ის იყო ლელო უნდა დამედო რომ ეს ახალგაზრდა ზახვატით მეცა.
-შეტევის მერამდენე ფაზაში იყავით? – უაზრო ხუმრობაში აყოლა სცადა ლეიტენანტმა.
-ეს დეგენერატი ჩემს ბედისწერაში ჩაერია!! – აწიკვინდა ლალი.
-კერძოდ?
– მანქანა უნდა დამჯახებოდა.
-ის მძღოლი სადაა?
-რავი, წავიდა.
-კონპენსაციას ითხოვთ თუ დამნაშავის დასჯას?
-რის კონპენსაციას. ახალ რეიტუზს მიყიდით? არა გმადლობთ. დასჯას-რათქმაუნდა!
-ადგილზე თუ განყოფილებაში.
-განყოფილებაში კარგი აკუსტიკაა?
-ისე რა, მარა მე ადგილზე გირჩევთ. საკაიფო ნაუშნიკები გვაქ. გამვლელებიც არ
შეწუხდებიან და ბითი პირდაპირ ტვინში დაარტყამს.
-კარგით, იყოს ადგილზე. – გამარჯვებული გამომეტყველებით გახედა თავდამსხმელს. სამსახური სულ გადაავიწყდა, უნდოდა დამნაშავის ტანჯვისთვის ეყურებინა. თანაც საპატიო მიზეზი უკვე ჰქონდა სამსახურის გასაცდენად.
ლეიტენანტმა ბრენდონმა ბრძანება გასცა და ახალგაზრდა კანონდამრღვევს დიდი ნაუშნიკი ჩამოაცვეს თავზე. ლოყებსაც კი უფარავდა.

* * *
მერაბი ბოლო ლექციის დამთავრებას ელოდა. არაფრის მოსმენის თავი აღარ ქონდა. თავს ძლივს იკავებდა რო არ ჩასძინებოდა. ვერ ხვდებოდა რაღაში სჭირდებოდა ეს ლექციები. სამუშაო უკვე ჰქონდა, კარგადაც უხდიდნენ. თან მთელ სამინისტროში ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი იყო. ძალიან ეზარებოდა სამსახურში მისვლა მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა. დილით მომხდარზე გაზეთიდან შეიტყო. ერთისმხრივ უხაროდა რომ თავის გამოჩენის შანსი ეძლეოდა მაგრამ ახლა სახლში მისვლაზე და დაძინებაზე მეტად არაფერი უნდოდა. იმის იმედს მაინც იტოვებდა რომ რაც შეიძლება ბევრ მშვიდობიან მოქალაქეს ამოუქექავდა მცირე კანონდარღვევას და პრემიასაც მიიღებდა.
ლექცია როგორც იქნა დამთავრდა. სასწრაფოდ გამოვარდა აუდიტორიიდან და გასასვლელისკენ გაიქცა. ამ დროს დერეფნიდან დეკანმა შემოუხვია. მერაბის არათანაბრადაჩქარებულად გამოქანებული სხეული რო დაეჯახა, პირდაპირ თავით დაასკდა მარმარილოს იატაკს. მერაბი სწრაფად მოვიდა გონს. სათვალე გაუტყდა. სათადარიგო დააძრო. გატეხილი ქურთუკის ჯიბეში ჩაიგდო და სწრაფად მოძუძგა. მისი უნივერსიტეტიდან გამოსვლა და გაჩერებასთან ავტობუსის კარის გაღება ერთი იყო. ავტობუსში ავარდა და უახლოეს სკამზე დაემხო. ნერვები დაიწყნარა და რამდენიმე წამის წინ მომხდარი ინციდენტი ტვინის ეკრანზე, ფრაგმენტებად გამოესახა. ახლაღა გააანალიზა ყველაფერი. უკან მიიხედა. უნივერსიტეტის კართან გროვდებოდნენ სტუდენტები. ძალიან მცირე იყო იმის შანსი რო მარმარილოს იატაკთან ჩახუტების მერე, მოხუც დეკანს სიცოცხლე გაეგრძელებინა. იქნებ ახლა მაინც ჩამოვარდნოდა ერთი, გალღობის მანიშნებელი წვეთი მის გაყინულ გულს, მაგრამ არა. მას არაფერი დაუშავებია. ასეთი ყოფილა დეკანის ბედისწერა.
ავტობუსი მერაბის სახლიდან ათასორასოცდათერთმეტიოდე სანტიმეტრში გაჩერდა.  სახლამდე არათანაბარაჩქარებულად ირბინა. პრინციპში თანაბარაჩქარებულად ვერც ირბენდა. ერთი ფეხი ხომ მეორეზე გრძელი ქონდა, 23 მილიმეტრით. სადარბაზოს კიბეზე აირბინა. გასაღები ელვის სისწრაფით გააქანა საკეტისკენ. სამნახევარჯერ გადაატრიალა და სახლში შევიდა. პირველად თვალში ვარდისფერი საფულე მოხვდა. ალბათ იმ გოგოს დარჩა, გუშინ საღამოს რომ ამოიყვანა მერაბიმ, ფილმის საყურებლად. სახლში შემოსვლისთანავე, რატომღაც გადაიფიქრა გოგონამ ფილმის ყურება და უსიტყვოდ გაბრუნდა უკან. საფულეც ალბათ სახლიდან რომ გავარდა მაშინ ამოუვარდა ჩანთიდან. მერაბმა საფულე გახსნა. 17 ტუგრიკიანები და პირადობის მოწმობა იდო. ტუგრიკები ჯიბეში ჩაიჩხრიალა და პირადობა დაათვალიერა: „რეიჩელ ფალავანდიშვილი“. აფსუუს, კინაღამ თავადის ქალი ააგდო. პირადობა ნაგვის ყუთისკენ მოისროლა. მერე ყელზე ჰალსტუხი მოიჭირა და სახლიდან გავიდა.
სამსახურში მისულს, კარებშივე მიაჩეჩეს მოხეულ ფურცელზე დაწერილი მისამართი და უკან გააბრუნეს.  დანიშნულების ადგილს ადვილად მიაგნო. ჩვეულებრივი ქუჩა იყო. მოხეული ფურცელი ამოატრიალა და ბინის მისამართი ამოიკითხა. ამ ბინის პოვნაც არ გაჭირვებია. კარზე დააკაკუნა…
* * *
ბატონი ბენედიქტი ზლაზვნით წამოდგა ლოგინიდან. წყლით სავსე ჭიქიდან პროთეზი ამოიღო, პირში შეიგდო და ღრძილები დააჭირა. ტვალეტში ჩუსტების ფროტინით შევიდა. პაუზებით ფსამდა. ხელის დაბანა დაავიწყდა. სამზარეულოში ჩავიდა. ყიყლიყო დაითრია. ცოლმა ჟამთა სიავისგან გახუნებული და გაცრეცილი საროჩკა გამოუცუნცულა. ღილებიც თვითონ შეუკრა. ჰალსტუხიც ჩამოჰკიდა და ისევ ტელევიზორს მიუჯდა.
ბენედიქტმა ჭამა დაამთავრა, ტყავის პატარა ჩუმადანი აიღო, ცოლს დაემშვიდობა და სახლიდან გავიდა. დილის ნიავმა ბარძაყებზე მოუთათუნა და მიხვდა რომ შარვლის ჩაცმა დავიწყებოდა. სახლში შებრუნდა, სკამზე გადაკიდული, ჯიბეგაფხეკილი შარვალი დიდი გაჭირვებით ამოიცვა. ცოლს მეორედაც დაემშვიდობა და სახლიდან გავიდა. ავტობუსს 11 წუთი ელოდა. უკანა სკამზე მოკალათდა, ჩასთვლიმა. უნივერსიტეტთან გაახილა თვალი. თითქოს ეუცხოვა ის შენობა, სადაც უკვე 65 წელია მუშაობდა. ავტობუსიდან ჩამოვიდა. ჩუსტების ფროტინით გაუყვა უნივერსიტეტის კარებისკენ ბილიკს. მიხვდა რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც დაავიწყდა მაგრამ აწი სახლში დამბრუნებელი აღარ იყო. არ ახსოვდა აქამდეც თუ მოსვლია ასე, მაგრამ ალბათ პირველი შემთხვევა არ იქნებოდა. უნივერსიტეტის კარები შეაღო და მარცხნივ გაუყვა დერეფანს. დიდი მანძილი არ ქონდა გავლილი როცა გაახსენდა რომ თავისი კაბინეტი მარჯვენა მხარეს იყო. უდარდელად მოტრიალდა. ფროტინით გააგრძელა სიარული და დერეფნიდან რომ გამოვიდა, ვიღაც დაეჯახა, შემთხვევით.

* * *
უკვე თენდებოდა.  სპაიდერმენის მეშვიდე ნაწილიც მთავრდებოდა. „მერვეს ხვალ ვუყურებ“-გაიფიქრა გივიმ. თვალები ჩაწითლებოდა. მთელი ღამე სპაიდერმენს უყურებდა. რა ენაღვლებოდა, დილით სამსახურში არ იყო წასასვლელი. უკვე სამთვენახევარი იყო გასული რაც სამაშველო კომპანია გაუქმდა და გივიც უმუშევარი დარჩა. თავისი გარაჟი გააქირავა და ასე ირჩენდა თავს. ფანჯრიდან გაიხედა. უკვე ვეღარ იტანდა ხალხს. თითქოს ყველას დაეკარგა სიცოცხლის ხალისი. ყველაფერი შავ-თეთრი იყო.  შეიძლება ფერადიც იყო მაგრამ ყველა ყველაფერს შავ-თეთრად ხედავდა. გივი გრძნობდა რომ მასაც მალე გადაედებოდა ეს უხალისობა. ამიტომაც არ უყვარდა სახლიდან გასვლა. ხალხის ყურება აღარ სიამოვნებდა. რაც ეს ბედისწერისა და იღბლის სამინისტრო შეიქმნა, გივის ცხოვრებაც გაშავთეთრებისკენ წავიდა. აღარავინ ითხოვდა შველას. ვერც მოითხოვდნენ, უფლება არ ქონდათ. რამე თუ შეემთხვეოდათ, უნდა შეგუებულიყვნენ.
სახლში ჯდომაც რომ მობეზრდა გივის? რაღა ექნა. არ უნდოდა სხვებივით შეგუებულიყო ბედს. მაგრამ როგორ უნდა შეწინააღმდეგებოდა?! არა! ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა! რამე უნდა გაეკეთებინა. ფეხზე ჩაიცვა და სახლიდან გავიდა. მოპირდაპირე ქუჩაზე ახალგაზრდა ქალს მოკრა თვალი. აშკარად ეჩქარებოდა. ქალი გზაზე გადმოხტა. ამ დროს 96 წლის ოპელმა შემოუხვია, გივი მთელი სისწრავით გაექანა ქალისკენ და მხრებით დაეტაკა წელში. წამოდგა, ოპელს გახედა.  წამითაც არ შეუნელებია სვლა. მერე ქალის წივილი გაიგო. მიხვდა რაც ემუქრებოდა. გივი პატიოსანი კაცი იყო და ქალს რომც არ ეთქვა, ფეხი არ მოიცვალოო, ისედაც არ აპირებდა არსად წასვლას. შორიდანვე შემოესმა პოლიციის სირენის ხმა. მანქანა ცხვირწინ გაუჩერდა.  დაბალი, მელოტი ცისფერთვალება პოლიციელი გადმოვიდა. გივის თითქოს შერცხვა. არ უნდოდა პოლიციელისთვის ზევიდან ეყურებინა, მაგრამ რო ჩაკუზულიყო, პოლიციელი იფიქრებდა დამცინისო და გამართულად დგომა არჩია.
– ლეიტენანტი, ზაზა ფრიდრიხ-ფონ ლიხტერშტაინი.- დაიწრიპინა ლეიტენანტმა და ფრთხილად მიიტანა ხელი საფეთქელთან. – თვენი სახელი?
– გივი ფერნანდესი. – ღიმილის შეკავებას ცდილობდა. სხეულზე დიდი სახელი ქონდა ლეიტენანტს.
-აღიარებთ ჩადენილ დანაშაულს?
-დიახ. – არც ნანობდა.
-ადგილზევე გსურთ სასჯელის მოხდა თუ განყოფილებაში?
– ადგილზე. – აქ ცოტა ანერვიულდა გივი.
ზაზამ მანქანის საბარგულიდან დიდი ნაუშნიკები ამოათრია და გივის ანიშნა, რომ თავი დაეხარა.
მაინც ვერ მიწვდა ლეიტენანტი და უბრძანა შენით გაიკეთეო. გივიმ ნაუშნიკები თავზე ჩამოიცვა. ლოყებიც კი დაეფარა, იმხელა იყო. ზაზამ ღილაკს თითი დააჭირა და:..
„შენი თავი სოციუმმა დაამონაა, როგორც ძველად ებრაელებს იმ ფაარაონმაა…“