გუშინ წინის წინ თებერვალი იყო. სუსხიანი და მოკლე. დღეს მარტია. თებერვალზე გრძელი და ცოტათი ნაკლებად სუსხიანი. გუშინ მზემ გამოანათა. ჩემი გამოსაზამთრებელი ქურთუკი ვეშოლკაზე ჩამოვკიდე და გარეთ გავედი, ვიფიქრე გაზაფხულს შევიგრძნობ-მეთქი. საერთოდ ჩემთვის გაზაფხული არასოდეს იწყებოდა კალენდრით. გაზაფხულის დაწყებას ყოველთვის მაშინ ვგრძნობდი, როცა პირველ იას ვნახავდი. როგორც წესი ეს იები მამას მოჰქონდა დედასთვის. თუმცა წელს უკვე ვნახე პირველი ია. დედაჩემისთვის არ იყო. და ნეტავ არც არავისთვის ყოფილიყო. თან როგორც შემდეგ აღმოჩნდა ია კიარა, სულაც ყოჩივარდი ყოფილა. ამიტომ იაზე გული ავიცრუე და გადავწყვიტე გაზაფხულის მაცნედ სხვა მცენარე-ჩემი ეზოს ალუბალი ამერჩია. მაგრამ არც ეს ალუბალი ჩქარობს აყვავილებას. აყვავილება კი არა, შემოდგომაზე რომ გაცვივდა ფოთლები, იმის მერე ასე დგას-შიშველი. მე კიდე გაზაფხულის დაწყება მინდა! ჯერ ერთი მერცხალიც არ დაბრუნებულა თბილი ქვეყნებიდან. იმ თბილი ქვეყნიდან, ბავშვობაში ჯადოსნურ მიწად რომ წარმომედგინა, აი დაახლოებით ისეთად, ძუიმოვაჩკა რომ აღმოჩნდება ზღაპრის დასასრულს. ფერიებით და ლამაზი ჩიტებით სავსე. მაგრამ გაზრდა ხომ იმისთვის მოიგონა გამჩენმა, ეს ზღაპრული წარმოდგენები და ოცნებები რომ ბავშვობაში დარჩეს. იზრდები და ხვდები, რომ მერცხლები ჯადოსნურ მიწაზე კი არა, ჩრდილო აფრიკაში ან ახლო აღმოსავლეთში მიფრინავენ.
ხოდა გუშინ მზე იყო, დღეს კიდე ქარმა ისე დაუბერა რომ ჩემი საკაბელოს ანტენა ჩამოაგდო კორპუსის სახურავიდან…
ჩემი ეზოს ძაღლი წელს პირველად ხვდება გაზაფხულს ჩვენთან ერთად. შარშან ზაფხულს მოვიდა, ნეტავ ვიცოდე საიდან. ცხელი ზაფხული ქუჩა-ქუჩა წანწალში გაატარა, სიცივე რო იგრძნო სადარბაზოს შეაფარა თავი. დიდი ყუთი დავუდგით. ასე მგონია იმისათვის მოევლინა ამ ქვეყანას, რომ ეს ძველი კორპუსი ეპოვნა და ჩემი და ჩემი მეზობლების ცხოვრება გაეხალისებინა. ალბათ მთელი ცხოვრება ამ მიყრუებულ უბანს ეძებდა. ხო მართლა, ცუცას ვეძახით. ოღონდ სახელზე მეზობლები არ შევთანხმებულვართ. ისე გაჩნდა, თავისით. ჯერ ერთმა მეზობელმა დაუძახა ასე, შემდეგ მეორემ… ცუცას შემყურე ვხვდები რომ ერთი ასეთი მეგობარი ყველა კორპუსს უნდა ჰყავდეს! ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ბედნიერებაა, დილას, ძლივს გაღვიძებული სახლიდან რომ გამოდიხარ, მასწავლებლის სახე ღამის კოშმარად რომ გაგონდება გონებაში და ამ დროს ბალახებში დაგორგოლავებულ და კუდში ცხვირ ჩარგულ ცუცას ხედავ. ისიც იგრძნობს შენს მოსვლას, ჯერ ზანტად აწევს თავს, დიდრონ თვალებს სიყვარულით მოგაპყრობს, კუდის ქიცინით წამოდგება და ასე ბედნიერად გაცილებს სკოლამდე. მასწავლებელსაც უკვე ღიმილით ხვდები.
საღამოს ფანჯრიდან ვუყურებ, როგორ მოდიან ერთმანეთის მიყოლებით მეზობლები, დაღლილ-დაქანცულები, სამსახურებიდან. ერთმაც რომ გულგრილად ჩაუაროს ამ ოთხფეხა პოზიტივს, ცხოვრებაში გამარჯობას აღარ ვეტყვი, მაგრამ ჯერ-ჯერობით ყველა მეზობელს გულთბილად ვესალმები. ეს იმიტომ, რომ არცერთს არ ძალუძს ამ პატარა საყვარლობას არ მისცეს ნება, ამ ერთფეროვანი დღის გაფერადების.
ასეთი არსებები ცხოველები არ არიან. ცუცა ღმერთის გამოგზავნილია. ღამ-ღამობით კორპუსის წინ დადგება და ყეფს. მამა ამბობს ასე გვიცავსო. და კიდევ ფეიერვერკების ეშინია.
ახალ წელს ისე შეეშინდა, დაიმალა და ორი დღე არ გამოჩნდა.
არაფერს ვნატრობ იმაზე მეტად, რომ ცუცასი მესმოდეს. თვითონ კი ესმის ჩემი მაგრამ… ვიცი რომ რაღაცის თქმა უნდა. იმ თეთრ მტრედსაც უნდოდა რაღაცის თქმა, სამი წლის წინ რომ ფრთები დაასვენა ჩემს აივანზე. ჩემ უბანში უამრავი მტრედია. ყველა ერთმანეთს გავს. ყველა ნაცრისფერია, იისფერი ყელით. ასეთი ლამაზი მტრედი კი არც მანამდე და არც მას შემდეგ არ მინახავს. თოვლივით თეთრი ბუმბული ფეხებზე ეფინებოდა. მამამ მითხრა ჯიშიანიაო. დედას მაინცდამაინც არ უხაროდა დაუპატიჟებელი სტუმრის მოსვლა, მით უფრო მას შემდეგ, რაც სახლში შემოფრინდა და ის გააკეთა რაც არ უნდა გაეკეთებინა. ამის შემდეგ ბევრჯერ სცადა დედამ მისი სახლიდან მოშორება, თუმცა მტრედი ჩემი აივნიდან ფეხს არ იცვლიდა. ერთხელ თავის გზაზე მიმავალი მეზობელი გააჩერა და უთხრა: ეს მტრედიც თან გაიყოლეო.
ამ კაცმაც მხარზე შეისვა და წვიდა…
მეორე დილას ისევ აივანზე დამხვდა… და ასე გრძელდებოდა ყოველ დღე. გავიღვიძებდი თუ არა, მაშინვე აივანს მივვარდებოდი იმაში დასარწმუნებლად, რომ ამ არსაიდან მოსულმა მეგობარმა არ მიმატოვა. და რათქმაუნდა ვრწმუნდებოდი რომ არსადაც არ იყო წამსვლელი. დილას მოვიდოდა, ვაჭმევდი, ვასმევდი და საღამოს გაფრინდებოდა, წარმოდგენა არ მაქვს-სად.
და ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ ქალაქიდან ერთი კვირით წასული არ დავბრუნდი და მტრედი აივანზე აღარ დამხვდა. ყოველ დილას ისევ მივიდოდი აივანთან, მაგრამ იმედი ყოველ ჯერზე მიცრუვდებოდა.
ცუცა და მტრედი ერთი ქვეყნიდან მოვიდნენ. იმ ქვეყნიდან, გამჩენმა რომ უბრძანა ჩემ გონებას, გაიზარდე და წაშალე ეგ სისულელეებიო.
მეშინია, რომ ერთ დღესაც დავბრუნდები სახლში და ცუცაც იმ მტრედივით გამქრალი დამხვდება. სულაც შეიძლება, რომ სწორედ ის მტრედია – ცუცა.
სამყაროში ყველაზე დიდი უსამართლობა ის არის რომ ძაღლები უფრო დიდხანს არ ცოცხლობენ. უსამართლობაა ის, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ხუთჯერ აღემატება ძაღლისას. დასაბამიდან ადამიანს ერთ კითხვაზე სურს პასუხის გაცემა: რისთვის შეიქმნა იგი. და არც კი ვიცი უკვე რამდენი ათასწლეულია რაც ეს კითხვა პასუხგაუცემელია. ძაღლს კიდე რო შეხედავ ეგრევე იცი რომ ადამიანის სახეზე ღიმილის მოსაგვრელადაა გაჩენილი. მაგრამ დაიმსახურა, კი ეს საჩუქარი ადამიანმა?!
აი მაგალითად, გინახავთ ადამიანი, რომელიც სკვერში სეირნობს, გამვლელებს უღიმის, გამვლელებიც რამდენიმე მეტრის დისტანციიდან ამზადებენ ღიმილს, მასთან შესახვედრად, თავზე ეფერებიან, აჭმევენ, ასაკს ეკითხებიან, გვარს და წარმომავლობას;..
და ძაღლი?
გაგღიმებიათ უსახლკარო ადამიანის დანახვაზე? დაგითმიათ მისთვის უკანასკნელი ლუკმა? თქვენს ფეხებთან გაგორებულ ბომჟს მოფერებიხართ მუცელზე ფეხისგულით, იმ მიზეზით რომ ხელის დასვრა არ გინდოდათ? ან რწყილების გეშინოდათ? ვითომდა ფეხსაცმელზე ვერ აგაცოცდებოდათ… გითქვამთ თქვენი შვილისთვის, მოშორდი მაგ ქეციან კაცსო?
და ძაღლს?
კიდევ ისაა უსამართლობა, სამყაროს შავ-თეთრად რომ ხედავენ. თვითონვე აფერადებენ და ვერ ხედავენ.
ცუცა რო ადამიანი იყოს ვინატრებდი, ნეტავ ძაღლი ყოფილიყო-თქო.
და მაინც, ვიცი რომ წავა. წავა იქ, საიდანაც მოვიდა. როგორც მტრედი წავიდა. მაგრამ ისიც ვიცი, რომ იმ ქვეყნიდან კიდევ გამოგზავნიან ვინმეს. ან როგორც მტრედი დაბრუნდა ცუცას სახით, ისე დაბრუნდება ცუცა, სხვა არსების სახით.
მანამდე კი, სანამ წავა, გადით ვაგზალზე, დაჯექით 27 ნომერ ავტობუსზე და ბოლო გაჩერებასთან მე და ცუცა დაგხვდებით. ერთს გაგაღიმებთ და წადით.