ოპტიმისტი: მეგობარო, აქამდე სულ ხალისიანი სახით გნახულობდი და ახლა რა დაგემართა?
პესიმისტი: არავის ვუყვარვარ, ჩემს ცხოვრებას აზრი უკვე არ აქვს, მეგობრებიც კი მღალატობენ, ჩემი მტრები გახდნენ. ამქვეყნად რა მინდა? აქ რატომ ვარ?
ოპტიმისტი: ცხოვრებას აზრი როგორ არ აქვს? ადამიანების სიცოცხლე წყვდიადში გაელვებული ნაპერწკალია. ადამიანის ფიზიკური დაბადება და ფიზიკური სიკვდილი ეს გარდაუვალი და წამიერი გაელვებაა. მაგრამ ადამიანთა შორის ისეთებიც არიან, ვისი განვლილი სიცოცხლეც გვეუბნება, რომ ადამიანის სიცოცხლე მისი ნების დამსახურებით, მართლაც ღირებულია, რომ მას რაც არ უნდა სიძნელე შეხვდეს და აბრკოლებდეს, ბრძოლა დიადი იდეალებისათვის შეუძლია გააგრძელოს, რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს. ასეთი ადამიანის სიცოცხლე არა ნაპერწკალი, არამედ ჩაუქრობელი ჩირაღდანი ხდება, რომელიც წყვდიადში მომავალ თაობებს გზას უნათებს. მის სახელს სიკვდილი და დავიწყება არასდროს უწერია. წყვდიადი და თვით სიკვდილიც მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია დაამარცხოს!.. დიდება გამარჯვებას!
პესიმისტი: კი, მაგრამ ჩემს თავს ეგეთი ფასი არ გააჩნია. სიმულაციაში ვიმყოფები, ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრი რამ სიყალბეა: გრძნობები, სახეები..
ოპტიმისტი: გაჩერდი! ეგ აუტანელი სარკაზმია! ამქვეყნად უმთავრესი ღირებულება ადამიანია. დედამიწაზე მეორეხარისხოვანი ადამიანი არ არსებობს. წუთისოფელი მოულოდნელობებითა და საოცრებებით სავსეა.
პესიმისტი: შენ მაგას როგორ ამტკიცებ?
ოპტიმისტი: მე ფხიზელი თვალით ყველაფერს ვაკვირდები და ხსნის გზას ვეძებ. ამაში სხარტი გონება მეხმარება. ვთვლი, რომ ნაკლს თვალი კი არ უნდა მოარიდო, სიმახინჯე კი არ უნდა შეფუთო, არამედ უნდა ამხილო, ხალხს გამოსწორების გზა აჩვენო. სიმართლე უმძიმესი ტვირთია, მაგრამ მასზე უკეთესი არაფერია. ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, მთავარი კაცობა და ადამიანობაა.
პესიმისტი: ხალხს ეგ არ ესმის. თავისუფლების მნიშვნელობა არ იციან.
ოპტიმისტი: ადამიანი ღვთის შვილია, მისი კეთილი ნაყოფია, ყველაზე გონიერი და შესაბამისად, შემოქმედი. იგი კეთილი საწყისის მატარებელია. ამიტომაც მისი გზა სიკეთის მსახურებაა, მაგრამ ამქვეყნად სიკეთის გვერდით ბოროტებაც არსებობს. მას ბევრი დაბრკოლების შექნა შეუძლია, რომ სიკეთის ნერგმა დროებით ვერ გაიხაროს. სიკეთე მარადიულია – “არსება მისი გრძელია”. იგი ადამიანს ბედნიერს გახდის, თავისუფლების მოპოვებისათვის დაეხმარება. სიკეთისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვა ამ სიტყვის ძირითადი მოტივია. მე იმ ქვეყნის შვილი ვარ, სადაც ჩემი წინაპრები თავისუფლების დაცვას თავდაუზოგავად ეწირებოდნენ. ადამიანის საბოლოო მიზანი თავისუფლებაა, რადგან სიკეთე, სიყვარული, მეგობრობა მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია. თავისუფლება უნდა ვეძებოთ და თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, თუნდაც სიცოცხლის ფასად, რადგან თავისუფლების გარეშე სიცოცხლეს ფასი არ აქვს. თავისუფლების გარეშე ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ ხორცია, სულისა და ნების გარეშე.
პესიმისტი: გეთანხმები. როგორც ჩანს, იმედს მაძლევ, მაგრამ იმედი ყველაზე საშინელი რამაა, რადგან ბოლოს კვდება.
ოპტიმისტი: ეგ არასოდეს გამიგონია. მიზნის მისაღწევად ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იმედი და რწმენაა (თუ რა თქმა უნდა, მიზანი გაგვაჩნია)… როდესაც მომავლისკენ დასახული გზა გვაქვს და მთელი გულით ვცდილობთ, რომ მის მწვერვალს მივაღწიოთ, ყველა დაბრკოლებას ხაზი ესმევა. ნათქვამია, რომ ერთადერთი რამ, რაც ადამიანსა და მის მიერ დასახულ მიზანს შორის დგას არის იმის სურვილი, სცადოს და იმის რწმენა, რომ ეს შესაძლებელია… ადამიანისთვის კი იმაზე მნიშვნელოვანი არაფერია, რომ მომავლის იმედი და რწმენა არ დაკარგოს… იმედი მზესავით კაშკაშებს, რწმენა იმედთან ერთად ანათებს და გონებისკენ მხოლოდ საუკეთესო ფიქრებს აგზავნის…
პესიმისტი: სამწუხაროდ, ასეთი ლოგიკა ჩამოყალიბდა: რაც მეტ სიყვარულსა და სითბოს გასცემ, მით უფრო მეტ ადამიანს ვკარგავთ. ყველას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და მერე ჩვენც დაგვაფასებენ.
ოპტიმისტი: შენი ისეთი პიროვნება ხარ რომ საკუთარ თავს მაგას როგორ აკადრებ. ერთმანეთი გვიყვარდეს, მოვუაროთ და მეგობრულები ვიყოთ, ერთმანეთი გავაბედნიეროთ. ერთმანეთს ვუთხრათ გამარჯობა, როგორ ხარ? თქვენი საქმეები როგორ მიდის? მსოფლიოში ძალიან ბევრი მოწყენილი სახეა. ყოველი დღით ვისიამოვნოთ, რომელიც უფასოა. ვინმეს ჩავეხუტოთ, ამისთვის აუცილიებელი არ არის მდიდრები ვიყოთ. სიყვარულით ვიცხოვროთ. ის ვიყოთ, ვინც ვართ. ერთმანეთზე ზრუნვა სირცხვილი კი არა, სიყვარულია. “მე ყველაფერი არ მაქვს, რაც მიყვარს, მაგრამ ყველაფერი მიყვარს, რაც მაქვს”. – ლევ ტოლსტოის ეს სიტყვები არასდროს გაგიგია?
პესიმისტი: ზოგჯერ მოწყენილი უმიზეზოდ ვარ, თითქოს ვიღაც ძვირფასი დავკარგე, მაგრამ არც მახსოვს რაა. ან უბრალოდ ის მენატრება, ვისაც არასოდეს შევხვედრივარ.
ოპტიმისტი: თუ სიყვარულის მოპოვება ან შენარჩუნება ვერ მოვარხერხეთ, გული არ გავიტეხოთ და ეგ არ ნიშნავს, რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს. გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. მე არ განგსჯი, უბრალოდ მითითებებს გაძლევ.
პესიმისტი: სიკვდილი ადვილია. მაგრამ სიკვდილზე რთული ჩვენ გარშემო საყვარელი ადამიანების დაკარგვაა. ძლიერი მაშინ ხარ, როცა ამ ჯოჯოხეთში იღიმები. ღიმილი კი უფასოა, მაგრამ ამ ღიმილის უკან რა იმალება არავინ იცის.
ოპტიმისტი: ჩემ გამო რას გააკეთებ? მე ვიცი მხოლოდ ერთი ღმერთი არასდროს მიგვატოვებს. დანარჩენი კი ყველა გამოუვალ მდგომარეობამდე მხოლოდ სიტყვიერი დაპირებებით შემოიფარგლება. ადამიანის ცხოვრებაში ისეთი მომენტი დგება, როდესაც უსაშინლეს გასაჭირშია, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, როგორი გასაჭირიც არ უნდა იყოს, ყველა და ყველაფერი ქრება. საკუთარი თავის გარდა, არავის იმედი უნდა გვქონდეს და მხოლოდ იმ ერთის, რომელიც გვიყვარს და რომელიც გვწამს და რომლისაც გვჯერა. ყველა ადამიანს მხოლოდ ერთი მისია აკისრია – იყოს ადამიანი.
ნიკა ჩხენკელი, 15 წლის, თბილისის სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი