ილია ჭანტურია - თუნუქის სახურავი
ილია ჭანტურია - თუნუქის სახურავი

თუნუქის სახურავი

მაშინ, როცა მე სიცხიანი საწოლში ვიწექი

და მაკანკალებდა,

გარეთ კი საშინელი თქეში იყო

და წვიმის წვეთები ეხეთქებოდნენ

ჩვენ ჟანგისფერ თუნუქის სახურავს,

მამა გვერდით მომიჯდა და მითხრა,

რომ წვიმა თავისი წვეთების სახურავზე წკარუნით

გვესაუბრებოდა.

მე არაფერი მითქვამს.

დედაჩემს ცხელი წყლით სავსე ბოთლი გამოვართვი

და ტანზე მივიკარი.

„წამალი დავალევინე და დაუწევს“ –

უთხრა დედამ, მერე შემომხედა და გამიღიმა.

იმ საღამოს იწვიმა.

ბევრი იწვიმა.

მე კი სიცხიანი და აკანკალებული

ვიწექი და ვუსმენდი როგორ გვესაუბრებოდა

წვიმა თავისი წვეთებით

ჩვენ ჟანგისფერ თუნუქის სახურავზე.

თითქოს ჩურჩულით ამბავს ყვებოდა

მებადურზე, რომელსაც თევზაობისას

კოკისპირულმა წვიმამ მოუსწრო

და მთელი ღამე

აღელვებულლ ტალღებს ებრძოდა.

 

 

 

ბრტყელტუჩა

როგორ იწყენს ხოლმე,

როცა მარტო დევს.

დევს კარადაში,

ან სკივრში

და იშვიათად თუ გამოვიყენებ.

მარტოსულია ყველა ბრტყელტუჩა.

რომელსაც მავანნი მოიხსენიებენ როგორც პლოსკოს.

ცხონებული, ჩემი მეზობელი,

გიჟი კუკურიც სულ პლოსკოს ეძახდა.

ჩამოჯდებოდა ქუჩაში და

გამვლელ პატარა ბიჭუნებს

თავისი პლოსკოთი კუტუს გაწელვით აშინებდა.

ბავშვები გარდბოდნენ.

კუკური ხარხარებდა.

მაგრამ ეს ლექსი არ არის კუკურიზე,

ეს ლექსი ბრტყელტუჩაზეა,

ჩემ ბრტყელტუჩაზე,

რომელიც დიდი ხანია მარტო დევს

ხან კარადაში,

ხან სკივრში,

და იშვიათად თუ გამოვიყენებ.

მარტოსულია ყველა ბრტყელტუჩა.

 

მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა