ილია ჭანტურია - პაიკი E2-E4. პაიკი E7-E5
ილია ჭანტურია - პაიკი E2-E4. პაიკი E7-E5

„იმ საღამოს, გამოთხოვებისას,

როცა დადგა დრო, ჩვეულებრივ, მეთქვა „მშვიდობით“,

განშორების ბუნდოვანმა სევდამ

მიმახვედრა, რომ მიყვარხარ“

ლეოპოლდო ლუგონესი „Alma ventulosa”

1

თემო სარკმლის რაფაზე ზის და გუშინ შენაძენ “მაგნას” ეწევა. მშობლები სახლში არ არიან, დეიდამისი მარგო და თავისი ხუთი წლის პატარა ძმა, ნიკუშა სხედან მეორე ოთახში.

საღამოა, რვა საათი იქნება. ბინდდება და მხოლოდ სიგარეტის ნამწვის ნათება ჩანს, ფანჯრის რაფა ოდნავ მორყეულია, ძველია და მიმხმარი საღებავი ცვივა. ღრმა ნაფაზებს ურტყამს, გრძნობს, რომ კუპრით გაჟღენთილმა ბოლმა კისერი აუწვა. ლამპიონებში შუქი ქრება, ქუჩა ბნელდება. ცას ახედა, ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. ნამდვილი ცა მაშინ მოჩანს, როცა შუქი მთელს ქალაქში ქრება. ახსოვს ერთხელ პატარა ტანკა დაწერა ამაზე:

„ვარსკვლავების თვალიერებაში გართულს,

მთვარე გადამავიწყდა,

ნაწყენი ღრუბლებში მიმალულიყო“.

ეს რამდენიმე წლის წინადნდელია, თან მაშინ პატარა იყო, ახლა გაიზარდა,  უკეთესად წერს. ისევ ცას აყურებს და თავისი უფროსი ძმის მონათხრობი ახსენდება იმის შესახებ ,რომ ცა, რომელსაც ღამით ვხედავთ, ჩვენი დროის არაა, რომ ის ვარსკვლავები, რომლებიც ახლა ანათებენ, ალბათ დიდი ხნის წინ განადგურდნენ, გაქრნენ, აფეთქდნენ და გაიბნენ მთელს გალაქტიკაში, ამ ნათებებმა კი სიშორის გამო გვიან მოაღწიეს ჩვენამდე. ახსოვს პირველად ეს რომ გაიგო, თითქოს რაღაც სასწაული შეიცნოო. მაგის მერე ყოველ ღამე აკვირდება ვარსკვლავებს და ის ახარებს, რომ შორეულ წარსულთან კავშირი აქვს. ჰო, როცა ცას შეხედავს, გონია რომ წარსულს უყურებს, იქნებ ოდესღაც წლების ან საუკუნეების წინ ვიღაც მისნაირს ზუსტად იმ ვარსკვლავისთვის შეეხედა ღამით, რომელსაც ახლა თვალს ვერ აცილებს.

სიგარეტი ფილტრამდე ჩაიწვა თითქმის, ბოლო ნაფაზი დაარტყა, მერე ქუჩას გადახედა და სახლებს დააკვირდა, რომელიღაც პოეტის ლექსი გაახსენდა, ისიც ბუნდოვნად, ცარიელ ქუჩაზე სახლები ასანთის ღერებივით მიმობნეულიყვნენო. ჰო, თუ არ ცდება ეგრე ეწერა, ზუსტად არ ახსოვს. ქალაქში ნაწვიმარია, წვიმის წვეთებით დანამული მტვრიანი ქუჩის სურნელი ეამა. ღრმად ჩაისუნთქა, უფრო მძაფრად რომ შეეგრძნო.

სახლის ქვემოთ მანქანაა გაჩერებული. სიგარეტის ნამწვი მოისროლა და ზედ მანქანას დაეცა. მერე სარკმლის მინას შეხედა , მასზე მისი სახე არეკლილიყო, რომელსაც მთვარის შუქი ანათებდა. ზარის რეკვის ხმა შემოესმა, ხმა ეკლესიიდან მოდის. ამაზე გაახსენდა, ხვალ კვირაა, დილით ტაძარში უნდა წავიდეს. დედამ უთხრა, ხომ შეგიძლია თვეში ერთხელ მაინც მიხვიდეო, პატარა რომ იყავი, სულ დავდიოდით, შენც ისე გიხაროდა, ტაძარში რომ ვიყავით, ხმას არ იღებდი, კალთაში მეჯექი და წირვას უსმენდიო. წავიდნენ ის დღეები და ის თემოც აღარაა უკვე, კალთაში მჯდომი, დედის მაჯაზე გამობმულ ფსკვნილზე ღვთისმშობლის ცრემლებს რომ ითვლიდა.

მოკლედ, ხვალ კვირაა და დედას არ აწყენინებს, წავა, მთელი წირვის განმავლობაში დინჯად დადგება და ეცდება რამეს მაინც მოუსმინოს.

სარკმლის რაფიდან ჩამოდის და ოთახში სანთელს ეძებს. უჯრებს ჩხრეკს და ერთი დიდი სანთელი გამოაქვს. სანთებელით უკიდებს, სანთელს ცეცხლი ეკიდება და ოთახს ანათებს. სინათლე ხვდება კედელზე გაკრულ სურათებს. კედელზე მინაწერებიც არის, ნაწყვეტები სიმღერებიდან და ლექსებიდან. იმავე კედელზე ჯვარცმაც კიდია. აქ რომ შეხვიდეთ, ალბათ იფიქრებთ ამ ოთახის პატრონი სიდ ვიშეზს, უორჰოლს, გინზბერგს და იესო ქრისტეს ერთად სცემს თაყვანსო.

……………………………………………………………………………………………………………

-თემო, ბესიმ ისევ კუკები გაუშვა – ოთახში ნიკუშა შემოდის, ფანრით ხელში. თემო თავის მაგიდას უზის და რაღაცას წერს, მის ნათქვამზე ჩერდება. ბესი მათი ლეკვია.

-ჯანდაბა, სად, შუა ოთახში? – ეკითხება თემო, ხურავს რვეულს და კალამს დებს ჩასანიშნად.

-ჰო, ისევ იქა. – ხელით უჩვენებს ნიკუშა.

-მარგო არაა მერე მანდ?

-ქვევითაა ჩასული, პური უნდა ვიყიდო დილისთვისო.

-ჯანდაბა, – ამბობს თემო, დგება და მეორე ოთახში გადის. ამ დროს ნიკუშა მის საწერ მაგიდასთან მიდის და რვეულს ხსნის.

-ხელი არ ახლო! – ყვირის მეორე ოთახიდან თემო. ნიკუშა, უფროსი ძმის ყვირილისგან დამფრთხალი, რვეულს ჩქარა ხურავს და მაგიდას შორდება, ისიც მეორე ოთახში გადის, –  მაგას გირჩევნია მოხვიდე და გამინათო.

-აბა, სად ქნა, მანახე! – ამბობს თემო.

-ფუუუ, ფუუუ, შეუჭამია, ფუუუ. – იჯღანება ნიკუშა და ლეკვს უყურებს, რომელიც ენა გადმოგდებული ზის და მათ მოჩერებია.

-აქ ქნა ზუსტად გახსოვს? – ეკითხება თემო.

-კი, ზუსტად აქ, ფუუ.

თემოს სველი ნაჭერი გამოაქვს სააბაზანოდან, იატაკს წმენდს და ისევ სააბაზანოში ბრუნდება.

-რომელი საათია ახლა? გვიანია უკე. მიდი, შედი შენს ოთახში, დაწექი, მანამდე მარგოც მოვა – თემო თავის ოთახში ბრუნდება და კარს კეტავს. კედლის საათი ათს უჩვენებს, ოთახში სანთელი ბჟუტავს.

 

2

თემო. პაიკი E2-E4.

წლები რატომ არ იქნება გასული მას შემდეგ, რაც ჩემმა მეზობელმა ნათელამ, თუ ლამარამ, თავის აივანზე ხალიჩა გაკიდა, მაგის მერე კაი ხანი არც ჩამოუხსნია. ზამთარ-ზაფხულ მანდ ეკიდა, ალბათ მოხუცდა და სკლეროზი ჭირს-მეთქი ვფიქრობდი. ახლა კიდევ, სახლში რომ მოვდიოდი ტაძრიდან, გავიხედე და სადაა ხალიჩა? ჩამოუხსნია. მაინც რამდენი ხანია ასე ეკიდა და თვალში მომხვდა. მერე ჩემი ჰოროსკოპი გამახსენდა, ამ დილით  რომ წავიკითხე, უცნაური და მეტად საინტერესო დღე გექნებათო. ასეთებს საერთოდ არ ვკითხულობ ხოლმე, მაგრამ დეიდაჩემს ედო მაგიდაზე გადაშლილი და დამაინტერესა. ნუ, ეს ხალიჩის ამბავი ხო დიდი არაფერი, მაგრამ ესეც ხომ უცნაურობაა. ალბათ ეს დასაწყისია-მეთქი ვიფიქრე და გზა გავაგრძელე. უძინარი ვიყავი, გუშინ გვიან დამეძინა. ვიწექი, მაგრამ ვერ ვიძინედი ჩემი საათის გადამკიდე. წამების ისრები ისე საშინლად წკარუნობენ. არ ვიცი, იქნებ მე მაქ რამე ნერვული პრობლემა.

ქუჩაში ჩემი უბნელი კაცები იყვნენ შეკრებილები, მაგიდას უსხდნენ, თან ლუდს სვამდნენ. ორი ტიპი ჭადრაკს თამაშობდა. არც ვიცი დაფას რატომ მივაქციე ასეთი ყურადღება. პირველი სვლები უკე გაკეთებული ქონდათ. ორი პაიკი ერთმანეთის პირისპირ იდგა. გამახსენდა, ერთხელ დედაჩემმა რომ მიმიყვნაა ჭადრაკის მასწავლებელთან. გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელმა მითხრა ჭადრაკში პირველ სვლას დიდი მნიშვნელობა აქვსო. როცა ვთამაშობდით, პირველი სვლით პაიკი წინ გამოსწია, მეც მის პირისპირ დავუსვი. ორი ფიგურა ერთამნეთის ზღვარზე იყო. ფრთხილი ხარ, კარგიაო, გამიხარდა პირველი კომპლიმენტის მოსმენა და გაღიმებულმა ჩემს გვერდით მდგარ დედას ავხედე. მაგის მერე ჩვევად მაქვს, როცა ვთამაშობ და მოწინააღმდეგე პაიკს წინ მისვამს, მეც იგივეს სვლას ვუმეორებ. მთავარი ხომ ისარის ფრთხილად დაიწყო, მერე ყველაფერს თამაში გიჩვენებს. ერთი ახალგაზრდა ბიჭიც იჯდა, ჩემხელა. ვიცანი. ეს ის ბიჭი იყო, ჩვენს სკოლაში ახალგადმოსული, ფიშტოს ეძახიან. გადმოვიდა თუ არა, ყველა ბიჭს ამასთან მოუნდა ძმაკაცობა. ჩემმა ერთმა კლასელმა მითხრა, მამამისი ქურდიაო, ციმბირშია ნაჯდომი, ახლა კიდევ მოსკოვშია, აქ რომ ჩამოვიდეს მაგარი დაენძრევა, პირდაპირ ციხეში გააქანებენო. მერე შემეკითხა, ფიშტო კიდევ იცი რა ტიპიაო? იცი წინა სკოლიდან რატომ გამოაგდესო? არა – მეთქი ვუთხარი. რატომ და ერთ მასწავლებელ კაცს, რაღაც ცუდად უთქვამს ამისთვის, ამას კიდე უგინებია და სახეში უხევიაო. მერე დააყოლა, მაგიტომ მევასება, მაგარი როჟაა ფიშტოო. მეც თავს ვუქნევდი, მეტი რა უნდა მექნა? ასეთ ტიპს ათასს ვიცნობ, მაგრამ ეს მაინც სხვანაირი ჩანს. მახსოვს, ერთხელ რომ ჩამიარა და ჩამათვალიერა. მივხვდი რაღაც თვალში ვერ მოვხვდი კარგად. მაგის მერე, რომ გამოდიოდა დასვენებებზე, შორიდან მიყურებდა ხოლმე. მოკლედ, არ მოვწონვარ და ეგ არის, თან შარიანი ტიპია და ალბათ ჩემთვისაც რამის ატეხვას ცდილობს, უბრალოდ მიზეზის პონვა უნდა – მეთქი, ვფიქრობდი, ჰოდა, ახლა, ამ დილით ამას გადავეყარე და ჩემი ჰოროსკოპის არასწორობაშიც დავრწმუნდი, რაღა საინტერესო ამის ნახვა იყო. თან არც მესიამოვნა.

-გამარჯობა – ვუთხარი შეკრებილებს, როცა ჩავუარე.

ზოგი თავის დაკვრით მომესალმა, ზოგმაც თემოს გაუმარჯოსო.

-რავა ხარ თემო? – მკითხა ერთმა. ჩემი მეზობელი კახა ვიცანი.

-კარგად, კახა. თავად?

-ეს თავად და მოკრძალებული ბაზარი ვერ მოვაშლევინე ამ ბავშვს, რა, – თქვა და ჩაეცინა – კარგად ვარ, კარგად. ლუდზე ხომ არ დაგვეწვევი?

-აჰ, ვერა, ბოდიში. სახლში უნდა მივიდე მეჩქარება და…

-მოიცა, მოდი, სად გეჩქარება ეგრე. მოდი, ვიღაც უნდა გაგაცნო.

ვიცოდი მაგ ფიშტოზე რომ მითხრა. ძაანაც კი მეზარებოდა ახლა ამ ტიპის გაცნობა, მაგრამ რა მექნა? უარს ვერ ვეტყოდი.

-ეს გიორგია – თურმე გიორგი რქმევია – ჩემი ძმაკაცის და მაგარი კაცის შვილია რა, ეს კიდევ თემოა, ერთ ქლაქში ცხოვრობთ და იცნობდეთ ერთმანეთს რა, იძმაკაცეთ.

-ერთ სკოლაშიც დავდივართ- შეაწყვეტინა ფიშტომ.

-ჰოდა, მთლად უკეთესი მერე.

ხელი გავუწოდე, ჩამომართვა, სასიამოვნოა – მეთქი, ამაზე დიდი ტყუილი ალბათ არ მითქვამს ჩემს ცხოვრებაში, ჩემთვისაცო, ალბათ ამანაც მაგარი მოიტყუა – მეთქი, ვიფიქრე. მერე შემომხედა და გამიღიმა, თან როგორ. მერე შეკრებილებს დავემშვიდობე და წამოვედი, რომ მოვდიოდი მაგის ღიმილი მედგა წინ. რა უცნაურად გამიღიმა – მეთქი, ვფიქრობდი. საერთოდ არ ეტყობოდა, რომ თვალში ცუდად ვხვდებოდი, პირიქით. მოკლედ, ჩემ ჰოროსკოპზე შემეცვალა აზრი, მართალი ყოფილა – მეთქი ვიფიქრე.

სახლში რომ შევედი ნიკუშა შემომეგება გახარებული სახით. ბესიმ კიდევ მოკუკაო, ოღონდ ახლა არ უჭამია, იქ დატოვა სადაც გააკეთაო. მერე რა გიხარია – მეთქი. რა და ხომ არ უჭამია რაც მთავარიაო. მისაღებში რომ შევედი, დედაჩემი წმენდდა იატაკს, თან იმაზე წუწუნებდა, რაღა დაიჩემეთ ეს ლეკვის ყოლა, აჰა და წმინდეთ ახლა თქვენ თვითონო. მერე მე მომიბრუნდა, რა მოგივა ასე ყოველ კვირას იარო ეკლესიაშიო, მერე დაამატა, მთლად წარმართი არ გახდეო. მე არაფერი მითქვამს, ჩემს ოთახში შევედი. მისაღებიდან მომაძახა დედაჩემმა, ციცოს ხომ უთხარი რატომაც ვერ მივედიო?! კი – მეთქი. აბა რა უთხარიო. რომ გეუბნები ესეიგი ვუთხარი-მეთქი. შენ ისეთი ხარ დაგავიწყდებოდაო. არა, ვუთხარი რომ ნიკუშა გყავდა კბილის ექიმთან წასაყვანი, არ დამვიწყნია – მეთქი. კარგი ბატონოო, მითხრა და იატაკის წმენდა განაგრძო. მე კარი მოვხურე და ლოგინზე წამოვწექი. ისევ იმ ტიპის ღიმილზე დავფიქრდი. მერე ერთი მომენტი გამახსენდა, ბაბუაჩემი ელაპარაკებოდა მამაჩემს , ამ საუბრიდან ერთი რაღაც დამამახსოვრდა მხოლოდ, ბაბუამ თქვა, კაცი თუ ისე შეაფასე როგორიც ერთი შეხედვით ჩანს, სულელი ყოფილხარ მეტი არავინო. მე კიდევ ეს ახლა ამომიტივტივდა გონებაში. იმ ფიშტოს გამო ვითომ? არ ვიცი. მაგრამ, არც ერთი გაღიმების გამო ჩანს სწორი, კაცის შეფასება. მოკლედ, კი ვიცი ეს ხვალ უკვე დამავიწყდება, უბრალოდ, თითო დღეს თითო საფიქრალი მიჩნდება ხოლმე. ასე ვარ. სხვანაირად ვიწყენ. კედელზე საათი არ ჩერდება, ფანჯრიდან უნდა მოვისროლო-მეთქი გავიფიქრე.

 

3

კედლის საათი ექვსს უჩვენებს. ფიშტო საწოლიდან დგება და სარკმელთან მიდის. ქუჩას გაყურებს, მერე ცას. ცაში ღრუბლებს სხვადასხვა ფორმა აქვთ. ერთი სფინქსს აგონებს. კარგად აკვირდება. კი, ნამდვილად სფინქსს გავს. რომელიღაც ლექსი ახსენდება. როგორ არის?

„ გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,

დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.”

 

ჰო, ასეა, სწორად ახსოვს. თან ერთი ვერსიით მამაკაცის დაწერილია და ლექსიც საყვარელ კაცს ეძღვნება. მასწავლებელმა ასე უთხრათ, ხშირად არ უსმენს ხოლმე, მაგრამ ეს დაამახსოვრდა.

ფიქრები ირევა ფიშტოს გონებაში. რატომ არ იცის, მაგრამ ახლა ის ბიჭი ახსენდება, წინა სკოლაში მან და თავისმა ძმაკაცებმა რომ ცემეს. გიომ უთხრა მწოველია ეს ჩემისა, ბეგომ ნახა ძველი ფაბრიკის ნანგრევებთან, როგორ უღებდა ერთ პედარასტსო. გაკვეთილების მერე ქუჩაში დახვდნენ და სველ ასფალტზე გაიგდეს. მანამდე არ შეეშვნენ სანამ ბიჭს სახე არ დაუსისხლიანდა. ბოლოს ფიშტო, სხვებს დასანახად, მივიდა და ზედ დააფურთხა. ახლა კიდევ იმ ბიჭის სახე ახსენდება, იმ მომენტში როგორ შემოხედა. რაღაც აწუხებს ფიშტოს ამის გახსენებისას, რაღაც შიგნით აწვება და ამძიმებს. ეს ნერვიულობა და ფორიაქი დიდი ხანია დასჩემდა. როდის მერე?

ეს ამბავი ასე მოხდა. ეს ყველაფერი ნაწილ-ნაწილ ახსენდება ხოლმე. მამამისმა თოთხმეტი წლის ბიჭი ოცდაათი წლის მეძავთან წაიყვანა. რამდენს არ ეცადა ქალი, მაგრამ ვერაფერით აუყენა. ახსენდება როგორ ნერვიულობდა იმ წამს, ყოველი შეხება გულს ურევდა. ბოლოს ქალმა თავზე გადაუსვა ხელი და უთხრა, არაუშავს, პირველზე ასე არის ხოლმე, აი, მეორეზეო… ამის მოსმენაც არ უნდოდა. ოთახიდან გამოსული ტუალეტში შევიდა, ონკანთან მდგარს გული აერია. იდგა და თავის ნარწყევს უყურებდა.  მამამისს არაფერი უკითხავს. არც არაფერი უეჭვია. მაგის მერე სძულს მამა, გულის სიღრმეში უყვარს, მაგრამ უფრო ხშირად სძულს. ვერც სიმართლეს ეტყვის, ეშინია, რომ ერთადერთ ვაჟს შეიძულებენ.

საათის ისარი ექვს გადაცდა. ფიშტო რაფაზე ზის და საკუთარ ფიქრებშია. ეყო ამდენი ნერვიულობა, ახლა რამე ისეთი უნდა გაიხსენოს, რაც დაამშვიდებს მის გონებას. და ამ დროს თემო ახსენდება ფიშტოს. ბიჭი, რომელსაც სკოლაში სულ შორიდან ათვალიერებს ხოლმე. გაცნობის მომენტი ახსენდება. ხელი როცა ჩამოართვა, რაღაც უცნაური იგრძნო, მერე ერთი ღრმად ჩაისუნთქა და გაუღიმა.

 

4

თემო

ჩემს მეზობელ კორპუსში, სადაც მასწავლებელთან დავდივარ, ძველი ლიფტია. აი, ისეთი, ხურდები რომ უნდა ჩაყარო. სხვანაირად არ აყავხარ. მახსოვს, პატარაობაში ლიფტში როცა შევდიოდი, კაბინის ერთი წერტილიდან ქალის ან მამაკაცის ხმა გამოდიოდა, რომელიც ხურდის ჩაგდებას გთხოვდა ხოლმე. ამიტომაც, სულ მეგონა ლიფტს მეორე ოთახიც ქონდა, ადგილი სადაც ამ „ხმების“ პატრონები ისხდნენ. ახლა კიდევ ველოდები ლიფტს და როცა შევალ, მგონია რაღაც ხმა მეტყვის, „ხურდა!“, „ხურდა მანდ ჩააგდე შვილო!“, „ასანთის ღერები არ ქნათ, ვამოწმებთ, იცოდეთ!“. ჯიბეებს ვიჩხრეკ და ხუთთეთრიანს ვეძებ. აი, ვიპოვე.

-ლიფტს ელოდები შვილო? – მეკითხება ქალი, რომელიც კიბეებზე ჩამოდის. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ.

-მეხუთეზეა გაჭედილი, ხუთ წუთში ჩამოვაო მითხრეს.

-მადლობა – ვეუბნები და ვუღიმი. აქეთაც მიღიმის და გზას აგრძელებს.

კიდევ დაგვიანებაღა მაკლდა. ძაან წაკლა მასწავლებელი მყავს. ორი წუთით დაგვიანებაზეც ქოთქოთს იწყებს. დედაჩემის ახლობელია. ერთ მოძღვართან დადიან ორივე და ფულს არ მახდევინებს. ამიტომ ვმეცადინეობ მასთან, თორემ ჩემი ნება რომ იყოს, დღესვე გამოვიდოდი. ზევიდან ხმაური ისმის. მგონი გააკეთეს. ლიფტი ჩამოდის. კარი იღება. შევდივარ. ხუთ თეთრიანს ვაგდებ და სართულს ვუთითებ. კედელზე ფურცელია გაკრული, სადაც დიდი ასოებით აწერია – „სადარბაზოებში და ლიფტში ნუ მოფსამთ!!!!“. ფეხის ხმა მესმის, ვიღაც სადარბაზოში მოაბიჯებს. მერე ლიფტში შემოდის. ვიხედები. ფიშტოა.

……………………………………………………………………………………………………………………………………………………

„ გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,

დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.”

 

 

5

ფიშტო. პაიკი E7-E5.

მანანას, თემოს დედას, გაუკვირდა, როცა თავისი შუათანა ვაჟი ნახა, თუ როგორ უაზროდ დადიოდა სახლში. ამჩნევდა რაღაცაზე სერიოზულად ჩაფიქრებული იყო ბიჭი. რამე მოხდაო? კითხა ერთხელ, არა, არაფერიო, იუარა თემომ. მანანას არც უცდია გაეგრძელებინა, სერიოზული რამე რომ იყოს, მეტყოდაო, გაიფიქრა და კარტოფილის თლა განაგრძო. თემო თავის ოთახში შევიდა და კარი ჩაკეტა. სარკმლის რაფასთან ჩამოჯდა, ჯიბიდან „მაგნას“ ერთ ღერი ამოაძრო, მოუკიდა და ნაფაზი მაგრად მოქაჩა. მერე თავის ქუჩას გადახედა, იქითკენ გაიხედა, სადაც ფიშტო ცხოვრობდა. როგორი უცნაური იყო ეს ყველაფერი. როგორ უცაბედად მოხდა.

ფიშტო ამ დროს სახლში დიდი ხნის მისული იყო. თავის ოთახში სარკმელთან იდგა. ცას ვარსკვალვები გამონაყარივით აჩნდა, ქუჩა ჩაბნელებულიყო. „ორ დღიანი უშუქობის შემდეგ, შუქი ხვალ, დღის ორ საათზე მოვა. ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ…“ – მეორე ოთახიდან რადიოს ხმა ისმოდა. რაფაზე ჩამოჯდა, ქუჩას გახედა, რომელსაც სიაცარიელე და სიჩუმე ავსებდა.  სარკმლის მინაზე საკუთარი სახე არეკლილიყო, წამით შეხედა, ღრმად ჩაისუნთქა და გაუღიმა.