ილია ჭანტურია - ნიკუშამ წასვლა გადაწყვიტა
ილია ჭანტურია - ნიკუშამ წასვლა გადაწყვიტა

სისხლის გათეთრებაო, ვიღაც თეთრ ხალათიანმა.

მე ვთქვი – არა, დედა, ეს კაცი გატყუებს. გუშინ ვთამაშობდით, წაიქცა და ფეხიდან სისხლი წამოუვიდა. თეთრი საერთოდ არ იყო, წითელი იყო, წითელი. მატყუარაა ესა ვიღაცაა-მეთქი.

დედამ – არაო, ექიმი არ იტყუებაო.

მიდი და უმტკიცე ახლა ამათ. ამათ რა იციან, იქ იყვნენ, როცა ვთამაშობდით თუ რა?! თან ამ უფროსებს რას გაუგებ, რამეს რომ დაიჩემებენ, ვერ გადაათქმევინებ. თითქოს არც არაფერი გითქვამს, ისე გაატარებენ. ბაბუაჩემი იყო ეგრე. სულ სახლში იყო ხოლმე და ტელევიზორში თავის გადაცემებს უყურებდა. ვიღაც ლამაზად გამოწყობილ კაცებს აჩვენებდნენ, რაღაც უცნაურ სიტყვებს რომ ამბობდნენ, ეგეთებს. თან ბოლო ხმაზე აუწევდა.  მე ვთხოვდი, ტრანსფორმერების მულტიკი ჩაერთო, მაგრამ საერთოდ არ მისმენდა – აი, წინათ როგორც ვთქვი, თითქოს არც არაფერი მეთქვა, ისეთ სახეს იყენებდა. სანამ წინ არ გადავეფარებოდი, აქეთ არ მოიხედავდა.

მერე დედამ მითხრა, მოხუცდა ბაბუა, იმიტომ არ გპასუხობს, რომ ყურში არ ესმისო.

არადა ვიცი – დედა და ბაბუა ერთმანეთთან იყვნენ შეკრული, ყურში არ ესმის, არა ისა კიდო. მე ხომ მესმის? აბა, ბაბუაჩემს რა დაემართებოდა. ბოლოს რომ ვნახე ბაბუაჩემი, უცნაური ფორმის მაცივარში იწვა. მინიდან ჩავხედე, თვალები დახუჭული ქონდა, ერთი დავეჯღანე, არც გამოუხედავს.

მერე ვუთხარი, ახლა წავალ და ჩემს მულტიკებს ვუყურებ-მეთქი, თან ხმამაღლა.

ისევ ეგრე მომექცა. არაფერი უთქვამს – ვითომ ხმაც არ ამომეღოს და არაფერი მეთქვას მაგისთვის. არ მპასუხობ და იყავი ეგერ-მეთქი, მივაძახე.

მერე მივხვდი, ცოტა ცუდად რომ ვუთხარი და კაი, მაპატიე, ბაბუა-მეთქი.

არც მაშინ გამოუხედავს. აი, ასეა. იმ დღსაც, როცა სახლში მივდიოდით, ვეუბნებდი დედაჩემს, რომ ეგ კაცი ატყუებდა, მაგრამ არ დამიჯერა, არც მისმენდა. მიდიოდა და თვალებს ცხვირსახოცით იწმენდდა. მგონი, ტიროდა. ალბათ დედასაც ფეხსაცმლის გამო დასცინიან და ამიტომ ტირის-მეთქი. აბა, მე რა ვიცი, მე ამის გამო ვტირი ხოლმე. არადა, ძანაც მომწონს ჩემი ფეხსაცმელი, მერე რა, რომ ჩემი უფროსი დის გამონაცვალია. დედამ მითხრა, საერთოდაც არ არის სირცხვილი, ბიჭს ასეთი ფეხსაცმელი ეცვასო. ცოტათი ძველი კი არის, მაგრამ მე მომწონს. დედასაც ესეთი აცვია, ჩემი ფეხსაცმელივით ნაოჭებიანი.

იმ დღეს, სანამ სახლში მივიდოდით დედამ მითხრა, შენ არაფერი უთხრა ნიკუშასო.

მე ვთქვი, რა უნდა ვუთხრა, რაც მართალი არ არის? არ ვეტყვი, არ მოვატყუებ, შენ არ მითხარი, ტყუილი არ შეიძლებაო?

ჰო, მართალი ხარო და მერე არაფერი უთქვამს. მეც ეგრე მოვიქეცი, შევედი ჩემს ოთახში და ნიკუშა იქ დამხვდა.

ნურაფერს მკითხავ, არაფერსაც არ გეტყვი-მეთქი.

რა არ უნდა მითხრაო?

რა და ის, რომ ვითომ თეთრი სისხლი გაქვს-მეთქი.

სიცილი აუტყდა, ეგ როგორ უნდა მქონდესო.

აბა, მე რა ვიცი, დედას უთხრა ვიღაც თეთრ ხალათიანმა-მეთქი.

თეთრი ხალათი თუ ეცვა, ალბათ თეთრი ფერი უყვარს და მაგიტომ უთხრაო.

ხო, ეგრეა ალბათ-მეთქი.

გვერდითა ოთახიდან დედას ტირილის ხმა ისმოდა. ჩუმად შევიხედე, მამაჩემი გვერდით იდგა და არაფერს ამბობდა.

ნიკუშამ, რა მოუვიდა, რატომ ტირისო.

მე ვუთხარი ფეხსაცმლებზე დასცინიან  ალბათ და მაგიტომ-მეთქი.

შენც ეგრე არა ხარო?

ჰო, მეც ეგრე ვარ-მეთქი.

არაუშავს, მე მომწონს შენი ფეხსაცმელიო.

გამეღიმა. დედა შემოვიდა, სხვანაირი ხმა ქონდა. საჭმელი შეჭამეთ ახლა და დაწექითო. ჩვენც ეგრე მოვიქეცით.

მეორე დღეს მამამ თქვა, ამდენი ფული საიდან მოვიტანოო.

არაფერს არ ამბობდნენ და მერე დედამ სახლი, სახლიო, ბანკშიო, ბანკში ჩავდოთო.

ვერაფერი გავიგე და ოთახიდან გამოვედი.

მერე ჩემს უფროს დას ვკითხე, ნინოს,  ფული უნდა მამას – მეთქი?

და კიო. ოცდახუთი ათასიო.

ეგ ბევრია-მეთქი ?

და თავი დამიქნია, ბევრიაო.

ძაან ჭირდება-მეთქი?

და კიო.

მე კიდევ გამახსენდა, პულტიანი მანქანისთვის ყულაბაში თეთრიანებს რომ ვყრიდი. ცოტა კი გამიჭირდა, მაგრამ მაინც გავუძელი. გავტეხე ყულაბა და ჩემს დას მივეცი შეგროვებული ფული.

აგერ, მიეცი მამიკოს, ჭირდება – მეთქი.

შემომხედა, ატირდა და ჩამეხუტა. მე ვიფიქრე, რა ჭირთ ჩემებს, სულ რომ ტირიან. მაგის მერეც, საღამოობით, დედა და მამას ოთახს რომ მივაყურადებდი, დედას ტირილის ხმა მესმოდა, ყოველ საღამოს ეგრე იყო, მერე მამა ამშვიდებდა ხოლმე. მე კიდევ  ვერ ვხვდებოდი, რა ჭირდათ, დედა ჭკვიანია, იმ კაცის ტყუილს არ დაიჯერებდა-მეთქი.

ერთ დღესაც ნიკუშა წაიყვანეს. მეორე დღეს სახლში რომ მოიყვანეს, თავი სულ გადაპარსული ქონდა.

ეს რა არის, რანაირად შეგიჭრია-მეთქი, გამეცინა.

მე რა ვქნა, იქ რაღაცები გამიკეთეს, მერე, დღეს, დედამ წამიყვანა ვიღაც ქალთან, თავი გადამპარსაო.

მოდი წკიპურტები გავცვალოთ, შენს თავზე მაგრად გამოვა-მეთქი.

გაეცინა, მეც გავუღიმე. იმის მერე სულ ცუდად იყო ხოლმე, ლოგინში იწვა და ჩემთანაც არ თამაშობდა.

რა გჭირს ხომ არ გამებუტე-მეთქი.

არაო, უბრალოდ არ შემიძლია თამაშიო, ვერ ვითამაშებო.

თავიდან მეწყინა და გავბრაზდი.

შენ სულ ასე ხარ, სულ არ შეგიძლია და არ შეგიძლია-მეთქი.

რა ვქნა, ჩემი ბრალი ხომ არ არისო.

ცოტა ხანი გავებუტე. მერე გადამიარა წყენამ და შევურიგდი.

ვკითხე, რატომ ხარ ესე-მეთქი.

ქიმიის ბრალია, დედამ თქვაო.

მე ვუთხარი ცუდია ეს ქიმია. არ გახსოვს? ნინო სკოლაში რომ დადიოდა, სულ ამბობდა, მძულს ეს ქიმიაო. ალბათ ღირსია და მაგიტომ ამბობდა, შენც ვერ ხედავ რა გიქნა-მეთქი?

მართალი ხარ, საზიზღრობააო.

ამის მერე ცოტა უკეთ იყო. ფეხზეც დგებოდა, ერთადაც ვსეირნობდით ხოლმე. მაგრამ თამაში მანც არ შეეძლო. მერე ერთხელაც არადა არ გამოვიდა ოთახიდან, ისევ ეგეთები დაეწყო, სულ ლოგინში იწვა და ვერ გამოდიოდა. მეც მოვიწყინე და მშობლებსაც არ ეცალათ ჩემთვის, არც ჩემს დას და სულ მარტო ვიყავი ხოლმე. ერთხელაც საღამოს გამომეღვიძა, დედა გაბრაზებული ჩანდა და ოთახებში დადიოდა. ნიკუშას ოთახში ვცადე შესვლა, მაგრამ მამამ არ შემიშვა, აცადე, ექიმები მოვლენ, ისინი უნდა შვიდნენო. მერე დიდი მანქანაც მოადგა სახლის კარს, მწვანე ტანსაცმელი ეცვათ, ჩქარა შემოვიდნენ სახლში და ბორბლებიან ლოგინზე დაწოლილი გაიყვანეს ნიკუშა. ტავიანთ დიდი მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.

მე ვთქვი კიდევ კარგი, მწვანეები ეცვათ, თორემ ეს თეთრ ტანსაცმლიანები სულ მატყუარები და დებილები არიან-მეთქი.

მერე მამამ ჩვენც წაგვიყვანა და იმ მანქანას გაყვა. სადღაც დიდ სახლში შევედით, ოთახები სულ თეთრი იყო და ისევ ის თეთრ ტანსაცმლიანები არ ვნახე?!

მე ვთქვი, ცუდადაა ნიკუშას საქმე. ესენი რამე ცუდს გაუკეთებენ – მეთქი.

დიდი ხანი ვისხედით იქ, მერე ის თეთრტანსაცმლიანი გამოვიდა და რაღაც უთხრა დედა და  მამას, ორივე ატირდა. არ ვიცოდი, რა ხდებოდა. ძაან შემეშინდა და მეც ავტირდი. თავიდან რამის თქმის შემეშინდა.

მერე ვკითხე ჩემს დას, ნინოს, რა მოხდა-მეთქი. ცოტა ხანი ჩუმად იყო.

მერე მითხრა, წავიდაო.

ვინ წავიდა-მეთქი?

ნიკუშა წავიდაო.

მერე არ მოვა-მეთქი?

და არაო.

გავბრაზდი.

ჩემთან სათამაშოდ არ გამოდიოდა და ახლა სად წავიდა. არ ნდომებია და მაგიტომ  აკეთებდა ეგრე-მეთქი.

ნინოს არაფერი უთქვამს.

მეორე დღეს ნიკუშა ვნახე – აი, ბაბუაჩემი როგორ მაცივარშიც იყო, ეგეთში იწვა, ოღონდ უფრო პატარაში. ეძინა. მე კიდევ მივედი და ვუთხარი:

უკვე არ ვარ შენზე გაბრაზებული, ნინომ მითხრა, აქ კი წევს მაგრამ სხვაგან წავიდაო, მე კიდევ ვიცი, რაღაცას მატყუებს, ეგ კი ვიცი, რომ აქ ხარ და გესმის, როცა თვალს გაახელ, წავიდეთ და ერთად ვითამაშოთ-მეთქი.

არაფერი უთქვამს, მაგრამ ვიცი, რომ ესმოდა. გამოვედი და ჩემს ოთახში შევედი. მაგის მერე ნიკუშა არ მინახავს. ერთ დღესაც გამომაწყვეს ლამაზ ტანსაცმელში და სადღაც წამიყვანეს, ბევრი ხალხი იყო და ბევრიც ტიროდა, ქალაჩუნები ყოფილან-მეთქი, გავიფიქრე, ეგრე გვეძახის ჩვენი მასწი, ტირილს რომ დავიწყებთ. ხალხი ერთ ადგილას იყო შეგროვილი. მე არ მივსულვარ ჩემმა მეზობლმა გამიყვანა და მასთან ვიდექი.

თავიდან ცოტას ვბრაზობდი, ასე უცბად რატომ წავიდა, ჩემთვის მაინც ხომ შეეძლო რამე ეთქვა, მაგრამ მაინც მენატრება ნიკუშა. რამდენი ხანია ერთად არ გვითამაშია. ჰოდა, ახლა მინდა, ძაან მინდა, აქ რომ იყოს.

***

დღეს ვიღაც კაცები მოვიდნენ ჩვენთან სახლში.

მამაჩემს უთხრეს, ბანკიდან ვართ, ზუსტად არ მახსოვს, რაღაცის გადაუხდელობის გამო სახლი უნდა დაცალოთო.

მერე ვიღაც კაცებიც შემოვიდნენ და მამაჩემს ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ. მამაჩემიც გაბრაზებული იყო. ყველაფერი ვერ გავიგე, რას ამბობდნენ. მარტო ეს ვიცოდი, რომ სახლიდან გვაგდებდნენ. წამოვდექი და იმ კაცტან მივედი, სახლიდან წადიო, მამაჩემს რომ უთხრა და ვეუბნები – რანაირად უნდა წავიდეთ, ეგ ხომ ჩვენი სახლია-მეთქი.

არ შემოუხედავს,  ვითომ არც გაუგია. ხომ გითხარით, არა? ასეთები არიან, რაღაცას ეტყვი და ისე მოიქცევიან, ვითომ არც არაფერი არ გითქვამს…

დატოვე კომენტარი