გოდე გორგილაძე - BIG BANG THEORY
გოდე გორგილაძე - BIG BANG THEORY

იმ დღეს, მასწავლებელს ჰკითხა ჩემმა ერთმა გამოტვინებულმა კლასელმა, თქვენს ბავშვობაში ფერადი ტელევიზორი თუ იყოო. წინადადება დასრულებული არ ჰქონდა, რომ აფეთქდა მასწავლებელი. საშინელება იყო. ჯერ ძარღვები დაებერა კისერზე, მერე თვალები ისე გაუფართოვდა, რომ ლამის გადმოუცვივდა. ეგ არაფერი, სახე რომ სულ მთლად აუჭარხლდა და ყბა მოეღრიცა, აი, მაშინ მივხვდით, რომ ცუდად იყო ჩვენი საქმე.  ერთი იმის ღრიალი მოასწრო,  ჩემი თავი ქვის ხანიდან ხომ არ გგონიათ, თქვე ფარჩაკებოო და მერე წამებში ისეთი აფეთქების ხმა გაისმა, რომ მთელი სკოლა ჩვენთან ჩამოცვივდა. აქვე დავამატებ, საზიზღრობა იყო. მთელი კლასი სისხლით მოვითხუპნეთ. ზოგს ხელი მოხვდა სახეში, ზოგს ფეხი. ცოტაც და გული ამერეოდა, ამიტომ მოვასწარი და ჩატეხილი ფანჯრიდან გადავძვერი ეზოში. პატრულის სირენების ხმაც მალე გაისმა. ალბათ ყველა მოწმე სჭირდებოდათ და მალე მომძებნიდნენ კიდეც, თუმცა მაგათი თავი საერთოდ არ მქონდა. ნელა დავუყევი ზღვისკენ. ვიფიქრე, ვიბანავებ და ცოტას დავამშვიდებ თავს მეთქი.

იმ დღეს ძალიან უცნაური ამინდი იყო. მთლიანად ჩაყვითლდა სამყარო. ცის პატარა ლურჯ ნაგლეჯსაც კი ვერ მოკრავდით თვალს, მზეზე ხომ საუბარი ზედმეტია. თბილი, მოგუდული სიყვითლე ჩამდგარიყო სამყაროში და ყველაფერი სიჩუმეში ჩანთქმულიყო. დილით როგორც კი ავდექი და ფარდები გადავწიე, მაშინვე მივხვდი რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. მერე ინტერნეტში წავიკითხე მეცნიერებს განუცხადებიათ, მთვარე გატყდაო და მთვარის გული გადმოიღვარა მთელ ატმოსფეროზეო. ჩემი აზრით, კი მეცნიერებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ რას ბჟუტურებდნენ. მამიდაჩემიც მეცნიერი გახლდათ და იქედან ვიცი. და რა შევატყვე მამიდაჩემს უტვინობის? ერთხელ პატარა რომ ვიყავი, შემთხვევით თავზე წამოვარტყი ხელი და იქედან ისეთი რაკარუკი გაისმა, რომ მთელი ოჯახი მიხვდა ცარიელი რომ ჰქონდა იქაურობა. მაშინ გამიკვირდა, რატომ გაიქცა და ჩაკეტილი ოთახიდან მხოლოდ სავახმშოდ, ისიც ჩასისხლიანებული და დასივებული თვალებით რატომ გამოდიოდა, თუმცა მალევე გავიგე, რომ თურმე ტიროდა. კი, ნამდვილად ბევრს ტიროდა. ისიც მახსოვს, ქვემოდან მეზობელი როგორ ამოვარდა თქვენგან წყალი ჩამოდისო, მაგრამ ვერაფრით მოახერხეს მამიდას დამშვიდება. მაინც იჯდა ოთახში და ტიროდა და ტიროდა. არაფერი ეშველა. იმ წვრილ, ჩამომხმარ მეზობელს კი მაგრად ეშველა, ბრატუხ. იმას ტვინი ჰქონდა და ზუსტად მაგიტომ. ცრემლებისგან მარილის გამოხდა დაიწყო და მალე არა მარტო ქალაქში, არამედ ქვეყანაში ერთ-ერთ წარმატებულ და მდიდარ ტიპად იქცა. მამაჩემმა კი უთხრა, თუ არ გინდა გიჩივლო საავტორო უფლებების მოპარვისთვისო, მაშინ საქმე ისე მოაწყვე რომ ჩემი გოგო მეცნიერთა აკადემიაში მიიღონო. მაშინვე დაფაცურდა ის გამდიდრებულგაამაყებული და აწ უკვე ჩასუქებულგაბერილი მეზობელი და ქვეყნის წამყვან აკადემიაში გაჩითა მამიდაჩემი და იმდღესვე საცოდავს ბიზნესი ჩაეშალა. მამიდაჩემზე ბედნიერი ქალი, მეორე არ მოიძებნებოდა ქვეყნად და რაღა ატირებდა? ჰოდა, მაშინვე გაკოტრდა ის ჩვენი მეზობელი. ჩვენს ოჯახს აღარ ელაპარაკებოდა, მეტიც, საჩივარიც კი შეიტანა, მაგრამ მაგრად ეკიდა მამაჩემს. თოკი იაფად იყიდა. ბევრი არ დაუხარჯავს. ჰოპ, ერთი მარყუჟი გააკეთა და პირდაპირ კისერზე ჩამოაცვა იმ ქარაფშუტას. მაგის მერე აღარავის უნახავს ის ტიპი. მაგრად ეკიდა მამაჩემს და გარე სამყაროს ხმას ვეღარ აწვდენდა.

ჰოდა, იმას ვამბობდი რომ უცნაური ამინდი იყო. ქვიშის მტვერი დაბოდიალობდა მთელ ქალაქში. საკაიფო სითბოც იყო. სანაპირომდე მალე მივედი. დილის საათები იყო, ამიტომ ხალხი თითქმის არ ჩანდა. მხოლოდ ერთი წყვილი შევნიშნე ახლოს. როგორც ჩანდა ბიჭი ეჩალიჩებოდა გოგოს, რადგან პერიოდულად გოგო უარის ნიშნად თავს აქნევდა იქით-აქით. მაგარი გოგო კი ჩანდა, ისე. ქერა თმებით და რამე. ტატუც ჰქონდა მუცელთან, მაგრამ რა ეხატა ვერ ვარჩევდი. მასეთი გოგოს აგდება კი ღირს, ძმაო, წარმატებები ვუსურვე და გახდა დავიწყე. შორს, ზღვის ჰორიზონტზე გემი შევნიშნე. უცებ ერთი აზრი ამეკვიატა. გემამდე მიმეცურა, ჩუმად ავპარულიყავი და ამ სამყაროდან გავქცეულიყავი. ამბობენ, არსებობს ისეთი სამყარო სადაც პლანეტები სფეროსებური არიან და თავისით ბრუნავენო. სიმართლე გითხრათ, არც ამის მჯეროდა, მართალია ამას მეცნიერები არ ამბობდნენ, ძირითადად ასეთ ამბები ჯადოქრებს ან კუდიანებს ეკუთვნოდათ, მაგრამ არც მაგათი მჯეროდა დიდად. თან, ასეთი, ლეგენდები ძალიან სწყინდათ ჩვენს სპილოებს. ერთმა ისე შეხტა კიდეც შეურაცხყოფისგან, რომ შარშან ერთი კუნძული მთლიანად ცუნამმა ჩაყლაპა. ამის მერე, თითქმის აღარავინ საუბრობდა ამაზე. არავის უნდოდა ცოცხლად წყალს დაემარხა. ან მიწას. ან საერთოდ, ნაცრისფერი სპილოს ხორთუმში გაეტარებინა დარჩენილი ცხოვრება.

წყალი ცივი იყო. ფეხის თითებიდან ჟრუანტელმა დამიარა. რაც უფრო ბევრს იფიქრებდი ამაზე და დიდხანს შეყოვნდებოდი, უფრო ვერ შეძლებდი შეჩვევას. ამიტომ, ერთი ჰოპ, მეთქი დავიყვირე და ეგრევე ჩავტხი. ჩავყვინთე და ხელებით შემხმარი სისხლი მოვიცილე. მერე ზურგზე გავწექი და ცას დავუწყე კირკიტი. სანაპიროდან კივილის ხმა შემომესმა, მაგრამ ეგ ხმა პატრულის სირენების წრიპინმა გადაფარა. ჯანდაბა, მომაგნეს. წავიდოდა ახლა დაკითხვა, რა უქენით მასწავლებელს, რა დაინახე ბოლოსო და ასეთი დეგენერატობები. კიდევ ჩავყვინთე იქნებ ვერ მიპოვონ მეთქი, მაგრამ რა აზრი აქვს. ტანსაცმელი პლაჟზე ეყარა. ჰაერის ჩასაყლაპად სანახევროდ რომ ამოვტივტივდი, დავინახე როგორ მიყავდათ ბორკილებით შეპყრობილი ბიჭი. იქვე, მაღალი და ტანწერწერა ქალიც იდგა თეთრი ხალათით. ფსიქოლოგი იქნებოდა. ბიჭზე მიკერილი გოგოს მოხსნას ცდილობდა. ის გოგო ტიროდა და თავს შერცხვენილი მაღლა ვერ სწევდა. თუმცა ფსიქოლოგს უკვე რამდენიმე ძაფი გამოეგლიჯა. სადღაც 1 კვირაში ეგ გოგო ისევ თავისუფალი იქნებოდა. ეგ არაფერი. მე ბიჭზე მომეშალა ნერვები, დღისით-მზისით, პლაჟზე გოგოს დაკერვა ვის გაუგია?!

ამასობაში, უცებ ცხვირზე წვიმის წვეთი დამეცა. მართალია ცა მოღრუბლული იყო, მაგრამ არ მეგონა თუ გაწვიმებას აპირებდა. ნაპირისკენ მივცურე. ასვლა ძლივს მოვასწარი რომ ისე დაუშვა, მეთქი აჰა და სამყაროს აღსასრული მოვიდა. ტანსაცმელს სწრაფად მოვუყარე თავი და იქედან გამოვიქეცი. გზადაგზა ვიცვამდი. ავტობუსის გაჩერებას ძლივს შევაფარე თავი. გეუბნებით, რა, მაგარი უცნაური ამინდი იდგა. რა გინდა, ვაბშე, იცი მეთქი, ვეკითხები. 51 ნომერს ველოდებიო და ვინ ხარ საერთოდ, ასე უკმეხად რომ მელაპარაკებიო. გულში ერთი შევაგინე კარგად და ზურგი ვაქციე. თვლა დავიწყე უკუსვლით და წვიმაში გავედი. შემეშინდა რაიმე არ დამეშავებინა თავისთვის, ამ გამომხმარ შუადღით არ ავფეთქდე ქუჩაში მეთქი, რომ უცებ მედუზა დამეცა თავში. დიდი, ლურჯი მედუზა იყო, იისფერი ზოლები გასდევდა კუთხეებში და სველ საცეცებს გამომწვევად მიფათუნებდა. ამინდმა ხარხარი დაიწყო.

სამყაროოოვ, შენი უაზრო დედაც მოვტყან, სულ მთლად გააფრინე-მეთქი, მხოლოდ ამის ამოღრიალება მოვასწარი და მერე იყო

დიდი აფეთქება,

ბრახ და ბრუხ.

 

გოდე გორგილაძე, 17 წლის, ბათუმის საერო ელიტური სკოლა „გორდა“.