გიორგი საჩეჩელაშვილი - უსასრულო კაკუნი
გიორგი საჩეჩელაშვილი - უსასრულო კაკუნი

….. უეცრად ყველაფერი შეიცვალა, შეიცვალა რეალობაც.

 

მის გარშემო ყველა გაქრა. თავი მარტო იგრძნო.ცხოვრებაში პირველად იგრძნო ასეთი სიმარტოვე. გაოცებულმა ხალხის ასე გაქრობით, ქუჩაში ხეტიალი დაიწყო, ეგებ ვინმე ეპოვა……

მიეჩვია იმას, რომ ერთადერთი ადამიანი იყო დედამიწაზე. პლანეტა ახლა მისი საკუთრება იყო. ხალხის გარეშე დარჩენილი პლანეტა მოგაგონებდათ ტრიალ მინდორს, სადაც ადრე ტყე ცოცხლობდა. უკვალოდ გამქრალიყო ტყე. მხოლოდ ერთი ხე დარჩენილიყო ეულად. ხე, რომლითაც მიხვდებოდით ამ ადგილზე ოდესღაც სიცოცხლე რომ ყვაოდა. ის იყო ერთადერთი დასტური ამისა. ხე კი ჩვენი გმირი იყო. მისი ფოთლებიდან სიცოცხლის იმედი გამოკრთოდა,მაგრამ ხეს ფოთლები მუდმივად როდის შერჩენია??

თავიდან სიმარტოვე ერთგვარ შვებას ჰგვრიდა. განმარტოება მოყაყანე ხალხისგან, მათი რჩევებისგან, მანკიერებებისგან. მათი სულებისგან, რომლებიც მის სულს ებღაუჭებოდნენ და ცდილობდნენ თავიანთი გავლენა შეეტანათ მასში. ამიტომაც მისი სხეული, სულთან ერთად  სიმარტოვის სიტკბოს ხარბად ეწაფებოდა, სანამ სიტკბოს მარაგი არ ამოიწურა და ნაღველმა არ ჩაანაცვლა. მობეზრდა სიმარტოვე. სიმარტოვე რომლისკენაც მიისწრაფვოდა, უეცრად მასში გაუფერულდა.

… ხეს ფოთოლცვენა დაეწყო.

თავიდან დედ-მამა მოენატრა, გაახსენდა მათი დარიგება, რომელიც გამოსწორებისკენ უბიძგებდა.

მოენატრა ყველა, ვინც კი მისთვის რაიმეს წარმოადგენდა. ფიქრებში წასულს ელანდებოდა თავისი განვლილი ცხოვრება, ნეტარებად ქმნილი, რომელიც ეუფლებოდა სხეულს და თენთავდა, როგორც ღვინო.

მოგონებებით ითვრებოდა. ეწაფებოდა მათ, თითქოს ეშინია არ გაქრნენო. მოგონებებს კი მერიქიფე გონება უხვად უსხამდა წარმოსახვის ფიალაში.

მოწყურებული იყო ადამიანებს. უდაბნოში უწყლოდ მყოფი კაცივით, რომელსაც ცა  სწყალობს და უხვად ესვრის მას ნეტარების მომგვრელ წვეთებს, როგორც გონება ისროდა ფიქრებს მისთვის.

მოუნდა ახლობლების სახეების ნახვა. კარადიდან გადმოიღო სურათების ალბომი. ამან ისევ აშალა დროებით მივიწყებული, გონების კუნჭულში ცოტახნით მიმჯდარი მოგონებები. ჩაჯდა სავარძელში და დაიწყო ფურცვლა.

თვალწინ გადაიშალა უსულო სურათები, საიდანაც სულიერნი იმზირებოდნენ. ზედ შეყინვოდათ ემოციები. ემოციები რომელნიც ამინდს ჰგვანან.

ახლა მასთან დარი იდგა, წარსულის გახსენებით მოწმენდილიყო ცა. მზე კაშკაშებდა და ანათებდა მის გონებას და ათბობდა მას.

ისე გაერთო სურათების თვალიერებით, რომ ვერაფერს გრძნობდა…..

უეცრად კაკუნი შემოესმა.

ეგონა მომეჩვენაო და უნდოდა დაბრუნებოდა ალბომს, რომ კვლავ გაისმა კაკუნი კარზე……

ელდა ეცა, შიშმა მოიცვა მთელი სხეული. კანკალმა იმძლავრა და გაბატონდა კუნთებზე. ის ხომ მარტო იყო დედამიწაზე??? ვინ ან რა უნდა ყოფილიყო???

ამის გასარკვევად კარის გაღება იყო საჭირო, მაგრამ რა მოხდებოდა გაღების შემდეგ??? შიში თუ გაკვირვება???

ტანში ჭიანჭველებმა დაიწყეს ძრომიალი. მალე სულსაც მისწვდნენ და დაუწყეს ღრღნა.

მოუთმენლობამ იმატა.

კაკუნი არ წყდებოდა…..

თვალი გაახილა.

ირგვლივ მიმოიხედა. ისევ კაკუნი. შეუჩერებლად კაკუნი. ხმა ისე ეჩვენებოდა თითქოს რკინას ჭედდნენ. გრძნობა გამძაფრებოდა.

იატაკზე დაიხედა, სადაც შპრიცი ეგდო. ხელზე იდაყვს ზემოთ ქამრის კვალი ემჩნეოდა. ქამარიც იქვე ეგდო.

კაკუნი არ ჩერდებოდა. აბაზანაში შევიდა. პირი დაიბანა.

ცოტა გონს მოვიდა.

კართან მივიდა და გამოაღო. მოკაკუნეს დასაკაკუნებლად მომზადებული ხელი ჰაერში გაუქვავდა.

ფოსტალიონი იყო.

  • ბატონი დათა ბრძანდებით?
  • ჰო, მე ვარ.
  • ბოდიში ბატონო. მგონი გაგაღვიძეთ?? ასე მითხრეს სასწრაფოდ გადაეცითო.
  • მერე სახლში რომ არ ვყოფილიყავი?
  • თქვენმა დიასახლისმა მითხრა სახლშიაო.
  • მას რატომ არ დაუტოვეთ?
  • მითხრეს პირადად თქვენთვის გადმომეცა.
  • კარგი, მადლობა.
  • მშვიდობიან დღეს გისურვებთ. ბოდიში შეწუხებისთვის.

დათამ კარი მიხურა, რომელმაც ამდენი გრძნობა ერთიანად აუშალა.

კონვერტი გახსნა. ქაღალდზე ორი სიტყვა ეწერა : „ კიდე გიშოვე’’.

დათა საძინებელში დაბრუნდა. შპრიცი აიღო. ქამარი მოიჭირა ხელზე. შპრიცი მის სხეულს შეერწყა. დათამ ქამარი მოიხსნა და ლოგინზე მიაგდო.

მისთვის ისევ იწყებოდა სიმარტოვე და კაკუნი კარზე.

ეს მისთვის ბოლო და უკანასკნელი ეიფორია იყო………..