გიორგი საჩეჩელაშვილი - ტყვე
გიორგი საჩეჩელაშვილი - ტყვე

ბინდი გადაკვროდა ცას, როდესაც მებრძოლებით და ტყვეებით სავსე ქარავანი ტრიალ მინდორზე დაბანაკდა. მინდორი ტყით იყო გარსშემოჯარული, როგორც უკაცური კუნძული ოკეანეში. ერთი შეხედვით ეს ადგილი დედამიწის ჭიპს მოგაგონებდათ, რადგან მებრძოლთა და ტყვეთა ტალღა ისე აზვირთდებოდა ხოლმე, როგორც მუცელი სუნთქვისას. აქა-იქ მოისმოდა ტყვეთა ოხვრა და ვაება, ჯარისკაცთა გადაძახილები, შოლტის ტყლაშუნი, ბავშვების ტირილი, რომელთაც ტყიდან გამოვარდნილი წუწუნა ქარი ერთვოდა და გარემოში დამყარებული ხმაური მძვინვარებდა, ისევე როგორც ტყვეთა ცხოვრებაში გამძვინვარდა ხმაური,როდესაც მათ თავს მტრის რისხვა მეხივით დაატყდათ, რომელიც ტრიალ მინდორზე ამოსულ მაღალ ხეს დაეცემა ხოლმე. საქართველოც ასე იყო მაშინ, მუსულმანთა ველზე ამოსული პატარა, მაგრამ დიდი სულისკვეთების მქონე ხე, რომელსაც გამუდმებით ბოჭავდნენ, მეხს სცემდნენ, მიუხედავად ამისა მაინც ურყევად იდგა ფეხზე.

მებრძოლები ყიზილბაშები იყვნენ, რომლებმაც მრავალჯერ ნაოხარი კახეთი კიდევ ერთხელ მოაოხრეს და ახლა ტყვეებით დახუნძლულნი უკან ბრუნდებოდნენ.

ტყვეთა შორის ერთი ოციოდე წლის ყმაწვილიც ერია. ბიჭი გაჩუმებული ერთ ალაგს მიშტერებოდა, ხოლო სახეზე ძარღვების ძლიერი კრთომა მის სულიერ მდგომარეობას ცხადჰყოფდა. ის იგონებდა თავის სამშობლოს, სოფელს,მაგრამ ფიქრებიდან ბავშვის ტირილი ან შოლტის ტყლაშუნი გამოაფხიზლებდა და როდესაც ირგვლივ მიმოიხედავდა წუხილი უარესად მოეძალებოდა, რადგან თავისი სოფლის მაგივრად შოლტით დასისხლიანებულ ხალხს და იდუმალებით, სიბნელით მოცულ, მდუმარე ტყეს დაინახავდა, საიდანაც შიში გამოკრთოდა. გაიხსენებდა დედ-მამის მზრუნველობით და სიბრალულით, წუხილითა და შეშფოთებით აღსავსე მზერას, როდესაც თავიანთ ერთას ყველაფრის გამანადგურებელ, სიბნელის, სიცივის და ბოროტების მომტან ომში აცილებდნენ. აგონდებოდა მტირალი დედა რომლის ცრემლებიც მიწას ალბობდნენ, მიწას, რომელსაც ცოტა ხანში ათასობით ამდენი ცრემლი დაალბობდა. ისე მოექანებოდა დედის თვალთაგან ცრემლი, როგორც შლეგი მთის წყარო მიექანება უფსკრულში.              ამის შემდეგ  ფიქრი სისხლისმღვრელ ბრძოლასთან გაექცა. თვალწინ წარმოუდგა სისხლი, კვლავ სისხლი და სისხლი. მყისიერად ფიქრიდან გამოერკვა და ზეზე წამოხტა. რა ნახა ისევ ის შიშის მომგვრელი სურათი სახტად დარჩა და აქეთ-იქით დაიწყო თვალის ცეცება. ჰაერში რაღაცამ  გაიწუწუნა და მის ბეჭებზე მსუსხავი შოლტი დაეშვა. ტკივილმა ის უნებურად დაბლა დასცა. დარაჯმა სპარსულად შეიკურთხა და მეთვალყურეობა განაგრძო.

ის ღამე არ დასძინებია, მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა. ესიზმრა ახლო წარსული. როგორ მიუძღვებოდა ხიზან ხალხს მიუვალი მთებისკენ. ხალხს ყველაფერი წამოეღო რისი წამოღებაც შესძლებოდათ.იქვე მის მახლობლად დედ-მამა მიჰყვებოდა. მცირე ნიავი არხევდა ფოთლებს. სიშორიდან კოდალას კაკუნი მოისმოდა. მზე თავის სხივებს ესროდა დედამიწას და ხიზნებში გადარჩენის და მშვიდობის იმედი ისახებოდა……

მძინარეს სიამე შეეტყო ნატანჯ სახეზე

……ბუნება მხოლოდ სიკეთეს და სიმშვიდეს გამოსჭვიოდა, მაგრამ ამ სიმშვიდეს და სიწყნარეს ამოფარებოდა ბოროტება. უეცრად ქარი ამოვარდა, ცაზე ავის მომასწავებელი ღრუბელი გამოჩნდა, თითქოს ბუნება ცდილობდა  ხიზნებისთვის ენიშნებინა საბრთხე. ბალახები ქარისაგან ისე ირხეოდნენ თითქოს გაქცევა სწადდათ, მაგრამ მიწა ძლიერად აკავებდა მათ. ბუმბერაზი ხეები შავად იცქირებოდნენ.

საიდანღაც გამოჩნდა მდევარი, ხალხმა ფეხს აუჩქარა, ცოტაც და მდევარი ეწევა მათ. გაისმა დედი-მამის შეშფოთებული ძახილი:- გაიქეცი შვილო!   -გაიქეცი ნოე !!! ……..

შეკრთა მძინარე სხეული. ათამაშდა ძარღვი რომელიც გულიდან წამოსულ გაშმაგებას გარეგნულ გამოვლინებას აძლევდა. ნოეს სხეულში ტეხდა და ისეთი გრძნობა ეუფლებოდა თითქოს ათასი ეკლიანი მარწუხი უჭერდა და სადაცაა სისხლისგან დაიცლებოდა. გაახსენდა როგორ შეებნენ მდევარს, როგორ თავდადებით და გაშმაგებით იბრძოდნენ რათა ხალხს გაქცევა შეძლებოდა. მოიგონა როგორ მოხვდა მუზარადს მძიმე საგანი……. აქ მოგონება გაწყდა. სხეულში უკვე ძლიერ ტკივილს გრძნობდა. უნდოდა გონებიდან ამოეშალა მწარე მოგონება, მაგრამ გონებაც მის წინააღმდეგ იბრძოდა და თითქოს განზრახ ამოატივტივებდა ახალ-ახალ სურათებს.

……მძიმე საგნის  მოხვედრასთან ერთად ნოემ იგრძნო როგორ კარგავდა გონს და სანამ სინათლე თვალის უპეებში გაუქრებოდა და წყვდიადი მოიცავდა, მან ირგვლივ მიმოიხედა და დაინახა სადღაც სიშორეში მსრბოლი ხალხი, სადაც დედ-მამა ეგულებოდა. ახლა მას სურდა უკანასკნელად ენახა მათი  სახეები, რადგან ეგონა სიკვდილი ეუფლებოდა სხეულს, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო……

ნოე გამოერკვა ფიქრებიდან, სხეული ერთიანად უცახცახებდა. უნდოდა ეყვირა, ეყვირა ისე რომ ვარსკვლავებსაც გაეგოთ მისი გოდება. შუბლი ოფლით დაცვაროდა და აღუწერელ ტკივილს გრძნობდა. მას ვერაფრით დაემორჩილებინა გონება. აღვირახსნილმა გონებამ ნინოს სახე ამოატივტივა. აქამდე ნოეს ის არ გახსენებია, რადგან ნინო ტკბილი მოგონება იყო. ხოლო ამ საშინელ ადგილას და ამ საშინელ მდგომარეობაში არ უნდოდა ნინოს მოგონებას ბინდი გადაკვროდა და ამ საშინელებით ბნელით მოეცვა.

ახლა უკვე ბინდი გადაეკრა ნინოს სახეს, აუტანელი ტკივილი იგრძნო ნოემ. უეცრად ფეხზე წამოვარდა და განწირული ხმით დაიღრიალა. ხმა რომელიც დაგუბებული იყო ერთ ადგილას და ნოეში აღუწერელ ტკივილს იწვევდა განთავისუფლდა და გარემოში გამოსცა ამ ტკივილის სიძლიერე და სიმძაფრე.

ღრიალზე დარაჯები მოვარდნენ, ნოემ გაიბრძოლა, მას ახლა სიკვდილი უნდოდა, სიკვდილი ახლა ერთადერთი გზა იყო მისთვის, გზა რომელსაც ნინოსთან მიყავდა. ერჩივნა სიკვდილი რომელიც ტყვეობასა და მონობაზე ტკბილია. დარაჯები მის შეკავებას ცდილობდნენ, ის კი გაშმაგებით იბრძოდა კბილებით, მუშტებით, ფრჩხილებით…….

ნოე დაეცა, ზურგში ტკივილი და სითბო იგრძნო, მაგრამ ეს ტკივილი არ გავდა აქამდე  განცდილ ტკივილს. ეს ტკივილი სიკვდილის იყო.

გიორგი საჩეჩელაშვილი. 179-ე სკოლის მოსწავლე. 16 წლის.