გიორგი საჩეჩელაშვილი - მიწა მარიონეტმა დაჩრდილა
გიორგი საჩეჩელაშვილი - მიწა მარიონეტმა დაჩრდილა

                                                    I

 

სოფლის შარაგზაზე შუახნის მამაკაცი მიალაჯუნებდა. მხარზე თოხი შემოედო. ტანზე დაკონკილი ჩოხა ეცვა, რომელიც ჟამთა სიავისაგან გახუნებულიყო. წელზე მოკლე ხანჯალი ჩამოეკიდა, ხოლო ზურგს თოფი უმშვენებდა. მისი ლულა ისე გამოსჭვიოდა, თითქოს სადაცაა მასში ჩაბუდებულ ტყვიას გარემოში გამოისროდა. გლეხს თმა-წვერში ჭაღარა შერეოდა, ცხოვრებას თავისი დაღი დაუმჩნევია. მის ნატანჯ სახეს ეტყობოდა კარგა ხანი ღიმი აღარ შეპარვია.რა გააღიმებდა, როდესაც ღატაკს წვრილშვილი სარჩენი ყავდა. ცალკე მტრის შემოსევები, ცალკე გადასახადები.დიდი ხანია თავადისთვის არ გადაეხადა გადასახადი და სამტროდ გადაკიდებოდა მას. თავადს კი არ ადარდებდა მისი სიღარიბე. ერთხელ კაცებიც კი მიუგზავნა და შეუთვალა: ,,გადასახადი გადამიხადე თორემ შენს სახლსა ვეჟო ისე გავანიავებ, როგორც ჩიტის ბუდესა ქარი“-ო. ესღა უნდოდა გლეხს, მაგრამ რაც არ ქონდა რა გადაეხადა? ისედაც გაჩანაგებული ოჯახი კიდევ უფრო ჩანაგდებოდა.

ახლა მიწის მოსავლელად მიდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლეკები თავისუფლად დათარეშობდნენ და სატყვენავს ეძებდნენ თავიანთი მუცლების ამოსაყორად. მათაც გაჭირვება უბიძგებდა აბრაგობისკენ. შიმშილი გაბატონებულიყო ადამიანურ გრძნობებზე. თრგუნავდა მათ გამოვლინებას. ვაჟკაცობაც დაეთრგუნა შიმშილს. მალვით მიპარვა და ზურგში დანის დარტყმა გამძლავრებულიყო, გაბატონებულიყო მათ არსებაში.

…გლეხმა დაიწყო თოხის ცემა მიწაზე.

მუშაობისას მას ყოველთვის თვალწინ წარმოუდგებოდა თუ როგორ ამუშავებდნენ მიწას თავის წინაპრები და როგორ იცავდნენ ამავ მიწას თავიანთი სისხლით. ეს უფრო ახელებდა გლეხს და თავდავიწყებით განაგრძობდა მუშაობას. სარეველა ბალახს ძირიანად გლეჯდა. ზოგიერთი თავადიც ასე ძირიანად იყო ამოსაგლეჯი.

ოფლი წვეთ-წვეთად ჟონავდა მისი შუბლიდან და მიწაში იკარგებოდა. დასიცხული მიწაც უმალვე ნთქავდა შრომის წვეთებს. მცირე ნიავი ოფლით დაცვარულ შუბლს უგრილებდა და დაღალულ სხეულს თავით-ფეხამდე ნეტარებად ეღვრებოდა. შრომის სიამე უფრო ტკბილი იყო, რადგან ცხოვრებას სხვა ნეტარებანი ვერ გამოემეტებინა მისთვის.

ჰორიზონტზე ქარს დამონებული ღრუბლები ბოლქვებად ამოშლილიყვნენ. ქარი მათ თავის ნებაზე დაათრევდა ერთი კუთხიდან მეორეში. ღრუბელი ლეკ აბრაგებს მოგაგონებდათ, ისინიც დამონებულები იყვნენ კუჭზე და ღრუბელივით უეცრად იცოდნენ მოვარდნა. გააჩნდა ქარის სიძლიერეს კუჭში.

ნაცრისფერი მიწა ნელ-ნელა შავდებოდა. შავდებოდა ზეცაც. გლეხი თავაუღებლად განაგრძობდა შრომას, თითქოს მიწა ებღაუჭებოდა და თავისკენ იხმობდა. იგი გრძნობდა მიწას და მიწაც გრძნობდა მას. გეგონებოდათ ერთმანეთს შეერწყნენო. არც ერთი არ თმობდა ერთმანეთს. ისე შეჩვეოდნენ, უერთმანეთოდ აღარ შეეძლოთ. როდესაც გლეხი შორს იყო წასული მიწა უხმობდა მას. მიწას კი ის უხმობდა, რადგან აღარ უნდოდა დუხჭირი ცხოვრება და სურდა მეგობარი მიწა მიებნიათ გულზე.

ღრუბელს უკვე სულ დაეფარა ეთერი. წუთისოფლის მუხანათობის გამო ხელში ჩაეგდო ძალაუფლება და გაბატონებულიყო ცაზე.

მარიონეტმა მსხვილი წვეთების სროლა დაუწყო დედამიწას. ამან გაყარა ერთმანეთს მიწა და კაცი. ერთი არსის მქონენი, რომელთა ბედიც მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული მჭედელი ბედის ძლიერი მკლავისგან.

 

                                                  II

წვიმამ მოუხშირა.

ხმაურიანად ეცემოდა მიწას.

არჩილმა ნაბიჯს აუჩქარა. გალუმპულს ჩოხა ტანზე მიკრობოდა. წვეთები თოფის ლულაში ცვიოდნენ და ტყვიას ალბობდნენ.

უეცრად გზაზე სამი ცხენოსანი გამოჩნდა. რაღაც გაუგებარს ლაპარაკობდნენ. დროდადრო ერთ-ერთი მათგანი აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს. არჩილს თითქოს აქამდე უკვე გაეგონა მათი ხმა. მაგრამ ეს აზრი უკუაგდო.

ლეკები ეგონა რომ იყვნენ. თოფი მოიმარჯვა სასროლად, თოფმა უღალატა. ცხენოსნები იარაღმომარჯვებულები გარს შემოადგნენ. არჩილმა თავში მძიმე საგნის მოხვედრა იგრძნო და გონი წაერთვა. მხედრებმა ის შეკოჭეს და ცხენს გადაკიდეს ხურჯინივით.

გეზი მთებისკენ აიღეს.

 

III

შეღამებულიყო. ქარი მძვინვარებდა და მარიონეტ ღრუბელს ერეკებოდა. სიბნელეს მოეცვა ქვეყნიერება. აქა-იქ მოსმოდა ჭოტის ,,გალობა“, ხმელი ტოტების ტკაცუნი, ტურების ყმუილი. ტყიდან შიში გამოკრთოდა. ხეებიც შავად იმზირებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გაყვავებულიყვნენ და სიცოცხლის ნიშანი დატყობოდათ, ახლა მაინც უსულო და უსიცოცხლო სხეულებს მოგაგონებდათ.

შავად ასვეტილიყვნენ ბუმბერაზი მთებიც. თავზე თოვლის ქუდი ჩამოეფხატათ სიცივისგან შეწუხებულებს.

ღრუბელი კი მირბოდა და ტოვებდა ზეცას, დამარცხებული ჯარივით, რომელიც დამარცხდა და იძულებულია ციხე-სიმაგრე ჩააბაროს მტერს.

გამტაცებლებს ცეცხლი გაეჩაღებინათ და გარშემო შემოსხდომოდნენ. არჩილი იქვე, მახლობელ ხეზე მიებათ და რაღაცაზე დავობდნენ.

…არჩლმა თვალი გაახილა.

შეშფოთებულმა გარემოს უცხოობით აქეთ-იქით დაიწყო თვალის ცეცება. ამან უფრო შეაშფოთა, რა ნახა სიბნელით მოცული ტყე.

გამტაცებლები ფაცურობდნენ. მალე ისევ ცხენს გადაკიდეს არჩილი და გზა განაგრძეს……

გამთენიისას დაღესტნურ სოფელს მიუახლოვდნენ. ხალხი გამოშლილიყო გარეთ. ყველა არჩილს უმზერდა,როგორც გასაყიდ საქონელს.

ლეკ ტყვეებით მოვაჭრესთან მივიდნენ. ვაჭარს ეთათბირნენ. მან არჩილს სინჯვა დაუწყო. მოეწონა ბეჭმაგარი კაცი და საფასურიც მაშინვე გადაიხადა. გამტაცებლები წავიდნენ.

არჩილს ახლა სიკვდილი უნდოდა. არ უნდოდა ტყვეობაში გაელია დღენი. გადაწყვიტა ხელსაყრელ მომენტში გაქცეულიყო ან თავი მოეკლა. როდესაც თავის მარტოდ დარჩენილ ოჯახზე ფიქრობდა უფრო უმძაფრდებოდა თავის მოკვლის სურვილი.უნდოდა ბოლოჯერ შეხებოდა თავის მეგობარ, მშობლიურ მიწას. ბოლოჯერ დამტკბარიყო შრომის სიამით. ეხილა სამშობლოს ზეცა და არა ამ ამყაყებული ქვეყნისა. შუბლზე ძარღვი აუთამაშდა, რომელიც გულიდან წამოღებულ გაშმაგებას გარეგან გამოვლინებას აძლევდა.სიკვდილი ახლა ხსნა იქნებოდა მისთვის ადამიანის და წუთისოფლის ტყვეობიდან.თვალწინ წარმოუდგა მგლოვიარე ცოლი. საწყალს თვალის უპეები ჩაცვენოდა და უფრო შესაბრალისი ხდებოდა. სულ რამდენიმე წამში იმდენი ფიქრი აეშალა, ეგონა გონება ვეღარ დაიტევდა და ტვინიდან ჩანჩქერივით გადმოხეთქდა. მართლაც ხელები გაუხსნეს. ვაჭარს უკეთ უნდოდა ენახა ,,შენაძენი“. არჩილიც იმავე წამს დასწვდა ვაჭრის ხანჯალს და გულში აძგერა. კიდევ გაიბრძოლა, კიდევ დასცა ერთი მიწას, მაგრამ რას გააწყობდა დანარჩენ ლეკებთან რომელებიც იმ წუთსავე შემოცვივდნენ ცოდვის ოთახში. მაინც გულმა იქით გაუწია და შეება მათ. ახლა სიკვდილი გარდაუვალი იყო და არც დაუყოვნებია, უმალ მიეჭრა არჩილის სხეულს და მთლიანად დაეუფლა მას. ვინ იცის მერამდენე იყო ის?

 

IV

-აბა რა ეგონა თავადის მოღალატე არჩილს? ეგაა და გადაუხდელობა შემრჩაო. ვერაა ახლა ღორივით დაბმული. თქვა გამტაცებელთაგან ერთ-ერთმა

-მაშ! საკადრისი მიიღო! თავადი კარგ ძღვენს გვიბოძებს.

-არ ერჩივნა თავადს არჩილის მოკვლა ებრძანებინა ჩვენთვის? ეგრევე ადგილზე გავათავებდი!

-რას ამბობ! თავადს უნდოდა არჩილის გადასახდელი ფული არჩილისგანვე მიეღო.

-მიიღებს კიდევაც!! გესლიანად ჩაიცინა ერთმა.

-მაშა! დაუმოწმა მეორემ.

-მაგის ცოლსა და ბალღებს რაღა ეშველებათ?? ვითომ თანაგრძნობით თქვა რომელიღაცამ.

-ცოლისა ჩვენ ვიცით და ბალღებს კიდენა თავადი შინაყმებად დაიყენებს!

გახარებულებს მომავალი ზრახვებისაგან ყვირილი შემოესმათ.

სოფელი შორს იყო, მაგრამ მაინც გაიგონეს ბავშვის ყვირილი ლეკურად ტყვე მოკლეს!!! მოკლეს!!!

თავადის კაცებმა, შეშინებულებმა იმით ფული უკან არ მოგვთხოვონო ცხენებს ქუსლი ჰკრეს და გააჭენეს.

მიდიოდნენ კიდევ ერთი და ვინ იცის, მერამდენე ცოდვის დასატრიალებლად.