გაუცნობიერებლად შევუდექი წერას. ვწერდი და ვწერდი. მადა ჭამაში მოდისო მართალი ყოფილა. ასოები მაჯაჭვებდნენ ფურცელზე. უფროსწორად კალამს, კალამი ხელს, ხელი ნერვებს, ნერვები გონებას და ასე შეხმატკბილებული მექანიზმივით ვჯღაბნიდი რომელიღაც ისტორიას. ისე გამიტაცა წერამ, დროსა და სივრცეში დავიკარგე. უკვე მეფეების შესახებ ვწერდი, თითქოს მათ სახეებს ვხედავდი, ვესაუბრებოდი, ვაკვირდებოდი მათ ცხოვრებას. ხელებს ვაფათურებდი მასში და ჩემთვის სარგებლის მომტანს ცალკე ვახარისხებდი. დროის შეგძნება დავკარგე. სივრცეში ვლივლივებდი. გონებაში წარმოდგენილ სურათებს თვალი ნერვებით ტვინს გადასცემდა, ტვინი ხელს, ხელი კალამს და მეგონა ჩემს მაგივრად სხვა წერდა, ოღონდ ეს სხვაც მე ვიყავი. დავფრინავდი გონების უკიდეგანო საზღვრებზე, ხან კოსმოსში ვიყავი, ხანაც ვულკანის ყელზე ჩამოკიდებული ყელსაბამი. ფოთლებიც ვიყავი და ნარნარად ვლივლივებდი ჰაერში. გონების უსაზღვროებას მაქსიმალურად ვიყენებდი. იმდენად ჩავეფალი წერაში რომ არც კი მახსოვდა რეალური სამყარო. დავბოდიალებდი ტვინის ნაოჭების ლაბირინთებში და ხან რომელ კარში შევიდოდი და ხანაც რომელში. გონებაც უხვად მთავაზობდა მათრობელა ფიქრებს და წარმოსახვის ფიალაში მისხამდა. მეც ვთვრებოდი ამ სიამით და თავაუღებლად ვწერდი. მთელი ტვინი შემოვიარე და რომ მეგონა ფანტაზიის მარაგი ამომეწურა, ტვინი დატრიალდა და როდესაც საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა, უკვე გაყვავილებულიყო ხე, რომელსაც ახალ-ახალი სამყაროები გამოება და მალე თავისი ნაყოფიც მაგემა. ჩემს ხელისგულზე გადაშლილიყო სამყარო და ერთი კალმის მოსმით ვცვლიდი მას, კალამი ჯადოსნურ ჯოხად გადამქცეოდა და ერთი მოქნევით შემეძლო უკიდეგანო სიხარულის ან მწუხარების შეგრძნება დამეტოვებინა. სამყაროს ბატონ-პატრონად ვიქეცი, მაგრამ ხომ გაგიგიათ ოდესღაც ყველა იმპერია იშლებაო. მეც დამექცა ჩემი ფანტაზიის იმპერია დროებით, რომელსაც ვქმნიდი ჩემი ტვინის უკიდეგანო ლაბირინთებში და ქაღალდზე ჟამთააღმწერელი ხელი წერდა მის შესახებ. ჩაძირული ვიყავი მასში და ერთმა მოულოდნელობამ მომწყვიტა მის მართვას. ამ მოულოდნელობას ერქვა მიმტანი. არ მახსოვს როგორ მოვუკიდე სიგარეტს და გავაბოლე( სიგარეტს თუ არ ვეწევი ჩემი სამეფოს მოსახლეობა არ მემორჩილება, ერთგვარი კონსტიტუცია და ძალაა მათ დასამორჩილებლად) მიმტანი თავზე დამდგომოდა და მეუბნებოდა:
– ბატონო სიგარეტის მოწევა აქ არ შეიძლება!დახურულ სივრცეში მოწევა კანონით ისჯება და სანამ თქვენც და კაფეტერიაც დავუჯარიმებივართ სიგარეტი ჩააქრეთ.
გიორგი საჩეჩელაშვილი 17 წლის. 179-ე საჯარო სკოლის მოსწავლე.