ორანში შავმა ჭირმა იფეთქა,
კამიუ იცინოდა
და უცებ ვირთხებმა შეჭამეს.
ხის ქერქი ტანზე შემოვიხვიე
და გამათბო.
ქერქისგან ვეღარ განგასხვავე.
ცუდია, რომ სქესი შეიცვალე
და გაახალგაზრდავდი.
ახლა ბისექსუალებად ვითვლებით.
***
ჩემი სახელი ავიღე და გავიხადე.
გონებასაც გადაძვრა საბანი და
ხანგრძლივი ძილი დაიწყო.
მდინარის ნაპირზე ხეებს შორის
ვიწექი, როცა
დედამიწას ჟანგბადი გამოელია.
აზოტის სიმწვავემ დამახრჩო.
ციმბირს შესცივდა და მთვარეს
ნაწილი მოტეხა,
ტანზე დაიფარა და კვნესა აღმოხდა.
ლავიწში მლაშე წყალი ჩაგრჩა,
პირით ამოვაშრე.
მაშინ სხვა სქესისა იყავი.
ჩემი საკუთარი თავი წაგართვი, რომელიც
ფეხებს შორის გყავდა მოქცეული
და მაგრად უჭერდი.
***
ყურადღება გაგეფანტა, როცა
გარეგნულად იცვლებოდი.
დრო ვიხელთე და ასტეროიდს ამოვეფარე.
გაუჩინარებამ შეგაშინა და
სქესი ისევ შეიცვალე.
ახლა დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობ.
პირველი სქესი დაიბრუნე,
თუმცა შენს კანს
ლპობა შეჰპარვია.
სუნმა წარმოსახვაშიც შემაწუხა
და თვალი გავახილე.
ჩემს გვერდით იჯექი, დედამიწას ჰაერიც ჰქონდა და ყველაფერი გენიალურად იყო.
შენი მკრთალი ტუჩები წითლად შეიღება,
ტუჩსაცხზე ვიფიქრე და
შუბლის ნახვრეტიდან ტუჩსაცხი წამოვიდა.
თუმცა, ასტეროიდს როცა ამოვეფარე,
დავინახე, რომ
დედამიწაც სქესს იცვლიდა.
მთვარესთან გაცვალა ფუნქციები და
ცოტა ხანში მათაც ლპობა შეეპარათ.
გიორგი მერკვილიშვილი 16 წლის. ზესტაფონი