ეჰ, „უღრანს ტყეში მოსული ვარ… მანამ ცოცხალი ვარ, ჩემის სილამაზით დავატკბობ ტყეს, ბალახს და იმ გაღმიდამ გამომცქერალს გულხავსიანს კლდესა.“ მარტოდმარტო ვარ, არავინ მელაპარაკება. ვხვდები, რომ განსხვავებული ნაწილი ვარ, ამიტომ ყველა განსაკუთრებული დატვირთვით მიხსენიებს.
ეჰ, ვინ რა იცის რა საფიქრალი მაქვს, ან რას ვწუხვარ, არავის აინტერესებს, მხოლოდ ხელს მიჭერენ მთელი ძალით და წინ და უკან მაქნევენ. ბოლო დროს უძილობა დამჩემდა და ვეღარ ვიძინებ, სულ ფეხზე ვარ, ვფიქრობ, ჩემი პირველი სიყვარული მახსენდება და სევდა მიპყრობს, ერთიანად მეჭიმება სხეული და სიმწრის ცრემლებს ვაფრქვევ.
ეჰ, ცუდი ჟამი მიდგას. ბოლო დროს სევდის უცნაური ჭინკა შემიჩნდა, ყველაფერზე ვსევდიანდები და ცრემლები მომდის. ცოტა ხნის წინ, ჩემს ყოფილ შეყვარებულთან გაგზავნილ ძველ წერილს გადავავლე თვალი, ისეთი სიტყვები წავიკითხე, ისეთი სითბო ჩამეღვარა სხეულში, რომ ძალიან გამიკვირდა და ვფიქრობდი, ეს ჩემი დაწერილია-მეთქი?
ეჰ, ყველას ვძულვარ, განსაკუთრებულ სიცუდესთან ასოცირდება ჩემი სახელი და ყველას, ვისაც რამე ან ვინმე არ მოსწონს, ჩემს სახელს ეუბნება. ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რატომაა ჩემი სახელი ასეთი ცუდი, რომ ყველა ადამიანში ზიზღს ვიწვევ, ან თუნდაც დიდ სიამოვნებას, ტკბილიც ვარ და მწარეც-თქო, როგორც ენა, მაგრამ ენა არ ვარ. ნეტავ ენა მერქვას, ასეთი დატვირთვით აღარ მომიხსენიებდნენ ხოლმე, მაგრამ ბედი არა მაქვს.
ხანდახან სხეულზე რაღაც შავი, მოგრძო სხეულები იზრდებიან ხოლმე და ძალიან მაშინებენ. მე წინააღმდეგობას ვერ ვუწევ, ძალიან ძლიერები არიან და ვიღაცის გამოჩენას ველი, ვინც მაგრად მიჭერს ხოლმე ხელს. თუ ხელს მიჭერს, ჩემი დაცვაც ევალება! ამიტომ, ის შავი სხეულებიც უნდა მოიშოროს, რადგან მათში არ დავიმალო და არ გავიგუდო.
მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მრავალი ვინმე ვნახე, მრავალ ხელს შორის გამოვიარე და მივხვდი, რომ ხელზე ყველას სხვადასხვაგვარი კოჟრები აქვს. ხან ახალგაზრდების ხელში ვხვდები, ხან უცნაურ საგნებს შორის გავიჭედები, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, იმ წამიერ ბედნიერებას ვგრძნობ ხოლმე, რომელიც არა მარტო ჩემში, არამედ ყველა ჩვენგანშია ჩამალული და უბრალოდ პოვნა უნდა.
ორი დღის წინ გოგო გავიცანი. ეს მე, თორემ ჩემი მატარებელი სხეული კარგა ხანია იცნობს. ის მომენტი მეზიზღება, როდესაც ჩემი სხეული ვინმე ახალ გოგოს გაიცნობს და მაშინვე მთლიანად იჭიმება, თავს კარგავს, შემდეგ გარედან დიდი ხელი შემოეხვევა დასაწყნარებლად და ანჯღრევს. ამ დროს თავს საშინლად ვგრძნობ ხოლმე, ყველაზე მეტად მეზიზღება ეს, თუმცა ყველაზე ხშირად ხდება ჩემს ცხოვრებაში.
ჩემი ცუდად ყოფნის არავის ესმის, ჩემს შესახებ არავინ ლაპარაკობს, მხოლოდ ვინმესთვის ცუდის სათქმელად იყენებენ. საშინლად მარტოსული ვარ, საშინლად დამძიმებული, თუმცა ჩემი მეხსიერებიდან არ ამოდის ის ფაქტი, გოგომ რომ მაკოცა. ამის გახსენებისას გულში სითბო მეღვრება და დეპრესიას მიმსუბუქებს.
არა აქვს მნიშვნელობა ადამიანი რომელი რასის იქნება, კანის ფერის თუ რელიგიის, დიდიც და პატარაც, ყველა ჩემი სახელით მიმართავს ერთმანეთს, ნუთუ გლობალური გამოჩემსახელება ჭირს ხალხს? ბოლო პერიოდია ამაზე ფიქრი ვერ ამოვიგდე თავიდან, რა წვრილმანებშია ჩემი სახელის სიდიადე?
ეჰ, ყველა მეთამაშება. ყველა. და მგონია, რომ მთელი ქვეყანა ჩემთან თამაშშია გართული.
ინსპირაციის წყარო: რიტმული ხმა გეტოებიდან, ხმა მოკანკალე.
Special Thanks to Luka Gomareli.
გიორგი მერკვილიშვილი 17 წლის.
ზესტაფონი.