გიორგი მერკვილიშვილი -     Where is my mind?
გიორგი მერკვილიშვილი -     Where is my mind?

ახლა მე აქ ვარ.
კი, მე აქ ვარ, მაგრამ მე რა ვარ?
მახსოვს, ადრე ადამიანიც კი ვიყავი.
მთელი ძალისხმევა დამჭირდა, რომ კუნთოვან კედლებსა და პარკუჭებს შორის გამოვმძვრალიყავი.
იქ ყოფნისას საშინელებები შემემთხვა. ხან ფილტვის ვენაში გადამისროდა სისხლი, ხან არტერიაში და აორტის კედლებს სახით ვეხეთქებოდი.
მინდოდა რამდენიმე წამი მაინც შემესვენა, მაგრამ იქაურობა მუდმივად მოძრაობდა, ფეთქავდა და სისხლი ფარავდა ყველაფერს.
ერთხელ ფილტვის არტერიაში ვიყავი, როცა სარქველი დაიკეტა და იქაურობა სისხლით გაივსო. პანიკაში ჩავვარდი, სუნთქვა აღარ შემეძლო, უკვე სიკვდილის პირას მივედი და დამპალ ლეშად ვიქცეოდი, რომელიც გულში გექნებოდა სამუდამოდ. მაგრამ სარქველი ისევ გაიხსნა და ფილტვები მწველი ჟანგბადით ამევსო.
სამაგიეროს გადახდა მინდოდა იმისთვის, რომ ადრე შენც შემოხვედი ჩემს გულში და მის დერეფნებში დაძრწოდი, პარკუჭებზე ქუსლებს მაგრად აჭერდი და აორტის კედლებს მთელი ძალით ურტყამდი მუშტებს. თურმე მაშინ შენც იტანჯებოდი, როგორც მე დავიტანჯე შენს გულში ყოფნისას, სამაგიეროს გადახდის მიზნით.
შენს მიერ გამოწვეულმა ტკივილმა, რომელიც ჩემს გულში გააჩინე – დამაბრმავა. ამან გამიღვივა სამაგიეროს გადახდის წყურვილი და შენი გულის სარქველი მთელი ძალით შემოვანგრიე. შიგნით ყოფნისას რაღაც ხმები მესმოდა, შემდეგ გული იკუმშებოდა და ადგილი აღარ მყოფნიდა. თითქოს იქაურობა დანგრევის პირას იყო.
თავიდან ვუძლებდი, შემდეგ სისხლის მდინარეებმა დაიწყეს დენა და რამდენჯერმე სიკვდილის პირას მივედი. ბოლო წამს დაიკლებდა ხოლმე სისხლი და ჰაერს ძლივსძლივობით ჩავისუნთქავდი.
ბოლოს გადავწყვიტე, რომ ამდენი აღარ შემეძლო და ჭირსაც წაუღია ჩემი შურისძიება. ჯიბის დანა ამოვიღე და ყველაფერი დავსერე რაც წინ გადამეღობა. ჯერ მიტრალური სარქველიდან მარცხენა პარკუჭის კედლები გავჭერი და როგორღაც ფილტვის არტერიაში აღმოვჩნდი. მისი კედლებიც დავჩეხე, უკვე სული მეხუთებოდა და გარეთ გაღწევისთვის ყველაფერს ვანადგურებდი. მთელი ძალით დავარტყი დანა გულის კედელს და ჩამოვფატრე, განაჭრელ ადგილში ჯერ ფეხი გადავდგი, მერე მთელი ტანით გადავედი გარეთ და ქუჩაში კანალიზაციის მილის ნასვრეტებიან სახურავზე დავეცი, მთლიანად სისხლში ამოგლაგნილი.
ძალა აღარ მეყო, რომ ხელებით ჩავბღაუჭებოდი რამეს, ამიტომ ნასვრეტში ჩავცურდი და კანალიზაციის მილში მოვადინე ტყაპანი. გამიმართლა, რომ იქ სუნთქვა შეიძლებოდა, რადგან მილი ბოლომდე სავსე არ იყო და ჟანგბადი ტრიალებდა.
საშინელებაა, როცა ძალიან პატარა ხარ. ნებისმიერ გამოსირებულს შეუძლია ფეხი წაგკრას, როგორც თუნუქის ქილას და ისევ კანალიზაციაში დაგაბრუნოს. როცა ეცდები კანალიზაციის სახურავის ნასვრეტებში ამოძრომას, მაშინვე გადაივლის ზედ მანქანა და უკან ჩახტომა გიწევს.
მინდა, რომ დიდი ვიყო, მეც ჩვეულებრივად ვიცხოვრო და ყველასთვის შემეძლოს ხმის მიწვდენა. ახლა ჩემი არავის ესმის, იმიტომ, რომ ალბათ ლაპარაკიც არ შემიძლია. ჩემი სხეულის რომელიღაც ნაწილი ვარ, რომელსაც აქეთ-იქით დააგორავებს ყოველი დიდი ხორცის ნაჭერი.

უკვე რამდენიმე დღეა კანალიზაციაში არ ჩავვარდნილვარ, ვიფიქრე, რომ ხალხი მამჩნევს-მეთქი და გადავწყვიტე მეც მათსავით სუფთა ტანსაცმელი ჩამეცვა და ისე მევლო. რამდენიმე საათი ბედნიერი ვიყავი, შემდეგ ვიღაც გოგომ ტალახიან წყალში ფეხი ჩაკრა და მთლიანად დამსვარა. ჩემი სუნამოს სუნიც სადღაც დაიკარგა.
ერთ დილას, როდესაც გამეღვიძა ჩემს წინ მანქანამ ჩაიარა და მტვერი მომაყარა. ამას უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევდი. რამდენიმე მეტრი გავიარე და გზის მეორე მხარეს რაღაც საგანი დავინახე ასფალტზე. მთელი თხუთმეტი წუთი გზაზე გადავდიოდი, იმის შიშით, რომ მორიგ მანქანას ისევ სადმე არ გადავესროლე.
როდესაც გადავედი სიხარულისგან თავი დავკარგე და ხტუნვა დავიწყე, იმიტომ, რომ იქ ჩემი ხელ-ფეხი და სხეულის პატარ-პატარა ნაწილები ეყარა. ახლა ოდნავ გავიზარდე, ჩემი თავის რაღაც ნაწილი მაინც ვიპოვე და მიხაროდა. მართალია ჯერ კიდევ მუტანტს ვგავდი, მაგრამ შინაგანად იმაზე ბედნიერი ვიყავი, ვიდრე მაშინ, როცა ვერავინ მამჩნევდა.
ხან ჩემს თითს წავაწყდებოდი ქუჩაში, ხან კბილებს და საბოლოოდ ყურები და თვალებიც ვიპოვე. ახლა თითქმის ყველა ნაწილი მქონდა, მაგრამ ხალხზე ერთი თავით დაბალი მაინც ვიყავი, რადგან თავი მაკლდა. ასე უთავოდ დავდიოდი ყველგან და ყველას ვაფრთხობდი. კანალიზაციის მილზე ჯდომისას ხოჭოებს და მატლებს დავუმეგობრდი, მათ თითქმის უთავო ნიკი შემარქვეს, ლიტერატურიდან ვიღაცას გვაგონებო. მეც საწინააღმდეგო არაფერი მქონია.
ერთ დღეს მაღაზიის ვიტრინაში ჩემს თავს მოვკარი თვალი. თვალი, რომელიც ხელში მეჭირა რომ არ დამკარგვოდა და ხელიდან ვათვალიერებდი გარემოს. გავოცდი, მაგრამ სახე არ მქონდა, რომ ეს შემტყობოდა, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი სახე დამებრუნებინა და მაღაზიაში შევვარდი.

-ეს ჩემი სახეა და უნდა დამიბრუნოთ! – ვეუბნებოდი გამყიდველს.

-ბატონო, რა გნებავთ? – მკითხა ზიზღნარევი სახით.

-ჩემი სახე დამიბრუნეთ-მეთქი!

-თუ არაფერი გნებავთ გაბრძანდით.

-თქვენი დედაც მოვტყან, ჩემი სახე დამიბრუნეთ!

ვყვიროდი, მაგრამ ჩემი არავის ესმოდა. პირი არ მქონდა და როგორ გაიგებდნენ, ამიტომაც მინდოდა სახის დაბრუნება.
მივედი, ჩემს სახეს ხელი ვსტაცე და გავიქეცი. კაციც უკან გამომედევნა, მაგრამ უკვე შორს ვიყავი და ვეღარ დამეწია. ალბათ პოლიციაშიც დარეკავდა, მაგრამ არ მადარდებდა, მე უკვე ჩემი თავი ვიყავი.
ადამიანის სხეულით პარკში ვიჯექი, როცა იმ გოგომ ჩამოიარა, რომლის გულშიც ნამყოფი ვარ და ასევე ისიც იყო ჩემთან. რომ დამინახა, მომვარდა, ხელები შემომხვია და თავი მკერდზე დამადო. ვიგრძენი, რომ ისევ ჩემში შემოძრომა უნდოდა და უკან დავიხიე. ამას მიხვდა და დანა ამოიღო, უნდოდა ჩაერტყა და გულამდე ისე მიეღწია. ასეც მოიქცა, მაგრამ დანამ კანიც  კი ვერ გამიჭრა, რადგან კანალიზაციაში და მუდმივ სიბინძურეში წოლისგან კანში მიწა შემისისხლხორცდა და ახლა დანის წვერიც ვერაფერს მაკლებდა.

ვერაფერი დამაკლო დანამ, მაგრამ სამი დღის შემდეგ ის გოგო ისევ შემხვდა გზაში და ტყვიით გულის ფიცარი გადამიხსნა.

ისევ შუა გზაზე ვგდივარ, თუმცა ახლა მთლიანი ვარ, მომაკვდავი, მაგრამ ბიოლოგიურად მაინც ვარ ადამიანი.

გიორგი მერკვილიშვილი 16 წლის
ზესტაფონი