ღორის ფსიქოლოგია
ლოუნჩუ-პიგსის დღიური
(სტენოგრაფიული ჩანაწერი)
გამარჯობა, მე უმეტესად ლოუნჩუს და პიგსს მეძახიან. არ ვიცი ეს სახელები ვინ დამარქვა, მაგრამ უმეტესად ასე მომიხსენიებენ.
1945 წლის 29 ივლისი.
ადამიანებმა რაღაც ხის გალიაში გამომამწყვდიეს. ძალიან ვიტანჯები. ისინი მოდიან ხოლმე, რაღაც ყავისფერ მასას ჯამში მისხამენ და ელიან როდის დავიწყებ ჭამას, რომ შემდეგ სიცილი დაიწყონ და რაღაც ფრაზები თქვან, რაც არ მესმის. ამას დღეში სამჯერ მაინც აკეთებენ, ზოგჯერ ქალები მოდიან, ზოგჯერ ბავშვებიც და მოაქვთ ის ყავისფერი რაღაც, რასაც საშინელი გემო აქვს. უკვე ბალახსაც კი ვნატრობ. მწვანე ბალახს.
ეს გალია სუფთა საღორეა. არც ტუალეტში გავყავარ ვინმეს, არც წყალს მასმევენ ხშირად, მხოლოდ ყავისფერ მასას მისხამენ, მეც სხვა გზა არ მაქვს და ვჭამ.
1 აგვისტო
გალიაში აღმოვაჩინე, რომ იატაკზე ერთი ფიცარი მორყეულია და იმედი მომეცა, რომ ოდესმე ისევ ვნახავ მწვანე ბალახს. ყოველდღე ვცდილობ ფიცრის უფრო და უფრო აძრობას და თავისუფლებისთვის თვალებში ჩახედვას.
4 აგვისტო
მთელი დღეები თავდაუზოგავად ვმუშაობ, ამის გამო ცხვირიც გადავიღლიტე და საშინლად მტკივა.
7 აგვისტო
როგორც იქნა ბოლომდე ავაძრე ფიცარი, მაგრამ არსად წავსულვარ, ხელსაყრელ დროს დაველოდები, რომ ახლომახლო არავინ იყოს და არ დამინახონ, მერე კი ისე შორს წავალ, რომ ვერავინ მიპოვოს.
ვიცი, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია წასვლა, მაგრამ უკვე კარგად ვგრძნობ თავს, იმიტომ, რომ კარი ჩემთვის ღიაა და ტყვედ აღარ ვითვლები.
9 აგვისტო
დაღამდა, ფიცარი გვერდზე გადმოვაგდე და სიცარიელეში ჩავხტი. უცნაური გალიაა, დაქანებულ ადგილას დგას და იმისთვის, რომ იატაკი სწორი იყოს, ქვევიდან მსხვილი ხის ბიჯგები აქვს შეწყობილი და მას ეყრდნობა, ამიტომაც იატაკის ქვემოთ დიდი სიცარიელეა.
9 აგვისტო
სიბნელეა, ტყეში ბილიკს მივუყვები, მაგრამ წარმოდგენაც არ მაქვს სად მივდივარ. ცოტა ხანს დავისვენებ, სადმე წამოვწვები.
10 აგვისტო
გათენდა, გზას ვაგრძელებ, ხასიათიც დამიბრუნდა და თავისუფლების ბილიკს მივუყვები. წინ კაცი შემხვდა, ხელში ჯოხი აიღო და ზურგზე გადამიჭირა. ძალიან მეტკინა, ვიყვირე და გზიდან გადავედი. კაცმა რომ გაიარა, გზაზე დავბრუნდი და წინ სვლა გავაგრძელე. რა ჯანდაბა უნდოდა იმ ჩემისას?
14 აგვისტო
როგორც იქნა გორაკის წვერს ავაღწიე და ჰორიზონტი მოვათვალიერე. წინ დიდი ქალაქი გადამეშალა, მაღალი შენობები და უმისამართოდ მოძრავი რაღაც სხეულები მოჩანდა, ნეტა როგორ იმართება? საინტერესოა.
ამიტომაც იქ წასვლა გადავწყვიტე.
16 აგვისტო
დაღლილ დაქანცული ვარ. მობინდდა და სადღაც დანგრეულ შენობაში ვაპირებ ღამის გათევას. აქ რამდენიმე ვირთხა შემხვდა, მაგრამ დამინახეს თუარა მაშინვე გაიქცნენ, ალბათ ლაპარაკი არ სურდათ. მეც აღარ დავუწყე ძებნა და დავიძინე.
17 აგვისტო
დილით ძაღლის ყეფამ გამომაღვიძა. შეშინებული წამოვხტი, მაგრამ ფანჯარას ვერ მივწვდი, რომ გამეხედა, ამიტომ გარეთ გასვლა მომიწია. გარეთ გავედი და იქ ჩემზე ოდნავ დაბალი ძაღლი იდგა და ყეფდა. როცა დამინახა კბილები დაფჩინა და იქვე დაჯდა.
-გამარჯობა! – მივესალმე და მეც დავჯექი
-შენ ნაპოლეონი ხარ? – მკითხა მან.
არ ვიცოდი ნაპოლეონი ვინ იყო, ბევრი ვიჭყლიტე ტვინი, იქნებ გავიხსენო მეთქი, მაგრამ არაფერი გამომივიდა.
-არა, მე ლოუნჩუ-პიგსი ვარ, მაგრამ ბევრი სახელით მომმართავენ ხოლმე.
-არა, არა, შენ ნამდვილად ნაპოლეონი ხარ! – მეუბნებოდა და თან ყეფდა. შემდეგ გაიქცა და გაურკვევლობაში დამტოვა. ვინ უნდა იყოს ნაპოლეონი?
ცოტა ხანში მოვიდა და კიდევ ოთხი ძაღლი მოიყვანა. უკვე შემეშინდა, არაფერი დამიშავონ-მეთქი, ვფიქრობდი.
„აი, ხო გეუბნებოდით ნაპოლეონია მეთქი“
-ნაპოლეონი ვინ არის? – ხმამაღლა ვიკითხე.
ყველამ გადაიხარხარა, შემდეგ წინ ის ძაღლი გამოვიდა, თავიდან რომ ველაპარაკებოდი.
-ნაპოლეონი ცხოველების ფერმის მეთაურია, მის სათავეში დგას და ძალიან ძლიერია. ჩვენ ვიცით, რომ შენ ის ნაპოლეონი ხარ. უარყოფას აზრი არ აქვს. – ეს მითხრა და ძალიან გამიკვირდა, ნაპოლეონი თუ მეთაურია, დაე მეც ვიყო-მეთქი და მათ გავუღიმე.
-ხო, კარგით, მე ნაპოლეონი ვარ! – განვაცხადე და ყველამ ერთხმად შეჰყეფა, გვერდით ამომიდგნენ და გზას გავუყევით. ნეტა აქამდეც მსმენოდა ნაპოლეონის შესახებ. რა ადვილად დაიჯერეს.
გზაში ერთ-ერთმა მითხრა, რომ შენზე წიგნი გამოაქვეყნეს და ახლა ყველა გიცნობსო, ვიღაც ჯორჯს დაუწერია, სახელად „ცხოველების ფერმა“, რომელშიც მთავარი გმირი ხარო. ყველა მაგაზე ლაპარაკობსო.
ლონდონის ქუჩაში ვსეირნობდით და ყველა ჩვენ გვიყურებდა. რას მომშტერებიხართ-თქო, ერთი-ორჯერ დავიყვირე, მაგრამ ადამიანები მაინც გვიყურებდნენ. შემდეგ ვიღაც ფორმიანები მოვიდნენ და ჩვენი წაყვანა სცადეს, მაგრამ დავიყვირე, მე ნაპოლეონი ვარ-მეთქი და ძაღლებმა მაშინვე დაკბინეს ყველა. ასე გამოვიქეცით და დავიმალეთ.
19 აგვისტო
ჩვენი გუნდი ნელ-ნელა იზრდება. ამ დილით სამი ძაღლი და ხუთი კატა მოვიდა, ნაპოლეონის გუნდში გაწევრიანება უნდოდათ. საღამოს კიდევ მოვიდნენ და უკვე დიდი გუნდი გავხდით. იმ დანგრეული შენობიდან ვირთხები გავყარეთ და აქაურობა დავიკავეთ.
21 აგვისტო
დილით ეზოში გავედი და იქ მაიმუნი დამხვდა. რა გინდა-მეთქი, ვკითხე და ნაპოლეონის გუნდში გაწევრიანებაო. თურმე დიდი გზა გამოუვლია. ზოოპარკში მავთულისგან თავისი ხელით დაუმზადებია გასაღები და შემოწმების დროს პირში დაუმალავს. შემდეგ გამოქცეულა და პირდაპირ აქ მოვიდა, რათა ნაპოლეონის გუნდში გაწევრიანდეს.
24 აგვისტო
ამ დღესაც, როგორც ყოველთვის, ეზოში გავედი და იქ ადამიანი დავინახე. ხელები მაღლა აეწია და საცოდავად გამოიყურებოდა. მაშინვე ძაღლებს დავუძახე და მას ალყა შემოარტყეს. ორ ფეხზე წამოვდექი და ხელით ვანიშნე რატომ მოხვედითქო. მან მიპასუხა, რომ ნაპოლეონის გუნდში გაწევრიანება მინდაო. ძალიან გამიკვირდა, თუმცა დავთანხმდი, მაგრამ რამდენიმე ძაღლი მივუჩინე, რომ მისთვის ეთვალთვალათ.
26 აგვისტო
დღეს ქალაქში ვიყავით და მაღაზიაში შევიჭერით, გავანადგურეთ და წამოვედით. ადამიანებმა ჩემი სიძლიერე დაინახეს! ამაში ჩემი გუნდის წევრი – ადამიანიც დაგვეხმარა. სხვათაშორის ყველაფერს კარგად აკეთებს, ძაღლებსაც საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ.
30 აგვისტო
ჩვენს საქმიანობას ვაგრძელებთ და ნელ-ნელა ვიზრდებით. უკვე სახლში ადგილები აღარაა და ზოგიერთს ეზოში სძინავს, ზოგიერთი კი სადარაჯოზე დგას.
საჭმლის დრო მოვიდა. ჩვენმა ადამიანმა უკვე ოთხზე დაიწყო სიარული. ძალიან კარგი ბიჭი ჩანს. ახლაც ყველას ჩამოურიგა საჭმელი. მე კი ჩემს საყვარელ ბალახს შევექცევი. ამ ღამით ყველა დანაყრებულია და კარგად დაიძინებენ.
31 აგვისტო
ყოველდღე მოდიან ცხოველები, ხანდახან ადამიანებიც მოდიან და ჩვენს გუნდში ირიცხებიან. მათ ძაღლები უთვალთვალებენ, მაგრამ საეჭვო არაფერი გაუკეთებიათ ჯერჯერობით.
ადამიანებისთვის ახალი კანონის მიღება გახდა საჭირო. ისინი ტანსაცმლის გარეშე დადიან, ზოგიერთმა უკვე ოთხ ფეხზე სიარულიც ისწავლა და ბალანიც ეზრდებათ.
***
1946 წელი
ყოველ დილით ათობით ადამიანი გვხვდება კართან. უკვე ქალებმაც იწყეს სიარული და სახლში ადგილები აღარ არის. ადამიანებს ჩემთვის ერთი ოთახი მოვაწყობინე და აქედან ვმართავ. ჩემი სახელი ყველამ იცის და ძალიან ცოტას შეუძლია ჩემთან შემოსვლა და საუბარი.
1947 წელი
ჩვენი ტერიტორია გავაფართოვეთ, ადამიანებმა სახლების შენება დაიწყეს ჩვენი გუნდისთვის.
1948 წელი
ასობით ადამიანი მოდის ყოველდღე და ჩვენს გუნდში ირიცხება. მათ უკვე ცხოველების რაოდენობას გადააჭარბეს, მაგრამ ყველა იცავს წესებს. ოთხ ფეხზე დადიან, ტანსაცმელი არ აცვიათ და ბალანიც ეზრდებათ. ვინც შედარებით დიდი ხნის წინ ჩაეწერა გუნდში, ისინი უკვე ყეფას და ღრუტუნსაც სწავლობენ.
1949 წელი
ქალაქში თავისუფლად შეგვიძლია გადაადგილება. პოლიციელები ჩვენს გუნდში არიან, ბანკის თანამშრომლებიც, ექიმებიც და იურისტებიც. თვით პრეზიდენტიც კი მოვიდა თავისი დაცვით და ჩვენს გუნდში ჩაეწერა. მასაც გავხადეთ ტანსაცმელი და ოთხზე სიარული ვასწავლეთ.
უკვე მთელი ქვეყანა ჩვენს მფლობელობაშია, თავისუფლად გადავადგილდებით ქალაქში და ყველა ჩვენს გუნდში ეწერება. ხალხში ნაპოლეონის სახელი შიშს და ძრწოლას იწვევს. მასზე ლეგენდებსაც ქმნიან და მხოლოდ ერთეულებს ჰყავთ ნანახი.
ბევრ ქვეყანაში შეიქმნა ჩვენი მიმდევრების შტაბბინები, უკვე ყველგან ვართ და არავის შეუძლია ჩვენი დამარცხება.
ქუჩაში დადიან ძაღლები, კატები, ცხენები, ვირები, ვირთხები, მაიმუნები და ადამიანებისგან შექმნილი ახალი ინდივიდები, რომლებსაც ცხოველებისგან ვერც გაარჩევთ და მათ სათავეში ღორი უდგას. ვიღაც ფერმერის გალიიდან გამოპარული ღორი.
ყველა ერთხმად იძახის „freedom… freedom…” მაგრამ ელიან, მათ სათავეში მდგარი მსუქანი ღორი როდის დამარცვლავს ამ სიტყვებს, რომ შემდეგ ყველამ ერთხმად გაიმეოროს.
გიორგი მერკვილიშვილი 16 წლის.
ზესტაფონი